ინტერვიუ კლუბის პრეზიდენტთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
6 მარტი, 15:00
სამგურალი
საბურთალო
წინა მატჩი
27 თებერვალი, 18:00
დინამო თბ1
სამგურალი1
ეროვნული ლიგა
ინტერვიუ კლუბის პრეზიდენტთან
  • ორ კვირაზე მეტია, წყალტუბოს ,,სამგურალი" ჩემპიონატისთვის თურქეთში ემზადება. გუნდი დღეს ანტალიაში ბოლო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და სამშობლოში დაბრუნდება. ანტალიაში გუნდთან ერთად იმყოფებოდა კლუბის პრეზიდენტი მიხეილ იაშვილი, რომელიც სამ ამხანაგურ შეხვედრას დაესწრო. უკრაინულ ,,აგრობიზნესთან" ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ კლუბის პრეზიდენტი, მოსამზადებელ ეტაპზე, გუნდის მიზნებზე, სამომავლო გეგმებზე და სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრა.

    – პირველ რიგში, მოსამზადებელ ეტაპზე ვისაუბროთ, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, გუნდმა შესძლო თურქეთში 16 დღიანი შეკრების ორგანიზება. რამდენად ნაყოფიერად მიმდინარეობს ჩემპიონატისთვის მზადება?

    – გუნდი თურქეთში 1 თებერვლიდან იმყოფება. მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა სპარინგ–მატჩებისთვის თავიდანვე რთული მეტოქეები აირჩია. კირჯალის ,,არდა" და ყარაღანდის ,,შახტარი", ბულგარეთისა და ყაზახეთის უმაღლეს ლიგებში მე–4 პოზიციებზე იმყოფებიან, კარგი კონტიგენტი ჰყავთ და გამოცდილებაც დიდი აქვთ. ძლიერი გუნდები არიან მოსკოვის ,,ტორპედო" და ვოლოჩისკის ,,აგრობიზნესი". მოსკოველები პრემიერლიგაში გადასვლისთვის იბრძვიან, უკრაინული გუნდი კი პირველი ლიგის ლიდერია და სავარაუდოდ, მომავალ სეზონში უკვე საუკეთესოთა შორის ითამაშებს. ბოლო ორი მეტოქეც საკმაოდ რთულია – მოსკოვის ,,სპარტაკის" მეორე გუნდი, რომლის ფეხბურთელებსაც პირველ გუნდში მოხვედრის ამბიცია აქვთ და ყაზახეთის პრემიერლიგაში აღზევებული გუნდი ურალსკის ,,აკჟაიკი". განვლილ თამაშებში გამოჩნდა ჩვენი, როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეები. შეკრება სწორედ იმას ემსახურება, რომ შეცდომები გამოვასწოროთ და ჩემპიონატს მომზადებული შევხვდეთ. რა თქმა უნდა, გამარჯვება კარგია, მაგრამ, მოსამზადებელ ეტაპს სხვა დატვირთვა აქვს. ვფიქრობ, ჩვენი გუნდი სამშობლოში კარგად მომზადებული ჩამოვა და საქართველოს ჩემპიონატში ნებისმიერ გუნდს კონკურენციას გაუწევს.

    – როგორც განვლილმა შეხვედრებმა დაგვანახა, გუნდს საგოლე მომენტების რეალიზების პრობლემა აქვს, აქამდე ჩატარებულ ოთხივე შეხვედრაში ,,სამგურალმა" მეტოქეებზე გაცილებით მეტი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ გუნდს თითქოსდა დამაგვირგვინებელ ფაზაში არ უმართლებს. თუნდაც, მოსკოვის ,,ტორპედოსთან" თამაში გავიხსენოთ, როცა მეტოქის კარის ძელს ბურთი ოთხჯერ მოხვდა..
    .
    – ეს პრობლემა წინა სეზონშიც გვქონდა და ჯერჯერობით კვლავ თავს გვახსენებს. განვლილ ოთხ შეხვედრაში ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. თუმცა, გუნდი მზადების ეტაპზეა და ამ მთავარ კომპონენტსაც გამოვასწორებთ. სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები ხარვეზების აღმოსაფხვრელად თავდაუზოგავად მუშაობენ. რაც შეეხება თამაშებს, ჩვენმა გუნდმა საკმაოდ დინამიური და ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ ,,ტორპედოსთან" 0:2 დავმარცხდით, თამაშის ხარისხითა და სისწრაფეებით, ალბათ მწვრთნელები კმაყოფილი დარჩებოდნენ. მოსკოვური გუნდისთვის ტოლი არაფერში დაგვიდვია, მაგრამ, ამ თამაშში ფორტუნა ჩვენს მხარეს არ იყო. პირველი ტაიმის საწყის 15 წუთში 3 რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, გოლი რომ გაგვეტანა, შესაძლოა მატჩი სხვა სცენარით განვითარებულიყო. თუმცა, მარცხისგანაც დიდ გამოცდილებას ვღებულობთ.

