მატჩი რომელიც არასდროს დაგვავიწყდება » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მატჩი რომელიც არასდროს დაგვავიწყდება

  • ბათუმის ,,დინამოსა" და ,,სამგურალის" ,,ბლოგბასტერს" თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ეროვნული ლიგის საუკეთესო მატჩი! გიჟური საღამო და 8 გატანილი გოლი!  თამაშის დაწყებამდე ამას ვინ წარმოიდგენდა?! ქვეყნის მოქმედი ჩემპიონისა და გათამაშების ლიდერის – ბათუმის ,,დინამოსთვის" მისსავე მოედანზე ოთხი გოლის გატანა და ასეთი გიჟური გარემოდან, თუნდაც, ქულის წამოღება ხუმრობა საქმე ხომ არ არის?! 


    რაც საქართველოს ჩემპიონატს ეროვნული ლიგა ეწოდა,  ამაზე მეტი გოლი ბათუმელებს მათსავე მოედანზე ( პირველ სეზონში  2017 წელს) ქუთაისის ,,ტორპედომ" გაუტანა (0:5), მაშინ ზღვისპირული გუნდი აუტსაიდერთა შორის იყო და იმ წელს ქვედა ლიგაშიც დაქვეითთდა.

    დღეს კი ბათუმის ,,დინამო" სხვა დონეზეა, ზღვისპირულ კლუბში საქართველოს ნაკრების არაერთი ლიდერი თამაშობს, მათ შორის ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია და ასეთ გუნდთან შესანიშნავ ფორმაში მყოფ ,,სამგურალს" დიდი გამოცდა ელოდა.

    გიორგი მიქაძის გუნდი ბათუმში შთამბეჭდავი სერიით ჩავიდა. ზედიზედ ექვსი მოგება, ცხრა მატჩიანი წაუგებელი სერია, ბოლო რვა შეხვედრაში გატანილი 14 და მხოლოდ ერთი გაშვებული გოლი, 15 დან 9 შეხვედრაში მშრალად შენახული კარი და მე–2, მე–3 ადგილები ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში.

    ,,აჭარაბეთ არენა" გადაჭედილი დახვდა გიორგი მიქაძის გუნდს... სასიამოვნო ამინდი, დიდებული სტადიონი, სავსე ტრიბუნები, ლამაზი პერფორმანსი ტრიბუნებზე... ამ საერთო სცენაში ჩვენი გუნდის ერთგული გულშემატკივრებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ, ბათუმის საფეხბურთო არენას ჩვენი კლუბის დროშებიც ამშვენებდა, გულშემატკივრები კი მთელი ძალით ცდილობდნენ თავიანთი ხმა და შეძახილები მიეწვდინათ ,,სამგურალის" ფეხბურთელებისთვის, გაემხნევებინათ ისინი და ეჩვენებინათ, რომ მარტო არ იყვნენ ტალღასავით  აზვირთული ტრიბუნების წინაშე.

    მოკლედ, ,,აჭარაბეთ არენაზე" ისეთი გარემო იყო შექმნილი, სწორედ ისეთი ფეხბურთი რომ დაამშვენებდა, რაც გუნდებმა შემოგვთავაზეს.

    საფეხბურთო ზეიმი გახსნილად ხვიჩა კვარაცხელიამ გამოაცხადა, როცა მე–7 წუთზე გრიგოლ ჩაბრაძის გადაცემა გამოიყენა და მასპინძლები სწრაფი გოლით დააწინაურა.

    ტრიბუნებზე ეს არავის გაჰკვირვებია, ,,სამგურალის" წარმატებული სერიის მიუხედავად ფავორიტად ბათუმის ,,დინამო"  მიიჩნეოდა და გოლი ყველამ მოვლენების ლოგიკურ დასაწყისად მიიღეს. თუმცა,  ასე არ ფიქრობდნენ გიორგი მიქაძე და მისი შეგირდები, ყველასათვის მოულოდნელად ,,სამგურალი" მასპინძლებს ღია, გახსნილ თამაშში აჰყვა და კარგი ფიზიკური მომზადებისა და სისწრაფეების ხარჯზე გამოთავისუფლებული სივრცეებიც შესანიშნავად გამოიყენა.

    წყალტუბოელებმა ორიოდე წუთში გაათანაბრეს ანგარიში, დემურ ჩიხლაძემ უზუსტესი გადაცემა გააკეთა შორეული ძელისკენ, სადაც ილია ახვლედიანმა შეირბინა და ლამაზი თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა.  

    საფეხბურთო შოუ გაგრძელდა და სამიოდე წუთში ბათუმლები კვლავ დაწინაურდნენ, ირაკლი აზაროვმა მოედნის სიღრმიდან შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ჯოვინო ფლამარიონს, მეკარესთან პირისპირ გასულმა ბრაზილიელმა კი გოლის გატანის  შანსი ხელიდან  არ გაუშვა.

    წყალტუბოელები ვერც ამ გოლმა ვერ გატეხა, გიორგი მიქაძის შეგირდები თამამად გადავიდნენ შეტევაში და ანგარიში 6 წუთში გაათანაბრეს. დემურ ჩიხლაძემ შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ჯეფინიოს და ,,სამგურალის" ბრაზილიელმა ლეგიონერმაც იდეალურად შეასრულა საგოლე დარტყმა 2:2

    წყალტუბოელებს მალე წინ გასვლაც შეეძლოთ, ილია ახვლედიანმა ქუსლით ოსტატური პასი გაუკეთა ჩიხლაძეს, დემიკომაც სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ბურთი ზემოდან დაეცა კარის ბადეს.

