ოლექსანდრ პოკლონსკი: ,,ალბათ, მხოლოდ ამის შემდეგ ბრაზდებოდნენ" » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 ოქტომბერი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
5 ოქტომბერი, 15:30
სამგურალი1
დინამო თბ2
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ოლექსანდრ პოკლონსკი: ,,ალბათ, მხოლოდ ამის შემდეგ ბრაზდებოდნენ"
  • ინტერვიუ ოლეკსანდრ პოკლონსკისთან


    წყალტუბოს ,,სამგურალი" ახლახანს დასრულებულ  საქართველოს ჩემპიონატში მე-5 ადგილზე გავიდა. წყალტუბოელებს,  სამეულამდე და შესაბამისად  ევროტურნირების საგზურამდე, ამჯერადაც 3 ქულა დააკლდათ. ,,სამგურალმა" საქართველოს თასის ნახევარფინალშიც ითამაშა, სადაც ,,საბურთალოს" ბარიერი ვერ გადალახა.

    ,,სამგურალს" ოქტომბრიდან მოყოლებული უკრაინელი სპეციალისტი ოლეკსანდრ პოკლონსკი წვრთნიდა. მან გუნდი საკმაოდ რთულ პერიოდში ჩაიბარა. ძალიან კარგი პირველი ეტაპის შემდეგ, (რამდენიმე ტურის განმავლობაში გუნდი მეორე ადგილზეც იყო) ,,სამგურალს" ჩავარდნა ჰქონდა. გუნდმა მესამე წრის 9 შეხვედრაში მხოლოდ 6 ქულა აიღო და სატურნირო ცხრილშიც პოზიციები დაკარგა.

    პოკლონსკის დებიუტი ,,შუქურასთან" 5:0 მოგებულ შეხვედრაში შედგა.  უკრაინელი სპეციალისტი ,,სამგურალს"  ეროვნული ლიგის 8 და საქართველოს თასის ორ შეხვედრაში გაუძღვა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონატში 4 შეხვედრა მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 2 შეხვედრაში დამარცხდა. თასის მეოთხედფინალში პენალტების სერიაში დაამარცხა თბილისის ,,დინამო" და ნახევარფინალში დამარცხდა ,,საბურთალოსთან".

    ოლექსანდრ პოკლონსკის უკრაინაში დავუკავშირდით და განვლილ საფეხბურთო სეზონზე ვესაუბრეთ.

    ,,სამგურალი" ოქტომბრის დასაწყისში ჩაიბარეთ. როგორი მდგომარეობა დაგხვდათ კლუბში და რა იყო გუნდის ხელმძღვანელობის დავალება?


    -სიმართლე გითხრათ, გუნდში საკმაოდ დაძაბული ფონი დამხვდა, ფეხბურთელები საკუთარ თავში დაურწმუნებლები იყვნენ. ალბათ, წარუმატებელი სერიის გამო. დავალება ევროტურნირებზე მოხვედრა იყო.

    -მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ პირველ რიგში რა გააკეთეთ და რა შეცვალეთ გუნდში?

    - ვესაუბრე ფეხბურთელებს და ვუთხარი, რომ ისინი კარგი მოთამაშეები არიან და ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. ვკითხე, სჯეროდათ თუ არა, რომ შესაძლებელი იყო მესამე ადგილის დაკავება. სათამაშო სტილში განსაკუთრებული ცვლილებები არ შემიტანია. უბრალოდ, ბიჭებს ვთხოვე, რომ ფეხბურთი მოკლე და საშუალო პასებით ეთამაშათ. ხშირად შეეცვალათ შეტევის მიმართულებები და თავდასხმაში უფრო აგრესიული ყოფილიყვნენ. ბურთის დაკარგვის შემთხვევაში კი მაშინვე ართმევაზე ეთამაშათ.

    - აქ ჩამოსვლამდე რამდენად კარგად იცნობდით ქართულ ფეხბურთს?

    - საქართველოს ჩემპიონატის შესახებ ცოტ-ცოტა ინფორმაციას ვფლობდი. ვიცოდი, რომ  ქართველებს ყოველთვის ტექნიკური და კარგი ფეხბურთელები გყავდათ.

    - გვიამბეთ თქვენს სამწვრთნელო კარიერასა და გამოცდილებაზე. როგორი  სტილი მოგწონთ და როგორია  თქვენი საფეხბურთო ფილოსოფია?

