მარცხი გურიასთან
გურია (ლანჩხუთი) - სამგურალი (წყალტუბო) 1:0
19.03. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე“
1:0 მალანია (75)
გურია: ხვედელიძე, მეგრელიშვილი, კიკნაველიძე, კოტრიკაძე, შარიქაძე, კაშია (წერეთელი 84), მალანია (ნ.ნარიაშვილი 89), გოგუაძე (ლაბაძე 90+3), ბენაშვილი, შენგელია
სათადარიგოები: ძაგანია,მოსიძე, ნარიაშვილი, კვაჭაძე
მწვრთნელი: გიგლა იმნაძე
სამგურალი: კუპტაძე, ენდელაძე, ნერგაძე, ბიბილშვილი (კ), ჯიმშელეიშვილი, შალამბერიძე, გოგიჩაიშვილი, ბრეგვაძე, კილაძე (ჩიხლძე 46), ბანძელაძე (ციცხვია 84), ჩხეტიანი
სათადარიგოები: კუჭუხიძე, ჯღამაია, თ.კაკუშაძე, ზ.ფანცხავა
მწვრთნელი: გია გიგატაძე
გაფრთხილება: გ.კაშია (19), შენგელია (77), გოგიჩაიშვილი (87)
არბიტრი: ჯენერი ხორავა
ეროვნული ლიგა-2 ის მე-3 ტურში წყალტუბოს ,,სამგურალი“ ლანჩხუთის ,,გურიასთან“ სტუმრად მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ,,ევგრაფი შევარდნაძეზე“ ისეთი თამაში მიმდინარეობდა, რომ აშკარა იყო, მატჩის ბედს ერთი გოლი გადაწყვეტდა...სამწუხაროდ, ეს ერთადერთი გოლი წყალტუბოელების კარში გავიდა.
არადა, შეხვედრის საწყისი წუთები ასეთ დასასრულს არ მოასწავებდა. თამაში წყალტუბოელების უპირატესობით დაწიყო, გია გიგატაძის შეგირდებმა მე-7 წუთზე პირველი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, ნიკა შალამბერიძემ გამოზომილი გადაცემით გაგა ჩხეტიანი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, წყალტუბოელთა ბომბარდირი მარჯვენა მახვილი კუთხიდან უტევდა, გურულთა კიპერმა კუთხის ჩაკეტვა მოასწრო და რთული ბურთი მოიგერია. თამაში სტუმრების ტერიტორიული უპირატესობით გაგრძელდა. წყალტუბოელებმა ზედიზედ სამი კუთხური მოაწოდეს, მაგრამ ამას რეალური საგოლე მომენტი არ მოჰყოლია. საწყისი მღელვარების შემდეგ ლანჩხუთლებმაც დაალაგეს თამაში და დავით კუპატაძის კარისკენაც გაიხედეს. 11-ე წუთზე ზაურ გოგუაძემ შორიდან დააქუხა და ხარიხას გადააცილა. 26-ე წუთზე შენგელია ცდილობდა გატანას, მაგრამ მისი დარტყმის მოგერიება კუპატაძეს არ გასჭირვებია. ამასობაში ძალიან კარგი მომენტი შექმნეს სტუმრებმა, 30-ე წუთზე გაგა ჩხეტიანმა მაკრატელა დარტყმით სცადა გურულთა დამწუხრება და ბურთი კარში რომ წასულიყო, მისი ამღები ხვედელიძე არ იყო, თუმცა სამიზნეს მცირედით ასცდა. ამის შემდეგ მეტოქეებმა ორი მომენტი გაცვალეს, ალექსი ბენაშვილის შორეული დარტყმისშემდეგ ბურთი მცველიდან ასხლეტით კარისკენ წავიდა, მგრამ კუპატაძემ დაამაჯერებლად ითამაშა. 32-ე წუთზე ჯიმშელეიშვილის ჯარიმას შალამბერიძის სახიფათო თავური დარტყმა მოჰყვა, მაგრამ ბურთი კარს მცირედით ასცდა. ტაიმის დასრულებამდე მასპინძლებსაც ჰქონდათ ერთი კარგი შანსი, შარიქაძის ძლიარი დარტყმა კუპატაძემ მოიგერია.
მეორე ტაიმის დაწყებამდე წყალტუბოელთა თავკაცმა გია გიგატაძემ ორმაგ ცვლილებას მიმართა, ივანე კილაძისა და უშანგი ბანძელაძის ნაცვლად თამაშში დემურ ჩიხლაძე და ბაქარ ლაღაძე ჩაერთვნენ. წყალტუბოელებმა აქცენტი შეტევაზე გააკეთეს, მაგრამ რეალური საგოლე მომენტების შექმნა ძალიან უჭირდათ. 59-ე წუთზე ჩხეტიანმა ბურთზე ბოლომდე იბრძოლა და ჩიხლაძეს გაუკეთა გადაცემა, თუმცა ,,სამგურალის“ თავდამსხმელს მეკარემ დაასწრო. რამდენიმე წუთში ისევ ჩიხლაძე დაემუქრა მასპინძელთა კარს, მაგრამ მეკარეს არ გასჭირვებია ბურთის მოგერიება. ამასობაში მატჩის ერთადერთი გოლიც გავიდა. 75-ე წუთზე გურულთა კუთხურს სოსო მალანიას ზუსტი თავური დარტყმა მოჰყვა და მასპინძლები წინ გავიდნენ. დარჩენილ დროში ,,სამგურალმა“ თამაშის დალაგება და მწვავედ შეტევა ვერ მოახერხა. გოლის გატანის შანსები მასპინძლებსაც აღარ ჰქონიათ და ანგარიში უცვლელი დარჩა.
скачать dle 11.3