იმერული დერბი სამგურალის შთამბეჭდავი გამარჯვებით » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
10 ნოემბერი, 14:30
სამგურალი
გაგრა
წინა მატჩი
1 ნოემბერი, 14:30
კოლხეთი1
სამგურალი1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
იმერული დერბი სამგურალის შთამბეჭდავი გამარჯვებით
  • წყალტუბოს ,,სამგურალი" შთამბეჭდავ სერიას განაგრძობს და ახალ ისტორიას წერს. გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა გუნდმა კრისტელბეთ ეროვნული ლიგის მე–15 ტურში ქუთაისის ,,ტორპედო" დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა, 29 ქულა დააგროვა და თბილისის ,,დინამოსთან" ერთად მეორე–მესამე ადგილს ინაწილებს.

    გიორგი მიქაძემ მართლაც, რომ შესანიშნავი, ერთ მუშტად შეკრული გუნდი ჩამოაყალიბა. ახალგაზრდა სპეციალისტის ხელში ყველა ფეხბურთელი უდიდეს სამუშაოს ასრულებს, ყველას ლიდერის ფუნქცია აქვს და ასეთი სულისკვეთებით წყალტუბოელები ეროვნული ლიგის ერთ–ერთ ლიდერად იქცნენ.

    ზედიზედ ექვსი მოგება, ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია, ბოლო რვა შეხვედრაში გატანილი 14 და მხოლოდ ერთი გაშვებული გოლი, 15 დან 9 შეხვედრაში მშრალად შენახული კარი... ეს არის არასრული სტატისტიკა, რომელიც ,,სამგურალის" წარმატებულ ასპარეზობას ასახავს.

    ,,ტორპედოსთან" მატჩი ,,სამგურალისთვის" კიდევ ერთი გამოცდა იყო. შეძლებდნენ თუ არა წყალტუბოელები იმერულ დერბიში წარმატებული სერიის გაგრძელებას... გიორგი მიქაძის გუნმა ,,გეგმა გადაჭარბებით შეასრულა", ,,სამგურალმა", განსაკუთრებით მეორე ტაიმში მეზობლები ყველა კომპონენტში დაჩაგრა და აქტივში მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.

    მატჩის პირველ ნახევარში წყალტუბოელები უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ შედარებით ფრთხილად თამაშობდნენ. პირველი სახიფათო მომენტი მე–9 წუთზე სტუმრებმა შექმნეს მათე ცინცაძემ მახვილი კუთხიდან საკმაოდ უხერხულად ,,მოჭრა" ბურთი, თუმცა შოვნაძე განმუხტა სიტუაცია.

    აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ ძირითადად წყალტუბოელები უტევდნენ, მაგრამ კარში დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა. 43–ე წუთზე ლევან მჭედლიძეს ჰქონდა კარგი მომენტი, თუმცა მისი თავური დარტყმა კარს აცდა.

    მეორე ,,ტაიმში" ,,სამგურალი" სულ სხვა შემართებით გამოვიდა მოედანზე. 50–ე წუთზე კალანდარიშვილის ,,სტანდარტულის" შემდეგ დავით მაისაშვილმა მცველებს დაასწრო, მაგრამ მისი თავური დარტყმა მცირედით უზუსტო გამოდგა და ,,ტორპედო" აშკარა გოლს გადაურჩა.

    53–ე წუთზე წყალტუბოელებმა სწრაფი, სამსვლიანი კომბინაციის შედეგად გახსნეს ანგარიში, ჯეფინიომ მეორე სართულზე აჯობა მცველებს, ბურთი ირაკლი რუხაძეს მიუვიდა, რომელმაც ლამაზი ფინტით მეტოქის საჯარიმოში აკაკი შულაია ჩამოიცილა და ფლანზე ჯეფინიოს უპასა, ბრაზილიელმა ბურთი პენალტის ნიშნულისკენ შეაბრუნა, სადაც დემურ ჩიხლაძემ მცველებს დაასწრო და მიმდინარე სეზონში თავისი მეხუთე გოლი გაიტანა – 1:0

    65–ე წუთზე შესანიშნავად ითამაშა თედო კიკაბიძემ, ,,სამგურალის" კაპიტანმა მარჯვენა ფლანგზე საკუთარი ნახევრიდან, წამოიღო ბურთი, გზად რამდენიმე მცველს გასცდა და მეკარის ბაქანთან ახლოს ჯეფინიოს იდეალური გადაცემა გაუკეთა, ბრაზილიელმაც ბრწყინვალედ ითამაშა, მცველებს დაასწრო და საგოლე პასს გოლიც მიაყოლა – 2:0

    მესამე გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა შექმნეს. ტორპედოელები სერგო კუხიანიძის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ, სანამ სტუმრები გონს მოვიდოდნენ კუხიანიძემ უსწრაფესად მამია გავაშელიშვილი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ და ექს–ლოკომოტიველმაც ,,სამგურალის" რიგებში საკუთარი გოლების ანგარიში გახსნა – 3:0

    მსაჯის მიერ დამატებულ დროში სერგო კუხიანიძესაც შეეძლო გოლის გატანა, კარგადაც იმოქმედა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ქუთაისელები მორიგი გაშვებული გოლისგან გამოცდილმა როინ კვასხვაძემ იხსნა.

    სამგურალი 3:0 ტორპედო

    21.05.2022. წყალტუბო ,,26 მაისი"
    კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, მე–15 ტური

    სამგურალი: შოვნაძე, კიკაბიძე©, მაისაშვილი, ქურდაძე, კალანდარიშვილი, ბაშელეიშვილი (84.დევდარიანი), გილმორი, ბურჯანაძე (46.ახვლედიანი), ჩიხლაძე (72.სიმდიანკინი), ჯეფინიო (67.კუხიანიძე), რუხაძე (67.გავაშელიშვილი)
    სათადარიგოები: ქვილითაია, ტურე, ვერულიძე, გ.თევზაძე
    მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

    ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე (59.კარაგუნისი), მირცხულავა, აბულაძე, კუხიანიძე (86.ა.თევზაძე), მჭედლიძე (67.არველაძე), შულაია, ქიმაძე, ვაჩიბერაძე (59.პაპუნაშვილი), გოგლიჩიძე (46.არაბიძე)
    სათადარიგოები: ლაბაძე, ჰამზიჩი, ძარია, ბოჭორიშვილი
    მწვრთნელი: შოთა ბაბუნაშვილი

    გაფრთხილება: აბულაძე (37), მჭედლიძე (38), ბურჯანაძე (40)
    არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი
    скачать dle 11.3