თურქეთში შეკრებაზე მყოფმა წყალტუბოს ,,სამგურალმა" დღეს პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. წყალტუბოელები ბულგარეთის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან კირჯალის ,,არდას" დაუზავდნენ - 0:0
შეხვედრის დებიუტში ბულგარელებმა სცადეს მატჩის სადავეების ხელში ჩაგდება და ორჯერ მწვავედაც შეუტიეს, წყალტუბოელებმა გამოცდილ მეტოქეს კონტრშეტევები დაუპირისპირეს, შემდეგ კი სულაც უპირატესობას დაეუფლნენ და ,,არდას" კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. ანგარიშის გახსნის ყველაზე რეალური შანსი ,,სამგურალს" 40–ე წუთზე ჰქონდა, სერგო კუხიანიძე თავით მიწიდან ასხლეტით გზავნიდა ბურთს სიმენოვის კარში, მაგრამ ბულგარელები გოლისგან ძელმა იხსნა. საპასუხო იერიშისას ,,არდასაც" ჰქონდა გოლის გატანის კარგი შანსი, მაგრამ მაქსიმე ქვილითაიამ ითამაშა დამაჯერებლად და ბოლო მომენტში შესძლო შემტევისთვის ბურთის ართმევა.
მატჩის მეორე ნახევარში ,,სამგურალი" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა მეკარის გარდა ყველა ფეხბურთელი შეცვალა. ,,სამგურალს" ტემპი არ დაუგდია და მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა. სახიფათოდ უტყამდნენ კარში გიორგი ბუხაიძე და დემურ ჩიხლაძე. უპირატესობის მიუხედავად გოლი არ გავიდა და პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა.
არდა–სამგურალი 0:0
05.02. ანტალია, სიდე
სამგურალი: ქვილითაია, ქურდაძე, პატარკაციშვილი, ასათიანი, თევზაძე, ფონიავა, ტურე, მჭედლიშვილი, ლექვთაძე, კირკიტაძე, კუხიანიძე
მეორე ტაიმში შევიდნენ: ბურჯანაძე, ბანძელაძე, კიკაბიძე, ახვლედიანი, გაზდელიანი, გილმორი, დოლიძე, ბუხაიძე, ჩიხლაძე, ვერულიძე
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
скачать dle 11.3