მიხეილ აშვეთია: მჯერა ჩემი გუნდის, უკეთესად თამაში და გაცილებით მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია! » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
8 დეკემბერი, 13:30
იბერია
სამგურალი
წინა მატჩი
1 დეკემბერი, 13:30
სამგურალი2
ტორპედო1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მიხეილ აშვეთია: მჯერა ჩემი გუნდის, უკეთესად თამაში და გაცილებით მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია!
  • ინტერვიუ მიხეილ აშვეთიასთან

    მიხეილ აშვეთია: მჯერა ჩემი გუნდის, დარწმუნებული ვარ, უკეთესად თამაში და გაცილებით მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია!

    სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გუნდი ორ პოზიციაზე გაძლიერდება


    ახალი საფეხბურთო სეზონი წყალტუბოს ,,სამგურალისთვის" სახარბიელოდ ვერ დაიწყო. საწყის ოთხ ტურში გუნდმა მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, თუმცა ბათუმის ,,დინამოსთან" და ფოთის ,,კოლხეთთან" წყალტუბოელთა მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხი უკეთესი მომავლის იმედს ტოვებს. განვლილი მატჩების, კლუბში არსებული ვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ,,სამგურალის" მთავარ მწვრთნელ მიხეილ აშვეთიას ვესაუბრეთ.


    ჩემპიონატის სტარტი  ისეთი არ გამოვიდა, როგორსაც ისურვებდით, როგორ შეაფასებთ გასულ მატჩებს და გუნდში შექმნილ ვითარებას?

    რა თქმა უნდა, წაგება  სასიამოვნო არაა.  პირველ რიგში თავად ფეხბურთელებისთვის და მწვრთნელებისთვის. გუნდის მზადების პროცესში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. ტურიდან-ტურამდე დიდი ენერგია და რესურსი იხარჯება. მაგრამ ასეთია ფეხბურთი, ზოგჯერ ყველაფერი ისე არ გამოდის როგორც გეგმავ.  განვლილ ტურებში ნაჩვენები შედეგებით კმაყოფილი როგორ ვიქნები?!  მაგრამ კონკრეტული თამაშები რომ  გავიხსენოთ, გორის ,,დილასთან" მატჩის პირველ ტაიმის თუ არ ჩავთვლით, ყველასთან გვქონდა სათამაშო უპირატესობა და არაერთი საგოლე მომენტი, რომელიც სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ.

    რა დააკლდა გუნდს, რატომ ვერ შეძლო საწყის ოთხ ტურში გამარჯვების მოპოვება?

    პირველ რიგში, რაც დაგვაკლდა ეს გატანილი გოლები და  ქულებია.  რომ ვთქვა,  თამაშის ხარისხით ბოლომდე კმაყოფილი ვარ - ტყუილი იქნება, თუმცა, ის მონახაზი, რაც სამწვრთნელო შტაბს გვქონდა გეგმის მიხედვით მიდის. შეცდომებს გავაანალიზებთ და მომდევნო ტურებში კიდევ უფრო მოვუმატებთ. დამაგვირგვინებელ ფაზაშიც აუცილებლად გამოვასწორებთ თამაშს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
    ვერ ვიტყვი, რომ ვინმე უგულოდ ეკიდება საქმეს, ბიჭებმა ყველა შეხვედრაში მაქსიმუმი გაიღეს, მათი შრომით კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ,  რიგ ეპიზოდებში არ გაგვიმართლა. იყო მომენტები, როცა შესაძლებელი იყო გოლი გაგვეტანა და მატჩის სცენარი რადიკალურად შეცვლილიყო, მაგრამ არ გამოგვივიდა. შეტევის ხაზი თითქმის ახალი დაკომპლექტებულია, ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან და შეთამაშების პრობლემაც გვაქვს.  ზოგიერთი  1 თვეც არაა რაც გუნდს შემოუერთდა, მიუხედავად ამისა, ამ მოკლე პერიოდში, კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და მომდევნო მატჩებში უფრო ,,გაიხსნებიან".

