,,სამგურალმა” სტუმრად ,,გაგრა” 3:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა.
შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრინციპული იყო, ამიტომ გუნდები საწყის წუთებში ცოტა არ იყოს ფრთხილობდნენ. ბურთს ,,სამგურალი" აკონტროლებდა, თუმცა ,,გაგრას" საკმაოდ მწვავე კონტრშეტევები ჰქონდა და შორიდანაც სახიფათოდ ურტყამდა. განსაკუთრებით გიორგი პაპუაშვილის დარტყმა უნდა გამოვარჩიოთ, რომლის შემდეგაც ბურთი მეკარე ნოდარ ყალიჩავამ მოიგერია. ყალიჩავა, ამ მატჩშიც ძალიან დამაჯერებელი იყო და საკუთარი გუნდი გოლისგან არაერთხელ იხსნა.
11-ე წუთზე ,,სამგურალის" თავკაცს მიხეილ აშვეთიას იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია. ბრაზილიელმა საყრდენმა ნახევარმცველმა ვინისისუმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. მის ნაცვლად თამაშში ირაკლი ჯანჯღავა ჩაერთო, რომელსაც ტაიმის ბოლოს გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდა, შორიდან კარგადაც ურტყამდა, მაგრამ მასპინძლები ძელმა იხსნა, დამატებაზე კი ჯეფინიომ მახვილი კუთხიდან ააცილა.
ამ ეპიზოდამდე გაგრელებმა დაწინაურება მოასწრეს, 41-ე წუთზე ,,სამგურალის" კარში დანიშნული პენალტი გიორგი ლომთაძემ იდეალურად შეასრულა და ანგარიში გახსნა -1:0
წყალტუბოელებმა პირველი ტაიმის ბოლო მკომპენსირებულ წუთზე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. ნიკა ხორხელის მიერ შესსრულებული საჯარიმოს შემდეგ ,,გაგრას" კართან შექმნილი არეულობით ლუკა ხორხელმა ისარგებლა და ახლოდან დაამატა მეკარისგან მოგერიებულ ბურთს. სხვათა შორის, წინა ტურში ლუკა ხორხელმა კოლხეთის 1913-თან (3:0) ჰეთ-თრიქი შეასრულა და ამჯერადაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მეორე ტაიმში სწორედ მან მოიპოვა პენალტი და ლევან კუტალიამ ზუსტად შეასრულდა - 1:2. პენალტის ეპიზოდს გაგრას გამოცდილი ფეხბურთელის, გიორგი ქიმაძის გაძევებაც მოჰყვა (მეორე ყვითელი ბარათის გამო).
სამგურალმა რიცხობრივი უპირატესობა კარგად გამოიყენა, დემურ ჩიხლაძის ჩინებულ პასს 69-ე წუთზე ფერნანდო ბულის ზუსტი თავური მოჰყვა და ,,სამგურალმა" სოლიდური უპირატესობა მოიპოვა 1:3
აღსანიშნავია, რომ ეს ბულის პირველი გოლი იყო ეროვნულ ლიგაში და ბრაზილიელმა ის ძალზედ ემოციურად აღნიშნა.
დარჩენილ დროში გაგრელები ბოლომდე ბრძოლობდნენ და მომენტებსაც ქმნიდნენ, მაგრამ კვლავ შესანიშნავად თამაშობდა ყალიჩავა.
ბოლოს კი წყალტუბოელებმა კიდევ ერთხელ აიღეს მეტოქის კარი, მაგრამ დემურ ჩიხლაძის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
მორიგი ტურის შეხვედრას სამგურალი 15 სექტემბერს სტუმრად ,,სამტრედიის" წინააღმდეგ გამართავს.
გაგრა 1:3 სამგურალი
01.09. თბილისი. დავით პეტრიაშვილი
გოლები: 1:0 გ. ლომთაძე (41-პენ), 1:1 ლ. ხორხელი (45+6), 1:2 კუტალია (60-პენ), 1:3 ბული (69. ჩიხლაძის პასით)
გაგრა (3-5-2): ვორობეი - ჭავჭანიძე, იაკობიძე, ჯანგიძე (76. პორფირიო) - გაბისკირია, გ. ლომთაძე (85. გოგოლაძე), პაპუაშვილი (76. ციცქიშვილი), აფციაური (76. ნადარეიშვილი), ქიმაძე - ნოდ. ქავთარაძე, გ. ხარებაშვილი (76. ნაჭყებია)
სათადარიგოები: ბედიაშვილი - კაკუბავა, ჭეხანი
მწვრთნელი: გიორგი ონიანი
სამგურალი (4-1-4-1): ყალიჩავა - კიკაბიძე, პატარკაციშვილი, მ. აბულაძე, ბული - ვინისიუსი (11. ჯანჯღავა) - ნ. ხორხელი (66. ი. ახვლედიანი), ჯეფინიო (66. ჩიხლაძე), ლ. ხორხელი, ჟან კარლოსი (76. ვერულიძე) - კუტალია (76. არველაძე)
სათადარიგოები: კუტალაძე - მარკოვინა, შეროზია, კალანდარიშვილი
მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია
გაფრთხილება: ლ. ხორხელი (15), ჯანგიძე (29), ქიმაძე (45+5), ბული (62), აფციაური (71), ნადარეიშვილი (82), გაბისკირია (90+3)
გაძევება: ქიმაძე (59. ორი გაფრთხილება)
არბიტრი: გ. ავაზაშვილიскачать dle 11.3