წყალტუბოს ,,სამგურალი" ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში, გათამაშების ლიდერ ,,იბერია 1999"-თან დრამატულ შეხვედრაში 2:3 დამარცხდა.
წყალტუბოელებს დისკვალიფიკაციის გამო ორი წამყვანი ფეხბურთელი ნიკა კალანდარიშვილი და ლუკა ხორხელი აკლდათ. ამას ლუკა შეროზიას ტრავმაც დაემატა, რომელიც 25-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ შეცვალა.
იქამდე, მე-6 წუთზე იბერიელები ბაქარ ქარდავას ლამაზი გოლით დაწინაურდნენ.
26-ე წუთზე დემურ ჩიხლაძემ შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა - 1:1
32-ე წუთზე კი ჟან როდრიგესის უზუსტესი გადაცემის შემდეგ გიორგი ფანცულაიამ ,,სამგურალი" წინ გაიყვანა.
ფანცულაიას ტაიმის ბოლოს დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა თედო კიკაბიძის ჩაწოდების შემდეგ მისი თავური დარტყმა კარს მცირე მანძილით აცდა. ეგ გოლი რომ გასულიყო ,,სამგურალი" სოლიდურ უპირატესობას მოიპოვებდა და შესაძლოა მატჩის სცენარიც სხვაგვარად განვითარებულიყო...
მეორე ტაიმის საწყის წუთებში სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, გოლი ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა.
53-ე წუთზე ჟან როდრიგეშმა შესანიშნავი გოლი გაიტანა, თუმცა წყალტუბოელების ზეიმი დიდხანს არ გაგრძელებულა, არბირტმა ,,VAR"-ის გამოყენებით გოლი გააუქმა, რადგანაც ჩათვალა, რომ გოლამდე მოედნის ცენტრში ჩიხლაძე ქარდავას წინააღმდეგ წესებს არღვევდა.
75-ე წუთზე სტუმრები ავტოგოლით დაწინაურდნენ. ,,სამგურალის" ხორვატმა ლეგიონერმა ბარტულ მარკოვინამ მოგერიების მცდელობისას ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
წყალტუბოელები ქულის გადარჩენას შეეცადნენ, რამდენჯერმე ახლოსაც იყვნენ მიზანთან, გოლის გატანა შეეძლოთ ფანცულაიას და ილია ახვლედიანს, სახიფათოდ ურტყამდა კარში როდრიგესი და ბოლო წუთებზე შეტევაში ჩართული ლუკა კუტალაძე... თუმცა, სამწუხაროდ ,,სამგურალმა" ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლო და პირველი წრის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზე დარჩა.
სამგურალი-იბერია 1999 2:3
15.04. წყალტუბო. საფეხბურთო ცენტრი
გოლები: 0:1 ქარდავა (6. კაპანაძის პასით), 1:1 ჩიხლაძე (26), 2:1 ფანცულაია (32. კარლოსის პასით), 2:2 ო. მამაგეიშვილი (52), 2:3 მარკოვინა (75-საკ. კარში)
სამგურალი (4-1-4-1): კუტალაძე - კიკაბიძე, პატარკაციშვილი, მარკოვინა (84. გ. გეგუჩაძე), ბული - ვინისიუსი - ი. ახვლედიანი (78. ა. ვერულიძე), ჩიხლაძე (78. დარცმელია), ჯანჯღავა (78. იკპე), როდრიგესი - შეროზია (25. ფანცულაია)
სათადარიგოები: ყალიჩავა - თოდუა, ჩხაბერიძე, თევზაძე
მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია
იბერია (4-3-3): კუპატაძე - კაპანაძე, აგიაკვა, ჯგერენაია, აგბალაკა - ო. მამაგეიშვილი, ქარდავა, ნონიკაშვილი (78. კომახიძე) - მამაცაშვილი (46. ჯაივი), გ. კოხრეიძე (46. გ. მამაგეიშვილი), სილა (90. ნარიმანიძე)
სათადარიგოები: კურტანიძე - ს. გეგუჩაძე, გამარა, ლუდუენია, ვიანო
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
გაფრთხილება: ო. მამაგეიშვილი (36), ბული (48), პატარკაციშვილი (62), კიკაბიძე (90+5), აგბალაკა (90+9)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი
скачать dle 11.3