ვმუშაობთ გუნდის გაძლიერებაზე, რამდენიმე პოზიციაზე აუცილებლად დავიმატებთ ფეხბურთელებს » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი
დინამო ბთ
წინა მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა1
სამგურალი1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ვმუშაობთ გუნდის გაძლიერებაზე, რამდენიმე პოზიციაზე აუცილებლად დავიმატებთ ფეხბურთელებს
  • ინტერვიუ გიორგი ჭელიძესთან

    ვმუშაობთ გუნდის გაძლიერებაზე, რამდენიმე პოზიციაზე აუცილებლად დავიმატებთ ფეხბურთელებს


    საქართველოს ჩემპიონატში თითქმის ორთვიანი პაუზა გამოცხადდა. წყალტუბოს ,,სამგურალმა" ეროვნული ლიგის პირველი ეტაპი წარმატებით ჩაატარა. გიორგი ჭელიძის გაწვრთნილი გუნდი 38 ქულით საპრიზო სამეულშია და ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვის. განვლილი ეტაპისა და სამომავლო გეგმების შესახებ გუნდის მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭელიძეს ვესაუბრეთ.


    - დასრულდა ჩემპიონატის პირველი ეტაპი. 19 ტურის შემდეგ ,,სამგურალი" სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. როგორ შეაფასებ განვლილ ეტაპს. რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშითა და სატურნირო მდგომარეობით?

    - ჩემპიონატის პირველი ეტაპი საკმაოდ რთული გამოდგა, რაც მოსალოდნელიც იყო.  გუნდის შენების პროცესს სირთულეები თან ახლავს. ჩვენ შევძელით და მცირე დროში სტაბილურობას მივაღწიეთ. რამდენიმე მატჩს თუ არ ჩავთვლით,  საერთო ჯამში, უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ გვაქვს.  ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულებით, გუნდის გუნდის თამაშითა და  სატურნირო მდგომარეობით კმაყოფილი ვართ.  

    - პირველი ხუთი ტურის შემდეგ ალბათ, ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ ,,სამგურალი" ლიდერთა შორის იქნებოდა. თუმცა,  შემდეგ იყო ზედიზედ 8 მოგებული შეხვედრა და 9 მატჩიანი წაუგებელი სერია. გუნდი შესანიშნავ თამაშს აჩვენებდა და ბათუმის ,,დინამოსთან" ერთად  ჩემპიონატს ლიდერობდა. რას უნდა მივაწეროთ, საწყისი ტურების შემდეგ, გუნდის ასეთი სახეცვლილება  და გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოყალიბება?

    -  ჩვენს სამწვრთნელო შტაბს ახალი დაწყებული გვქონდა გუნდში მუშაობა.  სეზონის დაწყებამდე ,,სამგურალში" ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიდა,  მათი შესაძლებლობების გაცნობას და შესწავლას დრო სჭირდებოდა. საწყისი ტურების შემდეგ მივაგენით ოპტიმალურ შემადგენლობას, ჩამოვაყალიბეთ სათამაშო მოდელი. ეს შედეგი რაც დღემდე გვაქვს, ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ჩვენ ყველასგან მაქსიმუმის გაღებასა და ბოლომდე დახარჯვას ვითხოვთ.  რაც შეეხება ზედიზედ 8 მოგებასა და 9 მატჩიან წაუგებელ სერიას, ძალიან კარგი იყო გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოსაყალიბებლად. ბიჭებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს და ეს შედეგზეც აისახა,  ჩემპიონატის პირველი ეტაპი ლიდერთა შორის დავასრულეთ. წინასწარ ვერავინ იტყვის საბოლოოდ რომელ ადგილს დაიკავებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს მიზანი და ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ.


    - გუნდში არსებულ კონკურენციაზე მინდა გკითხოთ, ამ მხრივ სამგურალი ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა არაერთხელ გადაწყვიტეს მატჩის ბედი....


    -გუნდში ჯანსაღი კონკურენციაა, რაც ძალიან მახარებს. რამდენიმე ფეხბურთელს თავიდან სათადარიგოებიდან მოუწია თამაში, შემდეგ კი ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი. ყველა ფეხბურთელი ცდილობს, რომ მაქსიმუმი გაიღოს და  კლუბს წარმატება მოუტანოს. კლუბი ცოცხალი ორგანიზმია, ჩვენთვის ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია.  როცა გუნდი კარგად თამაშობს, შემადგენლობაში კორექტირების შეტანა მისაღები არ არის. შეიძლება ფეხბურთელს რამდენიმე თამაში არ წაუვიდეს, მაგრამ თუ შრომობს და ინდომებს,  გამოსწორების შანსი უნდა მიეცეს. შეიძლება ვინმე ფორმაში არ იყოს, ან დავალება სათანადოდ ვერ შეასრულოს, თუმცა ბიჭები ერთმანეთს აძლიერებენ და გუნდში კონკურენცია იგრძნობა.

