ბოლომდე ბრძოლაში » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 ოქტომბერი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
5 ოქტომბერი, 15:30
სამგურალი1
დინამო თბ2
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ბოლომდე ბრძოლაში
  • ,,სამგურალმა" 35-ე ტურის შეხვედრაში, უშუალო კონკურენტი, გორის ,,დილა" 1:0 დაამარცხა და ევროტურნირებზე მოხვედრის შანსს კვლავ ინარჩუნებს.

    წყალტუბოელებმა ამისთვის ბოლო ტურში სტუმრად ,,სამტრედია" უნდა დაამარცხონ, პარალელურ შეხვედრაში კი ,,დილა" ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ ,,თელავთან" უნდა დამარცხდეს.

    თუკი, ყველაფერი ასე განვითარდა, ,,სამგურალი" მეოთხე ადგილზე გავა და დაელოდება თასის ფინალის შედეგს. ფინალში ბათუმის ,,დინამოს" გამარჯვების შემთხვევაში, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ, ეროვნული ლიგის მეოთხეადგილოსანი გავა.

    რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, როცა მხოლოდ საკუთარ შედეგზე არ ხარ დამოკიდებული, თუმცა ოლექსანდ პოკლონსკის გუნდი ბოლო ტურამდე ბრძოლაშია და სანამ შანსი არსებობს, მის გამოყენებას შეეცდება. ფეხბურთი კი, მოგეხსენებათ, სიურპრიზებითაა სავსე და შეუძლებელი არაფერია.

    დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სტადიონის თემამ, თუ რატომ ითამაშა ,,სამგურალმა" საშინაო მატჩი ბათუმში, ანგისაზე. მოგეხსენაბთ, წყალტუბოში ახალი მინდვრის საფარი დაითესა და შედეგიც თვალსაჩინოა, მოედანი უკვე გამწვანდა და 26 მაისის სახელობის არენა მშვენივრად გამოიყურება, თუმცა თამაშის გასამართად ვარგისი რომ გახდეს, დროა საჭირო. ,,სამგურალი" მომავალ ჩემპიონატში აუცილებლად ითამაშებს საკუთარ არენაზე, წლეულს კი ფორსმაჟორული მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენჯერმე მოუწია საშინაო არენის გამოცვლა. ჯერ ზესტაფონში ატარებდა საშინაო მატჩებს, სადაც შემდეგ მინდვრის საფარის მოწესრიგება დაიწყეს. ამის გამო გუნდმა ერთი მატჩი სამტრედიაში ითამაშა. ,,დილასთან" შეხვედრაც სამტრედიაში უნდა გამართულიყო, თუმცა იქაურ არენას გადამწყვეტი მატჩებისთვის ამზადებენ და ერთადერთი ალტერნატივა ანგისას ბაზა გახლდათ.

    ახლა კი უშუალოდ გორის ,,დილასთან" გამართულ მატჩზე ვისაუბროთ. წყალტუბოელებს ამ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო კოტდივუარელი ფორვარდი იკპე გნამიე აკლდათ, რომელიც ბოლო ორ შეხვედრაში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და გოლითა და საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. დისკვალიფიკაცია ჰქონდა ,,სამგურალის" მთავარ მწვრთნელს ოლექსანდრ პოკლონსკისაც, ვის ნაცვლადაც ,,დილასთან" გუნდი მისმა ასისტენტმა ვასილ გიგიაძემ გაიყვანა. ტრავმის გამო ვერ დაეხმარა გუნდს ომარ პატარკაციშვილი.

    შეხვედრა გორის ,,დილამ" უფრო აქტიურად დაიწყო, კოვტალიუკი პირველივე წუთებზე თავით ურტყამდა კარში, მაგრამ ლევან შოვნაძეს არ გასჭირვებია ბურთის მოგერიება. შემდეგ გომისი ურტყამდა სახიფათოდ და ბურთი გარედან მოხვდა ბადეს. ამის შემდეგ ინიციატივა მთლიანად ,,სამგურალის" მხარეს გადავიდა, წყალტუბოელები უფრო მეტ დროს ატარებდნენ შეტევაში. ამან შედეგიც გამოიღო, 28-ე წუთზე ნიკა ხორხელის წაქცევისთვის, ,,ვარის" დახმარებით ,,დილას" კარში პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ნოდარ ლომინაძემ უბადლოდ, პანენკას სტილში შეასრულა და წყალტუბოელები დააწინაურა.

    30-ე წუთზე ვანდერსონ სილვა ურტყამდა საჯარიმოს გარედან ძლიერად, მაგრამ ბურთი შოვნაძემ მოიგერია. ტაიმის ბოლოდ, დემურ ჩიხლაძეს ჰქონდა ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, მისი დარტყმის შემდეგ კუჩარენკომ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

    მეორე ტაიმში ,,დილა" მთელი ძალებით ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, ,,სამგურალი" კი კონტრშეტევებზე გადაერთო. კარგი მომენტები ჰქონდათ სარდალიშვილს და ალეფ სანტოსს, პირველი მიზანს ასცდა, სანტოსის დარტყმა კი შოვნაძემ მოიგერია, ამ ეპიზოდში დამატებაზე გომისმა ,,სამგურალის" კარის ბადეც შეარხია, თუმცა თამაშგარეში იმყოფებოდა და ბუნებრივია, გოლიც არ ჩაითვალა.

    შეტევებში გართული მეტოქის დასჯა წყალტუბოელებს არაერთხელ შეეძლოთ, რამდენიმე ეპიზოდში კონტრშეტევებისას რიცხობრივი უპირატესობა შეექმნათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს, ხან ბოლო გადაცემა არ ვარგოდა და ხანაც კარში დარტყმა გვიანდებოდა.

    საბოლოოდ, ოლექსანდ პოკლონსკის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა და ახლა ,,სამტრედიასთან" მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის მოემზადება.

    სამგურალი-დილა 1:0

    28.11. ანგისა. ჯონი ბაკურიძე

    გოლი: 1:0 ლომინაძე (28-პენ)

    სამგურალი (4-2-3-1): შოვნაძე - კიკაბიძე, მარკოვინა, მაისაშვილი, ბული - ლომინაძე (60. დარცმელია), არტური - ნ. ხორხელი (70. ა. ვერულიძე), ჩიხლაძე (70. სულაქველიძე), კალანდარიშვილი (89. გომესი) - ლ. ხორხელი (89. ლად. ჩიხრაძე)
    სათადარიგოები: კუტალაძე - ლეანდრო ლიმა, კაგაიამა, ქარიმოვი
    მწვრთნელი: ვასილ გიგიაძე

    დილა (4-2-3-1): კუჩერენკო - ჩიტეიშვილი, ეტუ, ზ. თევზაძე, ვანდერსონ სილვა - ალეფ სანტოსი, ჟან ვიქტორი (46. სარდალიშვილი) - გომისი, ნ. გაგნიძე, გაფრინდაშვილი (64. ფარულავა) - კოვტალიუკი
    სათადარიგოები: ჩიკაშუა - ასამოა, კუხიანიძე, ჩაგანავა, მზვაკალი
    მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი

    გაფრთხილება: ჟან ვიქტორი (24), ვანდერსონ სილვა (25), ჩიტეიშვილი (42), ზ. თევზაძე (53), ბული (65), კიკაბიძე (82)

    არბიტრი: გ. ავაზაშვილი
    скачать dle 11.3