მწვრთნელის ნდობამ მოტივაცია და სტიმული შემმატა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მწვრთნელის ნდობამ მოტივაცია და სტიმული შემმატა
  • ინტერვიუ დემურ ჩიხლაძესთან
    მწვრთნელის ნდობამ მოტივაცია და სტიმული შემმატა ...

    ... შეიძლება ოცნება რეალობად იქცეს, შეუძლებელი არაფერია!




    წყალტუბოს ,,სამგურალის" 25 წლის ნახევარმცველს დემურ ჩიხლაძეს წლეულს ერთ – ერთი გამორჩეული სეზონი აქვს. ჩვენი კლუბის ცენტრალურმა ნახევარმცველმა მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ეტაპზე 5 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩიხლაძე საინტერესო, შემოქმედებითი სტილის ფეხბურთელია, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ,,სამგურალში" ერთ–ერთი საკვანძო ფიგურაა, თუმცა თავად მიაჩნია, რომ ჩვენი გუნდის წარმატების მთავარი საიდუმლო არა ფეხბურთელების ინდივიდუალიზმში, არამედ გუნდურ სულისკვეთებაში მდგომარეობს.  

    ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად დემურ ჩიხლაძე ერთ–ერთი ყველაზე ,,სტაჟიანი" სამგურალელია. ჩვენს კლუბში საერთო ჯამში ხუთი სეზონი აქვს გატარებული და მისი ახლოს გაცნობა ალბათ, გულშემატკივრებისთვისაც საინტერესო იქნება.



    – დემურ, თავდაპირველად გვიამბე როდის დაინტერესდი ფეხბურთით,  სპორტის სხვა სახეობაშიც ხომ არ გიცდია ძალები და როგორ ჩამოყალიბდი პროფესიონალ ფეხბურთელად? 

    – პატარაობიდანვე ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, სპორტის სხვა სახეობაზე არც მიფიქრია. ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში –  ქუთაისში, საფეხბურთო სკოლა ,,იმედში" დავიწყე, საიდანაც მალევე  ,,ტორპედოს" ასაკობრივ გუნდში გადავედი. სხვათა შორის, თავიდანვე ცენტრალურ ნახევარმცველად ვთამაშობდი. ,,ტორპედოში" ჩემი მწვრთნელი  ალეკო კვერნაძე იყო. მასთან 14 წლამდე ვითამაშე.  ჭაბუკთა ლიგაზე ასპარეზობისას  თბილისის ,,დინამოს" სელექციონერებმა 4 ფეხბურთელი შეგვარჩიეს და  აკადემიაში მიგვიწვიეს.  18 წლის ასაკში თბილისის ,,ლოკომოტივში" გადავედი. ჩემი პროფესიული კარიერაც იქ დაიწყო. ,,რკინიგზელებთან" ერთად ჯერ პირველ ლიგაში ვითამაშე, ნახევარი წლის შემდგ  კი უმაღლეს ლიგაში მქონდა დებიუტი.

    – უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს  როგორ გაიხსენებ?


    – პირველი ტურის შეხვედრაში შეცვლაზე შევედი, შემდეგ  ლანჩხუთის ,,გურიასთან"  ძირითად შემადგენლობაში მოვხვდი და ეფექტური გოლიც გავიტანე. თამაშის საშუალება მეძლეოდა და  ,,ლოკომოტივში" კარგი გამოცდილება მივიღე. სხვათა შორის, მაშინ თბილისურ გუნდში მამია გავაშელიშვილი და ომარ პატარკაციშვილი თამაშობდნენ, რომლებიც დღეს ,,სამგურალშიც" ჩემი თანაგუნდელები არიან.

    – ,,ლოკომოტივიდან" წყალტუბოს ,,სამგურალში" აღმოჩნდი და შენს კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო...

    – წყალტუბოს ,,სამგურალში" ორი სეზონი გავატარე. გარდამავალ ჩემპიონატში მეორე ადგილი დავიკავეთ. ის პერიოდი იყო, როცა ეროვნული ლიგა შეიქმნა და აღნიშნულ სეზონში უმაღლეს ლიგაში არცერთი გუნდი არ დაწინაურებულა. ,,სამგურალმა" ეროვნულ ლიგა 2–ში თამაშის უფლება მოიპოვა და მომდევნო სეზონში მე–4 ადგილზე გავედით.  პლეი–ოფში  მოხვედრის შანსიც გვქონდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ვერ მოვახერხეთ.

