ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა, გუნდის შესაძლებლობები აწი უფრო გამოჩნდება » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა, გუნდის შესაძლებლობები აწი უფრო გამოჩნდება
  • ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე ერთ კვირაზე ნაკლები დარჩა. წყალტუბოს ,,სამგურალმა" თურქეთში მოსამზადებელი შეკრება დაასრულა და საქართველოში გამოემგზავრა. ბოლო საკონტროლო მატჩში ჩვენმა გუნდმა უკრაინის პრემიერლიგის კლუბი ,,ლვივი" 3:2 დაამარცხა. აღნიშნული მატჩის შესახებ და ზოგადად თურქული შეკრების თაობაზე ,,სამგურალის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭელიძე გვესაუბრა

    - დასრულდა თურქული შეკრება,  როგორ შეაფასებთ მოსამზადებელ ეტაპს, რამდენად  კმაყოფილი ხართ შეკრებით და ფეხბურთელების მზადყოფნით?


    - თურქეთში ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა. მოსამზადებლად შექმნილი. ეს ეტაპი გუნდის ჩამოყალიბებისთვის და შეთამაშებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩავატარეთ საკონტროლო მატჩები, საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავდა და კარგი სპარინგები გამოვიდა. სასიხარულოა, რომ შეკრება მოგებით დავასრულეთ.   

    საერთო ჯამში განვლილ შეკრებას დადებითად შევაფასებ. თავიდან ასე რომ ვთქვათ, გუნდთან გაცნობის ეტაპი იყო... ახალი სამწვრთნელო შტაბი, ახალი ფეხბურთელები, ახალი სათამაშო მოდელი... სიახლეებთან შეწყობას დრო დასჭირდა, ამისთვის ერთი თვეც არაა საკმარისი, გუნდის რეალური სახე და შესაძლებლობები დროის სვლასთან ერთად უფრო გამოჩნდება. როგორც აღვნიშნე შეკრებაზე   კარგ გუნდებს ვეთამაშეთ, თითოეულ მატჩში გუნდი სხვადასხვა დატვირთვით თამაშობდა. ფეხბურთელებმა ბევრი იშრომეს, ბოლომდე იხარჯებოდნენ, მინდა მათ მადლობა გადავუხადო მონდომებისთვის. მადლობა გუნდის ხელმძღვანელობას ამ პროცესებში ხელშეწყობისთვის, ასევე უნდა აღვნიშნო ჩემი სამწვრთნელო შტაბისა და სამედიცინო სტაფის  დაუღალავი შრომა. გუნდის თითოეულმა წევრმა დიდი სამუშაო გასწია.


    - 33 დღე დაჰყავით ანტალიაში, რაც საკმაოდ დიდი დროა. ეს საქართველოში სავარჯიშო მოედნების დეფიციტით იყო გამოწვეული, თუ მზადების გეგმა ითვალისწინებდა?


    - 33 დღე ვიყავით ანტალიაში, საკმაოდ რთულია ამდენი ხნით შეკრებაზე სხვა ქვეყანაში ყოფნა, მაგრამ ეს გუნდის მომზადებისთვის და ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი გახლდათ. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის საქართველოში არაერთ სტადიონს უკეთდება რეაბილიტაცია და სავარჯიშო მოედნებიც კეთდება, მათ შორის წყალტუბოში,  მაგრამ  ამ ეტაპზე საქართველოში ვერ შევძლებდით იმ დონეზე მომზადებას და იმ ყველაფრის გაკეთებას,  რაც თურქეთში გავიარეთ. საქართველოში არც ამინდები იყო შესაბამისი და არც მოსამზადებელი პირობები.

    - ბოლო საკონტროლო მატჩში უკრაინის პრემიერლიგის გუნდი ,,ლვოვი" დაამარცხეთ 3:2. აღნიშნულ შეხვედრას როგორ შეაფასებთ, კმაყოფილი დარჩით გუნდის თამაშით?

    - ძალიან კარგი სპარინგ-მატჩი გამოვიდა. ,,ლვივი" საკმაოდ კარგი გუნდია, ახალი მწვრთნელი ჰყავთ, ახალი ფეხბურთელები მოიყვანეს და ცდილობენ უკრაინის პრემიერლიგაში თავისი სიტყვა თქვან. პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში გუნდმა იპოვა ძალები, ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა, გოლები გაიტანა და მატჩი გამარჯვებით დაასრულა. ეს ყველაფერი ძალიან მახარებს.