    სანაკრებო პაუზამდე ფოთის ,,კოლხეთთან" მნიშვნელოვანი შეხვედრა გქონდათ, ,,სამგურალის" გულშემატკივრები პირველი გამარჯვების მოლოდინში იყვნენ, ალბათ გუნდს საწყის ტურებში ნაჩვენები შედეგების გამო ფსიქოლოგიური წნეხიც ჰქონდა, მატჩი მძიმედ დაიწყეთ , თუმცა შემდეგ სრულ უპირატესობას დაეუფლეთ და გამარჯვების მოპოვებაც შეგეძლოთ...


    დაძაბული თამაში გამოვიდა, ,,კოლხეთი" კარგი და მებრძოლი გუნდია. სწრაფი გოლი გავუშვით, მაგრამ მალევე გავათანაბრეთ ანგარიში. საწყისი 30 წუთის შემდეგ სრულ უპირატესობას ვფლობდით  და მოგებასთანაც ახლოს ვიყავით.  ამ შეხვედრის სტარტზე, ბათუმის ,,დინამოსთან" გამართულმა შეხვედრამაც იმოქმედა.  ბათუმში  ძალიან დიდი ინტენსივობით ვითამაშეთ, ყველა ნახავდით, რომ ,,დინამოს" არაფერი დავუთმეთ, პირიქით, თავს ჩვენი თამაში მოვახვიეთ, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო წამებზე, ,,სტანდარტული" მდგომარეობიდან გაშვებული  გოლით დავმარცხდით. ამან, რა თქმა უნდა, ბიჭების განწყობაზე ცუდად იმოქმედა, რაც გუნდს ,,კოლხეთთან" მატჩის საწყის წუთებშიც დაეტყო.
    მიუხედავად ცუდი სტარტისა, ასეთი მატჩები   იმედს იძლევა, რომ გაცილებით უკეთესი შედეგის მიღწევა შეგვიძლია. ახლა სანაკრებო პაუზაა. ამ ორ კვირაში შეცდომების გამოსწორებაზე და თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე ვიმუშავებთ. ალბათ, ყურადღებას უფრო დამაგვირგვინებელ ფაზას მივაქცევთ . დაცვაშიც გვქონდა პრობლემები, მაგრამ ისეთი კატასტროფული შეცდომები არ ყოფილა.
    რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს პირველ რიგში ანგარიში და მოგება აინტერესებთ, მაგრამ ყველაფერი ერთად არ მოდის.  არ ვამბობ, რომ უშეცდომო ვარ და ყველაფერი ფეხბურთელების ბრალია - ასე არ არის!   ყველამ  უნდა ვიმუშაოთ შედეგების გაუმჯობესებაზე და ეს რთული პერიოდი ერთად გადავლახოთ.  პასუხიმგებლობას არ გავურბივარ, თუ ჩავთვლი, რომ საქმე ისე არ გამოდის, რასაც კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად ვგეგმავთ, გადაწყვეტილების მიღება არ გამიჭირდება...  
    თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მჯერა ამ გუნდის, ვიცი რომ უკეთ თამაში და გაცილებით მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია, ვიდრე ამ გადმოსახედიდან ჩანს.  ბევრი სიახლიდან გამომდინარე ეს  სირთულეებიც მოსალოდნელი იყო, მაგრამ  ყველაფერი დროებითია. ჩვენ მეტის რესურსი გვაქს და ეს მომდევნო ტურებშიც გამოჩნდება.   


    დამაგვირგვინებელ ფაზაში პრობლემები ახსენეთ, ასევე გუნდს საყრდენ ზონაშიც ჰქონდა სირთულეები, მით უფრო სეზონის დაწყებამდე განელი საყრდენი ნახევარმცველი ჯუდ არტური გამოგაკლდათ, რომელიც ამერიკაში, კლუბ ,,ჩატანოგაში" გააგრძელებს კარიერას. სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ხომ არ იგეგმება ახალი ფეხბურთელების დამატება და ამ პოზიციების გაძლიერება?