    – მომდევნო ორი სეზონი საჩხერის ,,ჩიხურაში" გაატარე, სადაც ევროთასებზე თამაშის გამოცდილებაც მიიღე...


    – საჩხერეში გატარებული პერიოდი ერთ–ერთი გამორჩეული იყო ჩემს კარიერაში. მებრძოლი გუნდი გვყავდა და ევროთასებზეც საკმაოდ კარგად  გამოვედით.   იქ თამაშით დიდი გამოცდილება მივიღე.

    – საჩხერედან კვლავ წყალტუბოს ,,სამგურალში" დაბრუნდი.  უმაღლესი ლიგაში თამაშს  –  ეროვნული ლიგა 2–ში თამაში  ,,ამჯობინე" . ეს გადაწყვეტილება რამ განაპირობა?

    – ,,სამგურალში" ბევრი მეგობარი მყავდა, აქაურ გარემოს კარგად ვიცნობდი. თანაც,  გუნდს ახალი სპონსორის ხელში ამბიციები გაუჩნდა, რაც გადაწყვეტილების მიღებისას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ,,სამგურალში" დაბრუნებით – სწორი ნაბიჯი გადავდგი. ეროვნული ლიგაში გადავედით და ზედიზედ ორჯერ ვითამაშეთ თასის ფინალში. სამწუხაროდ, თასი ვერ ავიღეთ, რამაც გული ძალიან დაგვწყვიტა, თუმცა, გუნდი პროგრესს განაგრძობს. გასულ წელს თუ ეროვნულ ლიგაში დარჩენა იყო ჩვენი მიზანი, წლეულს სხვა ამბიციები გვაქვს და ლიდერთა შორის ვართ.  

    – ჩემპიონატის სტარტი არ იყო იდეალური, თუმცა შემდეგ გუნდის თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ,,სამგურალი" კარგა ხანს დაუმარცხებლად მიიწევდა ჩემპიონატში და პირველი ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა. საწყისი ტურების შემდეგ რამდენად მოსალოდნელი იყო ეს შედეგი?

    – სეზონის წინ გუნდი მნიშვნელოვნად გადახალისდა, ახალი მთავარი მწვრთნელი დაინიშნა, ბევრი რამ შეიცვალა.  შეთამაშებას და ასე რომ ვთქვათ, გუნდის დალაგებას  დრო სჭირდება. ცუდად საწყის ტურებშიც არ გვითამაშია. იყო მატჩები, რომლებშიც არ გაგვიმართლა. მაგალითად ,,გაგრასთან" ზესტაფონში გამართული თამაშში. შეხვედრას ვიგებდით, უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ  ისეთ ეპიზოდში დაგვიდეს პენალტი,  სადაც წესების დარღვევა საერთოდ არ იყო.  მესმის, რომ ადამიანური ფაქტორია და ყველა ცდება, მაგრამ ჩვენ  მნიშვნელოვანი  ქულები დავკარგეთ. 

      მთავარია, მალევე ვიპოვეთ  ჩვენი თამაში, ზედიზედ ექვსი შეხვედრა მოვიგეთ,  გუნდს გამარჯვებულის ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდა და  ფეხბურთელებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს. ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ, ბოლომდე ვიხარჯებით და შედეგიც სახეზეა.

    – წლეულს  პირადად შენთვისაც წარმატებული სეზონია. გასულ ტურებში  5 გოლი გაიტანე და 5 საგოლე გადაცემა გააკეთე. გასულ წელს თუ შევადარებთ საგრძნობლად მომატებული გაქვს, თანაც თითქოს უფრო თავისუფლად და ლაღად თამაშობ. რამ განაპირობა ეს პროგრესი?

    –  ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მწვრთნელი ნდობას უცხადებს და თავის გამოჩენის შესაძლებლობას აძლევს.  ამან მეტი სტიმული და მოტივაცია მომცა, ყველანაირად ვცდილობ, რომ მწვრთნელების  ნდობა გავამართლო.  ბევრს ვმუშაობ, რომ გუნდს კიდევ უფრო გამოვადგე. მადლობა მწვრთნელებს ნდობისთვის და  თანაგუნდელებს მხარდაჭერისთვის, ფეხბურთი გუნდური სპორტია და მათ გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი.

