ინტერვიუ ბესიკ ხაჭიპერაძესთან: „სამგურალის“ მიზანი ტალანტების აღმოჩენა და ახალგაზრდების განვითარებაა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
24 ივნისი, 20:00
გაგრა
სამგურალი
წინა მატჩი
18 ივნისი, 20:00
დინამო თბ5
სამგურალი3
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ინტერვიუ ბესიკ ხაჭიპერაძესთან: „სამგურალის“ მიზანი ტალანტების აღმოჩენა და ახალგაზრდების განვითარებაა
  • წყალტუბოს „სამგურალი“ აქტიურად მუშაობს ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენისა და სკაუტინგის მიმართულებით. სულ ახლახან, საფეხბურთო მენეჯერ გეგი კიკაბიძის მიწვევით, გუნდის ერთ-ერთი დირექტორი და ახალგაზრდული ფეხბურთის მიმართულების ხელმძღვანელი ბესიკ ხაჭიპერაძე რუანდის დედაქალაქ კიგალიში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე აკვირდებოდა ახალგაზრდა მოთამაშეებს.
    ბესიკ ხაჭიპერაძეს აფრიკული ვოიაჟისა და „სამგურალის“ ახალგაზრდული გუნდის გეგმების შესახებ ვესაუბრეთ
    .

    „რუანდაში ვიზიტი საფეხბურთო მენეჯერმა გეგი კიკაბიძემ დააორგანიზა. აფრიკაში მასთან და თბილისის „დინამოს“ აკადემიის ხელმძღვანელ ლევან გვანცელაძესთან ერთად ვიმყოფებოდი.
    რუანდა საინტერესო და, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ განვითარებული სახელმწიფოა. საქართველოს მსგავსად, იქაც ბევრი სიმწვანე და ზომიერი ჰავა დაგვხვდა. ადგილობრივები საოცრად სტუმართმოყვარეები არიან. კლუბ „ტელეოსის“ პრეზიდენტმა და ხელმძღვანელობამ ძალიან თბილად მიგვიღო: დაგვაბინავეს, დაგვათვალიერებინეს ქალაქი და გაგვაცნეს იქაური ვითარება. ქალაქის გაცნობის შემდეგ, მეორე დღესვე შევუდექით მუშაობას — დავესწარით რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას, რომ ჩვენთვის სასურველი ფეხბურთელები შეგვერჩია“.

    - რამდენად საინტერესოა რუანდა საფეხბურთო თვალსაზრისით და თუ შეარჩიეთ პერსპექტიული მოთამაშეები?

    - ჩვენ კიგალიში კლუბ „ტელეოსის“ მიწვევით ვიმყოფებოდით. აღნიშნული კლუბი სულ რაღაც ერთი წელია, რაც დაარსდა. სხვათა შორის, ორიოდე დღის წინ ჰქონდათ დაარსებიდან 1 წლის იუბილე. ვისარგებლებ შემთხვევით, მივულოცავ მათ ამ თარიღს და წარმატებებსა და განვითარებას ვუსურვებ.
    ახლა ისინი სწორედ იმ ეტაპზე არიან, როცა ნელ-ნელა ფეხს იკიდებენ და ეძებენ გზებს, რომ სწრაფად განავითარონ ფეხბურთი და გაზარდონ თავიანთი საფეხბურთო სკოლის ცნობადობა. ჩვენი მიწვევის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო. გვქონდა კითხვა-პასუხის რეჟიმი, გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება. ძალიან აინტერესებდათ, თუ რა ვითარებაა ამ კუთხით საქართველოში.

    - კონკრეტულად რა იყო „სამგურალის“ მიზანი ამ ვიზიტისას?

    - ჩვენი მიზანი იყო ისეთი ფეხბურთელის შერჩევა, რომელიც „სამგურალის“ მთავარ გუნდს გააძლიერებდა. რამდენიმე საინტერესო მოთამაშეც ვნახეთ, თუმცა მათი ნაწილი ასაკობრივი შეზღუდვების გამო ამ ეტაპზე ვერ განიხილებოდა, რადგან სავიზო პროცედურებთან დაკავშირებული გარკვეული სირთულეები არსებობდა.
    ზოგადად, ჩვენ აქცენტს ისეთ ლეგიონერებზე ვაკეთებთ, რომლებიც ადგილობრივ ფეხბურთელებს თავისი შესაძლებლობებით აშკარად აღემატებიან და გუნდს დამატებით ხარისხს სძენენ.
    მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ფეხბურთელის ჩამოყვანა ვერ მოხერხდა, რუანდელ პარტნიორებთან კონტაქტს აუცილებლად შევინარჩუნებთ. თუ მომავალში საინტერესო და შესაბამისი დონის მოთამაშე გამოჩნდება, ის აუცილებლად მოხვდება ჩვენი ყურადღების ცენტრში.
    აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო რუანდელ პარტნიორებსა და გეგი კიკაბიძეს ამ შესაძლებლობისთვის.

