ინტერვიუ დავით მაისაშვილთან
წარმატებას მხოლოდ ერთობით, მონდომებით და შრომის უნარიანობით მივაღწევთ!
33 წლის დავით მაისაშვილი ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ცენტრალური მცველია. ,,მაისა" ,,სამგურალში" გასულ სეზონში გამოჩნდა და 29 შეხვედრაში ითამაშა. მის ანგარიშზე წინა ჩემპიონატში სამი გატანილი გოლია. გამოცდილი უკანახაზელი ჩვენი გუნდის ღირსებას მომავალ სეზონშიც დაიცავს, ის გუნდთან ერთად ანტალიაში აქტიურად ემზადება და დარწმუნებულია, რომ ,,სამგურალი" წლეულსაც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
- დავით, როგორ შეაფასებ შეკრების პირველ ეტაპს, როგორ კონდიციებშია გუნდი?- შეკრება ნაყოფიერად მიმდინარეობს. ვარჯიშების დაწყების პირველივე დღიდან, ძირითადად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე მიდის მუშაობა. ამას თურქეთში ტაქტიკური და ტექნიკური სავარჯიშოებიც დაემატა. ანტალიაში ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ კარგად მოვემზადოთ. ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიხარჯოთ და ეს მნიშვნელოვანი ეტაპი კარგად გამოვიყენოთ. 28 იანვარს ამხანაგური მატჩი გვაქვს ბულგარეთის რანგით მეორე დივიზიონის ,,მონტანასთან". მეორე შეკრებაზე კი, რომელიც 1 თებერვლიდან დაიწყება, 6 საკონტროლო მატჩს ჩავატარებთ. შევეცდებით ეს მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერად გამოვიყენოთ და ახალ საფეხბურთო სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდეთ.
- ახალ საფეხბურთო სეზონს, ახალი მთავარი მწვრთნელით შეხვდებით. რას იტყვი, გიორგი ჭელიძის სამწვრთნელო შტაბსა და მის საფეხბურთო მიდგომებზე?
- ყველა მწვრთნელს თავისი შეხედულება, ტაქტიკური მონახაზი და საფეხბურთო ფილოსოფია აქვს. გიორგი ჭელიძე წინამორბედისგან განსხვავებულ ფეხბურთს ითხოვს, აქცენტს უფრო ბურთის ფლობაზე და შეტევაზე აკეთებს.ფეხბურთელებიც მაქსიმალურად ვცდილობთ, მწვრთნელის დავალებების შესრულებას. სწორედ ამისთვის არის შეკრება, რომ ერთმანეთს კარგად შევეწყოთ, მაქსიმალურად გავიგოთ მისი ფილოსოფია და შემდეგ თამაშის დროს კარგად გამოვიყენოთ. დანარჩენი უკვე უშუალოდ მატჩებში გამოჩნდება, როგორ გადავიტანთ ამ ყველაფერს მოედანზე. იმედი მაქვს და მჯერა, რომ დავალებებს კარგად გავართმევთ თავს. დიდი ხანია ერთად მოვდივართ, შეკრული გუნდი ვართ, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და ვთვლი, რომ, არ გაგვიჭირდება და ამ ყველაფრისთვის ალღოს აღება.
- ერთი წელიწადია წყალტუბოს ,,სამგურალში" თამაშობ. შარშან ძალიან დრამატული სეზონი გქონდათ და მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგაკლდათ ევროტურნირების საგზურამდე...- ეროვნულ ლიგაში თამაშის საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა, ბევრ გუნდში მითამაშია და შემიძლია ვთქვა, რომ ,,სამგურალში" ძალიან კარგი გარემო დამხვდა. წყალტუბოში ჩამოსვლის პირველივე დღიდან ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი ამ გუნდში. ადაპტაცია არ გამჭირვებია. გულშემატკივრისგანაც ვგრძნობდი მხარდაჭერას და მადლობა მინდა მათ გვერდით დგომისთვის გადავუხადო. გული მწყდება, ჩვენი ქომაგის გახარება რომ ვერ შევძელით, არადა, რა ახლოს ვიყავით მიზანთან... შარშან ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ, კარგი გუნდი გვყავდა, რაც კლუბის ხელმძღვანელობის, გიორგი მიქაძის სამწვრთნელო შტაბისა და მთლიანად გუნდის დამსახურება იყო. ევროტურნირების საგზურის მოპოვებამდე ცოტა დაგვაკლდა, რამაც, გული ყველას დაგვწყვიტა. თუმცა ასეთი განსაცდელი უფრო უნდა აძლიერებდეს ფეხბურთელს, არ უნდა დანებდე, უფრო უნდა გაძლიერდე და მიზნისთვის იბრძოლო. მჯერა, რაც შარშან დაგვაკლდა - წლეულს უნდა შევძლოთ. მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავიღოთ, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, ჩვენს თავებსაც უნდა გადავახტეთ, წარმატებას მხოლოდ ერთობით, მონდომებით და შრომის უნარიანობით მივაღწევთ.
