ვერულიძის სადებიუტო გოლი და ფრე თელავში » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ვერულიძის სადებიუტო გოლი და ფრე თელავში
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" ეროვნული ლიგის 21–ე ტურის შეხვედრა სტუმრად ,,თელავთან" გამართა. თელაველები ჩვენს გუნდთან დაპირისპირებას კარგ განწყობაზე ხვდებოდნენ, მათ ზედიზედ სამი შეხვედრა ჰქონდათ მოგებული და ბუნებრივია, ამ შთამბეჭდავი სერიის გაგრძელების სურვილიც ჰქონდათ. თავის მხრივ, ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა ,,სამგურალსაც". ასე რომ, გულშემატკივრები საკმაოდ საინტერესო დაპირისპირების მოლოდინში იყვნენ.
    ,,კავკასიონი არენაზე" ბევრი გულშემატკივარი მივიდა. არნახული გულშემატკივრობის ფონზე თელავი ბურთის კონტროლს ცდილობდა, თუმცა წყალტუბოელები მწვავე კონტრიერიშებით პასუხობდნენ. პირველივე წუთზე გიორგი თევზაძემ ფლანგიდან მეკარის ბაქანთან გამჭოლი გადაცემა გააკეთა, თუმცა სერგო კუხიანიძემ ბურთს ვერ მიუსწრო და მდგომარეობა განიმუხტა. 6–ე წუთზე ,,სამგურალის" კართან სახიფათო საჯარიმო დაინიშნა, რომელიც შერგელაშვილმა შეასრულა, ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა. მე–20 წუთზე ირაკლი რუხაძე ურტყამდა კარში, მაგრამ მაქსიმე ქვილითაია ბურთს იოლად დაეუფლა. 23–ე წუთზე ნიკა კალანდარაშვილს, რომელიც აქტიურად ერთვებოდა შეტევებში, ანგარიშის გახსნა შეეძლო, მან თევზაძესთან გაითამაშა კედელი, საჯარიმოში შეიჭრა და კარში ახლო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ თელაველები გოლისგან მეკარე ლუკა სანიკიძემ იხსნა. 29–ე წუთზე მასპინძელთა კარის დარაჯმა თევზაძის უძლიერესი დარტყმა მოიგერა, დამატებაზე კუხიანიძემ ბურთი კარში გადაგზავნა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა. ტაიმის მიწურულს წყალტუბოელების უპირატესობა გამოიკვეთა და კახელთა კართან ორი რეალური მომენტიც შეიქმნა. 44–ე წუთზე კვლავ შესანიშნავად ითამაშა კალანდარიშვილმა, ფლანგზე მცველი ჩამოიცილა და კუხიანიძეს გაუკეთა გადაცემა, კუხის დარტყმა კარიდან მცველმა მოიგერია, თუმცა სანიკიძეც ასწრებდა რეაგირებას. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე პირველი შალვა ბურჯანაძე აღმოჩნდა, თუმცა მისი თავური დარტყმა მცირედით უზუსტო გამოდგა და მასპინძლები კიდევ ერთხელ გადაურჩნენ გაშვებულ გოლს.
    შესვენებამდე ,,თელავის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ ორმაგი ცვლილება განახორციელა. მოედანზე ცოტნე კაპანაძე და გიორგი ჯანელიძე გამოჩნდნენ. თელაველებს ცვლილებებმა გაუმართლა 54–ე წუთზე კაპანაძის გადაცემით ჯანელიძემ გაიტანა და ,,თელავი" წინ გაიყვანა. გაშვებული გოლის შემდეგ ,,სამგურალმა" მთელი ძალები შეტევებისკენ მიმართა. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ სამმაგი ცვლილება განახორციელა, თევზაძის, კირკიტაძისა და ბურჯანაძის ნაცვლად თამაშში ირაკლი ლექვთაძე, გრიგოლ დოლიძე და დემურ ჩიხლაძე შევიდნენ, ცოტა მოგვიანებით მოედანზე ალექსანდრე ვერულიძეც გამოჩნდა, რომელმაც პაპუნა ფონიავა შეცვალა. ცვლილებებმა სამგურალის თავკაცსაც გაუმართლა. 86–ე წუთზე ჩიხლაძის კარგი გადაცემის შემდეგ კალანდარაშვილი გავიდა მეკარესთან პირისპირ, მას მცველი უკნიდან მაისურზე ქაჩავდა და ასე ცდილობდა მის შეჩერებას... მსაჯებმა მასპინძლების კარში პენალტი დანიშნეს. ბურთთან ალექსანდრე ვერულიძე მივიდა და შესანიშნავი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში ორივე გუნდი მოსაგებად ,,გაიწია" თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა, ფრე 1:1 და ,,სამგურალიც" და ,,თელავიც" შესვენებაზე ხუთმატჩიანი წაუგებელი სერიით გავიდნენ.

    თელავი 1:1 სამგურალი
    04.07.2021. ეროვნული ლიგა XXI ტური. თელავი ,,კავკასიონი" არენა
    გოლები: 1:0 ჯანელიძე (54), 1:1 ვერულიძე (86. პენ)
    სამგურალი: ქვილითაია, კიკაბიძე, პატარკაციშვილი, ქურდაძე, კალანდარიშვილი, გილმორი, ბურჯანაძე (62.ჩიხლაძე), ფონიავა (77.ვერულიძე), კირკიტაძე (62.დოლიძე), თევზაძე (62.ლექვთაძე), კუხიანიძე (90+3.ტურე)
    სათადარიგოები: მეშველიანი, ბანძელაძე, ახვლედიანი, ბუხაიძე
    მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
    скачать dle 11.3