    - ბოლო ორი წელიწადში ,,სამგურალმა" ლიგა 3–დან ეროვნულ ლიგაში შეძლო დაწინაურება, გარდა ამისა, ითამაშა თასის ფინალში, გუნდი წლიდან წლამდე პროგრესირებს, როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება ,,სამგურალის" ხვალინდელი დღე?

    – გუნდში 2019 წლის მეორე ნახევარში მოვედი. პირველივე დღიდან, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ უმაღლეს ლიგაში აღმოვჩენილიყავით. ჩვენს მთავარ მიზანს მივაღწიეთ, ამისთვის რთული გზა გავიარეთ. ქართული ფეხბურთის ისტორიაში იშვიათია, როცა წელიწად–ნახევარში გუნდი, ჯერ მესამე ლიგიდან მეორეში გადასულიყოს, შემდეგ უმაღლესის საგზურიც მოეპოვებინოს და პარალელურად თასის ფინალში ეთამაშოს. პირველ რიგში ეს სამწვრთნელო შტაბის და ფეხბურთელების დამსახურებაა. ჩვენ რომ ასეთი პროგრესი განვიცადეთ, სწორედ მათი შრომის შედეგია. მიღწეულზე არ უნდა გავჩერდეთ, შარშან ევროტურნირებამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა, თუმცა, კლუბი სწორი გზით ვითარდება და ვფიქრობ, კიდევ მოგვეცემა ისტორიის დაწერის შანსი.
    ,,სამგურალი" ბრძოლისუნარიანი გუნდია, აქ კარგი საფეხბურთო ატმოსფეროა და ვფიქრობ, რომ ყველასთვის საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით, ჩვენი ამოცანაა, რომ მოედანზე ბოლომდე დავიხარჯოთ, ვანახოთ ჩვენი საუკეთესო მხარეები, ვფიქრობ, სპორტული ფორტუნაც თუ ჩვენს მხარეს იქნება, აუცილებლად კარგ შედეგებს მივაღწევთ.

    – გუნდი უკვე ბოლომდე დაკომპლექტებულია თუ შესაძლებელია, კიდევ გამოჩნდნენ ახალი ფეხბურთელები?

    – ამ ეტაპისთვის გუნდი პრაქტიკულად ბოლომდეა დაკომპლექტებული. თუ სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს, რომ კონკრეტულ პოზიციაზე გაძლიერება გვჭირდება, გუნდის გაძლიერებაზე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ვიფიქრებთ. თუმცა, ახლაც საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავს და ეს თურქეთში გამართულმა ამხანაგურმა მატჩებმაც აჩვენა. ფაქტობრივად ორი თანაბარი ძალის შემადგენლობა გვყავს და კონკურენცია საკმაოდ დიდია.

    – სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთში ერთწლიანი გუნდების არაერთი მაგალითი გვქონია, როცა გუნდი გარკვეულ სიმაღლეს აღწევს და შემდეგ უცებ ქრება თვალთახედვის არედან, თავიდან, ,,სამგურალის" გულშემატკივრებიც შიშობდნენ, მათი გუნდის შემთხვევაშიც იგივე არ მომხდარიყო...

    –ჩვენ თავიდანვე ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთეთ აქცენტი, მათი პოტენციალის გვჯეროდა და მართლებიც აღმოვჩნდით – მათ ნდობა რომ გამოვუცხადეთ. როცა ერთწლიან გუნდებზეა საუბარი, იქ სხვაგვარად ხდება, გუნდი უცებ გამოჩნდება ასპარეზზე და უცებვე ქრება, ჩვენ კი ეროვნულ ლიგამდე ყველა ეტაპი გავიარეთ, სირთულეებით სავსე გზა. 2019 წლიდან მოყოლებული, ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ, გვყავს გამოცდილი მოთამაშეებიც, მაგრამ ძირითადად ახალგაზრდებზე გავაკეთეთ აქცენტი, მათთან რამდენიმეწლიანი კონტრაქტები გავაფორმეთ. პრაქტიკულად ჩვენთან უმრავლესობას გუნდთან 2 ან 3 წლიანი კონტრაქტები აკავშირებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გრძელვადიანი გეგმები გვაქვს.

    – გულშემატკივარი ხშირად ინტერესდება სტადიონის თემით, ყველას აინტერესებს, რა სამუშაოები განხორციელდება წლეულს წყალტუბოს საფეხბურთო არენაზე და რამდენად სწრაფად შეძლებს გუნდი საკუთარ მოედანზე დაბრუნებას?

