ვეცდებით, გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოვიყალიბოთ » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ვეცდებით, გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოვიყალიბოთ
  • ინტერვიუ ომარ პატარკაციშვილთან

    ვეცდებით, გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოვიყალიბოთ

    ომარ პატარკაციშვილი ,,სამგურალში“ 2020 წლიდან თამაშობს და ამ ხნის მანძილზე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად, მას შეტევებში ჩართვა და გოლების გატანაც კარგად გამოსდის. გასულ სეზონში პატარკაციშვილმა მეტოქეთა კარში სამი გოლი გაიტანა, რაც ცენტრალური მცველისთვის მშვენიერი მაჩვენებელია. ,,ბუბუ“ ახლა გუნდთან ერთად ანტალიაში, ახალი საფეხბურთო სეზონისთვის ემზადება, მას სწორედ თურქულ შეკრებაზე ვესაუბრეთ.


    - როგორ მიდის მზადების პროცესი,  რამდენად რთულია ეს პერიოდი ფეხბურთელისთვის?


    - მზადების პროცესი ძალიან კარგად მიდის, პირველი შეკრებაა და ძლიერი დატვირთვების ფონზე გვიწევს ვარჯიში. საკმაოდ რთული პერიოდია, მაგრამ , ყველანაირი პირობა გვაქვს  იმისთვის რომ, ვარჯიშებს შორის ძალები კარგად აღვიდგინოთ.  რაც მთავარია,  შეკრება სერიოზული ტრავმების გარეშე მიდის და ყველა ფეხბურთელი მწყობრშია.

    - სეზონის წინ  გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი დაინიშნა, რა შეიცვალა გიორგი ჭელიძის  მოსვლის შემდეგ, ვარჯიშების დროს, ძირითადად რაზე კეთდება აქცენტი ?

    - როდესაც ახალი მწვრთნელი მოდის, ყოველთვის არის ცვლილებები. ყველა ინდივიდუალურია და აქვს თავისი ხედვა. გიორგი ცდილობს, გასულ წელს რა ასპექტშიც კარგები ვიყავით, ის შეგვინარჩუნოს და დავამატოთ ახალი დეტალები, რაც,  წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება. ამ ეტაპზე, ძირითადი აქცენტები ბურთის კონტროლზე და სწრაფ თამაშზე კეთდება.

    - გუნდს რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაემატა, შეთამაშების პროცესი როგორ მიმდინარეობს და როგორი განწყობაა გუნდში?

    -  ძალიან კარგი, პერსპექტიული ფეხბურთელები დაგვემატნენ, რომლებიც აუცილებლად გაგვაძლიერებენ. ვფიქრობ,  შეთამაშების პროცესი კარგად მიდის, ყველა მონდომებულია და ადაპტაციის გავლაში  ჩვენც მაქსიმალურად ვეხმარებით.  გუნდში ძალიან კარგი განწყობაა.

    - ანტალიაში რამდენიმე ამხანაგური მატჩი გაქვთ დაგეგმილი, რას იტყვი მეტოქეებზე, როგორ სპარინგებს ელოდებით?


    - ჯერჯერობით ყველა მეტოქის ვინაობა არაა ცნობილი, მაგრამ რაც ვიცით, საკმაოდ ძლიერი გუნდები არიან და კარგი სპარინგები უნდა გამოვიდეს. საკონტროლო შეხვედრები დაგვეხმარება გავიგოთ, თუ რა დონეზე ვიმყოფებით, რაში ვართ ძლიერები და რა ნიუანსები გვაქვს გასაუმჯობესებელი.  

    - შეკრებაზე მთავარი ფიზიკური მომზადება, ტაქტიკური და ტექნიკური ნიუანსების დახვეწაა, თუმცა გულშემატკივრები სპარინგ მატჩებშიც გამარჯვებას ელოდებიან. თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ამხანაგური მატჩების შედეგები?

    - რა თქმა უნდა, შეკრებაზე მთავარი ის არის, რომ სეზონისთვის კარგად მოემზადო, მაგრამ, როდესაც სათამაშოდ გადიხარ, ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია შედეგიც.  ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ და ვეცდებით გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოვიყალიბოთ.

    - გასულ წელს ,,სამგურალს“ ერთი ნაბიჯი დააკლდა სამეულამდე და შესაბამისად, ევროტურნირებამდე.  ჯერ ალბათ, ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ წლეულს რა მოლოდინები გაქვს? 

    - ნამდვილად, შარშან ძალიან ცოტა დაგვაკლდა  მიზნის მიღწევამდე, მაგრამ რაც მთავარია, გუნდი განაგრძობს განვითარებას.  საკმაოდ გავძლიერდით და აუცილებლად ვიბრძოლებთ მაღალი მიზნებისთვის, როგორც ჩემპიონატში ასევე, დავით ყიფიანის სახელობის თასზე. აღსანიშნავია, რომ სხვა გუნდებიც საკმაოდ გაძლიერდნენ და ვფიქრობ, წინ საინტერესო სეზონი გველოდება.




    скачать dle 11.3