    - სხვა ქვეყნებშიც ხომ არ იგეგმება გამგზავრება ფეხბურთელების შესარჩევად?

    გეგი კიკაბიძეს მჭიდრო კავშირები აქვს ისეთ ტრადიციულ საფეხბურთო ქვეყნებთან, როგორებიც ნიგერია და განაა. ამ ქვეყნებში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია და მათი პოტენციალი ყველასთვის ცნობილია. ამ ეტაპზე ზუსტი თარიღები ჯერ არ არის განსაზღვრული, თუმცა აღნიშნულ ქვეყნებში გამგზავრება ნამდვილად იგეგმება.
    ამ თემაზე ყურადღება გაამახვილა ცნობილმა პორტუგალიელმა მენეჯერმა პაოლო ანდრადე ფარიამ, რომელიც რუანდაში ჩვენთან ერთად იმყოფებოდა. პაოლო სწორედ გეგის მეშვეობით გავიცანი და კიგალში ყოფნისას დავმეგობრდით. მისი შეფასებითაც, ნიგერია და განა განსაკუთრებულად საინტერესო მიმართულებებია ახალი ტალანტების აღმოსაჩენად. ამიტომ, მომავალში ამ ქვეყნებში ვიზიტი და ადგილობრივი ფეხბურთელების გაცნობა ჩვენთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება.
    ყოველთვის სჯობს, ფეხბურთელი საკუთარი თვალით, ადგილზე ნახო და რამდენიმე თამაშის მიხედვით შეაფასო. ამის გარკვეული გამოცდილება უკვე გვაქვს — თუნდაც საქართველოს ჩემპიონატის შედარებით დაბალ ლიგებში არაერთი მოთამაშე აღმოგვიჩენია, რომლებმაც შემდეგ მთავარ გუნდში წარმატებით ითამაშეს. ზოგჯერ მხოლოდ ვიდეოკადრებით შერჩეული ფეხბურთელი ვერ ამართლებს ხოლმე. როცა არის შესაძლებლობა, საქმეში უშუალოდ იხილო მოთამაშე, სჯობს რამდენიმე შეხვედრაში დააკვირდე და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღო.

    „სამგურალში“ ახალგაზრდული ფეხბურთის მიმართულებას ხელმძღვანელობთ, მათ შორის „სამგურალი 2“-ს, რომელიც ლიგა 4-ში ასპარეზობს. თუ გყავთ გუნდში ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც უახლოეს მომავალში ეროვნულ ლიგაში თამაში შეუძლიათ?

    - ჩვენ ახლაც გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობენ და სათამაშო დროც ეძლევათ, თუმცა, მეტი პრაქტიკისთვის, დუბლშემადგენლობაში სისტემატურად თამაშობენ. „სამგურალი 2“-ში ფეხბურთელის აყვანისას ყოველთვის ვუყურებთ იმას, აქვს თუ არა მას პირველ გუნდში მოხვედრის პერსპექტივა. ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყველაფერს ვაკეთებთ ფეხბურთელების განვითარებისთვის.
    კლუბის პრეზიდენტისგან, ბატონ მიხეილ იაშვილისგან უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს, მისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება და დაწინაურება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. „სამგურალი 2“-ის მოთამაშეები სისტემატურად იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ, მთავარი გუნდის მწვრთნელები ყოველთვის ესწრებიან მათ მატჩებს. ბიჭებს აქვთ ბრწყინვალე შანსი, თავი გამოიჩინონ და მეოთხე ლიგიდან უმაღლეს ლიგამდე დიდი ნახტომი გააკეთონ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ საკმაოდ მაღალ დონეზე თამაში, ამისთვის კი მეტი პროფესიონალიზმი, მონდომება და საკუთარი თავის რწმენაა საჭირო.
    აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არამარტო ,,სამგურალი 2”,- არამედ ასაკობრივ გუნდების ფეხბურთელებსაც დიდი ყურადღება ექცევათ. მათ თამაშებს სისტემატურად ვესწრებით და მწვრთნელებთანაც ხშირი კომუნიკაცია გვაქვს, 17 და 19 წლამდე გუნდებიდან დუბლებში არაერთი ფეხბურთელი დავაწინაურეთ. დღეს მათ განვითარების მეტი შესაძლებლობა აქვთ და იმედია ამ შანსს გამოიყენებენ.

    „სამგურალი 2“-ის მიზანი მხოლოდ ახალგაზრდებისთვის სათამაშო პრაქტიკის მიცემაა, თუ ჩემპიონატში კონკრეტულ სატურნირო მიზნებსაც ისახავთ?

    - რა თქმა უნდა, პრაქტიკასთან ერთად ჩვენი მიზანია ღირსეულად ვიასპარეზოთ ჩემპიონატში, ახალგაზრდა ფეხბურთელებს პროგრესის შესაძლებლობა მივცეთ, გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოვუყალიბოთ და, სატურნირო თვალსაზრისითაც, რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ.скачать dle 11.3