მიხეილ იაშვილი: ჩვენ თავიდან ვწერთ სამგურალის ისტორიას! » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მიხეილ იაშვილი: ჩვენ თავიდან ვწერთ სამგურალის ისტორიას!
  • იგეგმება წყალტუბოს სტადიონის განათება, მოედნის საფარის გამოცვლა და ბილეთების გაყიდვა

    მიმდინარე ჩემპიონატში წყალტუბოს ეროვნულ ლიგაში ,,სამგურალის" სახით ძალიან საინტერესო და მებრძოლი გუნდი გამოჩნდა, რომელმაც ნეიტრალური გულშემატკივრების სიმპათიებიც დაიმსახურა. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ საუკეთესოთა შორის დაბრუნებულმა გუნდმა წლევანდელ გათამაშებაში არაერთი საინტერესო და სანახაობრივი მატჩი შემოგვთავაზა. ,,სამგურალი" ამჟამად ჩემპიონატში მე–6 ადგილზეა და საქართველოს თასზეც აგრძელებს ბრძოლას. განვლილი ეტაპისა და გუნდის სამომავლო გეგმების შესახებ კლუბის პრეზიდენტი მიხეილ იაშვილი გვესაუბრა, რომელიც ,,სამგურალის" აღზევებისა და ბოლოდროინდელი წარმატებების ერთ–ერთი მთავარი შემოქმედია.


    – თავდაპირველად მიმდინარე საფეხბურთო სეზონი შევაფასოთ, რა მოლოდინები გქონდათ ჩემპიონატის დაწყებამდე და რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის ასპარეზობით?

    – ჩემპიონატი საკმაოდ რთულად დავიწყეთ. პაუზებმა, რომლებიც ეპიდსიტუაციის გაუარესებით იყო გამოწვეული, გარკვეულწილად ხელი შეგვიშალა და საკმაოდ დაგვაზარალა. სეზონის დაწყებამდე ჩვენი ძირითადი ამოცანა ხუთეულში მოხვედრა და თასისთვის ბრძოლა იყო, რაც ახლაც აქტუალურია.
    საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ. ,,სამგურალი" საკმაოდ მებრძოლ გუნდად ჩამოყალიბდა, შესაბამისად სეზონის განმავლობაში არაერთი კარგი მატჩი ჩავატარეთ, ჩვენს მიერ ჩატარებული რამდენიმე თამაში მიმდინარე ჩემპიონატში მშვენებაც იყო. ახლა მეექვსე ადგილზე ვიმყოფებით და 9 ქულით ვართ დაშორებული პლეი–აუტის ზონას. რა თქმა უნდა, ჩემპიონატშიც ვეცდებით უფრო მაღალი ადგილის დაკავებას, მაგრამ ამ ეტაპზე მთელი აქცენტი თასზე გვაქვს გადატანილი. მოგეხსენებათ, რომ 28 ოქტომბერს გორის ,,გორთან" მეოთხედფინალური მატჩი გვაქვს. გუნდი სერიოზულად ემზადება ამ მატჩისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე მესამე ლიგაში თამაშობს, მებრძოლი გუნდია და მეტოქესაც ვაფასებთ, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ეტაპი დავძლიოთ და წარმატებით თამაში შემდეგაც გავაგრძელოთ. ნოემბრის ბოლოს უკვე ნახევარფინალები იქნება... ასე რომ, ჩვენ ძირითად აქცენტს ამ ეტაპზე თასის თამაშებზე ვაკეთებთ. მოგეხსენებათ გასულ წელს ფინალში ვითამაშეთ და ,,გაგრასთან" პენალტების სერიაში დავმარცხდით. წლეულსაც ჩვენი მიზანი ფინალში გასვლა და თასისთვის ბრძოლაა.

