წყალტუბოს ,,სამგურალი" წარმატებულ სვლას განაგრძობს. გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო, წაუგებელი მატჩების რაოდენობა 7–მდე გაზარდა და სატურნირო ცრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
წყალტუბოელებმა ეროვნული ლიგის მე–13 ტურის შეხვედრაში სტუმრად ბოლნისის ,,სიონი" 2:0 დაამარცხეს.
ჩვენი გუნდი მე–10 წუთზე შალვა ბურჯანაძემ სწრაფი გოლით დააწინაურა. გატანილი გოლის შემდეგ წყალტუბოელებმა ზონები კარგად გადაკეტეს და ძირითადი აქცენტი კონტრშეტევებზე გადაიტანეს. მასპინძლები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, მაგრამ კარში დარტყმამდე იშვიათად მიდიოდა საქმე. ბოლნისელებმა პირველად ეს 27–ე წუთზე შეძლეს, როცა თომა ტაბატაძის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ლევან შოვნაძემ ფეხით უკუაგდო.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჯეფინიოს შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ახლო მანძილიდან ააცილა. 64–ე წუთზე ბრაზილიელმა ,,სტანდარტულიდან" ,,სიონის" საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, სადაც დასწრებაზე ყველას დავით მაისაშვილმა აჯობა და თავური დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა – 0:2
81–ე წუთზე ჩაგანავას ჰქონდა ანგარიშის შემცირების შანსი, მაგრამ მისი მოჭრილი დარტყმის შემდეგ ბურთი ,,სამგურალის" კარის ძელს მოხვდა. მატჩის ბოლოს შეცვლაზე შესულ სერგო კუხიანიძეს შეეძლო ანგარიშის სამამდე გაზრდა, მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და კარშიც დაარტყა, მაგრამ ბურთი სეფიაშვილმა მოიგერია.
შემადგენლობები და მატჩის ოქმი – https://erovnuliliga.ge/ge/game/6131-sio-sam
ფაქტები
* "სამგურალმა" მოიგო ზედიზედ მე-4 მატჩი.
* "სამგურალი" არ დამარცხებულ ბოლო 7 მატჩში (4 მოგება, 3 ფრე).
* "სამგურალს" არ წაუგია ბოლო 5 გასვლითი მატჩი (3 მოგება, 2 ფრე).
* "სამგურალს" არ გაუშვია გოლი უკანასკნელ 5 საგარეო შეხვედრაში.
* ეროვნული ლიგის, ლიგა 2-ისა და თასის მატჩების ჩათვლით, "სიონს" არ მოუგია "სამგურალისთვის" ბოლო 7 ურთიერთშეხვედრაში.
* "სამგურალმა" 13-დან 7 მატჩში შეინარჩუნა კარი "მშრალად", რაც მეორე შედეგია ("თელავთან" ერთად) ბათუმის "დინამოს" (9) შემდეგ.
скачать dle 11.3