თედო ფესტვენიძე: ვფიქრობთ, საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება! » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
თედო ფესტვენიძე: ვფიქრობთ, საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება!
  • თედო ფესტვენიძე: ვფიქრობთ, საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება!

    სტადიონის რეაბილიტაცია იწყება. გუნდი სავარჯიშოთ ქუთაისში გადადის, პირველ ორ საშინაო მატჩს ზესტაფონში ითამაშებს და წყალტუბოს მალე დაუბრუნდება...


    ბოლო ორი წლის განმავლობაში წყალტუბოს ,,სამგურალმა" დიდი პროგრესი განიცადა. იმერული გუნდი ლიგა 3–იდან ჯერ, ეროვნულ ლიგა 2–ში დაწინაურდა, გასულ სეზონში კი ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა და 19 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მთავარ ლიგაში ითამაშებს. ,,სამგურალის" წარმატებების ერთ–ერთი მთავარი შემოქმედი კლუბის აღმასრულებელი დირექტორი თედო ფესტვენიძეა, რომელმაც გუნდისთვის რთულ პერიოდში შესძლო ინვესტორის დაინტერესება და კლუბის პრეზიდენტ მიხეილ იაშვილთან ერთად ახალი ,,სამგურალის" შენებას ჩაუყარა საფუძველი.
    კლუბის აღმასრულებელ დირექტორს ,,სამგურალის" სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ. როგორ ემზადება კლუბი მომავალი ჩემპიონატისთვის, რა გეგმები აქვს ,,სამგურალს" და რა ინფრასტრუქტურული სიახლეები იგეგმება წყალტუბოს სტადიონზე, ყოველივე ამის შესახებ მასთან ინტერვიუში გაიგებთ...


    – პირველ რიგში, გუნდის ბოლოდროინდელ მიღწევებზე ვისაუბროთ, ,,სამგურალი" მრავალწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა, გარდა ამისა გუნდმა თასის ფინალში ითამაშა და ტიტულის მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო. გუნდი რომელიც ორი წლის წინ ლიგა 3–ში თამაშობდა, დღეს სხვა მიზნებისთვის იბრძვის, როგორ მიაღწია გუნდმა ასეთ პროგრესს?

    – ,,სამგურალის" ბოლოდროინდელი წარმატებები ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება გუნდში ინვესტორის მოსვლას. კლუბის პრეზიდენტი ბატონი მიხეილ იაშვილი კლუბის განვითარებისთვის და წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებს. სწორედ მის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ მიგვიყვანა აღნიშნულ შედეგამდე. ბოლოს ,,სამგურალი" უმაღლეს ლიგაში 2001–2002 წლების სეზონში ასპარეზობდა. რამდენიმე წელიწადი გუნდი საერთოდ არ არსებობდა, ძალიან დიდი წყვეტა იყო. მაშინ უმაღლეს ლიგაზე მხოლოდ ოცნება თუ შეიძლებოდა... ბედნიერი ვარ, რომ ,,სამგურალის" გულშემატკივრები გავახარეთ, მათი ოცნება რეალობად ვაქციეთ და მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის საგზური მოვიპოვეთ.
    პირველი ტიტულის მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ფინალურ შეხვედრაში მოვლენები ჩვენთვის სახარბიელოდ არ განვითარდა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ნაყოფიერი სეზონი იყო. რა თქმა უნდა, გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი გუნდის სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა შეიტანეს. მთავარ მწვრთნელს უჩა სოსიაშვილს ხელშეკრულება 2 წლით გავუხანგრძლივეთ. იმედი გვაქვს, რომ ის ,,სამგურალში" წარმატებულ მუშაობას გააგრძელებს. მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის სპორტულ დირექტორ ბესიკ ხაჭიპერაძეს, ასევე კლუბის თითოეულ წევრს გაწეული სამუშაოსთვის, ,,სამგურალის" წარმატებაში ყველა მათგანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

    – როგორ ემზადება გუნდი ახალი სეზონისთვის?

    – ,,სამგურალმა" ჩემპიონატისთვის მზადება 8 იანვარს წყალტუბოში დაიწყო. ამჟამად, გუნდი ორჯერად ვარჯიშებზეა გადასული. დატვირთვების ფონზე ვითამაშეთ ამხანაგური შეხვედრა ქობულეთის ,,შუქურასთან". ქობულეთელებს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ, საინტერესო კონტიგენტი შეკრიბეს. კარგი მატჩი გამოვიდა. საკონტროლო თამაშებში აქენტი ძირითადად ტაქტიკური სქემების დამუშავებაზე და სხვა საფეხბურთო ნიუანსებზეა გამახვილებული, თუმცა, რა თქმა უნდა, მოგებაც ძალიან სასიამოვნოა.
    1 თებერვლიდან მზადებას ანტალიაში გავაგრძელებთ. გუნდი ლარაში სასტუმრო ,,გრინ ჰოთელ პალასში" დაბინავდება და იქ 17 თებერვლამდე დარჩება. ანტალიაში ,,სამგურალი" ექვს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მეტოქეების უმეტესობა ცნობილია. 5 თებერვალს ბულგარულ კლუბს კირჯალის ,,არდას" დავუპირისპირდებით, 13 თებერვალს ორი მატჩი გვაქვს დაგეგმილი მოსკოვის ,,ტორპედოსთან" და უკრაინის პირველი ლიგის ლიდერ ,,აგრო ბიზნესთან". ასევე იგეგმება მატჩები მოსკოვის ,,სპარტაკის" 21 წლამდე გუნდთან და უკრაინული პრემიერ ლიგის ,,ოლექსანდრიასთან". კიდევ ერთი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

    – ,,სამგურალში" ბევრი ცვლილებაა, როგორ ფიქრობთ, გააძლიერებენ გუნდს ახალწვეულები?

