უამრავი საგოლე შანსი და სოლიდური ანგარიშით მოგება
,,სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა გია გიგატაძემ გუნდის მოსამზადებლად სანაკრებო პაუზა კარგად გამოიყენა, ჩემპიონატის განახლების შემდეგ იმერლები უფრო დამაჯერებლად ათამაშდნენ და ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგეს. რა თქმა უნდა, გამოსასწორებელი ჯერ კიდევ ბევრია, თუნდაც საგოლე მომენტების რეალიზაციის მხრივ, მაგრამ ფაქტია, რომ ,,სამგურალი” თამაშიდან-თამაშამდე პროგრესირებს და უკეთეს ფეხბურთს აჩვენებს. ეროვნული ლიგა-2-ის მე-5 ტურში წყალტუბოელების მეტოქე სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფი ,,ზუგდიდი“ გახლდათ. მარტვილში, ,,მურთაზ ხურცილავაზე“ გამართულ მატჩში მასპინძლად ჩვენი გუნდი ითვლებოდა, თუმცა შეხვედრა სამეგრელოს რეგიონში იმართებოდა და საქართველოს ამ ლამაზი კუთხის მთავარი ქალაქის გუნდი, მარტვილში თავს ,,სტუმრად“ ნამდვილად არ გრძნობდა. ზუგდიდელებს გულშემატკივრებიც ბლომად ჩამოჰყვნენ და სეზონში პირველი სამი ქულის აღების ამბიციაც ჰქონდათ. თავისი გეგმები გააჩნდა გია გიგატაძეს, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში როტაციას მიმართა და ვიზავის გარკვეული სიურპრიზები შესთავაზა. წყალტუბოელები დღევანდელ შეხვედრაში სამ ქულას გეგმავდნენ და საწყისი წუთებიდანვე შეეცადნენ უპირატესობის მოპოვებას, თუმცა, თავიდან თამაში არ წაუვიდათ, სტუმართა სახიფათო კონტრშეტევა გამოეპარათ და მეკარესთან პირისპირ გასულ აკაკი ფარჯიკიას მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა მდევრის როლში აღმოჩნდებოდნენ. ,,სამგურალმა“ თანდათან ბურთზე კონტროლი დაამყარა და სტუმართა კართანაც ,,ჩამოცხა“. გოლის გატანის შანსები ჰქონდათ ნიკა შალამბერიძეს, დავით ციცხვაიას და თენგიზ ბრეგვაძეს, მაგრამ ხან შოთა მამინაშვილი ყოჩაღობდა, ხანაც ბურთი კარის ჩარჩოს სცდებოდა. უქმად ზუგდიდელებიც არ ყოფილან. მატჩის პირველ ნახევარში ისეინი მეტ-ნაკლებად წინააღმდეგობის გაწევას ახერხებდნენ და სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ. 20-ე წუთზე ცოტნე სამუშიას დარტყმის შემდეგ ბურთი დავით კუპატაძემ მოიგერია, ფარჯიკიას სახიფათო დარტყმა კი მცირე რიკოშეტის შემდეგ კარს ასცდა. აღნიშნული ეპიზოდების შემდეგ ისევ წყალტუბოელების ჯერი დადგა. ბრეგვაძე მახვილი კუთხიდან დაემუქრა სტუმართა კარს, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. 35-ე წუთზე კი დიდებულად ითამაშა ლაშა ჯღამაიამ, მისი სოლორეიდის შემდეგ ზუგდიდელებს ისღა დარჩენოდათ, რომ წყალტუბოელთა შემტევი საკუთარ საჯარიმოში წესების დარღვევით შეეჩერებინათ... ჯღამაიას წაქცევისთვის არბიტრმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა გოლად თავად ,,დაზარალებულმა“ აქცია-1:0; ტრიბუნებზე ტრადიციულად აქტიურები იყვნენ ,,მედიკოსები“, რომლებიც საყვარელ გუნდს სიმღერებითა და შეძახილებით ამხნევებდნენ. გატანილი გოლის შემდეგ ნომინალურ მასპინძლებს არაერთი მომენტი ჰქონდათ, პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ჯღამაია