მსაჯის შეცდომა და დაკარგული ქულები » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მსაჯის შეცდომა და დაკარგული ქულები
  • კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გადადებულ, მეხუთე ტურის შეხვედრაში ,,სამგურალმა" ,,გაგრას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შედეგზე პირდაპირი გავლენა იქონია მსაჯის შეცდომამ, რომელმაც ,,სამგურალის" კარში აშკარად უსამართლო პენალტი დანიშნა. ვიდეო გამეორებიდან კარგად გამოჩნდა, რომ აღნიშნულ ეპიზოდში წყალტუბოელების მხრიდან წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მსაჯის შეცდომა ,,სამგურალს" დაკარგულ ქულებად დაუჯდა.
    აქვე უნდა ვთქვათ, ,,გაგრასთან" გუნდს ერთ–ერთ წამყვანი ფეხბურთელი დავით მაისაშვილი გამოაკლდა, რომელიც სფფს სადისციპლინო კომიტეტმა სამ მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. დისციპლინარებმა მიიჩნიეს, რომ მაისაშვილმა ბათუმის ,,დინამოსთან" მატჩში ორ ეპიზოდში განზრახ ტრავმა მიაყენა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ,,სამგურალის" მცველს წითელი ბარათიც არ მიუღია, ის სადისციპლინო კომიტეტმა მკაცრად დასაჯა. გუნდს კი წამყვანი ფეხბურთელის დისკველიფიკაციის შესახებ მხოლოდ მატჩისწინა საღამოს შეატყობინეს!
    ,,გაგრასთან" შეხვედრა ,,სამგურალის" უპირატესობით დაიწყო. წყალტუბოელები აქტიურად თამაშობდნენ, მეტოქეს მათსავე საჯარიმოსთან აპრესინგებდნენ და სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ.
    მე–3 წუთზე მიხეილ ბაშელეიშვილმა სცადა საჯარიმოს გარედან ნომინალური სტუმრების დამწუხრება, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
    აქტიურმა შეტევებმა შედეგი გამოიღო, მე–19 წუთზე ,,სამგურალი" დაწინაურდა. წყალტუბოელებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს, ჯეფერსონ ჯერალდოს კარგი თამაშის შემდეგ ბურთი გიორგი თევზაძემ მიიღო და საჯარიმოში მყოფი დემურ ჩიხლაძის მისამართით ჩააწოდა , რომელმაც ზუსტი თავური დარტყმით გახსნა ანგარიში 1:0.
    ,,სამგურალმა" კვლავ აქტიურად გააგრძელა თამაში და მეორე გოლის გატანასთანაც ახლოს იყო, სწრაფი კონტრშეტევა ჯეფერსონ ჯერალდოს შეეძლო დაეგვირგვინებინა, მაგრამ კუხიანიძის მისამართით გააკეთა გადაცემა და მცველებმა ბოლო მომენტში შეძლეს მდგომარეოობის განმუხტვა.
    ამ ეპიზოდამდე ტრავმა მიიღო ,,სამგურალის" მეკარემ ლევან შოვნაძემ, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა და კარში მაქსიმე ქვილითაია ჩადგა.
    34–ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდოს სახიფათო საჯარიმო დარტყმა გაგრელთა მეკარემ ნიკა ქავთარაძემ მოიგერია. დამატებაზე კუხიანიძე ცდილობდა გატანას, მაგრამ კუთხე მახვილი იყო და ქავთარაძემ ამ ეპიზოდშიც შეძლო საკუთარი გუნდის გადარჩენა.
    44–ე წუთზე ქავთარაძემ კიდევ ერთხელ იხსნა ,,გაგრა" გაშვებული გოლისგან, როცა დემურ ჩიხლაძე, მახვილი კუთხიდან, ძალიან ტექნიკურად ურტყამდა სტუმართა კარში.
    პირველი ტაიმი ,,სამგურალის" გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
    მატჩის მეორე ნახევარში სტუმრები გაცილებით უკეთ ათამაშდნენ, თუმცა იმ საბედისწერო ეპიზოდამდე, რომელსაც მსაჯის შეცდომა და ,,სამგურალის" კარში პენალტი მოჰყვა, ,,გაგრას" რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნია. მათე კვირკვიას წინააღმდეგ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მიხეილ ბაშელეიშვილმა მას სუფთად აართვა ბურთი, არც სიმდიანკინს დაურღვევია წესები, სანამ ის შეეხებოდა, ,,გაგრას" შემტევმა თავადვე დაიწყო ვარდნა და წესით ის სიმულაციისთვის ყვითელი ბარათით უნდა დასჯილიყო. თუმცა, მოხდა პირიქით, ბაკურ ნინუამ თერთმეტმეტრიანი დანიშნა და მათე ვაწაძემ ანგარიში გაათანაბრა 1:1
    63–ე წუთზე კვირკვიას ჩაწოდების შემდეგ პატარკაციშვილს აეჭრა ბურთი და საქმეში მაქსიმე ქვილითაია ჩაერთო.
    65–ე წუთზე შეცვლაზე შესულ ნიკა კალანდარიშვილს შეეძლო ,,სამგურალის" დაწინაურება, კიკაბიძის ჩაწოდების შემდეგ ის დაახლოებით თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მიწაზე დაუშვებლად ურტყამდა, თუმცა ბურთი კარს დიდი მანძილით ასცდა. 82–ე წუთზე კიდევ ერთი სადაო ეპიზოდი იყო, მეტოქის საჯარიმოში მამია გავაშელიშვილი წააქციეს, წყალტუბოელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ ბაკურ ნინუამ ჩათვალა, რომ ამ ეპიზოდში წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
    გიორგი მიქაძის გუნდი ბოლომდე ცდილობდა, რომ მატჩი გამარჯვებამდე მიეყვანა, მაგრამ ,,სამგურალმა" დარჩენილ დროში გოლის გატანა ვეღარ მოახერხა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

    14.04.22 ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"

    "სამგურალი" - "გაგრა" 1:1

    გოლები: 1:0 ჩიხლაძე (19.თევზაძის პასით), 1:1 ვაწაძე (52,პ)
    სამგურალი: შოვნაძე (29.ქვილითაია), კიკაბიძე (72.ახვლედიანი), პატარკაციშვილი, ქურდაძე, თევზაძე (61.კალანდარიშვილი), გილმორი, ბაშელეიშვილი (72.გავაშელიშვილი), ჯეფინიო (61.რუხაძე), სიმდიანკინი, ჩიხლაძე, კუხიანიძე
    სათადარიგოები: დევდარიანი, დოლიძე, ჭელიძე
    მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
    скачать dle 11.3