    - ბოლო ტურებში, ორჯერ 0:2 დან შემოატრიალეთ მატჩები, რაც გუნდის ხასიათზე და ბრძოლისუნარიანობაზე მეტყველებს. თვლით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი გუნდი გყავთ ჩემპიონატში?

    - ბოლო თამაშს რაც შეეხება, პირველი ტაიმით ძალიან უკმაყოფილო ვარ. საგაზაფხულო ეტაპის ბოლო თამაში იყო, შეიძლება ფეხბურთელები ფსიქოლოგიურადაც გადაღლილები იყვნენ, მაგრამ არ ვამართლებ არც ფეხბურთელებს, არც საკუთარ თავს, რადგანაც, თუ მეორე ტაიმში შევძელით ხასიათის გამოვლენა და თამაშში გარდატეხის შეტანა, იგივე უნდა ყოფილიყო პირველ ტაიმში. 0:2 ვაგებდით და საბოლოოდ 2:2 ვითამაშეთ. სასიხარულოა, რომ მოვიკრიბეთ ძალები და ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად თამაში არ წავაგეთ. ბოლოს მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ჩემი აზრით შეხვედრა ლოგიკურად დასრულდა.

    - მატჩიდან-მატჩამდე გუნდები ფაქტობრივად ნორმალურ დასვენებასაც ვერ ახერხებდნენ, ბოლოს ცოტათი დაღლილობაც ხომ არ დაეტყო გუნდს?

    - რა თქმა უნდა,  ძალიან რთული გრაფიკი გვქონდა.  მატჩიდან-მატჩამდე მოსამზადებლად  მხოლოდ სამი დღე გვქონდა. მაგრამ ბიჭების შრომამ, თავდადებამ და პროფესიონალიზმმა აჯობა დაღლილობას. იყო მატჩები, სადაც სათანადოდ ვერ ვითამაშეთ, განსაკუთრებით ,,საბურთალოსთან",  თუმცა  ეს წაგება მალე დადივიწყეთ და მომდევნო მატჩებში ძალიან მნიშვნელოვანი ქულები ავიღეთ.

    - თორმეტი  ტურის განმავლობაში  წყალტუბოში არ გითამაშიათ, საშინაო მატჩებს ზესტაფონში ატარებდით.  რამდენად მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის  საკუთარ მოედანზე დაბრუნება და რას ნიშნავს სამგურალისთვის  გულშემატკივრების ფაქტორი?

    - ჩვენთვის ყველაზე რთული პერიოდი სწორედ ეს იყო.   ყოველდღე ფაქტობრივად  100 კილომეტრს გავდიოდით, რადგანაც ვარჯიშებსაც ზესტაფონში ვატარებდით.  ფეხბურთელებისთვის ეს ძალიან რთული იყო. საბედნიეროდ, მაისის ბოლოს წყალტუბოში დავბრუნდით.

    რა თქმა უნდა, გულშემატკივრების ფაქტორი ჩვენთვის  მნიშვნელოვანია. იყო თამაშები, სადაც ქომაგი ძალიან დაგვეხმარა. განსაკუთრებით, სახლში გორის ,,დილასთან" მატჩში, როცა  0:2 ვაგებდით.  ქომაგების მხარდაჭერით, რომლებმაც უდიდესი მუხტი მისცეს ბიჭებს, შევძელით და ანგარიში გავათანაბრეთ. სხვა თამაშებშიც იგრძნობოდა მათი მხარდაჭერა. თბილისისა და ბათუმის ,,დინამოებთან" დაპირისპირებისას სტადიონზე ძალიან კარგი საფეხბურთო გარემო იყო. შეუძლებელია ამ ყველაფერმა გუნდის თამაშზე დადებითად არ იმოქმედოს. ჩვენ ყოველთვის დაგვჭირდება მათი დახმარება და გვერდით დგომა.   

    - განვლილი მატჩებიდან  რომელ შეხვედრას გამოარჩევდით, და თუ არის მატჩი, რომელმაც ყველაზე მეტად დაგწყვიტათ გული?

    - სიმართლე რომ ვთქვა, გული ყველაზე მეტად ,,შუქურასთან" ბოლო თამაშმა დამწყვიტა. რაც შეეხება, გამორჩეულ თამაშს,  ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია.  ყველა შეხვედრისთვის, როგორც ფინალისთვის ისე ვემზადებით.   