    – აღნიშნეთ, რომ სეზონის დაწყებამდე გუნდის მიზანი ხუთეული მოხვედრა იყო. ლიგაში ახალგადმოსული გუნდისთვის ეს ცოტა ამბიციური განაცხადი ხომ არ იყო?
    – ჩვენ ფაქტობრივად ახლად შექმნილი გუნდი ვართ. დიახ, წლების წინ ,,სამგურალს" ჰქონდა გარკვეული წარმატებები, თასის ფინალშიც ითამაშა, მაგრამ ბოლო 19 წელიწადია უმაღლეს ლიგაში აღარ უთამაშია და ჩვენ ახლა თავიდან ვწერთ სამგურალის ისტორიას. ბოლო სამი წელიწადი საკმაოდ წარმატებული იყო. ამ ხნის განმავლობაში მოვახერხეთ და ლიგა 3–იდან ეროვნულ ლიგაში დავწინაურდით. თანაც ყველა გუნდისთვის ანგარიშგასაწევ ძალად ვიქეცით. ჩვენთვის მთავარი იყო სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა, ჩამოგვეყალიბებინა ბრძოლისუნარიანი გუნდი... ვფიქრობთ, ეს შევძელით და მომავალ წელს გაცილებით ამბიციური გეგმები გვექნება – სამეულისთვის, საქართველოს თასისთვის და ევრო საგზურისთვის ბრძოლა. თუკი ობიექტურად შევხედავთ ჩვენს შესაძლებლობებს, საკმაოდ მებრძოლი და კარგი გუნდი გვყავს. ამიტომ, სეზონის წინ დასახული მიზნები, ზედმეტად ამბიციური რომ არ იყო, ეს გამოჩნდა კიდეც. გუნდი საკმაოდ კარგად თამაშობს ჩემპიონატში. რამდენიმე მნიშვნელოვან მატჩში კოვიდპანდემიისა და ტრავმების გამო წამყვანი ფეხბურთელების მთელი ბირთვი რომ არ გამოგვკლებოდა, ახლა შესაძლებელი იქნებოდა ცხრილში უფრო მაღალ ადგილზეც ვყოფილიყავით. მაგალითად, გორის ,,დილასთან" საშინაო შეხვედრაში, რომელიც 1:3 წავაგეთ, 9 ფეხბურთელი გვაკლდა და იძულებული ვიყავით ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელები გვეთამაშებინა....
    ჩემპიონატში 6 თამაშია დარჩენილი და შევეცდებით, რომ შემდეგ მატჩებში კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე კვლავ სერიოზული საკადრო პრობლემები გვაქვს. საკმაოდ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს და ოპტიმალურ შემადგენლობას ვერც ამჯერად ვუყრით თავს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელები რომლებიც მინდორზე გავლენ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ შემდეგ თამაშებში ქულები არ დავკარგოთ და მინიმუმ ის პოზიცია შევინარჩუნოთ, რომელზეც ამჟამად ვიმყოფებით.

    – სეზონის წინ რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდა გუნდი, მაგრამ ძირითადი ბირთვი იმ ფეხბურთელებისგან შედგება, რომლებიც ,,სამგურალთან" ერთად დაბალ ლიგებშიც ასპარეზობდა, მათგან ბევრს ეროვნულ ლიგაში თამაშის გამოცდილებაც არ ჰქონდა...
    – ჩვენი ერთ ერთი სწორი გადაწყვეტილება გასული სეზონის შემდეგ ძირითადი ბირთვის შენარჩუნება იყო. ეს რა თქმა უნდა, წინა მწვრთნელის უჩა სოსიაშვილის დამსახურებაც არის... ამჟამინდელი მწვრთნელი, ბატონი სოსო ფრუიძეც ფიქრობს, რომ ამ ბიჭებმა საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღეს და უფრო დიდი გამოწვევებისვის მზად არიან. საკმაოდ დიდი სხვაობა არის მეორე ლიგასა და ეროვნულ ლიგას შორის, მაგრამ ჩვენმა ფეხბურთელებმა შეძლეს თავი კარგად წარმოეჩინათ. რა თქმა უნდა შევეცდებით მომავალ წელს გუნდი გავაძლიეროთ, მაგრამ ძირითად ბირთვს აუცილებლად დავტოვებთ. ახალგაზრდებზე გამოცხადებულმა ნდობამ გაამართლა, ყველა ბოლომდე იხარჯება, გუნდს აქვს თავისი ხელწერა, რომელსაც აუცილებლად შევინარჩუნებთ.
    – მიმდინარე ჩემპიონატში ისეთი ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომ ,,სამგურალი" ლიდერებთან უფრო წარმატებით თამაშობს, ვიდრე შედარებით თანაბარი დონის გუნდებთან...

