ტიაგო გომისი: "საქართველო ტალანტების ქვეყანაა"!წყალტუბოს "სამგურალი" ეროვნულ ლიგაში შეუჩერებელია. ტიაგო გომისის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ 5 მატჩი მოიგო. რაც მთავარია, ბრაზილიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გუნდი ბოლო პერიოდში გამართულ, სანახაობრივ და მეტად საინტერესო ფეხბურთს თამაშობს.
41 წლის ტიაგო გომის პაჩეკუ მეტად საინტერესო მწვრთნელია. უმუშავია ისეთ ცნობილ ბრაზილიურ კლუბებში, როგორებიც არიან "ინტერნასიონალი", "ატლეტიკო პარანენსე", "კორინთიანსი", "ფლუმინენსე" და "გრემიო" არიან. "გრემიოში" რამდენჯერმე ასრულებდა მთავარი მწვრთნელის მოვალეობას.
გომისმა "სამგურალს" ნამდვილად დაატყო თავისი ხელი. საინტერესოა, რომ მან რამდენიმე ფეხბურთელს სათამაშო პოზიცია შეუცვალა და ამ მიგნებებმა ბოლომდე გაამართლა.
"ლელომ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ფეხბურთის სამხრეთამერიკელ სპეციალისტთან. უნდა ითქვას, რომ გომისი ერთობ საინტერესო მოსაუბრე გამოდგა...
არცთუ დიდი ხნის წინ ჩამოხვედით საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ თქვენთვის უცხო ქვეყანასთან ადაპტაცია უკვე დასრულებულია? 
ბევრი უცხოელი მწვრთნელი თუ ფეხბურთელი ვიცით, საქართველოსთან შეგუება რომ გაუჭირდა...- გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ზოგადად, არ მჩვევია გაზვიადება, ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. საქართველო დიდებული ქვეყანაა. აქ შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს. ექვსი თვეა, აქ ვარ და ძალიან შემიყვარდა აქაურობა. სწრაფად დასრულდა ადაპტაციის პროცესი.
სულ ვამბობ, რომ ჩემს ოჯახში ვარ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს, ფეხბურთელებს, რომლებიც გადიან მინდორზე და ყველაფერს აკეთებენ გუნდის წარმატებისთვის. ბოლოდროინდელი შედეგები კარგია, მაგრამ ჩვენ მომავალშიც თავდაუზოგავად უნდა ვიმუშაოთ, რათა წარმატებული სვლა გავაგრძელოთ. მე ქუთაისში ვცხოვრობ და იქიდან დავდივარ წყალტუბოში...
თქვენ შანსი მიეცით რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს და მათი პროგრესი თვალსაჩინოა. უფრო და უფრო ხშირად ჩნდებიან ისინი მინდორზე. მწვრთნელის მხრიდან ამას გამბედაობა სჭირდება...- სწორად შეგინიშნავთ! ჩემი აზრით, ფეხბურთში ახალგაზრდების დაწინაურების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ ერთი, ჩვენ საშუალებას ვაძლევთ ნიჭიერ მოთამაშეს, რომ განვითარდეს და მიაღწიოს პროგრესს. მეორეც, ახალგაზრდა ფეხბურთელს, კლუბის აღზრდილს რომ დააწინაურებ, ეს გუნდისთვისაც კარგია.
შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ბრაზილიაში არაერთ ცნობილ კლუბში ვიმუშავე და იქაც ასეთი მიდგომა მქონდა. საქართველო ტალანტების ქვეყანაა. აქ უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელია და რატომ არ უნდა მივცეთ მათ თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება?!
ახალგაზრდა ფეხბურთელები კარგად არიან ჩართულები გუნდის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ითვალისწინებენ წარმატებისთვის აუცილებელ რჩევებს. ამდენად, ყველანაირი საფუძველი გვაქვს, ჩავთვალოთ, რომ მათი პროგრესი მომავალშიც გაგრძელდება.
თქვენ რამდენიმე ფეხბურთელს შეუცვალეთ ამპლუა. უნდა ითქვას, რომ ამ ცვლილებებმა გაამართლა. მაგალითად, ირაკლი ჯანჯღავა მარჯვენა მცველად გადასწიეთ, რის შემდეგაც მან მოუხშირა საგოლე მოქმედებებს...- ეს მწვრთნელის ყოველდღიური სამუშაოს ნაწილია. ყოველთვის ვფიქრობთ გარკვეულ ნოვაციებზე. ამის გარეშე, განვითარებაზე ფიქრი წარმოუდგენელია. ირაკლი ჯანჯღავას შემთხვევა ერთეული არ არის. მაგალითად, ჩვენ შედარებით ფლანგისკენ გადავწიეთ ალი (ალიჯონ აინი, "სამგურალის" ტაჯიკი ლეგიონერი - რედ).
