პირველი სამი ქულა უხვგოლიან შეხვედრაში » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
პირველი სამი ქულა უხვგოლიან შეხვედრაში
  • პირველი სამი ქულა უხვგოლიან შეხვედრაში

    სამგურალი (წყალტუბო) - რუსთავი (რუსთავი) 4:2
    ეროვნული ლიგა -2 II ტური
    10.03.2017 მარტვილი. სტადიონი: ,, მურთაზ ხურცილავა“
    1:0 ბრეგვაძე (16), 2:0 ჩხეტიანი (22), 2:1 სიჭინავა (60), 3:1 ლაღაძე ( 62), 4:1 ჩხეტიანი (66), 4:2 სიჭინავა (80)

    სამგურალი: კუპატაძე, ენდელაძე, ნერგაძე, ბიბილაშვილი, ჯიმშელეიშვილი, შალამბერიძე, ბრეგვაძე (ბანძელაძე 90+2), გოგიჩაიშვილი, დ.ჩიხლაძე (ჯღამაია 66), ლაღაძე, ჩხეტიანი (ციცხვაია 66)
    სათადარიგოები: კუჭუხიძე, ლ.ჩიხლაძე, კაკუშაძე, კილაძე
    მწვრთნელი: გია გიგატაძე

    რუსთავი: ალავიძე, გაფრინდაშვილი, ნარიმანიძე (ლობჯანიძე 34), ვასაძე, ე.კილაძე, ქათამაძე, აფაქიძე, მინდორაშვილი, ცაწკრიალაშვილი (კილასონია 74), სიჭინავა, ჩიმაკაძე (მეტრეველი 77)
    სათადარიგოები: მერლანი, ჩიკვაიძე, ბრაჭული, გუჯაბიძე
    მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

    გაფრთხილება: ნარიმანიძე (11), შალამბერიძე (14), სიჭინავა (48)
    არბიტრი: დავით სანოძე (ხონი); არბიტრები: ალექსი ჟივიძე (ახმეტა), ბორის ჟვანია (სამტრედია)