    - როცა გუნდში ბევრი ახალი ლეგიონერი მოდის, ამას ყოველთვის თან ახლავს რისკი -   თუ როგორ გაამართლებენ ახალი ფეხბურთელები...  თვლით, რომ ამ მხრივ სამგურალს გაუმართლა?

    - ძალიან რთულია ჩამოიყვანო ისეთი ლეგიონერი, რომელიც მალევე მოერგება გუნდს, პირველ რიგში არის აკლიმატიზაციის პრობლემა.  ასევე, რთულია ახალ გუნდთან, ქვეყანასთან, ქალაქთან და  მენტალიტეტთან შეგუება. ლეგიონერებს ყოველთვის სჭირდებათ დრო ადაპტაციისთვის.  ჩვენ შევძელით და  ახალი ლეგიონერები მოკლე დროში ვაქციეთ ,,ქართველებად". გუნდში  მეგობრული გარემოა, ადგილობრივი ფეხბურთელები მათ გვერდით დაუდგნენ და ლეგიონერებსაც არ გასჭირვებიათ გუნდთან შეწყობა.

    -საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატზე და კონკურენტებზე რას იტყვით, რომელი გუნდის თამაში იყო თქვენთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი?


    -ჩემპიონატში ისეთი თამაშებია, ყველა გუნდისგან უნდა ველოდოთ სიურპრიზებს. ასე რომ, ვერავის ვერ გამოვყოფ, რა თქმა უნდა არიან ტრადიციულად გამორჩეული გუნდები, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ დღეს ჩემპიონატში ისეთი ვითარებაა, რომ ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის და ყველა ცდილობს შედეგის მიღწევას.

    - სამგურალის 5 ფეხბურთელი ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვდა.  ეს   ჩვენი კლუბისთვის რეკორდია.  რას იტყვით ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებზე, რამდენად დიდია მათი პოტენციალი და შანსი იმისა, რომ საჩემპიონატო განაცხადში მოხვდნენ?

    - სასიხარულოა, ჩვენი გუნდიდან  ახალგაზრდულ ნაკრებში ხუთი ფეხბურთელის გამოძახება. ეს როგორც  ფეხბურთელებისთვის, ასევე კლუბისთვის, ძალიან კარგი ფაქტია. ეს ნიშნავს, რომ ,,სამგურალი" წინ მიიწევს. კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეხმარება პროგრესის მიღწევასა და თავის გამოჩენაში.    ბიჭებმა ბევრი იშრომეს, თითოეულ მათგანს თავის როლი აქვს ჩვენს გუნდში, მათი პროგრესი და შრომა უყურადღებოდ არ დარჩენილა. ახლა ყველაფერი ფეხბურთელებზეა  დამოკიდებული - როგორ წარმოაჩენენ თავს სავარჯიშო პროცესსა  და ამხანაგურ თამაშში. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ მათგანს შეუძლიათ  ხასიათის, პროფესიონალიზმის გამოვლენა და  ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში.   

    მოახლოებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატსა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შანსებზეც გკითხავთ...

    - შანსებზე არ ვისაუბრებ.  მინდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს წარმატება ვუსურვო. იმედი მაქვს, რომ მთელ საქართველოს გაახარებს წარმატებული თამაშით.

    -წინ საკმაოდ დიდი პაუზაა, როგორ გამოიყენებს გუნდი შესვენებას ? როდის და სად აპირებთ ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის მზადების დაწყებას?

    - ფეხბურთელები ორი კვირით  შვებულებაში გავუშვით. ცოტას დაისვენებენ, ფეხბურთს ,,მოწყდებიან". ევროპის ჩემპიონატრის შემდეგ გვექნება ახალი სავარჯიშო ბაზა, იდეალური ინფრასტრუქტუირით... ჩემპიოინატის მეორე ეტაპისთვის მზადებას იქ განვაახლებთ და ამხანაგურ მატჩებსაც ჩავატარებთ.

    - უცხოური შეკრება თუ იგეგმება?

    შეკრება იგეგმება საქართველოში, რადგანაც ახლა სადმე წასვლის დრო არ არის.  წინ სათასო ბატალიები გველოდება.  ასე რომ, მოვემზადებით საქართველოში. უკვე ამხანაგური შეხვედრებიც გვაქვს დაგეგმილი.


    - აპირებთ თუ არა გუნდის გაძლიერებას?

    - რა თქმა უნდა, ვმუშაობთ გუნდის გაძლიერებაზე.  წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ რამდენიმე პოზიციაზე აუცილებლად დავიმატებთ ფეხბურთელებს და გუნდს  გავაძლიერებთ.  скачать dle 11.3