ჩემი მიზანია, ,,სამგურალის" ფეხბურთელებთან ერთად ისტორიაში შევიდე » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
28 მარტი, 19:00
სამგურალი
იბერია
წინა მატჩი
16 მარტი, 18:00
გაგრა0
სამგურალი2
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ჩემი მიზანია, ,,სამგურალის" ფეხბურთელებთან ერთად ისტორიაში შევიდე
  • ინტერვიუ როდოლფო ვანოლისთან

    იტალიელი სპეციალისტი როდოლფო ვანოლი ,,სამგურალს" გასული წლის ოქტომბერიდან წვრთნის. წყალტუბოელებმა მისი ხელმძღვანელობით წინა ჩემპიონატში 8 შეხვედრა ჩაატარეს და მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს (ვანოლის სადებიუტო მატჩი გორის ,,დილასთან"). ამჟამად გუნდი ახალი საფეხბურთო სეზონისთვის ემზადება. როდოლფო ვანოლის გუნდმა თურქულ შეკრებაზე 5 საკონტროლო მატჩი გამართა და მოსამზადებელი ეტაპი მარცხის გარეშე დაასრულა. წყალტუბოელებმა უკრაინის სუპერლიგის გუნდი ,,ლივი ბერეგი" (2:1) და ყირგიზეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ,,მურას იუნაიტედი" (3:1) დაამარცხეს, ხოლო, ყაზახეთის ჩემპიონ ,,კაირატთან" 1:1 , უზბეკეთის მეორეადგილოსან ,,ოლმალიკთან" 2:2 და უზბეკურ ,,ყიზილყუმთან" (არასრული შემადგენლობით) 0:0 ფრე ითამაშეს. წყალტუბოელებმა ანტალიაში შეკრება დაასრულეს და სახლში გამოემგზავრნენ. ჩვენ როდოლფო ვანოლის მზადების განვლილი ეტაპისა და სამომავლო გეგმების შესახებ ვესაუბრეთ.


    -პირველ რიგში ბოლო საკონტროლო შეხვედრა შევაფასოთ, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდისთვის შეკრების გამარჯვებით დასრულება?

    -გუნდისთვის მთლიანად ეს ორი კვირა, სრული მოსამზადებელი ეტაპი იყო მნიშვნელოვანი. ვითამაშეთ ხუთი ამხანაგური შეხვედრა, ვფიქრობ, ჩემპიონატისთვის კარგად მოვემზადეთ. შეიძლება ითქვას, რომ დაიბადა ახალი გუნდი, ისეთი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, რომლებიც ჩემს საფეხბურთო მენტალიტეტს და ფილოსოფიას კარგად ეწყობიან. ამაში დარწმუნებული ვიყავი. გუნდს მებრძოლი ხასიათი ჩამოუყალიბდა, ბოლომდე იბრძვის და მარცხს არ ეგუება.

    რაც ,,სამგურალის" მთავარი მწვრთნელი გავხდი, მხოლოდ ერთი თამაში წავაგეთ, დანარჩენში კი ჩვენთვის მისაღები ანგარიში დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, ფეხბურთელებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, მაგრამ ეს ყველაფერი მათთან ერთად დირექტორატის, სამწვრთნელო შტაბის, ექმის, მასაჟისტის და სტაფის თითოეული წევრის დამსახურებაა, რომლებიც გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებენ.

    ამ საქმეში განსაკუთრებით, კლუბის პრეზიდენტის, მიხეილ იაშვილის ღვაწლი უნდა გამოვარჩიო. ადამიანი, რომელიც ,,სამგურალისთვის" ყველანაირად იხარჯერა და ცდილობს ისეთი გუნდი შექმნას, რომლითაც წყალტუბო ყოველთვის იამაყებს.

    -სულ მალე ეროვნული ლიგა დაიწყება, რა მოლოდინები გაქვთ და ,,სამგურალი" რა მიზნებისთვის იბრძოლებს?

    -წინ საინტერესო სეზონი გველოდება. ჩვენ გამოწვევებისთვის მზად ვართ. ჩემი მიზანია, ,,სამგურალის" ფეხბურთელებთან და გუნდთან ერთად ისტორიაში შევიდე, როგორც წარმატებული მწვრთნელი. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

    -უკვე 6 თვეა რაც საქართველოში მუშაობთ, რა წარმოდგენა გქონდათ ქართულ ფეხბურთზე და აქ გადმოსვლის შემდეგ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?

