კარგი ფეხბურთელები გვყავს, თუმცა რამდენიმე პოზიციაზე კიდევ ვგეგმავთ გაძლიერებას » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
კარგი ფეხბურთელები გვყავს, თუმცა რამდენიმე პოზიციაზე კიდევ ვგეგმავთ გაძლიერებას
  • ინტერვიუ გიორგი ჭელიძესთან - კარგი ფეხბურთელები გვყავს, თუმცა რამდენიმე პოზიციაზე კიდევ ვგეგმავთ გაძლიერებას

    იანვრის დასაწყისში "სამგურალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 36 წლის სპეციალისტი გიორგი ჭელიძე დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით წყალტუბოელები ანტალიაში ახალი საფეხბურთო სეზონისთვის ემზადებიან. გუნდში წინასასეზონო სამუშაო პროცესია, არის სიახლეებიც, ყოველივე ამის შესახებ ,,სამგურალის" მთავარ მწვრთნელს ვესაუბრეთ.

    - გიორგი თითქმის ერთი თვეა, რაც წყალტუბოს ,,სამგურალის" მთავარი მწვრთნელი ხართ, რას იტყვით თქვენი ახალი გუნდის შესახებ?

    - ,,სამგურალი" კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, კარგი სელექციაა ჩატარებული. ბოლო წლებში ,,სამგურალმა" დიდ პროგრესს მიაღწია. ლიგა 3-დან დაიწყო და ორ წელიწადში უმაღლეს ლიგაში გადავიდა, რაც ძალიან სასიხარულოა. ქართულ ფეხბურთს, საინტერესო და ამბიციური კლუბი შეემატა. მზარდი გუნდია, ყოველ წელიწადს პროგრესირებს და რა თქმა უნდა, ჩემთვის ასეთ გუნდში მუშაობა ძალიან სასიხარულოა. ,,სამგურალს" დიდი ისტორია აქვს. წლების განმავლობაში სტაბილურად თამაშობდა უმაღლეს ლიგაში, ამ გუნდში არაერთ კარგ ფეხბურთელს უთამაშია და მისი ისტორია ჩემთვის უცხო არ არის.

    - ,,სამგურალის" ხელმძღვანელობას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვთ. ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყეს ყველაფერი და ,,სამგურალი" ეროვნული ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდად აქციეს, ალბათ, გუნდის გაწვრთნას ისე არ დათანხმდებოდი, მზად რომ არ იყო ახალი გამოწვევებისთვის...

    -სამგურალის ხელმძღვანელობას აქვს გეგმა, რომლისკენაც ეტაპობრივად მიდიან და ცდილობენ, მიუახლოვდნენ იმ მიზანს, რაც დასახული აქვთ. რადგანაც, მათ ნდობა გამომიცხადეს და მთავარი მწვრთნელობა შემომთავაზეს, ესე იგი, მიაჩნიათ, რომ მზად ვარ ამ სამსახურისთვის. ძალიან მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ და მზად ვარ ახალი გამოწვევისთვის.

    - გასულ წელს ,,სამგურალმა" შესანიშნავად ჩატარებული მატჩებით ნეიტრალური გულშემატკივრების გულები მოიგო. გუნდი ბოლო ტურამდე სამეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებდა, საბოლოოდ, მეოთხე ადგილზე გავიდა, თამასა აწეულია, კლუბის ხელმძღვანელობა ალბათ, ნაკლებ შედეგს წლეულსაც არ ელოდება. კონკრეტული მიზანი თუ დაგისახეს ?

    - წინასწარ მიზნებზე ვერ ვისაუბრებ... ზოგადად, ჩვენი კლუბის, გულშემატკივრების და ყველას მიზანი და სურვილია, რომ ,,სამგურალმა" მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს.

    - როგორ მიმდინარეობს თურქული შეკრება, კმაყოფილი ხართ ფეხბურთელების მონდომებითა და საქმისადმი დამოკიდებულებით?

    - პირველი ორკვირიანი შეკრება ძირითადად ფიზიკურ კონდიციების გაუმჯობესებას ეთმობა, მძიმე და შრომატევადი სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ფიზმომზადებაში, ასევე ტაქტიკურ-ტექნიკური კუთხით. თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად იხარჯება, რაც ყველაზე მეტად მახარებს და იმედს მაძლევს. ჩვენს გუნდში ისეთი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს, რომელიც ბოლომდე არ დაიხარჯება.

    - მალე ამხანაგური შეხვედრებიც დაიწყება, სამი მეტოქე გარკვეული იყო, ამ მხრივ სიახლე ხომ არ არის?

    - პირველი შეკრების ბოლოს, 28 თებერვალს ბულგარეთის ,,მონტანას" ვხვდებით, შემდეგ დავისვენებთ და მოვემზადებით დასკვნითი ეტაპისთვის, სადაც რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გავმართავთ. 3 თებერვალს აზიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, ტაშკენტის ,,ფახთაქორს" დავუპირისპირდებით, 10 თებერვალს უკრაინის უმაღლესი ლიგის ,,კოლოსს" შევხვდებით. მეორე შეკრების დაწყებამდე სხვა მეტოქეების ვინაობაც გვეცოდინება.