    აუცილებლად გავძლიერდებით. უახლოეს დღეებში დავიმატებთ ახალგაზრდა ბრაზილიელ საყრდენ ნახევარმცველს ვინისიუსს. ახალი ლეგიონერი უკვე საქართველოშია, გუნდთან ერთად ემზადება, მალე მასთან კონტრაქტიც გაფორმდება და ,,გაგრასთან" მატჩის განაცხადშიც იქნება.
    ველოდებით კიდევ ერთ ლეგიონერს, რომელიც იმ პოზიციას გააძლიერებს, სადაც ყველაზე მეტად გვიჭირს. ორ დღეში ეს საკითხიც გადაწყდება. რაც შეეხება ჯუდ არტურის ტრანსფერს, ეს კარგი პრეცედენტია. ჩვენ ვცდილობთ, რომ სამგურალი არამარტო თამაშითა და შედეგით იყოს საინტერესო, არამედ ჩვენი კლუბი რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გაიცნონ. საქმიანი ურთიერთობა დავამყაროთ სხვადასხვა უცხოურ კლუბთან. გარდა კარგი შედეგებისა, გუნდის პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილი ესეც არის.

    არასახარბიელო სტარტს ყველა განიცდის, როგორ აისახება ეს ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე?

      დღეიდან ვემზადებით  ,,გაგრასთან" მატჩისთვის. არაფერი საპანიკო გუნდში არ გვაქვს, წინ კიდევ 32 ტურია. ყველა თამაშზე  მოსაგებად გავალთ და ვეცდებით ქულათა მაქსიმუმი ავიღოთ. ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა ბათუმის ,,დინამოს" ვეთამაშებით, გორის ,,დილას"  თუ სხვას,  ყველა  გუნდთან ერთი მიზნისთვის გავდივართ.   
    წინა შეხვედრებში ფორტუნა  ჩვენს მხარეს არ იყო. ფეხბურთია და რასაც დაგეგმავთ,  ყველაფერი არ გამოდის, მაგრამ, ამან ფსიქოლოგიურად არ უნდა გაგვტეხოს, ყველამ უფრო მეტი უნდა მოვინდომოთ, ჩვენი საქმე მაქსიმალურად კარგად ვაკეთოთ, ასეთ შემთხვევაში ქულებსაც დავაგროვებთ და კიდევ უფრო ძლიერები გავხდებით. ვიცით, რომ ქულების ნაკლებობაა, მაგრამ გულშემატკივრებს სიტყვას ვაძლევ, რომ მომდევნო მატჩებში თამაშებს მოვიგებთ და სატურნირო მდგომარეობასაც გავიუმჯობესებთ.

    -თქვენს საფეხბურთო გემოვნებასა და ფილოსოფიაზე რას გვეტყვით, როგორი სტილის ფეხბურთს ანიჭებთ უპირატესობას?


    ვინც ,,სამგურალის" თამაშებს ადევნებს თვალს, იცის, რომ  შემტევი და ტექნიკური ფეხბურთი მიყვარს. პრესინგის ელემენტებიც ჩართული გვაქვს. გამომდინარე იქედან რა შემადგენლობით გავდივართ და რა გუნდს ვეთამაშებით.  პირდაპირ ვიტყვი, ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე დგას, ჩემს სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდება. ფეხბურთი გუნდური სპორტია, ერთად ვუტევთ და თავსაც ერთად ვიცავთ, რაც თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
    ფეხბურთელებთანაც ყოველთვის ამის შესახებ მაქვს საუბარი - ფეხბურთი არის ბევრი მოძრაობა, ხშირი გადასვლა დაცვიდან - შეტევაში და პირიქით. რაღაც დონეზე ეს მივაღწიეთ, მაგრამ ეს კომპონენტი კიდევ უფრო დასახვეწი გვაქვს.


