ინტერვიუ კლაუდიო ჟუნიორთან
ფეხბურთი, ჯიუ ჯიცუ და ფენომენი რონალდოწყალტუბოს ,,სამგურალმა" ახალი საფეხბურთო სეზონი გამარჯვებით დაიწყო. პირველ ტურში გიორგი ონიანის გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად ,,გაგრა" 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი კლაუდიო ჟუნიორმა (სებოლიანია) გაიტანა.
23 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი წყალტუბოს ,,სამგურალში" გასული წლის სექტემბერში გამოჩნდა. მას ეროვნულ ლიგაში დებიუტი ქუთაისის ,,ტორპედოსთან" ჰქონდა (13 სექტემბერს). იმ პერიოდში ,,სამგურალი" კრიზისში იყო, გუნდს ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და ცხრილის ქვედა საფეხურს უახლოვდებოდა. წყალტუბოელებისთვის 26-ე ტურში ბათუმის ,,დინამოსთან" სტუმრად გამართული მატჩი გარდამტეხი აღმოჩნდა. ზღვისპირლებთან დრამატულ შეხვედრაში სებოლინია მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა და ბოლო წუთზე უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა, რამაც ,,სამგურალს" 3 ქულა მოუპოვა. აქედან მოყოლებული წყალტუბოელებმა ზედიზედ ხუთი შეხვედრა მოიგეს და მდგომარეობა გაიუმჯობესეს.
როგორც აღვნიშნეთ, გასულ წელს სებოლინია გუნდს გვიან შემოუერთდა და ძირითად შემადგენლობაშიც იშვიათად ხვდებოდა. ახალ სეზონში კი ,,სამგურალის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ონიანმა პირველივე მატჩში ნდობა გამოუცხადა და ბრაზილიელმაც გაამართლა, გატანილი გოლის გარდა, იგი მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ფიგურა იყო.
ვფიქრობთ, გულშემატკივრებისთვის მისი უფრო ახლოს გაცნობა საინტერესო იქნება. -კლაუდიო პირველ რიგში სეზონის გამარჯვებით დაწყებასა და გატანილ გოლს გილოცავთ. რამდენად რთული და ემოციებით დატვირთული იყო პირველი მატჩი?- ძალიან რთული თამაში გამოვიდა. სასტარტო შეხვედრას ყოველთვის ახლავს მღელვარება, შეიძლება საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ. სეზონის გამარჯვებით დაწყება ძალიან სასიამოვნოა. მიხარია, რომ გუნდს გატანილი გოლით დავეხმარე.
-,,სამგურალის" მაისურით ეს შენთვის პირველი გოლი არ იყო, გასულ წელს ბათუმს ბოლო წამზე მნიშვნელოვანი გოლი გაუტანე...-,,დინამოს" კარში გატანილი გოლი არასდროს დამავიწყდება. ძალიან რთული წელიწადი მქონდა, გუნდში რომ მოვედი არ ვიყავი სასურველ ფორმაში, ,,სამგურალიც" კრიზისში იყო და იმ თამაშიც 91-ე წუთზე გოლი გავუშვით...თუმცა, ღმერთმა გადმოგვხედა, ბოლო წუთზე მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე, დაუვიწყარი ემოციები იყო.
-ტიაგო გომესი ძირითადად ვინგერის პოზიციაზე გათამაშებდა, ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ონიანმა კი ცენტრფორვარდად დაგაყენა, პირადად შენთვის რომელია იდეალური ამპლუა?-თავიდან თამაში ვინგერად დავიწყე, მაგრამ ამჟამად ცენტრალურ თავდამსხმელად თამაში მირჩევნია, აქ თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ როგორც მწვრთნელი გადაწყვეტს და გუნდს სადაც დავჭირდები იქ ვითამაშებ. უნივერსალიზმი მნიშვნელოვანია.