    - თქვენს სამწვრთნელო შტაბზე გვითხარით. ლევან ხომერიკი და ივანე მახარაძე თქვენთან ერთად თელავშიც მუშაობდნენ, ალბათ, ასეთი გამოცდილების მქონე სპეციალისტებთან ერთად მუშაობა უფრო კომფორტულია...

    -ლევან ხომერიკი და ვანიკო მახარაძე ჩემთან ერთად თელავშიც იყვნენ. ადრე ერთად ვთამაშობდით ბათუმის ,,დინამოში", შემდეგ ერთად დავამთავრეთ უეფას პრო ლიცენზიის კურსები. ძალიან ნიჭიერი და განათლებული ბიჭები არიან. მათთან ერთად ძალიან მიადვილდება მუშაობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ კლუბში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეების მწვრთნელი ლევან აბაშიძე და თავისი საქმის პროფესიონალი, ფიზმომზადების მწვრთნელი ოთო საბანაძე დაგვხვდნენ. ასევე, ძალიან კარგი სამედიცინო შტაბი გვყავს. პროფესიონალები არიან, თავისი საქმე და ,,სამგურალი" ძალიან უყვართ.

    - სამგურალის სატრანსფერო პოლიტიკაზეც ვთქვათ, გუნდი საკმაოდ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა ბევრი ახალი სახეც გამოჩნდა. გუნდის დაკომპლექტება ალბათ გაგრძელდება, კიდევ ელოდებით ფეხბურთელებს?

    - გუნდი დაკომპლექტების პროცესშია, სატრანსფერო პოლიტიკა აქტიურად მიმდინარეობს. თურქულ შეკრებაზე შემოგვიერთდა ბრაზილიელი მარცხენა მცველი ლუიშ ფერნანდო. ფინური ,,სიკიდან" შემოგვიერთდა განელი ნახევარმცველი ჯუდ არტური, რომლის კონტრაქტიც უკვე მზად არის ხელმოსაწერად. რამდენიმე პოზიციაზე კიდევ ვგეგმავთ გაძლიერებას, ფეხბურთელებს ვეძებთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ ვჩქარობთ. ვცდილობთ, მოვიყვანოთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენს გუნდს კარგად შეეწყობიან და ჩვენს სათამაშო სტილს მოერგებიან.

    - გასული სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი ერთ-ერთმა ლიდერმა ლუქმან გილმორმა დატოვა, რომელიც ,,სამგურალის" ნახევარდაცვაში ამინდის შემქმნელი იყო...

    - გილმორის გუნდიდან წასვლა საწყენია, მაგრამ ფეხბურთია, გუნდი ცოცხალი ორგანიზმია, ვიღაც მიდის და მის ნაცვლად სხვა მოდის, ეს ჩვეულებრივი პროცესია. მადლობა მინდა გილმორს გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის, მასთან არ მომიწია მუშაობა, მაგრამ ჩემი აზრით ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი იყო. გვყავს გუნდში ფეხბურთელები, რომლებიც მას შეცვლიან.

    - წყალტუბოში სტადიონის განახლება მიმდინარეობს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ სად ივარჯიშებს გუნდი და სტადიონზე სამუშაოების დასრულებამდე სახლის თამაშებს სად ჩაატარებთ?

    - მიხარია, რომ წყალტუბოს ,,სამგურალს" კარგი მოედანი ექნება და საშინაო მატჩებს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. გუნდის წარმატებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
    მოედნის გაკეთებამდე სად გავმართავთ სახლის თამაშებს, სიმართლე გითხრათ, ამის თაობაზე არა ვართ ჩამოყალიბებული. სავარაუდოდ, რამდენიმე შეხვედრას ზესტაფონში ჩავატარებთ, მალე კი ახალი სავარჯიშო და სათამაშო მოედნები გვექნება და წყალტუბოში დავბრუნდებით.
    ქომაგზეც მინდა ვთქვა, ,,სამგურალს" მაგარი და ერთგული გულშემატკივრები ჰყავს, მათი ძალიან მეიმედება. დარწმუნებული ვარ, გვერდით დაგვიდგებიან, როგორც სახლის თამაშებზე, ასევე, გასვლით შეხვედრებში. გულშემატკივრების მხარდაჭერა წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მე ყოველთვის მზად ვიქნები მათთან კომუნიკაციისთვის, მინდა რომ, გვერდში დავუდგე მათ, გავიზიარო მათი აზრები და მოვისმინო მათი გულისტკივილი. გულშემატკივრები გუნდის განუყოფელი ნაწილი არიან და მათი აქტიური მხარდაჭერით ,,სამგურალი" კიდევ უფრო ბრძოლისუნარიანი იქნება.скачать dle 11.3