რევანში შუქურასთან და ზედიზედ მეხუთე მოგება » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
რევანში შუქურასთან და ზედიზედ მეხუთე მოგება
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" გიორგი ჭელიძის თავკაცობით კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა ჩაატარა. წყალტუბოელებმა ამჯერად ,,შუქურა" დაამარცხეს 4:1 და მეორე ტურში განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღეს.

    ,,სამგურალს" აჭარულ გუნდთან დაპირისპირებაში ტრავმების გამო გუნდის კაპიტანი თედო კიკაბიძე და იაპონელი შემტევი ტაიკი კაგაიამა არ ჰყავდა. სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე, რომელიც ,,შუქურასთან" მატჩში წყალტუბოელთა მხრიდან ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. 20-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი სწორედ ლომინაძემ შეასრულა და ზუსტი დარტყმით საკუთარი გუნდი დააწინაურა -1:0

    ორიოდე წუთში გიორგი ჭელიძის შეგირდებს მეორე გოლის გატანაც მართებდათ, დემურ ჩიხლაძემ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა გიორგი ნიქაბაძე, მაგრამ ,,სამგურალის" ფორვარდის დარტყმული ბურთი მეკარე გიორგი აბრამიშვილმა მოიგერია.

    ქობულეთელებმა ანგარიში ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაათანაბრეს. გოლი ცოტნე ფაცაციამ ლამაზი საჯარიმო დარტყმით გაიტანა -1:1

    მეორე ტაიმის დასაწყისშივე გიორგი ჭელიძის გუნდმა სტატუს-ქვო აღადგინა, შესანიშნავად ითამაშა ნოდარ ლომინაძემ, რომელმაც მარცხენა ფლანგზე ცრუ მოძრაობით რომან ჩაჩუა ჩამოიცილა და მახვილი კუთხიდან კარში დაარტყა, აბრამიშვილმა ბურთი უხერხულად მოიგერია, დამატებაზე კი ნიკა ხორხელმა იყოჩაღა, გაგა გაზდელიანს დაასწრო და ,,სამგურალი"  ახლო მანძილიდან  დააწინაურა - 2:1

    58-ე წუთზე წყალტუბოელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს, ,,სამგურალის" ბენინელმა ლეგიონერმა ჩვენი გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და ანგარიში 3:1 გახადა.

    მასვე ცოტა ხანში დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან სიზუსტე დააკლდა.

    კარგი მომენტი ჰქონდა შეცვლაზე შესულ ლუკა ხორხელსაც, რომლის ძლიერი დარტყმაც აბრამიშვილმა მოიგერია.

    სტუმართა რიგებში კი ყველაზე გამორჩეული მომენტები კვლავ ფაცაციამ შექმნა, ჯერ სახიფათო დარტყმა ხარიხას გადააცილა, მეორე მცდელობისას კი მას ნოდარ ყალიჩავამ აჯობა.

    80-ე წუთზე წყალტუბოელებმა წესების სრული დაცვით კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, ჯეფინიო-ჩიხრაძე-ხორხელი-ჯეფინიოს ოთხსვლიანი კომბინაცია ჯეფინიომ დააგვირგვინა, მაგრამ გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა. გამეორებაზე კი ჩანს, რომ გადაცემის მომენტში ჯეფერსონი მცველის უკან იყო.

    წყალტუბოელებმა მაინც შეძლეს მეოთხე გოლის გატანა, მოედნის ცენტრში კარგად ითამაშა ნიკა კალანდარიშვილმა და შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ლადო ჩიხრაძე, ახალგაზრდა ფორვარდმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თავისი მესამე გოლი გაიტანა - 4:1

    ,,სამგურალმა" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, 22 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში კვლავ მესამე ადგილზეა. გიორგი ჭელიძის გუნდი ლიდერ ბათუმის ,,დინამოს" უკვე მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

    მომდევნო ტურის შეხვედრას წყალტუბოელები 6 მაისს სტუმრად ,,თელავის" წინააღმდეგ გამართავენ.

    ეროვნული ლიგა. XI ტური

    სამგურალი-შუქურა 4:1
    30.04. ზესტაფონი. დავით აბაშიძე
    1:0 ლომინაძე (20-პენ), 1:1 ც. ფაცაცია (45+1), 2:1 ნ. ხორხელი (47), 3:1 გომესი (59), 4:1 ჩიხრაძე (88. კალანდარიშვილის პასით)

    სამგურალი (4-2-3-1): ყალიჩავა - ა. ვერულიძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი, კალანდარიშვილი - ჩიხლაძე (46. არტური), ლომინაძე (71. მ. ბაშელეიშვილი) - ნ. ხორხელი (71. ლ. ხორხელი), ჯეფინიო, გომესი (63. ბული) - ნიქაბაძე (63. ჩიხრაძე)
    სათადარიგოები: შოვნაძე - სიმდიანკინი, ქარიმოვი, ბურჯანაძე
    მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე

    შუქურა (4-2-3-1): აბრამიშვილი - ჩაჩუა (63. ს. გელაშვილი), ასათიანი, ლ. ქურდაძე, გაზდელიანი - დუმბია, ანდრონიკაშვილი - ც. ფაცაცია, ჯანელიძე (63. აფხაზავა), მზვაკალი - მუჯირი (68. კუროკი)
    სათადარიგოები: კულუა - ანანიძე, ჩაკვეტაძე, ბ. ვერულიძე, სარდალიშვილი, კვარაცხელია
    მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

    გაფრთხილება: ა. ვერულიძე (24), გომესი (39), ლ. ქურდაძე (45+2), ანდრონიკაშვილი (68)
    არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი
    скачать dle 11.3