    საინტერესო, დაძაბული და უხვგოლიანი შეხვედრა გაიმართა მარტვილში ,,მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე, სადაც მასპინძლის სტატუსით მოთამაშე წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ეროვნული ლიგა-2-ის მეორე ტურში ,,რუსთავი“ 4:2 დაამარცხა და აქტივში პირველი სამი ქულა ჩაიწერა. სადებიუტო ტურში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, აღნიშნულ წყვილში ფავორიტად რუსთაველბს მიიჩნევდნენ, მაგრამ წყალტუბოელებმა მეტოქეს თავიანთი თამაში მოახვიეს თავს და გულშემატკივრები ლამაზი გამარჯვებით გაახარეს. შეხვედრის საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მეტოქეები ცენტრის დაუფლებასა და უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ. გოგი გოგიჩაიშვილი და ნიკა შალამბერიძე მოედნის ცენტრში დიდ სამუშაოს ასრულებდნენ, ფლანგზებზე აქტიურები იყვნენ თენგიზ ბრეგვაძე და ბაქარ ლაღაძე, თავდასხმაში კი ლომივით იბრძოდა გაგა ჩხეტიანი. წყალტუბოელებმა მცირედი სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და მე-8 წუთზე პირველად დაემუქრნენ მეტოქის კარს. თორნიკე ჯიმშელეიშვილის საჯარიმო დარტყმისას სტუმართა მეკარემ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა, მაგრამ დამატებაზე წყალტუბოელებმა ვეღ იყოჩაღეს. ხუთიოდე წუთში დემურ ჩხილაძეს მიეცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ დარტყმა სუსტი გამოუვიდა და მიხეილ ალავიძეს ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია. ,,სამგურალის“ აქტიურობას უკვალოდ არ ჩაუვლია. მე-16 წუთზე მოედნის ცენტრიდან შალამბერიძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ბრეგვაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და მახვილი კუთხიდან გახსნა ანგარიში. გატანილმა გოლმა წყალტუბოელებზე დადებითად იმოქმედა, მათი უპირატესობა გაგრძელდა და ხუთიოდე წუთში თორნიკე ჯიმშელეიშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ გაგა ჩხეტიანმა თავური დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა. ,,სამგურალს“ მალე მესამე გოლის გატანაც შეეძლო, ბრეგვაძემ მარჯვენა ფლანგზე გაილაღა და მახვილი კუთხიდან სახიფათოდაც დაარტყა, მაგრამ სამიზნეს ოდნავ ააცილა. თანდათან რუსთაველებმაც გამოასწორეს თამაში და ძალზედ სახიფათოდ შეუტიეს. გოლის გატანის 100% იანი შანსი ჰქონდა სტუმართა გამოკვეთილ ფორვარდს ბესიკ ჩიმაკაძეს, ირაკლი ქათამაძის ჩაწოდების შემდეგ იგი შეტევას ახლო მანძილიდან თავური დარტყმით აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთი ხარიხას გადააცილა.
    მატჩის მეორე ნახევარი რუსთაველების შეტევებით დაიწყო. ვარლამ კილასონიას შეგირდები მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობდნენ. ,,მეტალურგის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მიმართა ცვლილებას და გიორგი ნარიმანიძის ნაცვლად მოედანზე ზვიად ლობჯანიძე შეიყვანა. რუსთაველებმა მთელი ძალებით შეუტიეს, რატი ცაწკრიალაშვილის სახიფათო თავური მცირედით ასცდა მიზანს, სახიფათო ურტყამდა სიჭინავაც. წყალტუბოელებს საკუთარი ნახევრიდან ბურთის გამოტანა უჭირდათ. რუსთაველთა უპირატესობამ შედეგი 60-ე წუთზე გამოიღო, ქვემოქართველთა ბომბარდირმა დათა სიჭინავამ საჯარიმო დარტყმა იდეალურად შეასრულა და ანგარიში შეამცირა-2:1; სტუმრებმა გატანილი გოლის შემდეგ გასათანაბრებლად გაიწიეს, მაგრამ მასპინძლების კონტრშეტევა გამოეპარათ, 62- ე წუთზე გოგიჩაიშვილი ცენტრში დაეუფლა ბურთს და ბაქარ ლაღაძეს უპასა, რომელმაც მარცხენა ფლანგზე დიდებულად ითამაშა, ტექნიკის წყალობით მცველი და მეკარე სტატისტის როლში დატოვა და ზუსტი დარტყმით სტატუს-კვო აღადგინა. ლაღაძის გოლი ,,სამგურალისთვის“ გარდამტეხი გამოდგა. წყალტუბოელებმა დაბნეული მეტოქე 4 წუთში კიდევ ერთხელ დაამწუხრეს, გოლი კი მთლიანად გაგა ჩხეტიანის დამსახურება იყო, ,,სამგურალის“ ფორვარდმა თითქმის დაკარგულ ბურთზე ბოლომდე იბრძოლა, მცველს ბურთი ,,მოჰპარა“ და გამოზომილი დარტყმით დუბლი შეასრულა -4:1 სოლიდური ჩამორჩენის მიუხედავად რუსთაველები ბოლომდე იბრძოდნენ და გოლის გატანას ლამობდნენ, მიზანთან ახლოს იყვნენ ცაწკრიალაშვილი, სიჭინავა, ქათამაძე და ლობჯანიძე, თუმცა ხან მეკარე დავით კუპატაძე თამაშობდა დამაჯერებლად, ხანაც რუსთაველები ვერ ურტყამდნენ ზუსტად. 80-ე წუთზე სიჭინავამ მაინც მოახერხა გატანა და პირველი მატჩის მსგავსად, ,,სამგურალთანაც“ დუბლი შეასრულა. დარჩენილ დროში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. წყალტუბოელებმა ტემპი დააგდეს და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს.
    მომდევნო ტურში ,,სამგურალი“ ლანჩხუთში ,,გურიას“ ესტუმრება. შეხვედრა 19 მარტს 15:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი წყალტუბოელებს სათასო დაპირისპირება ელით. 15 მარტს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მესამე ეტაპის შეხვედრაში ,,სამგურალი“ სტუმრად ,,ჭიათურას“ ეთამაშება. скачать dle 11.3