იმედი მაქვს, წლეულს გაცილებით უკეთესი გუნდი გვეყოლება! » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
8 დეკემბერი, 13:30
იბერია
სამგურალი
წინა მატჩი
1 დეკემბერი, 13:30
სამგურალი2
ტორპედო1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
იმედი მაქვს, წლეულს გაცილებით უკეთესი გუნდი გვეყოლება!
  • ინტერვიუ მიხეილ იაშვილთან
    განვითარებას გავაგრძელებთ და იმედი მაქვს, წლეულს გაცილებით უკეთესი გუნდი გვეყოლება!


    წყალტუბოს ,,სამგურალის" პრეზიდენტი მიხეილ იაშვილი გუნდთან ერთად ანტალიაში იმყოფება, სადაც ,,სამგურალი" სეზონის წინა მოსამზადებელ ეტაპს გადის. კლუბის პირველი პირი ,,მონტანასთან" და ,,ფახთაქორთან" ამხანაგურ შეხვედრებს დაესწრო. უზბეკურ გუნდთან თამაშის შემდეგ ბატონ მიხეილს გასული სეზონის შესახებ, კლუბის სამომავლო გეგმებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

    ბატონო მიხეილ, პირველ რიგში გასულ სეზონზე ვისაუბროთ. ,,სამგურალს" ძალიან ცოტა დააკლდა საპრიზო ადგილზე გასვლამდე და შესაბამისად ევროტურნირების საგზურამდე, თუმცა, კარგ ფეხბურთს თამაშობდა და არაერთი გულშემატკივარი შეიძინა. თქვენ როგორ შეაფასებთ გუნდის ასპარეზობას?

    ძალიან დაძაბული სეზონი იყო. მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ სტაბილურად ვთამაშობდით და ევროტურნირებზე მოხვედრის კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ იყო გარკვეული ჩავარდნებიც, რის გამოც სამეულს მიღმა აღმოვჩნდით. რა თქმა უნდა, ეს ყველასთვის გულდასაწყვეტია, მაგრამ ალბათ, მიზნის მისაღწევად კიდევ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. გუნდი ყოველწლიურად იზრდება, ვითარდება, ჩვენ ერთ ადგილზე გაჩერებას არ ვაპირებთ და ახალ ჩემპიონატში კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით.

    ახალი მოსამზადებელი ციკლის დაწყებამდე შეიცვალა მთავარი მწვრთნელი. ბევრისთვის გიორგი მიქაძის წასვლა მოულოდნელი იყო. როგორც ვიცით, ის ,,სამგურალიდან" გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგის გამო არ წასულა. რა ვითარებაში მოხდა მისი გათავისუფლება?

    რა თქმა უნდა, გიორგი მიქაძის გათავისუფლება შედეგის გამო არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ევროთასებზე ვერ გავედით, ვთვლი, რომ სამწვრთნელო შტაბმა საკმაოდ კარგად იმუშავა. ჩვენ მადლიერები ვართ გიორგი მიქაძის, რადგანაც მის ხელში თვისობრივად უკეთესი გუნდი მივიღეთ, ვიდრე იქამდე გვყავდა. ფეხბურთელებმა თავიანთი თავის ირწმუნეს და მეტი გამოცდილება მიიღეს. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები დაგეგმილი არ გვქონდა, მაგრამ, როცა ახალი სეზონისთვის მომზადების გეგმებს განვიხილავდით, ჩვენი ხედვები ერთმანეთს არ ემთხვეოდა, რაღაც საკითხებში ვერ შევჯერდით... აცდენა გვქონდა სამომავლო გეგმებში და გუნდის განვითარების ხედვაში, რის გამოც გადავწყვიტეთ, ამ ეტაპზე ჩვენი თანამშრომლობა შეწყვეტილიყო.

    ,,სამგურალის" მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდა სპეციალისტი გიორგი ჭელიძე დაინიშნა, მის სამწვრთნელო გამოცდილებასა და შესაძლებლობებს როგორ შეაფასებთ?

    ზოგადად, საქართველოში ძალიან ცოტა გამოცდილი სპეციალისტია. ჩემის აზრით, ესენი არიან ბათუმის ,,დინამოს" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე და თბილისის ,,დინამოს" მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი, რომლებიც წლებია მაღალ დონეზე მუშაობენ. რაც შეეხებათ, გიორგი მიქაძეს და ჩვენს ახალ მწვრთელს გიორგი ჭელიძეს, ახალგაზრდა სპეციალისტები არიან, თუმცა მათაც აქვთ გარკვეული გამოცდილება. ხედვები, რომელიც ახალ მთავარ მწვრთნელს აქვს, ჩვენი კლუბისთვის მისაღებია. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ წლეულს გაცილებით უკეთესები ვიქნებით, ვიდრე გასულ წელს ვიყავით.