-კლაუდიო შენს შესახებ გვიამბე, ,,სამგურალში" მოსვლამდე სად თამაშობდი და წყალტუბოში როგორ აღმოჩნდი ?-ფეხბურთის თამაში რიო დე ჟაინეროში დავიწყე. ვთამაშობდი ,,ვასკო და გამას", ,,ატლეტიკო გოიანიენსეს" , ,,ტრინდადეს" და ,,სამპაიო კორეას" ახალგაზრდულ გუნდებში. პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა ,,სამპაიო კორეაში" გავაგრძელე და ძირითადად ამ გუნდში ვასპარეზობდი. შესაძლებლობა მქონდა მეთამაშა ისეთ ფეხბურთელებთან გვერდიგვერდ, როგორებიც მარცხენა მცველი კორტესი (გრემიო) და მეკარე ფელიპეა (ფლამენგო, კორინთაინსი).
საქართველოში ,,სამგურალის" ყოფილი მწვრთნელის ტიაგო გომესის მოწვევით ჩამოვედი. ადრე მასთან ერთად ,,სამპაიო კორეაში" ვიყავი და ჩემი თამაში კარგად იცოდა. ტიაგო ადაპტაციაში ძალიან დამეხმარა და საფეხბურთო სცენაზე დაბრუნების შესაძლებლობა მომცა.
,,სამგურალში" ბევრი ბრაზილიელი დაგხვდა, მათ თუ იცნობდი და საქართველოში ჩამოსვლამდე ქართულ ფეხბურთზე თუ გქონდა ინფომაცია? -ვინისიუს ვიანას ვიცნობდი, ,,ვასკო და გამას" ახალგაზრდულ აკადემიაში ერთად ვთამაშობდით. სხვები აქ გავიცანი, ძალიან კარგი ბიჭები არიან. ჯეფინიო დიდი ხანია საქართველოში თამაშობს და ის ყველაფერში გვეხმარება.
ვიცოდი, რომ ,,სამგურალი" მეგობრული და კარგი გუნდი იყო. ქართულ ფეხბურთზეც მქონდა ინფორმაცია.
-ბრაზილიის საზღვრებს გარეთ პირველად აღმოჩნდით, ხომ არ გაგიჭირდა ახალ ქვეყანასთან და გუნდთან ადაპტაცია? -უცხო ქვეყანაში პირველად აღმოვჩნდი და თავიდან ძალიან გამიჭირდა გრაფიკთან შეგუება. საქართველოში ჩამოსვლისას სასურველ ფიზიკურ კონდიციებში არ ვიყავი, ,,სამგურალის" ფიზმომზადების მწვრთნელი ოთო საბანაძე ფორმის აღდგენაში ძალიან დამეხმარა, მისი ყოველთვის მადლიერი ვიქნები. ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაუმჯობესებელი და ის კვლავ დამეხმარება.
რაც შეეხება საქართველოს, ძალიან კარგი ქვეყანაა, აქ მშვიდი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. სამზარეულოც ძალიან კარგია, განსაკუთრებით ხინკალი და ხაჭაპური მომეწონა. რაც შეეხება დისკომფორტს, თავიდან, ჩემთვის ყველაზე დიდი სირთულე დროის სხვაობა და სიცივე იყო.
-სამგურალზე რას იტყვი, როგორ ფიქრობთ მიმდინარე სეზონში რა იქნება გუნდის მიზანი?-გუნდში კარგი განწყობაა, მეგობრული სტაფი და ფეხბურთელები გვყავს. აქ ყველა მხიარულია, რაც ძალიან კარგია. ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და კარგი ამხანაგური მატჩები ჩავატარეთ. ჩემპიონატიც ჩვენთვის სასურველი შედეგით დავიწყეთ. ვიცით, რომ ჯერ ყველაფერი წინაა, ძალიან რთული სეზონი იქნება, მაგრამ მჯერა - ყველა მოთამაშე ერთ რამეზე-გამარჯვებაზეა კონცენტრირებული. პირადად ჩემი მოლოდინი ტიტულებისთვის ბრძოლაა, რა გამოვა ამას დრო გვაჩვენებს.
