ველოდებით სამ ლეგიონერს, გუნდის გაძლიერება გაგრძელდება » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
28 მარტი, 19:00
სამგურალი
იბერია
წინა მატჩი
16 მარტი, 18:00
გაგრა0
სამგურალი2
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ველოდებით სამ ლეგიონერს, გუნდის გაძლიერება გაგრძელდება
  • ინტერვიუ მიხეილ აშვეთიასთან
    ველოდებით სამ ლეგიონერს, გუნდის გაძლიერება გაგრძელდება

    მიმდინარე წლის დასაწყისში წყალტუბოს ,,სამგურალში" არაერთი ცვლილება მოხდა. მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციებზე. კლუბის სპორტულ დირექტორად დაინიშნა ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი  მიხეილ აშვეთია, რომელსაც ქართული ფეხბურთის ქომაგის წინაშე წარდგენა არ სჭირდება.

    ფეხბურთელობის პერიოდში აშვეთია თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“, „რწმენაში“, წყალტუბოს „სამგურალში“, „დინამო თბილისში“. შემდეგ იყო ვლადიკავკაზის „ალანია“, მოსკოვის „ლოკომოტივი“, ყაზანის „რუბინი“ და „როსტოვი“. „ლოკომოტივში“ 2003–04 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მილანის „ინტერს“ გაუტანა.

    აშვეთია 2001–2002 წლებში დანიურ „კოპენჰაგენში“, ხოლო 2006–2007 წლებში – გერმანიაში, იენის „კარლ ცაისში“ ასპარეზობდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 24 თამაში და გატანილი აქვს 5 გოლი.

    მიხეილ აშვეთიამ  ფეხბურთელის კარიერა 2010 წელს დაასრულა. 2016 წლიდან დაიწყო მწვრთნელობა,  მუშაობდა ქუთაისის ,,ტორპედოში“ – მთავარი მწვრთნელის ასისტენტად და მთავარ მწვრთნელად. 2021 წლიდან მიხეილ აშვეთია „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო. სწორედ ამ პოზიციიდან მოხდა დაწინაურება სპორტული დირექტორის თანამდებობაზე.

    სამი დღეა რაც ის თურქეთიდან დაბრუნდა, სადაც ,,სამგურალთან" ერთად შეკრებაზე იმყოფებოდა. მას კლუბში მიმდინარე მოვლენებზე, ტრანსფერებზე, სამომავლო გეგმებზე და სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.

    -წყალტუბოს ,,სამგურალი" თქვენთვის უცხო კლუბი არ არის, აქ კარიერის საწყის ეტაპზე თამაშობდით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში კი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყავით, ამჟამად სპორტული დირექტორი ხართ, რას იტყვით თქვენ ახალ საქმიანობასა და გამოწვევაზე?


    - გასული წლის დეკემბერში კლუბის პრეზიდენტმა ბატონმა მიხეილ იაშვილმა  შემომთავაზა აღნიშნული თანამდებობა. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო და ცოტა არ იყოს,  გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა, თუმცა საბოლოოდ დავთანხმდი ახალ გამოწვევას. ძალიან საინტერესო სფეროა, სამწვრთნელო გამოცდილება ძალიან მეხმარება. შემიძლია ვთქვა, რომ უკვე კარგად შევეწყვე ახალ თანამდებობას და ვფიქრობ, კლუბის განვითარებისთვის შემიძლია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. უნდა აღვნიშნო, რომ კლუბის პრეზიდენტისა და გენერალური დირექტორისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, მათ ნდობა გამომიცხადეს და ეს მხარდაჭერა საქმეს უფრო მიადვილებს. თითქმის ორი თვეა ამ თანამდებობაზე ვმუშაობ, ყოველდღე დატვირთული გრაფიკია, ჩემი ძირითადი მოვალეობები სატრანსფერო პოლიტიკის წარმოება, კლუბის განვითარებისთვის ზრუნვა, გუნდის დაკომპლექტება და ძლიერი შემადგენლობის შეკრებაა. გარდა ამისა, სპორტული დირექტორი არის შუამავალი რგოლი კლუბის ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელს შორის. ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერად მიმდინარეობს და იმედი მაქვს ასევე გაგრძელდება. ,,სამგურალის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭელიძე ახალგაზრდა, თუმცა საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია, მისი დანიშვნა  ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, დანარჩენს გვიჩვენებს საფეხბურთო სეზონი, ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ ახალ ჩემპიონატს კიდევ უფრო ძლიერი გუნდით შევხვდებით.

    - ,,სამგურალი" ერთ თვეზე მეტი ხნით თურქეთში შეკრებაზე იმყოფებოდა, როგორ შეაფასებთ მოსამზადებელ ეტაპს?

    - ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება წყალტუბოში დავიწყეთ. გუნდმა ადგილზე 8 დღის განმავლობაში ივარჯიშმა  და შემდეგ თურქეთში გავემგზავრეთ, სადაც ორი შეკრება გავიარეთ. მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერი გამოდგა, საკონტროლო მატჩები ჩავატარეთ საკმაოდ ძლიერ გუნდებთან,  გამოვცადეთ არაერთი ფეხბურთელი, გამოჩნდა გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები. ბიჭები ბოლომდე იხარჯებოდნენ, ყოველთვის ტონუსში იყვნენ და მიმაჩნია, რომ ჩემპიონატს კარგად მომზადებული შევხვდებით.

    სატრანსფერო პოლიტიკაზე და გუნდის ახალწვეულებზე რას იტყვით?

      დავიმატეთ 5 ახალი ფეხბურთელი. ესენი არიან: ნიკა და ლუკა ხორხელები, ნოდარ ლომინაძე, ბრაზილიელი მარცხენა მცველი ლუიშ ფერნანდო ბული და განელი საყრდენი ნახევარმცველი ჯუდ არტური. კიდევ გვაქვს მოლაპარაკებები სამ ფეხბურთელთან, ამ ეტაპზე მათ შესახებ ვერ ვისაუბრებ... ლეგიონერები არიან და სავარაუდოდ, ჩემპიონატის დაწყებიდან მეორე-მესამე ტურში  ჩვენთან იქნებიან. მათი ტრანსფერების შემდეგ გუნდის დაკომპლექტებას ამ ეტაპისთვის დავასრულებთ, მაგრამ   ეს პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება, ჩემპიოინატის მიმდინარეობისას კიდევ უფრო გამოჩნდება რომელ პოზიციაზე დაგვჭირდება გაძლიერება და ზაფხულის სტრანსფერო სეზონისას გუნდს კიდევ უფრო გავაძლიერებთ.

    -გასული სეზონის შემდეგ ,,სამგურალი" საკმაოდ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა. ალბათ, ყველაზე დიდი დანაკლისი გუნდისთვის საუკეთესო ბომბარდირის ირაკლი რუხაძისა და ლუქმან გილმორის წასვლა იქნება.

    - გილმორის წასვლა ჩვენთვის მართლაც დიდი დანაკლისია, ყველა ღონე ვიხმარეთ, რომ დაგვეტოვებინა, მაგრამ ევროპაში გადასვლა გადაწყვიტა. გილმორს წარმატებებს ვუსურვებთ, ჩვენ კი მის შემცვლელად განელი ლეგიონერი ჯუდ არტური მოვიყვანეთ. საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია, ფინეთის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა და შეუძლია ჩვენი გაძლიერება. არ დაგვავიწყდეს, რომ აღნიშნულ პოზიციაზე კიდევ ერთი ფეხბურთელი ნოდარ ლომინაძე დავიმატეთ, რომელმაც გასულ წელს ,,გაგრაში" კარგი სეზონი ჩაატარა, მწვრთნელის სურვილი იყო, რომ ჩვენთან ყოფილიყო. მოსამზადებელ ეტაპზეც თავი კარგად წარმოაჩინა და მასზეც დიდ იმედებს ვამყარებთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდის ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ, საინტერესო ფეხბურთელები დავიმატეთ და კიდევ ვაპირებთ გაძლიერებას.

    - რამდენიმე ფეხბურთელის დარჩენის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, ამ მხრივ რა გადაწყდა, საბოლოოდ, ვინ დაემშვიდობა სამგურალს?

    - ველოდებოდით ილია ახვლედიანის პასუხს, რომელიც ამ ეტაპზე უგუნდოდაა, ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზება, მაგრამ ფეხბურთელმა გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა. გრიგოლ დოლიძემ და მაქსიმე ქვილითაიამ  საფეხბურთო კარიერა დაასრულეს. გუნდი დატოვა ლევან ქურდაძემ, მამია გავაშელიშვილმა, გიორგი თევზაძემ, ანდრია დევდარიანმა, მიხეილ სტრელნიკმა ... რუხაძეს რაც შეეხება, მას გუნდთან კონტრაქტი აკავშირებდა, მაგრამ ხელშეკრულებაში იყო პუნქტი, რის მიხედვითაც თუ მსურველი კლუბი გამოსასყიდ თანხას გადაიხდიდა, ფეხბურთელს შეეძლო გუნდის დატოვება. ჩვენც არ დავაბრკოლეთ, წარმატებებს ვუსურვებთ მის ახალ კლუბში, მისი ტრანსფერისგან გუნდმაც მიიღო მცირეოდენი ფინანსური სარგებელი და ეს კარგი პრეცენდენტია. ჩვენი პოლიტიკაც ასეთი იქნება, გუნდიდან კომპენსაციის გარეშე არავინ წავა, თუკი ქართულ კლუბებს განვითარება გვინდა, ეს აუცილებელი პროცესია. ჩვენც ვეცდებით გადავიხადოთ სასურველ ფეხბურთელში თანხები და პირიქით, გაყიდვის შემთხვევაში კლუბმაც მიიღოს სარგებელი. უფრო მეტი აქცენტი ახალგაზრდებზე გვაქვს გაკეთებული. ზემოტაც აღვნიშნე, რომ დავიმატეთ ბრაზილიელი მარცხენა მცველი ლუიშ ფერნანდო ბული, რომელიც 22 წლისაა, საკმაოდ პერსპექტიული ბიჭია და იმედი გვაქვს, შემდეგში კიდევ უფრო მოუმატებს, განვითარდება, კლუბსაც გამოადგება და შემდეგ სატრანსფერო ბაზარზეც საინტერესო და სასურველი ფეხბურთელი იქნება. შემიძლია ვთქვა, რომ ვინც კლუბში მოვიდა ყველას შეუძლია ,,სამგურალის" გაძლიერება.