    ეს იმას ნიშნავს, რომ სამგურალი წლეულსაც სამეულისთვის იბძოლებს?

    ჩვენ არ ვთამაშობთ სტატისტიკისთვის და გვაქვს გარკვეული მიზნები. ნებისმიერი გუნდისთვის, რომელიც წყალტუბოში ჩამოდიოდა, ერთი ქულაც კარგ შედეგად ითვლებოდა და ეს წლეულსაც გაგრძელდება. ეროვნულ ლიგაში ჩვენ ანგარიშგასაწევი ძალა გავხდით და ეს ყველაფერი სიამაყის გრძნობას იწვევს. გუნდი ყოველ წელს განვითარებისთვის და უკეთესობისთვის უნდა იბრძოდეს და ჩვენ არჩეულ გზას არ გადავუხვევთ.

    სამგურალმა გასულ ჩემპიონატში არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა, თქვენ რომელ თამაშს გამოარჩევდით?

    თამაშებზე თუ ვისაუბრებთ, ბათუმის ,,დინამოსთან" სტუმრად 4:4 დასრულებულ შეხვედრას გამოვარჩევდი. ,,დინამო" ისედაც კარგი გუნდია, მაგრამ იმ პერიოდში კიდევ უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა. ბათუმელთა რიგებში თამაშობდნენ ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი აზაროვი, საქართველოს ნაკრების სხვა წევრებიც... ასეთი შემადგენლობით მოთამაშე ,,დინამოს" ჩვენ ,,გახსნილი" სწრაფი და სანახაობრივი ფეხბურთი დავუპირისპირეთ, რაც ყველასთვის მოულოდნელი იყო. სანახაობრივი მატჩი გამოვიდა, კარგი იქნებოდა, რომ ჩვენს ჩემპიონატში ბევრი ასეთი თამაში იყოს.

    ანტალიაში გუნდთან ერთად იმყოფებით, სადაც ,,სამგურალის" ორ ამხანაგურ მატჩს დაესწარით, როგორ შეაფასებთ ,,მონტანასთან" და ,,ფახთაქორთან" საკონტროლო მატჩებს?

    მზადების პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს და გუნდი ფიზიკური დატვირთვების ფონზე თამაშობს. ამხანაგურ მატჩებს რაც შეეხება, ,,მონტანა" შედარებით სუსტი მეტოქე იყო, თუმცა სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ და თანაც, ჩვენმა ახალწვეულებმა გამოიჩინეს თავი- ნიკა და ლუკა ხორხელებმა თითო-თითო გოლი გაიტანეს, ერთი ბურთი კი ნოდარ ლომინაძის ანგარიშზე იყო. რაც შეეხება მეორე მატჩს, ტაშკენტის ,,ფახთაქორი" უზბეკეთში ყველაზე ტიტულოვანი და სახელოვანი გუნდია, ძირითადის თითქმის ყველა ფეხბურთელი ნაკრებში თამაშობს. საკმაოდ ცნობილი და გამოცდილი სპეციალისტი მაქსიმ შაცკიხი წვრთნის. ვფიქრობ, ,,ფახთაქორთან" საინტერესო სპარინგი გამოვიდა. პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, ფეხბურთელებმა ყველა დავალება შეასრულეს, ბურთს აკონტროლებდნენ და მომენტებიც შექმნეს, თუმცა სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა, მეორე ტაიმში დაცვაში შეცდომა დავუშვით და დავმარცხდით. ზოგადად საკონტროლო მატჩებში შედეგზე მეტად, გუნდის მზადების დინამიკაა მნიშვნელოვანი. ახლა ვემზადებით შემდეგი თამაშისთვის, რომელიც 6 თებერვალს უზბეკეთის მეხუთეადგილოსან ,,ყიზილყუმთან" გვაქვს. ამ მატჩის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ანალიზის გაკეთების საშუალება გვექნება.

    რამდენიმე ქართული გუნდის ამხანაგურ მატჩიც ნახეთ, როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ, როგორი ჩემპიონატის მოლოდინში ხართ?

