,,სამგურალმა" ჩემპიონატისთვის მზადება 10 იანვარს დაიწყო. 18 იანვარს გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ონიანი დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით წყალტუბოელებმა საქართველოში სამი ამხანაგური მატჩი ითამაშეს (ტორპედო 1:2, ფოთის კოლხეთი 5:0, თბილისის დინამო 1:1).
7 იანვრიდან გუნდი მზადებას ანტალიაში განაგრძობს. თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი ,,სამგურალმა" სომხურ ალაშკერტთან გამართა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.
,,სამგურალი" - ,,ალაშკერტის" მატჩს, კლუბის პრეზიდენტ მიხეილ იაშვილთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე დაესწრნენ.
სომხურ გუნდთან თამაში საინტერესო გამოდგა, თავიდან ,,ალაშკერტი" ფლობდა უპირატესობას და საგოლე მომენტიც ჰქონდათ, თუმცა ლუკა კუტალაძემ ძალზედ რთული თავური დარტყმა მოიგერია.
მე-15 წუთიდან მოყოლებული ,,სამგურალმა" სათამაშო უპირატესობა მოიპოვა. ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა, თუმცა წყალტუბოელები გაცილებით მწვავედ უტევდნენ. კუთხურის შემდეგ რაიან ლუკა ურტყამდა თავით სახიფათოდ, მაგრამ ბურთი მეკარემ მოიგერია, იქვე დამატებაზე ვინისიუსი იყო, თუმცა ბურთი ხარიხას გადააცილა.
25-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე გოგია მეტოქეს გასცდა და მცველებს შორის საჯარიმოში კლაუდიოს კარგი პასი გაუკეთა, ამ ეპიზოდში სტუმართა მეკარე და მცველები შეცდნენ, ბრაზილიელმა ხორხელს პასი არ დაუყოვნა და ნიკამაც ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0
პირველ ტაიმში წყალტუბოელებს კიდევ ერთი კარგი მომენტი ჰქონდათ, გოგიას ფლანგურ გარღვევასა და საჯარიმოში ჩაწოდებას ველისოლის დარტყმა მოჰყვა, თუმცა ბურთი მეკარემ უკუაგდო. ,,სამგურალმა" პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო.
მეორე ტაიმიც ,,სამგურალის" შეტევებით დაიწყო, ხორხელმა ზუსტი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ლევან პაპავა გაიყვანა, მაგრამ ალაშკერტის ,,გოლკიპერმა" დროულად დატოვა კარი და რთული ბურთი მოიგერია.
50-ე წუთზე წყალტუბოელებმა მეორე გოლი გაიტანეს. ველისოლმა მარჯვენა ფლანგზე ქუსლით კარგად დაუტოვა ბურთი ხორხელს, ნიკამ საჯარიმოს გარეთ ცოტნე ბერელიძე მოძებნა, რომელმაც უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით მეტოქეს ახლო კუთხეში გაუტანა -2:0
მალე სომხებმა სტატუს ქვო აღადგინეს. წყალტუბოელები ბურთის ამოტანისას შეცდნენ და ანგარიში 2:1 გახდა.
დაახლოებით მე-60 წუთიდან გიორგი ონიანმა თითქმის მთელი გუნდი გამოცვალა, თუმცა წყალტუბოელთა სათამაშო უპირატესობა არ შენელებულა. ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა ლევან პაპავას, თუმცა ამჯერადაც მეკარემ შეძლო რთული ბურთის მოგერიება. თავის მხრივ რთული ბურთი აიღო არსენ სიუკაევმაც.
მატჩის ბოლოს ირაკლი ჯანჯღავას გადაცემის შემდეგ ჯეფერსონ ჯერალდომ საჯარიმოს გარედან ეფექტური გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
წყალტუბოელებმა ,,ალაშკერტთან" შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს: კუტალაძე, გეგეჭკორი, მანჯგალაძე, რაიანი, გოგია, ვინისიუსი, ბერელიძე, ჟანი, ხორხელი, ველისოლი, კლაუდიო;
შეცვლაზე შევიდნენ: სიუკაევი, ჯანჯღავა, კვარაცხელია, შერგელაშვილი, აფციაური, იაშვილი, ჯეფინიო, გოგოლაშვილი, ჩხეტიანი, პაპავა;
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ონიანი
მორიგ საკონტროლო მატჩს ,,სამგურალი" 12 თებერვალს ტაშკენტის ,,ლოკომოტივის" წინააღმდეგ გამართავს.
скачать dle 11.3