ვფიქრობ, ძლიერი გუნდი გვეყოლება და მაინც მივაღწევთ იმ მიზანს რაც ყველას ძალიან გვინდა
გასულ ჩემპიონატში მიხეილ ბაშელეიშვილი ,,სამგურალის" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. 25 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ჩვენი გუნდის მაისურით ეროვნულ ლიგაში 31 შეხვედრა ჩაატარა 3 გოლთან ერთად, სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ამჟამად, მიშო ,,სამგურალთან" ერთად ანტალიაში იმყოფება, სადაც გუნდი სეზონის წინა მოსამზადებელ შეკრებას გადის. მას გასულ სეზონზე, თურქულ შეკრებასა და სამომავლო მიზნებზე ვესაუბრეთ.- პირველ რიგში განვლილ სეზონზე ვისაუბროთ. ბოლო ტურებამდე სამეულში იყავით და ევროტურნირებზე გასვლის რეალური შანსი გქონდათ, შენი აზრით რა დააკლდა გუნდს ამ მიზნის მისაღწევად?
- მართლაც, ყველაფერი კარგად მიდიოდა, გვქონდა პატარ-პატარა ჩავარდნები, მაგრამ, საბოლოო ჯამში ძლიერი გუნდი გვყავდა, მთელი სეზონი სამეულში ვიყავით და მიზნამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა. სამწუხაროდ, ევროტურნირებზე გასვლა ვერ მოვახერხეთ. არადა, ამის რეალური შესაძლებლობა გვქონდა. ჩემი აზრით, ბოლო თამაშებში ძალიან დიდი ენერგია დავხარჯეთ და გორის ,,დილასთან" გადამწყვეტ მატჩს გამოფიტულები შევხვდით. ალბათ, ცოტა იღბალიც დაგვაკლდა.
-
,,სამგურალში" პირველი სეზონი ჩაატარე და რა შეგიძლია თქვა ჩვენი გუნდის შესახებ?- ,,სამგურალში" პირველი სეზონი იყო და შემიძლია ვთქვა, რომ, ყველას ერთი მიზანი გვაერთიანებდა, ყველა მაქსიმუმს აკეთებდა გუნდისთვის და ქალაქისთვის. თავიდან ჩვენგან ასეთ ასპარეზობას არავინ ელოდა, მაგრამ, ვფიქრობ, ერთიანობამ მოგვცა იმის შესაძლებლობა რომ, განვლილი სეზონი სტაბილურად ჩაგვეტარებინა.
- გასულ სეზონში სამგურალმა არაერთი კარგი მატჩი ჩაატარა და ნეიტრალური გულშემატკივრების სიყვარულიც დაიმსახურა. შენ რომელ შეხვედრას გამოარჩევდი?- ბევრი თამაშის გახსენება შეიძლება, თუმცა... ჩემი აზრით, ბათუმის ,,დინამოსთან" ორი გასვლითი შეხვედრა ყველაზე გამორჩეული იყო.
- გასულ ჩემპიონატში შენს ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, რაც საყრდენი ნახევარმცველისთვის, რომელსაც ძირითადად ჩაშლა ევალება, ურიგო შედეგი არ არის.პირადად შენთვის, რომელი იყო ყველაზე ემოციური გოლი და მომენტი?[/b]
- ჩამშლელისთვის არ არის ურიგო სტატისტიკა, მაგრამ, ჩემთვის მთავარი იყო, გუნდს მიეღწია დასახული მიზნისთვის. რაც შეეხება, ყველაზე ემოციურ გოლს, ჩემთვის ყველა გოლი ძალიან მნიშვნელოვანია და კონკრეტულად რომელიმეს ვერ გამოვყოფ.
- სეზონის წინ გუნდში ცვლილებები მოხდა, რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა, გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, როგორ ფიქრობ, წლეულს რა მიზნებისთვის იბრძოლებთ? - ახალი მთავარი მწვრთნელი გვყავს, გიორგი ჭელიძე, რომელსაც თავისი ხედვები აქვს. პირველივე დღიდან ვცდილობთ მისი დავალებების მაქსიმალურად კარგად შესრულებას, რომ სეზონის სტარტს კარგად მომზადებული შევხვდეთ.
გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა, მოვიდნენ ახლები. შეთამაშების პროცესში ვართ, ვფიქრობ, წლეულსაც ძლიერი გუნდი გვეყოლება... აუცილებლად ვიბრძოლებთ ევროტურნირებისთვის და მაინც მივაღწევთ იმ მიზანს რაც ყველას ძალიან გვინდა.
- გუნდი ახალი სეზონისთვის ემზადება, როგორ მიდის მზადების პროცესი, ამჟამად რა ეტაპზე ხართ?- ხუთი დღეა რაც თურქულ შეკრებაზე ვართ, გავდივართ მოსამზადებელი ეტაპის პირველ ნაწილს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა მონდომებულია, რაც საბოლოო ჯამში, გუნდში კარგ განწყობას ქმნის.
- ძირითადად რას ექცევა ყურადღება პირველ შეკრებაზე, ერთ თვიანი შესვენების შემდეგ ხომ არ გიჭირთ კონდიციების აღდგენა?- პირველ შეკრებაზე აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე და ტაქტიკურ სამუშაოებზე კეთდება. ერთ თვიანი შესვენების მიუხედავად გუნდი სავარჯიშო პროცესს კარგ კონდიციებში დაუბრუნდა. მოცემული გვქონდა პროგრამა, რომელსაც დასვენების პარალელურად გავდიოდით და შეკრების პირველ ეტაპს მზად შევხვდით.
- რა მოლოდინები გაქვს მომავალ ჩემპიონატში, როგორ პირველობას ელოდები?- ჩემი აზრით, ისევე როგორც წინა წელს, ახლაც საინტერესო ჩემპიონატი იქნება. ყველა გუნდი იბრძოლებს და მარტივად ვერავის დაამარცხებ. თუმცა, ჩვენ, ჩვენი მიზნები გვაქვს და მას ბოლომდე უნდა მივყვეთ.
-უკვე წლებია სტაბილურად თამაშობ ეროვნულ ლიგაში, ახლა ისეთი ტენდენციაა, ეროვნულ ნაკრებში ჩვენი ლიგის გამორჩეულ ფეხბურთელებს შანსი ეძლევათ, თუნდაც სამგურალის მეკარის ლევან შოვნაძის მიწვევა გავიხსენოთ, ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ეროვნულ გუნდში თამაში და ალბათ გამონაკლისი შენც არ იქნები...- ნაკრების თავკაცი ვილი სანიოლი ეროვნული ლიგის ფეხბურთელებს ნაკრებში თავის გამოჩენის საშუალებას აძლევს, რაც ყველასთვის დიდი მოტივაციაა. რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების ფორმით თამაში ბავშვობიდანვე ჩემი ოცნება და მიზანი იყო.
- წყალტუბოს როგორ შეეწყვე, თბილისიდან შორს არ გიჭირს ცხოვრება? - საერთოდ არ გამჭირვებია, იოლად შევეჩვიე აქაურ გარემოს. თავისუფალ დროს ბიჭები ერთად ვატარებ ხოლმე. მეგობრული გარემოა. წინა სეზონში გულშემატკივრის გვერდით დგომას ყოველთვის ვგრძნობდით და მინდა მათ მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, კარგი იქნება რომ უფრო მეტი მაყურებელი მოვიდეს სტადიონზე, მაგრამ, მთავარია, ვისაც გუნდი უყვარს ის ხალხი იყოს ჩვენს გვერდით.
- საინტერესოა რომელი გუნდი მოგწონს, ვის გამოარჩევდი შენს პოზიციაზე და რომელ საფეხბურთო ჩემპიონატში ითამაშებდი?- მადრიდის ,,რეალი" არის ყველაზე დიდი კლუბი ისტორიაში.
ჩემს პოზიციას რაც შეეხება, ბევრი კარგი მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, ლუკა მოდრიჩი ყველასგან განსხვავებული და ძლიერია. ჩემპიონატებიდან ინგლისის პრემიელ ლიგა მომწონს, უძლიერესი ჩემპიონატია.
скачать dle 11.3