კარგი თამაში და დამაჯერებელი გამარჯვება იმერულ დერბში » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
კარგი თამაში და დამაჯერებელი გამარჯვება იმერულ დერბში
  • კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე–6 ტურის შეხვედრაში ,,სამგურალმა" სტუმრად ქუთაისის ,,ტორპედო" 2:0 დაამარცხა.
    ქუთაისელებს საქართველოს ჩემპიონატში ერთ–ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავთ, მაგრამ იმერულ დერბში გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა ,,სამგურალმა" გაცილებით კარგი და ორგანიზებული თამაში აჩვენა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

    წინა მატჩებისგან განსხვავებით შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იყო, ძირითადში ვიხილეთ ნიკიტა სიმდიანკინი და გიორგი თევზაძე. ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა საყრდენი ნახევარმცველი ლუქმან გილმორი, რომელმაც ასევე სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში.
    მატჩი ,,ტორპედოს" შეტევებით დაიწყო. მარცხენა ფლანგიდან გიორგი ქიმაძის მიერ წამოწყებული შეტევა, ირაკლი ბუღრიძემ გააგრძელა, საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან კარში დაარტყა, თუმცა ლევან შოვნაძემ კარგად ითამაშა და მდგომარეობა განმუხტა. ,,სამგურალის" მეკარისთვის ,,ტორპედოსთან" მატჩი ორმაგად მნიშვნელოვანი იყო, გასულ სეზონში ის სწორედ ქუთაისური გუნდის ღირსებას იცავდა და ახლა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ჰქონდა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, რაც კარგადაც გამოუვიდა!

    ბუღრიძეს მე–2 წუთზე კიდევ ერთხელ მიეცა გოლის გატანის შანსი, გიორგი არაბიძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ის ერთი შეხებით ურტყამდა კარში, მაგრამ სიზუსტე დააკლდა...

    11–ე წუთზე ქუთაისელები კიევ ერთხელ დაემუქრნენ სტუმრების კარს, გიორგი პაპუნაშვილის დარტყმის შემდეგ შოვნაძემ პირველ ცდაზე ბურთი ვერ შეიმაგრა, დამატებაზე თორნიკე ახვლედიანი ცდილობდა თამაშს, მაგრამ ,,სამგურალის" მეკარემ დაასწრო და გუნდი გოლისგან იხსნა.
    წყალტუბოელები კონტრშეტევებზე თამაშობდნენ და საკუთარ შანსს ელოდებოდნენ. მიქაძის შეგირდებმა პირველივე რეალური შანსი გამოიყენეს. მე–14 წუთზე გიორგი თევზაძემ,,სტანდარტულიდან" შორეულ ძელთან ჩააწოდა ბურთი, სადაც კუთხე კარგად ჩაკეტა ომარ პატარკაციშვილმა და თავური დარტყმით ,,სამგურალი" დააწინაურა – 0:1

    გატანილი გოლის შემდეგ სტუმრები გაცილებით უფრო ორგანიზებულად თამაშობდნენ, ვიდრე ტორპედოელები და საგოლე შანსებიც მეტი ჰქონდათ. 27–ე წუთზე გიორგი თევზაძის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი კარს ასცდა. 32–ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდოს შესანიშნავი გადაცემის შემდეგ მამია გავაშელიშვილს ჰქონდა ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა. თუმცა, მეორე გოლმა დიდხანს არ დაიგვიანა...
    35–ე წუთზე წყალტუბოელებმა მორიგი საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს, დემურ ჩიხლაძემ შორიდან პირდაპირ კარისკენ გაუშვა ბურთი, დინო ჰამზიჩმა დამაჯერებლად ვერ ითამაშა, ბურთი მამია გავაშელიშვილს მიუვიდა, რომელმაც საპირისპირო ძელისკენ ჩააწოდა, იქ არეულობით დავით მაისაშვილმა ისარგებლა და ,,მაკრატელა" დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა – 0:2

    41–ე წუთზე ქუთაისელებს ანგარიშის შემცირება შეეძლოთ, არაბიძის დარტმის შემდეგ ბურთი შოვნაძემ უკუაგდო, დამატებაზე ახვლედიანი თამაშობდა, მაგრამ ,,სამგურალი" გოლისგან მეკარემ იხსნა.

    წყალტუბოელებმა მწვავე შეტევით უპასუხეს, ნიკიტა სიმდიანკინის გადაცემის შემდეგ ჩიხლაძე კარგი პოზიციიდან ურტყამდა, მაგრამ ბურთი პირდაპირ მეკარის მიმართულებით წავიდა.

    მეორე ტაიმში ქუთაისელები შეტევებს ცდილობდნენ, მაგრამ ,,სამგურალი" ორგანიზებულად იცავდა თავს და შეტევებზეც მწვავედ გადადიოდა. 52–ე წუთზე პაპუნაშვილის სახიფათო დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას ასცდა. 60–ე წუთზე არაბიძემ სახიფათო შეასრულა საჯარიმო დარტყმა, მაგრამ მცირედით ააცილა.
    უნდა აღინიშნოს, რომ ,,სამგურალს" დაუბრუნდა სერგო კუხიანიძე, რომელმაც საწყისი ტურები ტრავმის გამო გამოტოვა. კუხიანიძე მოედანზე 60–ე წუთზე გამოვიდა და თამაშში საკმაოდ აქტიურადაც ჩაერთო. 2 ჯერ გაამწვავა შეტევა და კარშიც დაარტყა. გოლის გატანა შეეძლო ჯეფინიოსაც, თუმცა მისი თავური დარტყმის შემდეგ ჰამზიჩი ბურთს ადგილზე დახვდა. საბოლოოდ, ანგარიში უცვლელი დარჩა. გიორგი მიქაძის გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა. შეგახსენებთ, რომ,,სამგურალს" 6 ტურიდან 2 მატჩი უამინდობის გამო აქვს გადადებული.

    ტორპედო–სამგურალი 0:2

    02.04. ქუთაისი. ,,რამაზ შენგელია"

    0:1 პატარკაციშვილი (14.თევზაძის პასით). 0:2 მაისაშვილი (36)

    ტორპედო (4–2–1–3): ჰამზიჩი – ტაბატაძე, სანდოხაძე, ნადარაია, ქიმაძე – კუხიანიძე (67.ძარია), ცინცაძე (60.ვაჩიბერაძე) – არაბიძე – პაპუნაშვილი (60.შულაია), ახვლედიანი, ბუღრიძე (56.ჩარგეიშვილი, 67. კარაგუნისი)

    სათადარიგოები: ლაბაძე, მირცხულავა, აბულაძე, ბოჭორიშვილი

    მთავარი მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე

    სამგურალი (4–2–3–1): შოვნაძე – კიკაბიძე, მაისაშვილი (83.ქურდაძე), პატარკაციშვილი, თევზაძე (70. კალანდარიშვილი)– ბაშელეიშვილი, გილმორი (70.დევდარიანი) – სიმდიანკინი (70.ვერულიძე), ჩიხლაძე, ჯეფინიო, გავაშელიშვილი (60.კუხიანიძე)

    სათადარიგოები: ქვილითაია, დოლიძე, ბურჯანაძე, ტურე

    მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

    გაფრთხილება: გილმორი (24), ნადარაია (26), კარაგუნისი (90)

    არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი

    скачать dle 11.3