შეხვედრა ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო. ,,სამგურალი" გამარჯვების შემთხვევაში მდევრებისთვის საბოლოოდ მიუწვდომელი გახდებოდა და ჩემპიონატში დარჩენილ ორ შეხვედრას მშვიდად შეხვდებოდა. ,,ლოკომოტივი" კი მეოთხე ადგილისთვის იბრძვის, რაც შესაძლოა ევროთასების საგზურის მომტანიც იყოს (გააჩნია თუ როგორ განვითარდება მოვლენები თასზე, თუ ბათუმის ,,დინამო" ჩემპიონიც გახდება და თასსაც აიღებს, ამ შემთხვევაში ევროთასებზე ეროვნულ ლიგაში მეოთხედგილოსანი გუნდი გავა), ამიტომ, 3 ქულა სტუმრებსაც სჭირდებოდათ.
,,ლოკომოტივმა" თამაში აქტიურად დაიწყო, მე–7 წუთზე სახიფათოდ ურტყამდა კარში იმრანი, ქვილითაიას ბურთის მოგერიება გაუჭირდა და მხოლოდ მეორე ცდაზე შეძლო მდგომარეობის განმუხტვა. ცოტა ხანში ,,სამგურალის" გოლკიპერმა მამია გავაშელიშვილის დარტყმა მოიგერია. 13–ე წუთზე ,,სამგურალის" კომბინაციას პაპუნა ფონიავა აგვირგვინებდა ძალიან სახიფათო დარტყმით, მაგრამ ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. 21–ე წუთზე კარგად ითამაშა ირაკლი ლექვთაძემ, მისი ძლიერი დარტყმის შემდეგ რევაზ თევდორაძემ ბურთი ნახტომში მოიგერია. 31–ე წუთზე ,,სტანდარტულის" შემდეგ ბექა დარცმელია ურტყამდა ძალიან სახიფათო და მაქსიმე ქვილითაიამ ძალიან რთული ბურთი მოიგერია. 34–ე წუთზე წყალტუბოელებმა სწრაფი კონტრშეტევა განავითარეს, კუხიანიძემ კარგად წაიღო ბურთი საჯარიმოსკენ, მისი შეტევა ფონიავამ გააგრძელა და მეკარის ბაქანთან გამჭოლი გადაცემა გააკეთა, თუმცა ბურთი სტუმართა კარში ვერავინ გადაგზავნა. შემდეგ ეპიზოდში თავად ფონიავა ცდილობდა თევდორაძის კარის დალაშქვრას, მაგრამ ლოკოს მეკარემ უშეცდომოდ ითამაშა.
მეორე ტაიმი ,,სამგურალის" კარგი მომენტით დაიწყო, ფონიავას მიერ შესრულებული ჯარიმის შემდეგ ქურდაძე ურტყამდა თავით – სტუმრები გოლისგან მეკარემ იხსნა. თამაში ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, თუმცა მატჩის ბოლო წუთებამდე რეალური საგოლე მომენტები არ შექმნილა. 81–ე წუთზე წყალტუბოელები გაშვებული გოლისგან მაქსიმე ქვილითაიამ იხსნა, რომელმაც სანდოხაძის თავური დარტყმა მოიგერია. მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ,,სამგურალს" სამი ქულის მომტანი გოლის გატანა შეეძლო, ნიკა კალანდარიშვილს ჰქონდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ მის მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი თევდორაძემ მოიგერია. ბოლოს პატარკაციშვილი ცდილობდა თავური დარტყმით სტუმრების დამწუხრებას, მაგრამ ბურთი კარს აცდა და თამაშიც გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
სამგურალი–ლოკომოტივი 0:0
20.11. წყალტუბო – ,,26 მაისი"
ეროვნული ლიგა 34–ე ტური
სამგურალი: ქვილითაია, ბანძელაძე (46.კიკაბიძე), პატარკაციშვილი, ქურდაძე, კალანდარიშვილი, გილმორი (70.ჩიხლაძე), ბურჯანაძე, ვერულიძე (46.დოლიძე), ფონიავა, ლექვთაძე (70.კირკიტაძე), კუხიანიძე (78.ბუხაიძე)
სათადარიგოები: მეშველიანი, ახვლედიანი, ამინუ, თევზაძე
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ლოკომოტივი: თევდორაძე, გაბაძე, ვადი, სანდოხაძე, ქველაძე, სამურკასოვი (63.ანდრონიკაშვილი), შონია, დარცმელია (54.კირკიტაძე), გავაშელიშვილი (63.დიასამიძე), იმრანი (76.კახაბრიშვილი), სიხარულიძე (76.იაკობიძე)
სათადარიგოები: სპენკელინკი, კეკელიძე, ჭიაბრიშვილი, მუკბანიანი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: კუხიანიძე (22), კალანდარიშვილი (29), სანდოხაძე (50), ქურდაძე (57), სამურკასოვი (58), ქველაძე (84)
არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი скачать dle 11.3