-ზოგადად საქართველოს ჩემპიონატზე რას იტყვი, ლეგიონერისთვის ეროვნულ ლიგაში თამაში რამდენად რთულია? -ეროვნული ლიგა ძალიან კარგი ჩემპიონატია, ორაგანიზებული, მაღალი კონკურენციით და ბევრი კარგი მოთამაშით. კონკურენციის დონე მაღალია.
-იგივეს ბევრი ფეხბურთელი ამბობს, თუმცა, ფაქტია, რომ ევროტურნირებზე ქართული გუნდები წარმატებას ვერ აღწევენ, თუ კონკურენცია და დონე კარგია, მაშ რაში უნდა იყოს პრობლემა?-ერთი კონკრეტული მიზეზის დასახელება ძალიან რთულია. ბოლოს და ბოლოს საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვედი. როგორც ვიცი, უშუალოდ ევროტურნირების წინ ბევრი გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნად იცვლება, ალბათ ესეც ართულებს მდგომარეობას...
მჯერა, ფეხბურთში ვითარება ხშირად იცვლება, დღევანდელი სირთულეები ხშირად ხვალინდელი წარმატების საფუძველი ხდება. ვფიქრონ, თუ ქართულ ფეხბურთში მეტი ფინანსები ჩაიდება პროგრესიც შესამჩნევი იქნება.
-წყალტუბო პატარა და წყნარი ქალაქია, თავისუფალ დროს როგორ ატარებ?-ამჟამად ჩემი ოჯახი საქართველოში არ არის, ამიტომ ძირითადად სახლში ვარ.
-ოჯახზეც გვიამბე, ახლო სანათესაოში შენს გარდა თუ თამაშობს ვინმე ფეხბურთს? -მოკრძალებული და შრომისმოყვარე ოჯახიდან ვარ, მყავს ორი და და ერთი ძმა. ფეხბურთს მხოლოდ მე ვთამაშობ. მადლობა მინდა ვუთხრა დედაჩემს, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა, რომ ჩემი ოცნების ასრულებაში დამხმარებოდა.
ასევე, მადლობა ღმერთს, გვერდით მყავს მეუღლე, ერთგული და მებრძოლი ადამიანი, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდში დამეხმარა. როდესაც ფეხბურთისთვის თავის დანებებაზე ვფიქრობდი, ის ჩემი საყრდენი იყო, მეხმარებოდა, რომ მერწმუნა საკუთარი თავის. შემიძლია ვთქვა, რომ თუკი რამეს მივაღწიე, მისი დიდი დამსახურებაცაა.
-რომ არა ფეხბურთი, დღეს სად შეიძლება ყოფილიყო სებოლინია?-ჯიუ ჯიცუში ვვარჯიშობდი, ბრაზილიურ საბრძოლო ხელოვნებას კარგად ვფლობ და არაერთი თასი მაქვს მოგებული. რომ არა ფეხბურთი ალბათ, ჯიუ ჯიცუს გავყვებოდი.
-კლაუდიო ზოგადად რომელ გუნდს გულშემატკივრობ და ვინ არის შენი კუმირი?-ბავშვობიდან ,,ფლამენგოს" ვგულშემატკივრობ, ახლა კი მასთან ერთად ,,სამგურალს". რაც შეეხება კუმირს, ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელი ფენომენი რონალდოა.
-ბოლოს, რას ეტყოდით ,,სამგურალის" გულშემატკივრებს?პირველ რიგში, მადლობას ვუხდით მათ მხარდაჭერისთვის. ჩემპიონატი კარგად დავიწყეთ, ბედნიერები და მოტივირებულები ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებული სეზონი გვქონდეს და გულშემატკივრებს სიხარული მოვუტანოთ.
скачать dle 11.3