    - წინა ამხანაგურ შეხვედრაში ჩეხურ ვისკოვთან საგოლე შანსები ვერ გამოვიყენეთ, დამაგვირგვინებელ ფაზაში პრობლემები იყო, თუმცა ბოლო საკონტროლო მატჩში ეს კომპონენტი აშკარად გამოსწორდა…

    -შეკრებაზე ეს ჩვეულებრივი ამბავია, გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია და შეცდომებიც ხშირია. ,,ვისკოვთან" ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, შემდეგ დაცვაში შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ... კარგია, რომ მომდევნო შეხვედრაში ეს ხარვეზები გამოვასწორეთ. თუმცა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. ერთი თვეა რაც ,,სამგურალს" ვწვრთნით, ასეთ მცირე დროში რთულია ბოლომდე დავნერგოთ ჩვენი ხედვები და სათამაშო სტილი, ამისთვის დრო გვჭირდება და ეს დრო აუცილებლად  მოიტანს შედეგს.

    - ანტალიაში გამართულ ამხანაგურ მატჩებში სხვადასხვა შემადგენლობები და სათამაშო სქემები გამოსცადეთ, ძირითად ბირთვზე და შემადგენლობაზე მიღებული გაქვთ გადაწყვეტილება, თუ ამას კონკრეტული მატჩის მიხედვით განსაზღვრავთ?

    -ამხანაგურ შეხვედრებში საქმეში თითქმის ყველა ფეხბურთელი ვნახეთ, საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც შეცდომას არ უშვებს და არ არსებობს შეცდომა, რომლის გამოსწორებაც არ შეიძლება... ხარვეზები აუცილებლად უნდა გამოსწორდეს,  ამიტომ ყოველთვის ვითხოვ მაქსიმუმს!  ვინც იშრომებს, მას აუცილებლად დაუფასდება. ჩვენ მარტო საკუთარი თავისთვის არ უნდა ვიმუშაოთ, უნდა ვიშრომოთ გუნდისთვის , წყალტუბოსთვის, გულშემატკივრებისთვის  და წარმატებისთვის.


    ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ მოასწრებთ ლეგიონერების დამატებას და შემადგენლობის სრულად დაკომპლექტებას?

    -ლეგიონერებს, რომლებიც გუნდში მოვიდნენ დადებითად შევაფასებ, მათ შეუძლიათ გუნდის გაძლიერება.  გვყავს კიდევ რამდენიმე კანდიდატურა და ველოდებით მათ ჩამოსვლას.

    - 26 თებერვალს პირველ ტურში ,,გაგრას" ეთამაშებით, რას იტყვით მეტოქის შესახებ?

    -ჩემპიონატი რამდენიმე დღეში დაიწყება, პირველი ტური ყოველთვის რთულია, მით უმეტეს,  ვეთამაშებით ძალიან კარგ გუნდს, კარგი მწვრთღნელითა და კარგი ფილოსოფიით. იოლი თამაში არ იქნება, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ.

    - ზოგადად როგორ ჩემპიონატს ელოდებით და ვინ მიგაჩნიათ ფავორიტებად?

    ფავორიტებს რაც შეეხება არავინ მინდა დავაკნინო, მაგრამ როგორც ყოველთვის თბილისის და ბათუმის  ,,დინამოები", ქუთაისის ,,ტორპედო" გორის ,,დილა" და საბურთალო"  კარგი გუნდები იქნებიან და წლეულსაც მაღალი მიზნები ექნებათ. გუნდები გაძლიერდნენ და ვფიქრობ, წლეულს საინტერესო და დაძაბული ჩემპიონატი იქნება.

    - ბოლოს, რას ეტყვით სამგურალის გულშემატკივრებს, როგორი გუნდი იქნება წელს სამგურალი?

    -ძალიან დიდი პატივს ვცემთ გულშემატკივრებს, მათი მხარდაჭერა ჩვენთვის  მნიშვნელოვანია! ვეცდებით, რომ სტადიონზე მოსული ქომაგი კარგი თამაშით, ბრძოლითა და  შედეგით გავახაროთ. ეჭვიც არ მეპარება რომ ყოველთვის გვერდით დაგვიდგებიან, მოგება იქნება ეს, მარცხი თუ ფრე... ჩვენთვის  ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი დადებითი შეძახილები და გამხნევება.

    скачать dle 11.3