    – ისე მოხდა, რომ ფავორიტ გუნდებთან ჩვენ უკეთესად გამოგვივიდა თამაში. ალბათ, მოტივაციაც უფრო მეტი იყო და ამის გამო. ასევე, ჩამოყალიბდა ჩვენთვის საკმაოდ უხერხული მეტოქეებიც, რომლებთანაც გვიჭირს თამაში. ესენი არიან: ,,შუქურა" და ,,თელავი". თელაველებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, ეს კლუბი წინა ჩემპიონატიდან მოყოლებული იმსახურებდა ჩემს სიმპათიებს, რადგანაც თავისი ბოლოდროინდელი ისტორიით ,,სამგურალს" მაგონებს. თელაველებმაც ფაქტობრივად ნულიდან დაიწყეს ყველაფერი. რეგიონალლიგიდან გადავიდნენ მესამე ლიგაში და უმოკლეს დროში შეძლეს უმაღლეს ლიგაში დაწინაურება... რა თქმა უნდა, 10 გუნდიან ჩემპიონატში ყველა რთული მეტოქეა, მაგრამ სწორედ ,,შუქურა" და ,,თელავია" ტრადიციულად ჩვენთვის ყველაზე უხერხული მეტოქეები.
    – სანაცვლოდ, უხერხული მეტოქე გამოდგა ,,სამგურალი" ქვეყნის ჩემპიონისთვის. თბილისის ,,დინამომ" ოთხიდან ვერც ერთ შეხვედრაში ვერ შესძლო ,,სამგურალის" დამარცხება.

    – ჩვენ საკმაოდ კარგად დავგეგმეთ თამაშები თბილისის ,,დინამოსთან" და ოთხივე შეხვედრა წარმატებით ვითამაშეთ. ეს ჩვენი პირველი ნაბიჯებია დიდ ფეხბურთში და სამომავლოდ, მხოლოდ იმით არ შემოვიფარგლებით, რომ ,,დინამოსთვის" უხერხული მეტოქე ვიყოთ. წლევანდელ წელს გარკვეულწილად ეს შევძელით, სამომავლოდ შევეცდებით, რომ მეტ სტაბილურობას მივაღწიოთ და ყველა გუნდისთვის თანაბრად ანგარიშგასაწევი ძალა ვიყოთ.
    – თქვენ ყოველთვის საუბრობდით ახალგაზრდული გუნდების მნიშვნელობაზე, ,,სამგურალი" 2 წლეულს კარგად ასპარეზობს რეგიონალურ ლიგაში და ლიგა 4–ში გადასვლის ერთ ერთი პრეტედენტია...

    – ჩვენთვის მომავალ თაობასთან მუშაობა და ასაკობრივი გუნდების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი პოლიტიკაა – ,,სამგურალში" აღზრდილ ბავშვებს ეტაპობრივად მიეცეთ მთავარ გუნდში დამკვიდრების საშუალება. ეს ბავშვებისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. რამდენიმე ფეხბურთელს უკვე მიეცა დიდ გუნდში თამაშის შესაძლებლობა. წინა თამაშში ,,თელავთან" გუნდის განაცხადში მოხვდა 19 წლამდელთა გუნდის პერსპექტიული და ძალიან ნიჭიერი მცველი ტატო ბურჯანაძე, მართალია, თამაში არ მოუწია, მაგრამ დიდი გუნდისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა და თუ პროგრესს გააგრძელებს, თამაშის შესაძლებლობაც აუცილებლად მიეცემა. არ გამოვრიცხავ, რომ ,,დილასთან" მატჩში ასაკობრივი გუნდის რამდენიმე მოთამაშე მოხვდეს განაცხადში, მით უმეტეს, რომ ტრავმების გამო საკადრო პრობლემები გვაქვს.
    ,,სამგურალი" 2 –ის კარგ ასპარეზობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ჩვენს ფარმკლუბში ის ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებსაც სამომავლოდ დიდი გუნდისთვის მოვიაზრებთ. ,,სამგურალი" 2 რეგიონული ლიგის დასავლეთ ზონაში პირველ ადგილზე იმყოფება, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატს ამ პოზიციაზე დავასრულებთ და რანგით უფრო მაღალ ლიგაში დავწინაურდებით. შემდეგ კი ვეცდებით ჩამოვაყალიბოთ ისეთი გუნდი, რომელიც ლიგა 3–ში დაწინაურებას შეძლებს.

    წარმატებული თამაშების ფონზე სამგურალის ფეხბურთელების მიმართ უცხოური კლუბებიდან თუ არის დაინტერესება?
    – არ დაგიმალავთ, ახალგაზრდების მიმართ არის დაინტერესება. თუმცა ამ ფეხბურთელების დასახელებისგან თავს შევიკავებ. კონკრეტულ ინფორმაციას სეზონის დასრულების შემდეგ გავაჟღერებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძირითადი ბირთვი შევინარჩუნოთ, მაგრამ თუ მოგვიწია ფეხბურთელის გაცილებით მაღალი დონის გუნდში და ჩემპიონატში გაშვება, შევეცდებით, სანაცვლოდ ისეთი ფეხბურთელები მოვიყვანოთ, რომ ადეკვატური შევსება გვქონდეს.