    სამგურალმა მიმდინარე სეზონში ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელები დაიმატა. ზოგადად, გაახალგაზრდავების პროცესი მტკივნეულია ხოლმე. როგორ ფიქრობთ, მალე შეძლებენ ისინი კლუბთან ადაპტაციას?


    გეთანხმებით, ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, როგორც ქართველებზე, ასევე უცხოელებზე. თუმცა,  მათ გვერდით არაერთი გამოცდილი მოთამაშეც გვყავს.  ჩვენი მიზანია,  რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ახალგაზრდამ ითამაშოს ჩვენს ჩემპიონატში და გამოცდილება მიიღოს. შემდეგ კი ჩვენი გუნდიდან ახალგაზრდულ და ასაკობრივ ნაკრებებში მოხვდეს.  მე ვიქნები მთავარი მწვრთნელი თუ სხვა, ამ გეზს კლუბი არ გადაუხვევს. ასეთი მიდგომა, არამარტო  ,,სამგურალს", არამედ ქართულ ფეხბურთსაც გამოადგება.
    აქვე საქართველოს 19 წლამდე ნაკრების თავდამსხმელ ლუკა შეროზიას შესახებ მინდა ვთქვა, ვულოცავ პირველ გოლს ეროვნულ ლიგაში.  თავდამსხმელისთვის ეს ყველაზე დიდი ემოციაა. ალბათ, ამ გოლმა ცოტა არ იყოს კმაყოფილების შეგრძნება გაუჩინა,  ,,კოლხეთთან" მატჩში  კიდევ ჰქონდა  რეალური მომენტი და დუბლის გაკეთება შეეძლო. ნიჭიერი ბიჭია და მიღწეულით არასდროს  უნდა დაკმაყოფილდეს. თავადაც თავდამსხმელი ვიყავი, ვხედავ როგორი ტალანტი აქვს და  ყველანაირად ხელს შევუწყობ, რომ ნიჭის რეალიზება მოახდინოს. იმედი მაქვს მაღალი დონის თავდამსხმელად ჩამოყალიბდება და საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგება.
    ლუკასთან ერთად არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს. თუნდაც ლუკა ხორხელი, ანზორ თევზაძე... ლეგიონერებიდან ალიჯონი აინი, ჟან როდრიგესი, ბული... არ მინდა ვინმე გამომრჩეს, გუნდისთვის ყველა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.


    -სეზონის დაწყებამდე  ,,სამგურალს" ამბიციური გეგმები ჰქონდა, სტარტიდან გამომდინარე მიზნები ხომ არ შეცვლილა?



    არაფერი შეცვლილა.  ამბიციური ადამიანი ვარ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, მჯერა ჩემი გუნდის! მე-20 ტური რომ იყოს და ქულების ნაკლებობა გვქონდეს, ფანტაზიის სფეროში არ გადავეშვებოდი, მაგრამ ჯერ ჩემპიონატი ,,არც გახურებულა". ყველაფერი ჩვენს ხელშია.  ზოგიერთმა გუნდმა ეროვნული ლიგის დაწყებამდე ჩემპიონობაზე გააკეთა განაცხადი, მაგრამ ჩემპიონატი შესაბამისად ვერ დაიწყო. რა უნდა ქნან ასეთ შემთხევაში? ოთხი ტურის შემდეგ  მიზნებზე ხელი ჩაიქნიონ, ამბიციებზე უარი თქვან თუ თამაშისა და შედეგის გაუმჯობესებაზე იფიქრონ?!    ასე რომ, ყველაფერი წინ არის. მიზანი ისევ სამეულში მოხვედრა და თასის აღებაა.  რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და დარწმუნებული ვარ  მოგებების სერიაც მალე  დაიწყება.


    ჩემპიონატის დაწყებამდე თითქმის ყველა გუნდში განხორციელდა ცვლილებები, ზოგიერთის შემადგენლობა რადიკალურად გადახალისდა. როგორ ჩემპიონატს ელოდებოდით და საწყისმა ტურებმა რა დაგანახათ?