    შეკრებაზე გუნდმა რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, ყველა მატჩზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თქვენ რომელ თამაშს გამოყოფდით?

    -კარგი მატჩი ჩავატარეთ უკრაინული პრემიერლიგის კლუბ ,,კოლოსთან" (2:1). სადაც ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით ვითამაშეთ და საკმაოდ ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. ასევე ძალიან კარგად ჩაატარა ჩვენმა გუნდმა  ,,ლვივთან" დასკვნითი შეხვედრა და შეკრება გამარჯვებით დაასრულა.  რაც არ უნდა ვთქვათ, შეკრებაზე მოგება და წაგება ,,ძმები" არიანო, ასე არ არის, რაც არ უნდა ამხანაგური მატჩი იყოს, აუცილებლად მოგებისთვის უნდა ითამაშო, რომ გუნდს გამარჯვებულის  მენტალიტეტი ჩამოუყალიბდეს, გიორგი ფეხბურთელებს ყოველთვის ამას  ეუბნებოდა და ბოლომდე ვეთანხმები.. მოკლედ, ნაყოფიერი შეკრება იყო. კიდევ ვიმეორებ, ამით ჩვენ გაძლიერებას არ ვამთავრებთ. ყოველდღიურად ვმუშაობთ, ვეძებთ ფეხბურთელებს, ვნახულობთ მათ შესაძლებლობებს, ვაკვირდებით ახალგაზრდებს, მათ შორის სამხრეთ ამერიკის ბაზარზე. ზაფხულამდე გამოჩნდება გუნდს რა პოზიციაზე დაჭირდება გაძლიერება და ამის მიხედვით პირველი ეტაპის შემდეგ კიდევ უფრო გავძლიერდებით.

    26 თებერვალს ეროვნული ლიგის პირველ ტურში სტუმრად ,,გაგრას" ეთამაშებით, როგორ ემზადება გუნდი აღნიშნული შეხვედრისთვის და რა მოლოდინები გაქვთ?

    -18 თებერვალს დავბრუნდით თურქეთიდან, ფეხბურთელებმა ორი დღით დაისვენეს, 21 თებერვლიდან დაიწყება ,,გაგრასთან" მატჩისთვის მომზადება. ვეცდებით, რომ სასტარტო შეხვედრას მაქსიმალურად ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ და ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულოთ, როგორც ,,გაგრასთასნ" მატჩი, ასევე მომდევნო თამაშებიც. ,,სამგურალი" ნებისმიერ გუნდთან 3 ქულისთვის იბრძოლებს.

    წყალტუბოში მოედნის რეაბილიტაცია დასრულებულია. როგორ ფიქრობთ, როდის დაბრუნდება გუნდი საკუთარ არენაზე?

    -მინდვრის საფარი გამოცვლილია და სავარაუდოდ, ჩვენს მოედანზე აპრილში ვითამაშებთ. სანამ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი დასრულდება, სავარჯიშო პროცესი ზესტაფონში გაგრძელდება, შემდეგ კი გუნდი სავარჯიშოდ წყალტუბოში გადმოვა და აქ გააგრძელებს მომზადებას. იქამდე ცოტა უნდა გავუჭირვოთ, შემდეგ კი საკუთარ ბაზაზე ვარჯიში უფრო კომფორტული იქნება.

    - საუბარი იყო კლუბის ფანშოპის გახსნაზე ამ მხრივ სიახლეები ხომ არაა?

    -აღნიშნულ  თემაზე მიდის მუშაობა,  ველოდებით ჩვენი ტექნიკური პარტნიორის ,,ჰუმელის" წარმომადგენელის საქართველოში ჩამოსვლას, რომელთანაც ფანშოპის თემაზეც გვექნება საუბარი და ვიმედოვნებთ, ეს საკითხი უახლოეს პერიოდში დადებითად გადაწყდება.скачать dle 11.3