    – ბევრჯერ ითქვა, რომ სამგურალის წარმატების მთავარი საიდუმლოდ გუნდურობა. შენც ასე ფიქრობ?

    – რა თქმა უნდა, ძალიან მეგობრული, ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართ. როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმაც. ეს ჩვენს თამაშშიც იგრძნობა.  ,,სამგურალი" კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელის კარგ თამაშზე არ არის დამოკიდებული, ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ.  ჩვენს მიერ გატანილ გოლებსაც რომ გადახედოთ, მეკარის გარდა ყველა პოზიციის ფეხბურთელს აქვს გატანილი გოლი. მნიშვნელოვანია გულშემატკივრის ფაქტორიც. ჩვენს სტადიონზე დაბრუნების შემდეგ თითქმის ყველა საშინაო მატჩი მოვიგეთ, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოდის ჩვენს საქომაგოდ და ეს ძალას კიდევ უფრო გვმატებს.

    – რომელი იყო შენს  კარიერაში  ყველაზე გამორჩეული შეხვედრა?

    – წლეულს ბათუმის ,,დინამოსთან" ფრედ 4:4 დასრულებული შეხვედრა. ისეთი სანახაობრივი მატჩი  იყო ევროპის წამყვან ჩემპიონატებსაც რომ დაამშვენებდა.   მეორე დღეს ქუჩაში რომ გავედით ყველა ამ თამაშზე საუბრობდა.  სრულიად უცხო ადამიანებს ვუსმენდით და ძალიან გვიხაროდა, რომ ჩვენც ამ მატჩის მონაწილეები ვიყავი. თამამად ვიტყვი, რომ ბათუმის ,,დინამოსთან" მატჩი დინამიურობით, დაძაბულობით და სანახაობრივი თვალსაზრისით  სეზონის თამაში იყო. რაც ბათუმში ხდებოდა ეს გულშემატკივრისთვისაც და ფეხბურთელისთვისაც  საფეხბურთო ზეიმი გახლდათ. ვისურვებდი, რომ ყველა სტადიონზე  ასეთი საფეხბურთო გარემო იყოს. 

    – მიმდინარე სეზონში  ,,სამგურალი" ევროთასებს უმიზნებს, როგორ ფიქრობთ, არის გუნდი მზად ამ დიდი გამოწვევისთვის?


    – ვფიქრობ, ჩვენ ახლა უკეთ შეთამაშებული და ძლიერი გუნდი გვყავს.  ჩემპიონატის პირველი ეტაპი კარგად ჩავატარეთ, მესამე ადგილზე ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მინიმუმ ეს პოზიცია შევინარჩუნოთ. სეზონის განახლებისთვის თურქეთის მაღალმთიან კურორტზე  ერზრუმში ვემზადებით. კარგ მოედნებზე ვვარჯიშობთ, ძალიან კარგი ჰაერია, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე ვართ.  თავიდან ცოტა ფიზიკურად გაგვიჭირდა. თუმცა აკლიმატიზაციის გავლის შემდეგ ყველაფერი მწყობრში ჩადგა.  სავარჯიშო პროცესი კარგად მიმდინარეობს, კარგი განწყობაა და ვემზადებით სეზონის განახლებისთვის. ახალი ძალებით, ახალი შემართებით, რომ შევუდგეთ საქმეს და დასახულ მიზანს მივაღწიოთ.

    – შენს ოცნებაზეც გვითხარი...

    – ჩემი ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშია. მარტო ჩემთვის კი არა,  ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის,  ეროვნულ გუნდში გამოსვლა დიდი მიღწევაა. კარიერაში ყველაფერი ხდება, ზოგი ადრე ,,იხსნება", ზოგი გვიან... ახლა ისეთი ტენდენციაა, ეროვნული ჩემპიონატიდან ნაკრებში ხშირად იწვევენ ფეხბურთელებს და თავის გამოჩენის შესაძლებლობას აძლევენ.  იქნებ ისე აეწყოს ჩემი კარიერა,  ერთ ბედნიერ დღეს დამირეკონ და ნაკრებში გამომიძახონ... მართალია, ეს ოცნებაა, მაგრამ  შეუძლებელია არაფერია! ნაკრებში რომ მოვხვდე ძალიან ბედნიერი ადამიანი ვიქნები!


    скачать dle 11.3