    თავიდანვე ნათელი იყო, რომ საკმაოდ რთული ჩემპიონატი იქნებოდა. არავის აქვს იოლი თამაშები. ბათუმის ,,დინამოს" მაგალითზე ვთქვათ, პირველ ადგილზეა, ქულა არ დაუკარგავს მაგრამ იოლად არც ერთი მატჩი მოუგია.  დანარჩენ გუნდებს რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, რომ შემადგენლობებიდან გამომდინარე თანაბარი დონის გუნდები არიან, მაგრამ  ყველა იბრძვის, ცდილობს თავისი პლუსები გამოიყენოს. მოკლედ, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო ჩემპიონატი იქნება.


    შარშანდელ სეზონში ,,სამგურალს" სავარჯიშო და სათამაშო მოედნების პრობლემა შეექმნა. წლეულს გუნდი წყალტუბოში დაბრუნდა. თუმცა, საშინაო მატჩებს საფეხბურთო ცენტრის მოედანზე ატარებთ, სადაც მხოლოდ 300 კაცზე გათვლილი ტრიბუნაა. როდის დაბრუნდება გუნდი 26 მაისის სახელობის სტადიონზე სათამაშოდ?


    კარგია, რომ თამაშებს წყალტუბოში ვატარებთ. ცოტა ხანში კი ჩვენს არენასაც დავუბრუნდებით.  სავარაუდოდ, ეს აპრილის ბოლოს მოხდება.  ვნახოთ,  როგორ მდგომარეობაში იქნება მოედნის საფარი. ჯერ ბოლომდე  იდეალურად  არ არის, მაგრამ ერთ თვეში მზად იქნება.  თუ ნებას დაგვრთავენ გვინდა, რომ 20 აპრილს თბილისის ,,დინამოსთან" 26 მაისის სახელობის არენაზე ვითამაშოთ. უფრო მეტი ხალხი მოვა,  სხვა საფეხბურთო გარემო იქნება და ეს გუნდზეც დადებითად იმოქმედებს.
    აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს ბატონ მიხეილ იაშვილს, ასევე აღმასრულებელ დირექტორს ბატონ თედო ფესტვენიძეს და ქალაქის მერს ბატონ გენადი ბალანჩივაძეს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ გუნდს კარგი სავარჯიშო და სათამაშო პირობები ჰქონდეს.   სასიხარულოა, რომ ბაზაზე  ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, გვაქვს კარგი მინდორი, განათება...

    ბოლოს სანაკრებო თემაზეც გკითხავთ. საქართველოს ნაკრებს 21 მარტს ლუქსემბურგთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა აქვს, რას იტყვით ამ შეხვედრის შესახებ, როგორ შეაფასებთ ჩვენი ნაკრების შანსებს?

    ქართული ფეხბურთისთვის  1981 წლის შემდეგ, როცა ,,დინამომ" თასების მფლობელთა თასი მოიგო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია.  ასეთი მნიშვნელობის მატჩი  მაკედონიასთან იყო, მაგრამ ახლა ისევ გვაქვს შანსი, რომ უკეთესი შედეგი დადოს ჩვენმა ნაკრებმა.   მთელი საქართველო ამ მატჩის მოლოდინში ვართ,  გვჯერა ჩვენი ბიჭების და ვგულშემატკივრობთ მათ. ჯაბა კანკავას დაბრუნება ნაკრებისთვის დიდი სტიმული იქნება. მისი მოწვევა ფედერაციისა და  მთავარი მწვრთნელის მხრიდან მართებული გადაწყვეტილება იყო.

    21 მარტს ყველა უნდა გავერთიანდეთ, ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ეროვნულ გუნდს და საკუთარ მოედანზე დიდი გამარჯვება ვიზეიმოთ.  შემდეგ ფინალში ხვიჩაც დაგვემატება... ის ახლაც ნაკრებთან არის,  თამაშზე ბიჭების გვერდით იქნება, მათ გაამხნევებს და გუნდისთვის ეს ძალიან დიდი სტიმულია.скачать dle 11.3