    ბოლოს ინფრასტრუქტურაზე გკითხავთ, სტადიონი კვლავ რეაბილიტაციის პროცესშია, რა სამუშაოები არის დაგეგმილი უახლოეს მომავალში?

    – სტადიონის კეთილმოწყობის პირველი ეტაპი დასრულების ფაზაშია. მიმდინარეობს სტადიონის შემოღობვა, მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება, დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება. შემდეგი ნაბიჯი განათების გაკეთება იქნება. როცა პირველი ეტაპი საბოლოოდ დასრულდება ჩვენ წყალტუბოში გვექნება საკმაოდ ლამაზი და კოხტა სტადიონი, რომელიც 3000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. აქვე მინდა დავაანონსო – დიდი ალბათობით, როგორც სხვა ცივილურ ქვეყნებში ხდება, მომდევნო წლიდან სტადიონზე მოხდება ბილეთების გაყიდვა. შევეცდებით, რომ ბილეთების თანხა გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. მინდა, რომ ჩვენმა ქომაგმა სწორად გაგვიგოს – თითოეული ლარს რომელიც ბილეთის გაყიდვით შემოგვივა სტადიონის ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მივმართავთ, ასევე აღნიშნული თანხა გუნდსაც მოხმარდება. ჩვენთვის თითოეული გაყიდული ბილეთი აღქმული იქნება, როგორც გულშემატკივრის გვერდში დგომა.

    – მოედნის საფარის მოწესრიგება თუ იგეგმება?


    –მინდორი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ამ საკითხის მოწესრიგებაზეც ვმუშაობთ. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მქონდა საუბარი ქალაქის ხელმძღვანელობასთან. 2022 წლის იანვარ–თებერვალში დავიწყებთ მინდვრის გამოცვლის პროცედურებს და მომავალ წელს გვექნება სრულიად ახალი მოედანი. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ამის გამო რამდენიმე ტურის მატჩი სხვა სტადიონზე ჩავატაროთ. გპირდებით რომ, მომავალი წლიდან ჩვენ გვექნება ახალი მოედანი, ლამაზი სტადიონი და ჩვენს გუნდს გაცილებით უკეთესს გარემოში მოგვიწევს ასპარეზობა.
    ზოგადად მინდვრების მდგომარეობა საკმაოდ პრობლემატური თემაა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უდიდესი სამუშაო ჩაატარა და თითქმის ყველა რეგიონში გააკეთა ახალი სტადიონი. მაგრამ აქ მთავარი მარტო გაკეთება არაა, მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოუვლი სტადიონს. ფედერაციის მიმართ მადლობის მეტი რა გვეთქმის, 2 წლის წინ დაგვიგო მოედანი, მაგრამ მოვლის მხრივ გვქონდა პრობლემები, რამაც მოედანი დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა... ვფიქრობთ, რომ ეს ეტაპიც გავიარეთ, მეტი გამოცდილება მივიღეთ და შესაბამისად ახალ მოედანს უფრო მეტად მოვუვლით და შევეცდებით, რომ მრავალი წლის განმავლობაში კარგ მდგომარეობაში შევინარჩუნოთ.

    –წყალტუბოს სტადიონის პროექტი როცა კეთდებოდა ნათქვამი იყო, 26 მაისის სახელობის არენა უეფას მეორე კატეგორიის შესაბამისი უნდა ყოფილიყო. გაგრძელდება თუ არა სტადიონის რეაბილიტაცია ?

    –ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციული შენობის, გასახდელების, პრესლოჟის აშენებას. ვფიქრობთ, რომ ფედერაციასთან თანამშრომლობით შევძლებთ ისეთი პროექტის გაკეთებას, რომელიც უეფას სტანდარტების შესაბამისობაში იქნება. ეს სტადიონის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპზე მოხდება. პირველ რიგში მნიშვნელოვანია მოედნის მოწესრიგება და განათების დამონტაჟება. შემდეგ ეტაპზე გასახდელების და პრესლოჟის საკითხსაც მოვაგვარებთ. როცა ამ სამუშაოებსაც დავასრულებთ, ჩვენ გვექნება უეფას მეორე კატეგორიის სტადიონი. შემდეგ აქ ასაკობრივ ნაკრებებსაც შეეძლებათ თამაში, საქართველოს ქალთა ნაკრებსაც დავუთმობთ სტადიონს.скачать dle 11.3