ასევე, საყრდენ ზონაში ვნახეთ ლაშა შერგელაშვილის შესაძლებლობები. "შერგი" ფლანგის მცველად თამაშობდა. მინდა გითხრათ, რომ შესაბნიშნავად აუღო ალღო ახალ პოზიციას. თავადაც დააკვირდებოდით, ბოლო მატჩებში ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ მინდორზე. ზოგადად რომ შევხედოთ, დღევანდელ ფეხბურთში უნივერსალიზმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
ბრაზილიელ ახალგაზრდებთან მუშაობის დიდი გამოცდილება გაქვთ. მათ სათამაშო პლუსებზე საუბარი ზედმეტია... და მაინც, რის ხარჯზე განიცდიან ისინი განსაკუთრებულ პროგრესს?- ბრაზილია ფეხბურთით ცხოვრობს. ეს ყველამ იცის. ახალგაზრდა სწორად უნდა განვითარდეს კონკრეტულ დროსა და მომენტში. ასევე მას სჭირდება ნდობა. მინდა კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საქართველოშიც უამრავი ტალანტია!
დიდი სიამოვნები მოვისმენთ თქვენს აზრს საქართველოს ეროვნული ლიგის თაობაზე...- პირდაპირ გეტყვით, რომ რთული ჩემპიონატია. მე უკვე შემექმნა შთაბეჭდილება ეროვნულ ლიგაში მოთამაშე გუნდებზე. ეს არ არის ერთფეროვანი ლიგა. ყველა მეტოქესთან სათამაშოდ განსაკუთრებულად, სხვადასხვანაირად უნდა მოემზადო. ყველას აქვს თავისი ხელწერა.
მაგალითად, ერთნაირად ვერ დაგეგმავ თამაშს "იბერიასთან" და "დილასთან", თბილისის "დინამოსთან" და "ტორპედოსთან". არის მატჩები, რომლებშიც სავსებით ნორმალური ტემპია. დაძაბულობა რომ არ აკლია ჩემპიონატს, ამას თავადაც ხედავთ.
მაშ, რა არის ქართული კლუბების წარუმატებლობის მიზეზი ევროთასებზე?- ევროთასებზე ხვდები სხვადასხვა ქვეყნების კლუბებს, ისინი განსხვავებულები არიან თავიანთი სათამაშო სტილით, მიდგომებით. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი უნდა ვიმუშაოთ. მე ჩემს აზრს ვიტყვი. სეზონებს შორის აუცილებელია გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება.
როცა იცვლება სამწვრთნელო შტაბი, ფეხბურთელების თითქმის მთელი კონტინგენტი, ძალიან ბევრი რამის დაწყება თავიდან ხდება. მე უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ შემადგენლობის შენარჩუნებას. ეს წარმატების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად მიმაჩნია.
"სამგურალში" არაერთი ლეგიონერია. მათ შორის ბრაზილიელები ჭარბობენ. როგორ შეეწყვნენ ისინი გუნდს?- ჩვენ ძალიან ბევრს და თავდაუზოგავად ვმუშაობთ. არ იგრძნობა, რომ ვიღაც ლეგიონერია და ვიღაც - ადგილობრივი. გვაქვს ერთი მიზანი და ეს მიზანი არის "სამგურალის" წარმატება. შეიძლება ბანალური ფრაზაა, მაგრამ "სამგურალი" არის ერთი დიდი ოჯახი. ჩემი აზრით, ეს წარმატებისათვის აუცილებელი პირობაა.
საქართველოს დათვალიერება მოასწარით?- სრულად ვერა, მაგრამ რაც ვნახე, აღფრთოვანებული ვარ. ეს არის დიდებული ქვეყანა დიდებული ხალხით, ისტორიითა და კულტურით. გულწრფელად ბედნიერი ვარ, თქვენს ქვეყანაში რომ ვმუშაობ. აქ ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს. ვნახე თბილისი, ქუთაისი, ბათუმი... შესანიშნავი ქვეყანაა საქართველო!
ქართულ სამზარეულოს თუ გაუსინჯეთ გემო?- კი და ყველაფერი ძალიან გემრიელია. მიყვარს... ცოტა მიჭირს მისი სახელის წარმოთქმა... ხაჩაპური (იცინის).
და ბოლოს, რას ეტყოდით "სამგურალის" ქომაგებს?- ჩვენ მათთვის ვთამაშობთ. მოხარული ვარ, რომ მუდამ ჩვენს გვერდით არიან. გასვლით მატჩებშიც კი ვგრძნობთ მათ დიდ მხარდაჭერას. ყველაფერს აკეთებენ გუნდის წარმატებისთვის, გვერდში გვიდგანან... მე, როგორც "სამგურალის" მთავარი მწვრთნელი, მათ ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი.
ფეხბურთი ხომ გულშემატკივრებისთვისაა შექმნილი. მათ გარეშე მას უბრალოდ ფასი ეკარგება. მე ვხედავ, რომ ისინი გუნდის სიხარულით ხარობენ. ბოლომდე ვაფასებ მათ გვერდში დგომას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი გულები კიდევ არაერთხელ გავახაროთ. ისინი ყოველივე საუკეთესოს იმსახურებენ!
скачать dle 11.3