    - სამწვრთნელო კარიერა ,,დნიპროში" დავიწყე. თავდაპირველად, 19 წლამდე გუნდს ვწვრთნიდი, შემდეგ ვიმუშავე დუბლებში და ძირითად გუნდში. ასევე , ვწვრთნიდი ,,ნიკოპოლს" რომელიც დნიპროს ბაზაზე შეიქმნა და მეორე ლიგაში გამოდიოდა. ბოლოს ვმუშაობდი, პირველი ლიგის ,,აგროში", ახალი სეზონისთვის ვემზადებოდით  და ამასობაში,  უკრაინაში ომი დაიწყო...
     ჩვენს ხელში არაერთმა ცნობილმა უკრაინელმა ფეხბურთელმა გაიარა, მაგალითად, ანდრეი ლუნინმა, არტიომ დოვბიკმა, ევგენ ჩებერკომ, ეგორ ნაზარინმა და სხვებმა.
    რაც შეეხება სათამაშო სტილს, მიყვარს პირველ ნომრად თამაში, ბურთის ტოტალური ფლობა და შეტევიდან დაცვაში სწრაფი დაბრუნება. მარტივად, რომ ვთქვა, ჩემთვის იდეალური გუნდი  გვარდიოლას დროინდელი ,,ბარსელონა" იყო.


    -ისევ სამგურალს დავუბრუნდეთ. კლუბს გასულ წელს სტადიონის პრობლემა შეექმნა და საშინაო მატჩებს სხვა ქალაქებში ატარებდა. ამის გარდა კიდევ რა სირთულეებს გადააწყდით?


    -მოკლედ ვიტყვი, სავარჯიშო მოედნები და ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო მთავარი სირთულე.

    - "სამგურალი" სეზონის მიმდინარეობისას ჩაიბარეთ. როგორც წესი, ამ დროს მწვრთნელები გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან ხოლმე, თუნდაც შემადგენლობის შერჩევისას. გარედან ისე ჩანდა, რომ რამდენიმე ტურის განმავლობაში ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაში იყავით...ზოგადად რამდენად რთული აღმოჩნდა აქ მუშაობა?

    - რა თქმა უნდა, უმჯობესია გუნდი თავიდანვე გაწვრთნა, თუმცა ჩვენ სხვა რეალობა გვქონდა... დიახ, ოპტიმალური შემადგენლობისა და კომბინაციების ძიებაში ვიყავით, როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში.

    -ბოლო ტურის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნეთ, რომ უმრავლეს შეხვედრებში გუნდი თამაშს 1 ან 2 გაშვებული გოლის შემდეგ იწყებდა. თუნდაც, ბათუმის ,,დინამოსთან" ,,სამტრედიასთან" და ,,საბურთალოსთან" მატჩები გავიხსენოთ.  თქვენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი?

    - დღემდე ვერ ვხვდები, ასე რატომ ხდებოდა. ხუმრობით ვიტყვი,  ალბათ, ბიჭები გაშვებული გოლების შემდეგ უფრო ბრაზდებოდნენ...

    - მიუხედავად ყველაფრისა ,,სამგურალს" ჰქონდა ევროტურნირებზე გასვლის შანსი, ვითამაშეთ თასის ნახევარფინალში, სადაც ,,საბურთალოსთან" დავმარცხდით, რიომელიც შემდეგ საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, ეროვნულ ლიგაში, ბოლოს 5 მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა, მაგრამ ეს მიზნის მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. როგორ ფიქრობთ, უიღბლობა იყო, თუ დრო არ გეყოთ დასახული ამოცანის შესასრულებლად?

    - ისეთ მატჩებში, როგორიც  სტუმრად ,,ტორპედოსთან" და ,,საბურთალოსთან" იყო, ცოტათი იღბალი დაგვაკლდა.. მეორე ტაიმში ორივე გუნდს ვაჯობეთ და ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, მაგრამ ბოლო წუთებზე გოლის გატანის რეალური შანსები ვერ გამოვიყენეთ.

    რომელი მატჩი იყო ყველაზე ემოციური?

    -ბათუმის ,,დინამოსთან" 3:2 მოგებული შეხვედრა.

    -რას იტყვით საქართველოში და წყალტუბოში გატარებულ პერიოდზე?

    - საქართველო ძალიან მომეწონა, წყალტუბოს რაც შეეხება, ეს ქალაქი ძალიან შემიყვარდა.

    - სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით, იქნებით თუ არა ,,სამგურალის" მთავარი მწვრთნელი მომავალ სეზონში?

    - კლუბთან კონტრაქტი 15 დეკემბერს მიმთავრდება. ,,სამგურალში" დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი, თუმცა ეს კლუბის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია და  მათ აზრს პატივს ვცემ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ  ვუთხრა მადლობა კლუბის თავკაცებს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე მადლობა საქართველოს, აქ გატარებული პერიოდი არასდროს დამავიწყდება... მადლობა  სამწვრთნელო შტაბს, კლუბში დასაქმებულ ყველა ადამიანს და რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს და ეცადნენ, რომ დასახული მიზნისთვის მიგვეღწია.скачать dle 11.3