    - საქართველოში ჩამოსვლამდე ვფქირობდი, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო იყო ჩასატარებელი. რაც საქართველოში ჩამოვედი და ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, დავრწმუნდი, რომ საინტერესო ჩემპიონატია, რომელშიც ბევრი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს, მათ შეუძლიათ განვითარდნენ და დიდი ფეხბურთი ითამაშონ. თუ ფინანსური სტაბილურობა იქნება, შესაძლებელია ძლიერი გუნდების გაკეთება. რაც შეეხება სათამაშო ინფრასტრუქტურას, ჩემი აზრით საქართველო ამ კუთხით განვითარების გზაზე დგას. ჩვენი კლუბის პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ იაშვილი მუშაობს იმისთვის, რომ კლუბის სტადიონი განახლდეს და გუნდს კარგი ინფრასტრუქტურა ჰქონდეს.

    - ,,სამგურალში" თუ არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც სერია ა-ში თამაშს შეძლებდნენ?

    -6 თვეა არც ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვარ, რასაც ამ ხნის განმავლობაში მივაღწიეთ, ეს მარტო ჩემი კი არა, ფეხბურთელების დიდი დამსახურებაა. გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს. რა თქმა უნდა, არიან ისეთები, რომლებიც სერია ა-შიც თავისუფლად ითამაშებდნენ.
    ჩემი უმცროსი ძმა პაოლო ვანოლი ,,ტორინოს" მთავარი მწვრთნელია, მას ჩვენს ორ ფეხბურთელზე ვესაუბრე და მათზე დაკვირვება შევთავაზე. თუმცა, ამ ეტაპზე, კონკრეტულად გვარებს ვერ დავასახელებ. ზოგადად, ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს. როცა გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ნიკა ხორხელი იჯარით ,,იბერიაში" გადავიდა, გუნდის პრეზიდენტისთვის ახალი თავდამსხმელის მოყვანა არ მითხოვია, რადგანაც, მჯერა, რომ ჩვენს ახალგაზრდებს კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და მათი მეიმედება. ჩვენი კლუბის მიზანიც ის უნდა იყოს, რომ ახალგაზრდები დავაწინაუროთ და მათ გაზრდის საშუალება მივცეთ.

    ახალგაზრდები თვითონ განვითარდებიან, როცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა ექნებათ და თამაშებს მოიგებენ. ექვსი თვეა აქ ვარ და მგონი ყველამ დაინახა, რომ კარგი გუნდი შევიკრიბეთ და შედეგებიც გვაქვს.

    -ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირაც არ დარჩა, მეტქოეებს თუ ადევნებთ თვალს და ვინ მიგაჩნიათ ჩემპიონატის ფავორიტად?

    -ამ ეტაპზე მხოლოდ სასტარტო მატჩზე ვფიქრობ. ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი - 1 მარტს ფოთის ,,კოლხეთთან" არის.

    - საქართველო როგორ მოგწონთ, როგორ შეეწყვეთ ჩვენს ქვეყანას?

    მწვრთნელობა რთული საქმეა, ხშირად ოჯახიდან შორს, უცხო გარემოში გიწევს ყოფნა, მაგარმ მომწონს ეს ცხოვრება, სტადიონზე გასვლა, ჩემი საფეხბურთო თვისებებისა და ხედვის სხვებისთვის გადაცემა...
    საქართველოში ნამყოფი არ ვიყავი, აქაურობა ძალიან მომწონს. კარგი და ალალი ხალხი შემხვდა, რომლებმაც თავი ისე მაგრძნობინეს, როგორც საკუთარ სახლში. ამ ხალხისთვის მადლობის თქმა არ მომბეზრდება. მწვრთნელობა ისეთი საქმეა, ბევრვს ვმუშაობთ, თითქმის, მუდან სტადიონზე ან ოფისში ვარ და ქვეყნის დათვალიერება ჯერ ვერ მოვახერხე. თბილისისა და ბათუმის დასათვალიერებლად დროც ვერ გამოვძებნე, რომ საქართველოზე უფრო ვრცლად მესაუბრა.
    როცა წყალტუბოში ვმოძრაობ, ხალხი პატივისცემის ნიშნად, ცდილობს იტალიურად მელაპარაკოს, ჩემთვის ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. ადგილობრივების ასეთი სითბო და დამოკიდებულება ძალიან მაბედნიერებს. იმედი მაქვს, რომ მათ დიდ სიხარულს მოვუტანთ.


    скачать dle 11.3