    28–ე წუთზე ლევან შოვნაძეს ხვიჩა კვარაცხელიას სახიფათო საჯარიმო დარტყმა მოგერია, ცოტა ხანში მან ჯიღაურის უზლიერესი დარტყმის შემდეგაც გადაარჩინა გოლისგან საკუთარი გუნდი.

    41–ე წუთზე ბათუმელები კიდევ ერთხელ გავიდნენ წინ, ფლამარიონის შესანიშნავი თამაშის შემდეგ გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა.

    ტაიმის მიწურულს წყალტუბოელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ კიკაბიძე მეკარის ბაქანთან კარგ გამჭოლ გადაცემას უკეთებდა ირაკლი რუხაძეს, თუმცა ჩვენი გუნდის საუკეთესო ბომბარდირს ჩაბრაძემ დაასწრო და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

    52–ე წუთზე შოვნაძემ კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მოიგერია. საპასუხო შეტევაში კი წყალტუბოელებმა ანგარიში გაათანაბრეს – ჩიხლაძემ კუთხურიდან მოაწოდა ბურთი, მიხეილ ბაშელეიშვილმა შორეულ ძელთან რუხაძის მისამართით ჩაჰკიდა ბურთი, რუხამ კი თავური დარტყმით კიდევ ერთხელ აღადგინა წონასწორობა.

    61–ე წუთზე ფლამარიონი გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ შესანიშნავად ითამაშა ლევან შოვნაძემ და ბრაზილიელს არ გაატანინა. 63–ე წუთზე კვარაცხელიას წინააღმდეგ წესების დარღვევისთვის ,,სამგურალის" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად ხვიჩამ შეასრულა და ეროვნულ ლიგაში მერვე გოლი გაიტანა.

    ,,სამგურალი" მარცხს არ შეეგუა და ,,დინამოს" საკმაოდ სახიფათოდ შეუტია, 81–ე წუთზე მასპინძელთა კართან არეულობა შეიქმნა, ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელს შეეძლო ბურთის კარში გადაგზავნა, მაგრამ ამ ეპიზოდში ,,დინამო" გადარჩა, თუმცა ,,სამგურალმა" ორიოდე წუთში კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში. შეცვლაზე შესულმა ნიკიტა სიმდიანკინმა იდეალურად მოაწოდა კუთხური, მისი ,,სტანდარტულის" შემდეგ კი ნიკა კალანდარიშვილმა მოხდენილი თავური დარტყმით ბათუმელთა კარში მეოთხე გოლი გაიტანა 4:4

    გაშვებული გოლის შემდეგ ,,დინამო" ოტათი დაიბნა და წყალტუბოელებს მათი დასჯა შეეძლოთ, ბათუმელებმა უკანა ხაზში შეცდომა დაუშვეს, კარი დატოვებული ჰქონდა კუპატაძესაც, თუმცა წყალტუბოელებმა ამჯერად ვერ შეძლეს გოლის გატანა.

    მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ბათუმლებსაც ჰქონდათ ერთი მწვავე მომენტი, გაფრინდაშვილი ურტყამდა ახლოდან, მაგრამ შოვნაძემ კიდევ ერთხელ განმუხტა სიტუაცია და მატჩიც ფრედ 4:4 დასრულდა.

    დინამო ბთ. – სამგურალი 4:4
    გოლები: 1:0 კვარაცხელია (7), 1:1 ახვლედიანი (9. ჩიხლაძის პასით), 2:1 ფლამარიონი (12), 2:2 ჯეფინიო (18.ჩიხლაძის პასით), 3:2 დავითაშვილი (41), 3:3 რუხაძე (54.ბაშელეიშვილის პასით), 4:3 კვარაცხელია (65), 4:4 კალანდარიშვილი (83. სიმდიანკინის პასით)

    25.05.2022. ბათუმი ,,აჭარაბეთ არენა"

    კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, მე–16 ტური

    სამგურალი: შოვნაძე, კიკაბიძე©, მაისაშვილი (46.ბურჯანაძე), ქურდაძე, კალანდარიშვილი, ბაშელეიშვილი გილმორი, ახვლედიანი (80.სიმდიანკინი), ჩიხლაძე (67.გავაშელიშვილი),  ჯეფინიო (89.ვერულიძე), რუხაძე (67.კუხიანიძე)

    სათადარიგოები: ქვილითაია, დევდარიანი,  გ.თევზაძე

    მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

    დინამო ბათუმი: კუპატაძე, ტეიდი, ჯიღაური (90+2 ფანცულაია), აზაროვი, რეხვიაშვილი, ალთუნაშვილი, კვარაცხელია (67.ბიძინაშვილი), კობახიძე (80.ფალავანდიშვილი), დავითაშვილი (67.გაფრინდაშვილი), ჩაბრაძე, ფლამარიონი
    სათადარიგოები: ალავიძე, ზარია, მამუჩაშვილი, ნავალოვსკი, რადინი
    მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

    გაფრთხილება: აზაროვი (70), კალანდარიშვილი (84), სიმდიანკინი (85)

    არბიტრი: გ.ყრუაშვილი

    скачать dle 11.3