მორიგი სამი ქულა ლოკომოტივთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
19 აპრილი, 19:00
სამგურალი
თელავი
წინა მატჩი
14 აპრილი, 21:00
დინამო ბთ2
სამგურალი0
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მორიგი სამი ქულა ლოკომოტივთან
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში სტუმრად თბილისის ,,ლოკომოტივი" დაამარცხა 2:0

    ,,სამგურალმა" რკინიგზელებთან მატჩში ორი წამყვანი მცველი თედო კიკაბიძე და ომარ პატარკაციშვილი მოისაკლისა. პირველი დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა შეხვედრას, პატარკაციშვილი კი ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის და ჯერ სათამაშოდ მზად არ იყო. ამას ისიც დაერთო, რომ პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო გრიგოლ დოლიძემ, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მის ნაცვლად მინდორზე ირაკლი რუხაძე შევიდა...

    კიკაბიძის არყოფნაში ,,სამგურალს" კიდევ ერთმა გამოცდილმა უკანახაზელმა ლევან ქურდაძემ უკაპიტნა.

    თამაში ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა, მასპინძლები კი ძირითადად სწრაფი კონტრშეტევებით ცდილობდნენ შოვნაძის კართან ხიფათი შექმნას.
    პირველი დასამახსოვრებელი მომენტი მე-14 წუთზე სერგო კუხიანიძემ შექმნა, მან მცველების გარემოცვაში ტექნიკურად დაარტყა კარის მიმართულებით, მაგრამ სიზუსტე დააკლდა.
    შემდეგ ლუქმან გილმორი და ნიკა კალანდარიშვილი ამწვავებდნენ მდგომარეობას, მაგრამ საქმე კარში დარტყმამდე არ მივიდა.
    ,,ლოკომოტივმაც" განახორციელა ერთი სახიფათო შეტევა, მაგრამ ანდრონიკაშვილის თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
    ამას ,,სამგურალის" ზედიზედ სამი სახიფათო იერიში მოჰყვა. ჯერ კუხიანიძე ურტყამდა კარში და თევდორაძე ადგილზე დახვდა ბურთს. შემდეგ ლოკომოტივის მეკარემ დემურ ჩიხლაძის სახიფათო საჯარიმო დარტყმა მოიგერია. კუთხურის შემდეგ ლევან ქურდაძე ურტყამდა თავით, მაგრამ ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.

    ,,სამგურალის" უპირატესობა მალე გატანილ გოლშიც გარდაისახა. 39- ე წუთზე მასპონძლებმა მარჯვენა ფლანგზე ილია ახვლედიანის წინააღმდეგ დაარღვიეს წესები, ახვლედიანმა თბილისელების უყურადღებობით ისარგებლა- ჩიხლაძეს სწრაფადვე გაუთამაშა ბურთი, დემიკომ კი უმალვე საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ნიკა კალანდარიშვილმა ყველას დაასწრო და თავური დარტყმით ახლო კუთხეში გაიტანა -0:1 ეს ნიკას პირველი გოლი იყო მიმდინარე სეზონში.

    წყალტუბოელებმა უპირატესობა 54- ე წუთზე ორამდე გაზარდეს, რუხაძემ პენალტი გამოიმუშავა, 11 მეტრიანი დარტყმა თავადვე შეასრულა და მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი მიითვალა - 0:2

    დარჩენილ დროში ორჯერ მამია გავაშელიშვილს ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, 74-ე წუთზე ალექსანდრე ვერულიძემ კარგად შეაყოლა მას ბურთი, მაგრამ ,,სამგურალის" ფორვარდის დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
    მორიგ ეპიზოდში გავაშელიშვილი ჩიხლაძის გადაცემის შემდეგ ცდილობდა კარში დარტყმას, მაგრამ კვლავ უშედეგოდ.

    თბილისელებსაც ჰქონდათ ორი სახიფათო მომენტი, 67-ე წუთზე დარცმელია-იაკობიძის ლამაზ კომბინაციას ეს უკანასკნელი აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთი კარს აცდა.

    დამატებით დროში კი იაკობიძის დარტყმის შემდეგ ბურთი ლევან შოვნაძემ იოლად მოიგერია.

    სამგურალმა დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-5 პოზიციაზეა.
    გუნდების შემადგენლობები და სტატისტიკა – https://erovnuliliga.ge/ge/game/6122-loc-sam



    საინტერესო ფაქტები

    * ორი წრის ჯამში, "სამგურალმა" 5 გოლი გაუტანა "ლოკომოტივს" და აქედან 3 - ირაკლი რუხაძის ანგარიშზეა.

    * "სამგურალმა" მოიგო ზედიზედ 2 მატჩი.

    * "სამგურალს" არ წაუგია ბოლო 5 მატჩი (2 მოგება, 3 ფრე).

    * "სამგურალი" არ დამარცხებულა ბოლო 4 გასვლით მატჩში.

    * "სამგურალს" არ გაუშვია გოლი ბოლო 4 საგარეო მატჩში.

    * "სამგურალს", ბათუმის "დინამოსთან" ერთად, ყველაზე ნაკლები (7) ქულა აქვს დაკარგული გასვლით მატჩებში.

    * "სამგურალი" არ დამარცხებულა "ლოკომოტივთან" ბოლო 4 მატჩში (2 მოგება, 2 ფრე).

    * "სამგურალმა" 11-დან 6 მატჩში შეძლო კარის "მშრალად" შენახვა, რაც "თელავთან" ერთად მეორე საუკეთესო შედეგია ბათუმის "დინამოს" შემდეგ.
    скачать dle 11.3