წყალტუბოს ,,სამგურალმა" ეროვნული ლიგის მე–15 ტურის შეხვედრაში სტუმრად 3:2 დაამარცხა ,,სამტრედია" და პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო. ჩვენი გუნდიდან დუბლი შეასრულა გრიგოლ დოლიძემ, გამარჯვების მომტანი გოლი კი გიორგი ბუხაიძემ გაიტანა.
,,სამგურალის" გამარჯვება მით უფრო დასაფასებელია, რომ გუნდს სხვადასხვა მიზეზით სამი წამყვანი ფეხბურთელი: სერგო კუხიანიძე, ლუქმან გილმორი და უშანგი ბანძელაძე აკლდა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული, სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა.
სოსო ფრუიძის გუნდი სწრაფი გოლით დაწინაურდა. მე–8 წუთზე გრიგოლ დოლიძის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ანდრო გიორგაძეს მოხვდა, მიმართულება სეიცვალა და ბექა ქურდაძის კარში აღმოჩნდა. 22–ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. გიორგი ილურიძის საჯარიმო დარტმის შემდეგ ბურთი კედელში მყოფ ერთ–ერთ ფეხბურთელს შეეხო და ქვილითაიას კარში ისე გავიდა. გაშვებული გოლის შემდეგ ,,სამგურალმა" უდიდესი უპირატესობა მოიპოვა, გიორგი ბუხაიძისა და ომარ პატარკაციშვილის თავური დარტყმების შემდეგ ,,სამტრედია" გოლისგან მეკარე ბექა ქურდაძემ იხსნა, თუმცა, 35–ე წუთზე დემიკო ჩიხლაძის გადაცემის შემდეგ გრიგოლ დოლიძემ კარში შესანიშნავად დაარტყა და მეკარეს მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა –1:2
,,სამგურალმა" მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და რამდენჯერმე წინ გასვლაც შეეძლო, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდებოდათ ხოლმე, ხანაც მეკარე ქურდაძე იყო მოწოდების სიმაღლეზე. გამოუყენებელი მომენტების გამო 67–ე წუთზე სტუმრები გოლით დაისაჯნენ, გურამ ლუკავას გადაცემის შემდეგ ირაკლი რუხაძე კარისკენ კარგად მიტრიალდა და უძლიერესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა 2:2
შეხვედრა კიდევ უფრო დაიძაბა. მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. საბოლოოდ, წყალტუბოელებმა მაინც შეძლეს მეტოქის გატეხვა, რომლებსაც ქულები ჰაერივით სჭირდებოდათ... 87–ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ირაკლი ლექვთაძემ და ალექსანდრე ვერულიძემ კარგი შეტევა განავითარეს, ვერულიძემ ბუხაიძეს მეტოქის ბაქანთან უპასა და წყალტუბოელთა ფორვარდმაც მომენტი ლოგიკურად დააგვირგვინა –2:3
,,სამგურალმა" ეროვნულ ლიგაში მეოთხე წაუგებელი სერია სემოგვთავაზე და აქედან ზედიზედ სამ შეხვედრაში გაიმარჯვა.
სოსო ფრუიძის ხელში გუნდმა ჩემპიონატში 7 შეხვედრა გამართა, საიდანაც 5 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და მხოლოდ ერთ შეხვედრაში დამარცხდა, ამას თასზე მოპოვებულ ორ გამარჯვებასაც თუ მივუმატებთ, ნამდვილად შთამბეჭდავი სერია გამოვა.
სამტრედია 2:3 სამგურალი
ეროვნული ლიგა XV ტური
⚽️ 0:1 გრიგოლ დოლიძე (8), 1:1გიორგი ილურიძე (22), 1:2 გრიგოლ დოლიძე (35.დემურ ჩიხლაძის პასით), 2:2 ირაკლი რუხაძე (67.გურამ ლუკავას პასით), 2:3 გიორგი ბუხაიძე (87. ალექსანდრე ვერულიძის პასით)
სამტრედია (3-4-1-2): ქურდაძე, ლალიჩი (ერაძე 84), გიორგაძე (კ), ნადირაძე, ცეცხლაძე, კვირკვია, მესიაჩენკო, კობახიძე (ლუკავა 56), რუხაძე, რობაქიძე (ლომთაძე 63), ილურიძე (ჯიქია 84)
მწვრთნელი: გია ცეცაძე
სამგურალი (4-3-3): ქვილითაია, პატარკაციშვილი, ქურდაძე, ბურჯანაძე, ფონიავა (თევზაძე 81), ჩიხლაძე (ახვლედიანი 73), კირკიტაძე, დოლიძე (ლექვთაძე 58), კიკაბიძე (კ) (ვერულიძე 81), კალანდარიშვილი, ბუხაიძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
скачать dle 11.3