- ალბათ, ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, როცა ბოლომდე ხარ მისული და ერთი კონკრეტული თამაშის წაგებით მთელი სეზონის მონდომება ,,წყალში იყრება"...- ჩემპიონატი კარგად დავიწყეთ, კარგად ვთამაშობდით, იყო ჩავარდნებიც, მაგრამ ბოლო მატჩამდე სამეულში ვიყავით. ბოლო ოთხი თამაშიდან ფაქტობრივად ყველა ფინალის ტოლფასი იყო. გადამწყვეტი თამაში ,,ტორპედოსთან", სტუმრად ჩატარებული მატჩი ბათუმის ,,დინამოს", რომელმაც ჩემპიონის ბედი გადაწყვიტა. ასევე საჩემპიონო იყო თბილისის ,,დინამოსთვის" წყალტუბოში გამართული შეხვედრა. ამ თამაშებმა დიდი ძალები და ემოციები წაიღო, ბოლო თამაშზე ბრძოლისუნარიანობა დაგვაკლდა. თუმცა, ვთვლი, რომ ,,დილასთანაც" გვქონდა შანსი. ასეთ მატჩებში 10 მომენტი არ შეგექმნება. პირველი ტაიმის მიწურულს, როცა მინიმალური სხვაობით (0:1) ვაგებდით, რეალური საგოლე შანსი გვქონდა და რომ გამოგვეყენებინა შესაძლებელი იყო, თამაში სულ სხვანაირად წარმართულიყო. ანალოგიურად, მეორე ტაიმის დასაწყისშიც გვქონდა კარგი მომენტი და ვერ გამოვიყენეთ. ჩემთვის ორმაგად მტკივნეული იყო ეს მარცხი...გორის ,,დილასთან" არანაირი წყენა არა მაქვს, მაგრამ სპორტული პრინციპიდან გამომდინარე, ყოფილი კლუბის წინააღმდეგ განსაკუთრებულად მინდოდა გამარჯვება. მაგრამ, რას ვიზამთ, ფეხბურთია... ასეთი მარცხი ცხოვრებაში კიდევ უფრო მაძლიერებს, უფრო მიზან დასახულს და უფრო შრომის მოყვარეს მხდის.
მაინც ვფიქრობ, რომ შარშანდელი სეზონი ჩვენთვის წარმატებული იყო. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ერთ წელიწადში თამასა მაღლა ავწიეთ და გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოვიყალიბეთ. ამას წლები სჭირდება ხოლმე, მაგრამ ჩვენ ეს მოკლე დროში გავაკეთეთ. ეს გამარჯვებულის ხასიათი ამ სეზონშიც უნდა გადავიტანოთ და ეს ჩემპიონატი კარგად უნდა დავასრულოთ.
-საქართველოს ჩემპიონატზე რას იტყვი?[/b]
- საქართველოს ჩემპიონატი არ არის მარტივი პირველობა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. აქ ისეთი ლეგიონერები და ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები ჩამოსულან, რომლებსაც საკმაოდ კარგ დონეზე ჰქონდათ ნათამაშები, მაგრამ ბევრს გასჭირვებია ფეხის მოკიდება. საქართველოს ჩემპიონატს თავისი სპეციფიკა აქვს, ვფიქრობ სისწრაფეები და ტაქტიკური მხარეც უფრო გაუმჯობესებულია. სტადიონებიც კეთდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოწესრიგებულ მოედნებზე თამაში ჩემპიონატს უფრო გაალამაზებს, უფრო დაძაბულს და სანახაობრივს გახდის.
[b]-სამწუხაროდ, ქართული გუნდები წლებია ევროტურნირებზე საწყის ეტაპებს ვერ ცდებიან, თუ ჩემპიონატის დონე აწეულია, მაშ რას უნდა დავაბრალოთ ქართული გუნდების წარუმატებლობა?- ფაქტია, ევროტურნირებზე არ არის ის შედეგი, რასაც ვისურვებდით. ამას ბევრი მიზეზი აქვს, წამყვანი ფეხბურთელების წასვლა გუნდებიდან, ევროტურნირების წინ მნიშვნელოვანი ცვლილებები და ბევრი სხვა რამ. თუმცა, წლეულს ბათუმის ,,დინამოს" ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, ,,სლოვანი" რომ ჩამოეცილებინა, შეიძლება ჯგუფშიც შესულიყო. სულ რაღაც მცირედი გვაკლდება. ალბათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. წარმატების მისაღწევად მეტის გაღეებაა საჭირო. პატარა, არასაფეხბურთო ქვეყნების მაგალითი ავიღოთ, საკლუბო ფეხბურთში ფული ჩადეს, სწორი მიმართულებით მიდიან და შედეგებიც აქვთ. ჩვენც რაღაც გეგმა უნდა შევიმუშავოთ და სწორი მიმართულებით ვიაროთ და ქართული საკლუბო ფეხბურთიც უფრო განვითარდება.
ალბათ, მაინც ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული.
რა თქმა უნდა, ,,ყარაბახის" მაგალითზე გეტყვით, სადაც ჩემი მეგობარი ლუკა გუგეშაშვილი თამაშობს. ამ გუნდში ძალიან დიდი ფინანსები ჩაიდო, ძლიერი ლეგიონერების ჩამოყვანამ კარგი შედეგი გამოიღო და მოგეხსენებათ, ბოლო წლებია ჯგუფურ ეტაპზე ყოველწლიურად თამაშობს. ასე რომ, საბოლოო ჯამში ისევ ფინანსებთან მივდივართ...
მჯერა, რომ წლეულს ძლიერი ჩემპიონატი იქნება. ,,ტორპედო" ძლიერდება. ბათუმის და თბილისის ,,დინამოები" თავისთავად ტრადიციულად ძლიერი კლუბებია, კვლავ ამბიციური მიზნები აქვს გორის ,,დილას" და ჩვენც კარგი გუნდი გვეყოლება...ეროვნულ ლიგაში რაც უფრო მეტი კონკურენცია და დაძაბულობა იქნება, ჩემპიონატის დონეც უფრო აიწევს. სწორედ ასეთ ვითარებაში იზრდება ფეხბურთელი და შედეგიც ამ დროს მოდის.
скачать dle 11.3