    ძალიან დაძაბული ჩემპიონატი და საინტერესო ჩემპიონატი იქნება. ტრადიციულად ძლიერი გუნდები, რომლებსაც ჩემპიონობის პრეტენზია აქვთ, კიდევ უფრო გაძლიერდნენ. დავესწარი თბილისის ,,დინამოსა" და ,,საბურთალოს" მატჩებს, ეს გუნდები უკეთესობისკენ არიან შეცვლილი. ჩვენს გუნდშიც გარკვეული ცვლილებებია, სელექციის პროცესში ვართ, რამდენიმე ლეგიონერი ვარჯიშობს გუნდთან ერთად, ზოგთან გავაფორმებთ კონტრაქტი, ზოგს ვაკვირდებით... ჩვენც ვმუშაობთ, რომ ანგარიშგასაწევი გუნდი გვყავდეს. ჯერ კიდევ ველოდებით ფეხბურთელებს და შეკრების ბოლოს გუნდი საბოლოოდ დაკომპლექტებული იქნება.

    ,,სამგურალმა" ქართველებთან ერთად რამდენიმე ლეგიონერი დაიმატა, კიდევ ხომ არ აპირებთ უცხოელი ფეხბურთელების დამატებას?

    ვფიქრობ, პრობლემურ პოზიციებზე გუნდს სწორედ ლეგიონერებით გავაძლიერებთ. ჩვენი სპორტსკოლის აღსაზრდელები ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან, სამომავლოდ მათი იმედიც გვექნება. ანტალიაში შეკრებაზე წაყვანილი გვყავს თავდამსხმელი დავით იმედაძე, ძალიან პერსპექტიული და კარგი ფორვარდია, რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებთ... კლუბისთვის ყველაზე დიდი გამარჯვება - სპორტსკოლიდან და აკადემიიდან ისეთი ფეხბურთელების დაწინაურებაა, რომლებიც მთავარ გუნდში თამაშს და მის გაძლიერებას შეძლებენ.

    ახლახან, გუნდი საუკეთესო ბომბარდირმა და ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ირაკლი რუხაძემ დატოვა...

    ირაკლი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. თავადაც, კარიერის მანძილზე ალბათ საუკეთესო სეზონი წყალტუბოში ჩაატარა. რუხაძით უზბეკეთის ერთ-ერთი ლიდერი კლუბი ,,AGMK" დაინტერესდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან კონტრქატი აკავშირებდა, გადავწყვიტეთ, მისთვის ხელი შეგვეწყო და ტრანსფერი განგვეხორციელებინა. საკმაოდ კარგ გუნდში გადავიდა, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, დიდ გამოცდილებას შეიძენს და თავის გამოჩენის მეტი შესაძლებლობა ექნება. ეს ჩვენთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო... რა თქმა უნდა, ირაკლის წასვლის გამო გული დამწყდა, მაგრამ მეორე მხრივ, ვფიქრობ, მისი საფეხბურთო კარიერისთვის და კლუბისთვისაც კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ. კლუბისთვის იმიტომ, რომ ,,სამგურალმა" პირველი ტრანსფერი განახორციელა. წარმატებებს ვუსურვებ ირაკლის ახალ კლუბთან ერთად! ჩვენთვის, შინაგანად, იგი ყოველთვის ,,სამგურალის" ფეხბურთელად დარჩება!

    წყალტუბოს სტადიონზე მოედნის საფარი შეიცვალა. როდიდან შეძლებს ,,სამგურალი" საკუთარ მოედანზე თამაშს?

    მოედნის დაგება იანვრის ბოლოს დასრულდა. მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქის ხელმძღვანელობას, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ პროცესებში და ცდილობს, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით არ ჩამოგვრჩეს. ერთობლივად რამდენიმეწლიანი გეგმა გვაქვს შემუშავებული. ეტაპობრივად ვცდილობთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და სტადიონისთვის საბოლოო სახის მიცემას. ველოდებით და იმედი გვაქს, რომ მომავალ წელს საფეხბურთო სკოლის მოედანზე გამოიცვლება საფარი. წლეულს, განათების გაკეთებასა და მთავარი ადმინისტრაციული შენობის აშენებაზე უნდა ვიზრუნოთ, რომელიც ადრე არსებობდა ჩვენს სტადიონზე და 2011 წელს მოხდა მისი დემონტაჟი, რის შემდეგაც აღარ აღდგენილა. როცა წყალტუბოს სტადიონზე ყველა სამუშაო დასრულდება და საბოლოო სახე მიეცემა, სტადიონი უეფას მესამე კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და ჩვენს მოედანზე საერთაშორისო მატჩების მასპინძლობის საშუალებაც მოგვეცემა. ეს კი წყალტუბოს რაიონში მცხოვრები ადამინებისთვის დიდი საჩუქარი იქნება.