    – უკვე დავიწყეთ მინდვრის საფარის მოწესრიგება, რის გამოც პირველი სამი ტური ზესტაფონში მოგვიწევს თამაში. სანაკრებო პაუზის შემდეგ, რომელიც მარტის ბოლოს იწყება, საკუთარ არენას დავუბრუნდებით და 3 აპრილიდან საშინაო მატჩებს წყალტუბოში გავმართავთ. რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, პრაქტიკულად, კაპიტალურად ვაკეთებთ, როგორც გასახდელებს, ასევე მოედნის საფარს. ქალაქის ხელმძღვანელობას სტადიონის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოცხადებული აქვს ტენდერი, პროცესი დაწყებულია, საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი თვის ბოლოს დასრულდება და გამოვლინდება გამარჯვებული. რაც შეეხება თავად სამშენებლო სამუშაოებს, სავარაუდოდ, აპრილის პირველ რიცხვებში დაიწყება ძირითადი სამუშაოები , რაც გულისხმობს სტადიონის შემოღობვას, ინდივიდუალური სკამების დამონტაჟებას და გარე იერსახის მოწყობას. ვფიქრობ, ამ ყველაფრის გაკეთება ივლისის ბოლომდე უნდა მოესწროს. 2021 წლიდან კი უნდა ვიფიქროთ სტადიონის განათებაზე და ძველი ადმინისტრაციული შენობის ადგილას, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობის აშენებაზე. ჩვენი მიზანია, რომ წყალტუბოს სტადიონმა შეძლოს უეფას მე–2 კატეგორიის ლიცენზიის მიღება , რაც ევროთასების საკვალიფიკაციო მატჩებისა და ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრების მასპინძლობის უფლებას მოგვცემს. სავარაუდოდ, 2022 წლისთვის სტადიონის რეაბილიტაცია სრულად დასრულდება.

    – პრობლემატურია ასევე სავარჯიშო მოედანიც...

    – ეს საკითხი ზოგადად, ქვეყანაშია პრობლემატური.. ანტალიაში, სადაც ჩვენ მზადებას გავდივართ, 250 ფეხბურთის მოედანია. სამწუხაროდ, ამის ფუფუნება საქართველოში არ არის. ვფიქრობ, ეს საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დიდი ხანია, აღნიშნულ თემაზე მუშაობს, ბევრი სტადიონი გაკეთდა, სახელმწიფოც აქტიურადაა ჩართული, მართალია, პანდემიამ გარკვეული პროექტების რეალიზებას ხელი შეუშალა, მაგრამ შემდეგი წლიდან ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება და ეს საკითხებიც გადაწყდება. ჩვენ რაც შეგვეხება, ქუთაისში იჯარით ავიღეთ სავარჯიშო მოედანი და ჩემპიონატისთვის გუნდი იქ მოემზადება. მადლობა მინდა ვუთხრა ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას და იმერეთის გუბერნატორს, ბატონ ზვიად შალამბერიძეს, რომელმაც ჩვენი თხოვნა ოპერატიულად განიხილა. გუნდი საქართველოში დაბრუნების შემდეგაც სრულფასოვნად შეძლებს ჩემპიონატისთვის მომზადებას, ეროვნულ ლიგაში გაცილებით მაღალი მოთხოვნილებებია, ჩვენ ხელოვნურსაფარიანი მოედანი კი გვაქვს, მაგრამ ტრავმების პრევენციის გამო, ასეთ საფარზე ვარჯიში არ არის მიზანშეწონილი. უკვე ვამზადებთ აღნიშნულ სტადიონს და როცა გუნდი თურქეთიდან დაბრუნდება იქ გააგრძელებს ვარჯიშს.

    - არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ თქვენი ერთ–ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაა, პირადად ხართ ჩართული ამ საკითხში, ხშირად ესწრებით ახალგაზრდული გუნდის თამაშებს, ცდილობთ, ნიჭიერი ფეხბურთელების წახალისებას...

    – რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. გარდა იმისა, რომ ვცდილობთ, პირველ გუნდს ხელი შევუწყოთ და იმაში, რომ ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზოს, პარალელურად ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაზეც უნდა ვიზრუნოთ. წყალტუბოს რეგიონში ძალიან დიდი პოტენციალია, გეოგრაფიულად საკმაოდ დიდი რეგიონია, აქ არიან ნიჭიერი ბავშვები, საჭიროა მათი მოძიება, სპორტულ სკოლაში მოყვანა და კარგი ფეხბურთელების გაზრდა. ჩვენის სკოლის ერთ–ერთი ნიჭიერი წარმომადგენელი პირველ გუნდთან ერთად წამოვიყვანეთ ანტალიაში, აქ ვარჯიშებს ესწრება, დებიუტიც ჰქონდა. ეს პროცესი უნდა იყოს შეუქცევადი, ჩვენ ნიჭიერ ბავშვებს განვითარებაში აუცილებლად ხელს შევუწყობთ.
    სამწუხაროდ, წყალტუბოში გაიწელა საბავშვო სტადიონის აშენება. გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული, ვფიქრობ, წლის ბოლომდე შევძლებთ ქალაქის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას, ტერიტორიის აღებასთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ შევძლებთ ამ სტადიონის აშენებას. თუ ბავშთა ფეხბურთი არ განვავითარეთ და მომავალი თაობა არ აღვზარდეთ, ძალიან რთული იქნება ყოველთვის სხვადასხვა გუნდებიდან ფეხბურთელების მოყვანა. ჩვენი მიზანია აღვზარდოთ ადგილობრივი ბავშვები და ისინი ვათამაშოთ ჯერ მეორე გუნდში, შემდეგ კი პირველ გუნდშიც მივცეთ დამკვიდრების საშუალება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, კლუბის განვითარების მთავარი ქვაკუთხედი– გავაკეთოთ კარგის სკოლა, აკადემია, მოვიყვანოთ კვალიფიციური მწვრთნელები, რომლებიც ჩვენს კლუბშიც ამჟამადაც საკმაოდ არიან, მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი საკითხი.
    რაც შეეხება პირველ გუნდს, ჩვენმა რამდენიმე ფეხბურთელმა მოასწრო ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში და მინდა ვთქვა, რომ ისინი საკმაოდ ღირსეულად წარმოჩინდნენ ისეთ გუნდებთან, როგორებიც საფრანგეთისა და სლოვაკეთის ახალგაზრდული ნაკრებებია. სლოვაკეთთან სერგო კუხიანიძე საუკეთესო იყო და ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. ვფიქრობ, ჩვენ ქვეყანას ვუზრდით ძალიან კარგ ფეხბურთელებს, რომლებიც შესაძლოა სამომავლოდ ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგნენ.

    – ,,სამგურალი" უმაღლეს ლიგაში და ბუნებრივია, კლუბის მიმართ ინტერესი გაზრდილია. რომელიმე კომპანიას ,,სამგურალის" სპონსორობის სურვილი ხომ არ გამოუთქვამს?

    –თვალი უნდა გავუსწოროთ იმ რეალობას, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. ასეთი ფინანსური კრიზისის დროს რთულია სპონსორების მოძიება, თუმცა, გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს ერთ–ერთ კომპანიასთან მოლაპარაკება და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ის გახდება გუნდის გენერალური სპონსორი... დაველოდოთ, რამდენიმე დღე და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებას ოფიციალურად გავაკეთებთ.

    -კარს მოგვადგა ეროვნული ჩემპიონატი, ,,სამგურალს" ძალიან რთული კალენდარი აქვს. სეზონს ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან მატჩით იწყებთ და შემდეგ ,,საბურთალოს' მასპინძლობთ.

    – რადგანაც ჩვენ უკვე უმაღლეს ლიგაში აღმოვჩნდით, უნდა შევეგუოთ, რომ იოლი კალენდარი არ გვექნება. უკვე სხვა ნაბიჯი გადავდგით, საუკეთესოთა შორის ვართ, შესაბამისად ყველა ტური რთული იქნება. სეზონი ჩვენი და ,,დინამოს" მატჩით იხსნება, სადებიუტო შეხვედრაში ჩვენ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს ვხვდებით, რთული მატჩი იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ღირსეულად გამოვალთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ.
    ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, გუნდში არის ჯანსაღი კონკურენცია, ბიჭები ყველანი კარგად არიან, მთავარია, რომ ეს შეკრება მშვიდობიანად, ტრავმების გარეშე დავამთავროთ. სამწუხაროდ, ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელი გვყავს დისკვალიფიცირებული და საწყის ტურებში ვერ დაგვეხმარებიან, თუმცა, ზემოთაც აღვნიშნე, რომ ყველა პოზიციაზე კონკურენციაა და მიუხედავად დანაკლისისა, გუნდი ყველაფერს ეცდება, რომ გულშემატკივარი გაახაროს.
    ძალიან დიდი იმედი მაქვს ფეხბურთელების, სამწვრთნელო შტაბის, გუნდის ხელმძღვანელობის . ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სეზონი ჩვენთვის წარმატებული გამოდგეს. 27 თებერვალს მართლაც, რომ ისტორიული შეხვედრა გვაქვს. 19 წლიანი პაუზის შემდეგ ,,სამგურალი" ეროვნულ ლიგაში ითამაშებს და მჯერა, რომ ჩემპიონატის გახსნით მატჩშიც და მთლიანად მთელი სეზონის განმავლობაში ღირსეულ თამაშს აჩვენებსскачать dle 10.5фильмы бесплатно