და გოგიჩაიშვილი დაემუქრნენ ზუგდიდელთა კარს. შესვენების შემდეგ კი ბრეგვაძე და ციცხვაია გავიდნენ მეკარესთან პირისპირ, მაგრამ მამინაშვილს ვერ აჯობეს. ამდენი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ დაუწერელი საფეხბურთო კანონი-,,ვერ გაიტან, გაგიტანენ“ ამოქმედდა. ცოტნე სამუშაიას მიერ გამომუშავებული პენალტი ფარჯიკიამ გოლად აქცია და ანგარიში გაათანაბრა -1:1 ზუგდიდელთა გოლი წყალტუბოელებისთვის მაპროვოცირებელი გამოდგა. გია გიგატაძემ ცვლილებებს მიმართა, ჯღამაიასა და ენდელაძის ნაცვლად მოედანზე გაგა ჩხეტიანი და უშანგი ბანძელაძე შეიყვანა, მოგვიანებით კი თამაშში დემურ ჩიხლაძეც ჩართო. ცვლილებებმა გაამართლა, ,,სამგურალი“ მატჩის სადავეებს სრულად დაეუფლა. წყალტუბოელები ბურთს აკონტროლებდნენ და მეტოქე თავისივე საჯარიმოში ჰყავდათ გამოკეტილი. კუთხურის შემდეგ კილაძის თავური დარტყმა მცირედით ასცდა ზუგდიდელთა კარს, თუცა, მალე დავით ციცხვაიამ ,,სამგურალის“ მაისურით ოფიციალურ მატჩში პირველი გოლი გაიტანა და წყალტუბოელები ისევ წინ გაიყვანა-2:1; სხვათა შორის, ციცხვაია და პირველი გოლის ავტორი ლაშა ჯღამაია მარტვილელები არიან და ადგილობრივები მათ წარმატებას ოვაციებით შეხვდნენ ... იმერლების შტურმი ამის შემდგაც გაგრძელდა. ზედიზედ ორჯერ უშანგი ბანძელაძეს მართებდა გოლის გატანა, ის ორივეჯერ მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მიზანი ვერ გაისწორა. წყალტუბოელთა კოლოსალური უპირატესობა ანგარიშში მატჩის ბოლოს აისახა, როცა ჯერ დემურ ჩიხლაძემ ეფექტური გოლით გაზარდა უპირატესობა, ხოლო 89-ე წუთზე გაგა ჩხეტიანმა ახლო მანძილიდან დალაშქრა მამინაშვილის კარი და ,,სამგურალს“ სოლიდური სხვაობით მოაგებინა.
,,ზუგდიდთან“ გამარჯვების შემდეგ ,,სამგურალი“ სატურნირო ცხრილში ორი პოზიციით დაწინაურდა და 5 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 8 აპრილს სტუმრად ,,გაგრას“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ,,მცხეთა პარკზე“ გაიმართება.
,,სამგურალი“ წყალტუბო - ,,ზუგდიდი“ ზუგდიდი 4:1
04.04. მარტვილი. სტადიონი ,,მურთაზ ხურცილავა“
გოლები: 1:0 ჯღამაია (35 პენ), 1:1 ფარჯიკია (52.პენ.), 2:1 ციცხვაია (66), 3:1 ჩიხლაძე (82), 4:1 ჩხეტიანი (89)
,,სამგურალი“: კუპატაძე, ენდელაძე (ბანძელაძე 59), ნერგაძე, კილაძე, კაკუშაძე, შალამბერიძე, გოგიჩაიშვილი, ბრეგვაძე, ჯიმშელეიშვილი, ჯღამაია (ჩხეტიანი 52), ციცხვაია (ჩიხლაძე 71)
სათადარიგოები: კუჭუხიძე, ფანცხავა, ლიპარტელიანი, ბიბილაშვილი
მწვრთნელი: გია გიგატაძე
,,ზუგდიდი“: მამინაშვილი, მალანია, წყაროზია (ჭკადუა 46), გოლუბკა (ჟვანია 46), აკობია, რუხაია, ნარმანია, დ.ქირია, ხუბუა, სამუშია (ბულია 61), ფარჯიკია
სათადარიგოები: ჯომიდავა, გაბედავა, ლაშხია, ნ.ქირია
მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი (თბილისი); ასისტენტები: დავით კურტანიძე (სურამი), ივანე მაჩიტაძე (ქუთაისი)
გაფრთხილება: ნარმანია (8), რუხაია (19), წყაროზია (36) გოგიჩაიშვილი (29), ჯღამაია (39), კილაძე (53), კაკუშაძე (70)
скачать dle 11.3