    სავარჯიშო ბაზაზეც გკითხავთ, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის წყალტუბოში სავარჯიშო მოედანი კეთდება. როდიდან შეძლებს გუნდი მის გამოყენებას?

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძალისხმევით საქართველომ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. ჩემპიონატი ივლისში იწყება და ამ პერიოდისთვის ქვეყანა სტუმარი გუნდების მისაღებად მზად უნდა იყოს. წყალტუბოში სავარჯიშო მოედნის გაკეთება სავარაუდოდ, მაისის ბოლოს დასრულდება. ვფიქრობ, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, შევძლებთ იქ შესვლასა და ვარჯიშს. მანამდე კი 2-3 თვის განმავლობაში ზესტაფონში ვივარჯიშებთ.
    ... შარშან ფაქტობრივად დასავლეთ საქართველოში სავარჯიშო სტადიონები არ იყო. აღნიშნული პროექტის მეშვეობით საქართველო მიიღებს განახლებულ სტადიონებს და ახალ სავარჯიშო მოედნებს. როცა საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩატარება გადაწყდა, ვამბობდი, რომ ჩვენ დავიძინებთ ერთ რეალობაში და გავიღვიძებთ სულ სხვა რეალობაში, სადაც ჩვენ ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა გვექნება. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, თუმცა ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია.

    თქვენ ქართული საფეხბურთო კლუბების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ასოციაციის თავჯდომარე ბრძანდებით. როგორია ასოციაციის გეგმები, ველოდოთ ტუ არა ახლო მომავალში პროფლიგის ჩამოყალიბებას?

    პირველ რიგში ვისარგებლებ შემთხვევით და ბატონ ლევან კობიაშვილს მივულოცავ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით არჩევას. ვფიქრობ, მისი მოღვაწეობის შემდეგი ოთხი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.
    რაც შეეხება სპორტული კლუბების ასოციაციას და მის მიზნებს, პროფლიგის ჩამოყალიბება საკმაოდ ამბიციური პროექტია და ამ საკითხს სერიოზული მომზადება სჭირდება. კლუბების ასოციაცია, მთელი წლის განმავლობაში სფფს ხელმძღვანელობასთან ერთად ვსმჯელობდით ამ საკითხზე. ბატონი ლევან კობიაშვილი ინტერვიუშიც შეეხო ამ თემას და აღნიშნა, რომ ფედერაციასა და კლუბების მხრიდან აღნიშნული პროექტის განხორციელების მზაობა არსებობს. ამისთვის ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. უნდა მოიძებნოს სპონსორები, ჩაიდოს ფინანსები, გაუმჯობესდეს მარკენტიგული მხარე, თორე, მატჩების ორგანიზებას და ჩემპიონატების ჩატარებას რაც შეეხება, ფედერაციაც მშვენივრად ართმევს თავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ლიგამ ფინანსები მოიზიდოს, კერძო კომპანიები დააინტერესოს და ქართულ კლუბებს მეტი ფინანსური შესაძლებლობები გაუჩნდეთ. ამის გარეშე წინსვლა და ახალ, უფრო მაღალ ეტაპზე გადასვლა შეუძლებელი იქნება.


    სპონსორები ახსენეთ და წყალტუბოს ,,სამგურალს" გასულ წელს ორი სპონსორი ჰყავდა, წლეულსაც გაგრძელდება ეს თანამშრომლობა?


    -,,სამგურალის" გენერალური სპონსორია ,,ხალიკ ბანკი" , რომელიც ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს. ასევე ჩვენი სპონსორია ,,კროკობეთი" და ეს თანამშრომლობა გრძელდება. ვფიქრობ, ეს მხოლოდ პირველი ეტაპია, ჩვენ აქტიურად ვეძებთ ისეთ კომპანიებს რომლებიც ქართული ფეხბურთით დაინტერესდებიან და გუნდს დააფინანსებენ. ევრიოპული კლუბების მაგალითზე, რომლებსაც არაერთი სპონსორი ჰყავთ, ჩვენც ვცდილობთ, მოვიძიოთ სხვადასხვა სპონსორი. მთავარია ქართული ფეხბურთის მიმართ ინტერესი გაჩნდეს და ჩვენ ამ საქმეში რაც შეიძლება მეტი თანამოაზრე გვყავდეს. რაც უფრო მეტი სპონსორი გვეყოლება და კლუბში მეტი თანხა შევა, ეს სპორტულ შედეგზეც პირდაპირ პროპორციულად აისახება.скачать dle 11.3