    – გუნდის ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ. გვყავს ახალწვეულებიც, რომლებსაც ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებთ. გიორგი მჭედლიშვილს, მაქსიმე ქვილითაიას, გიორგი ბუხაიძეს, დავით კირკიტაძეს და ირაკლი ლექვთაძეს ქართული ფეხბურთში გათვითცნობიერებული ადამიანებისთვის წარდგენა არ სჭირდებათ... ახალგაზრდა და საინტერესო ფეხბურთელები არიან ნიკა კალანდარიშვილი, ალექსანდრე ვერულიძე და ნიგერიელი ლეგიონერი ლუქმან გილმორი... ვფიქრობ, ახალწვეულები გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ. ფეხბურთელების გარდა სიახლეები გვაქვს სტაფშიც. ,,სამგურალის" სამედიცინო შტაბს უხელმძღვანელებს გამოცდილი სპორტული ექიმი დიმა ზაალიშვილი, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობის გამოცდილება აქვს. ფიზიოთერაპევტად იმუშავებს გუნდის ყოფილი ფეხბურთელი ირაკლი ხვადაგიანი, მან ამ კუთხით არჩია განვითარება, გაიარა შესაბამისი კურსები და ჩვენც დავეხმარებით კარიერულ წინსვლაში.

    – გამოქვეყნდა ეროვნული ლიგის კალენდარი. ,,სამგურალი" ჩემპიონატს სტუმრად თბილისის ,,დინამოსთან" მატჩით იწყებს. სწორედ ამ მატჩით გაიხსნება ეროვნული ლიგა. რამდენად მისაღები იყო პირველივე შეხვედრაში მოქმედ ჩემპიონთან დაპირისპირება?

    – თბილისის ,,დინამოზე" ბევრს არ ვისაუბრებ, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და ყველაზე ტიტულოვანი კლუბია – ამით კი ყველაფერი ნათქვამია. გიორგი ნემსაძე ამბიციური მწვრთნელია და ძლიერი გუნდი ეყოლება, რა თქმა უნდა, ფავორიტი ,,დინამოა", მაგრამ უშანსოდ ჩვენც არ ვიქნებით. ჩემპიონატის დაწყებამდე თითქმის ერთი თვეა დარჩენილი, ყველაფერი დამოკიდებული იქნება, როგორ შეხვდებიან გუნდები კონკრეტულ მატჩს.

    – რა მიზნები ექნება სამგურალს მომავალ ჩემპიონატში?

    – ზემოთაც ვთქვით, რომ ძალიან დიდი წყვეტა იყო და ფაქტობრივად, ,,სამგურალი" ლიგის დებიუტანტია. ჩვენი მიზანია, რომ ეტაპობრივად განვვითარდეთ, ეროვნულ ლიგაში მყარად დავიმკვიდროთ ადგილი და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ვფიქრობთ, საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება, ყველა მატჩზე წარმატების მისაღწევად გავალთ, დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს.

    – ,,სამგურალს" პირველ ორ საშინაო მატჩში, სახლის მოედნად ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის არენა აქვს მითითებული. რით არის განპირობებული, საწყის ტურებში გუნდის ნეიტრალურ მოედანზე ასპარეზობა?

    – ზესტაფონში მხოლოდ საწყის ორ საშინაო მატჩს გავმართავთ, შემდეგ კი 26 მაისის სახელობის არენაზე დავბრუნდებით. წყალტუბოში სტადიონის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება. კლუბის პრეზიდენტის მიხეილ იაშვილის დაფინანსებით მოწესრიგდება მოედნის საფარი და გაკეთდება გასახდელები. აღნიშნული სამუშაოები ჩემპიონატის დაწყებამდე დასრულდება.
    პარალელურად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით დაიწყება სტადიონის სრული შემოღობვა, ტრიბუნების მოწესრიგება და ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება. აღნიშნულ სამუშაოებს ცოტა მეტი დრო სჭირდება და დაახლოებით ზაფხულამდე გაგრძელდება, თუმცა, ეს ხელს არ შეგვიშლის, რომ საკუთარ მოედანზე ვითამაშოთ, მოედნის მოწესრიგების შემდეგ 26 მაისის სახელობის სტადიონზე დავბრუნდებით.

    – სად მოემზადება გუნდი თურქული შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ?

    – ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე იჯარით ავირეთ ბუნებრივსაფარიანი საფეხბურთო მოედანი და გასახდელები, სადაც გუნდი მთელი ჩემპიონატის განმავლობაში მოემზადება.

    – ,,სამგურალის" ხელმღვანელობის ერთ–ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარება გახლდათ, ამ მხრივ რა სიახლეებია?

    – ჩვენი ახალგაზრდული გუნდი ,,სამგურალი" 2– რეგიონულ ლიგაში თამაშობს და მიზნად მე–4 ლიგაში დაწინაურებას ისახავს. ჩემპიონატის შეჩერებამდე გუნდმა ორიდან ორივე შეხვედრა მოიგო და დასავლეთ ზონის ,,ბ" ჯგუფის ლიდერია. გუნდს ჰყავს ახალი მთავარი მწვრთნელი, ა ლიცენზიის მფლობელი ვლადიმერ ვაშაძე. იმედი გვაქვს, რომ მისი მუშაობა წარმატებული იქნება. ახალგაზრდებს ჩვენთან განვითარების კარგი შესაძლებლობები აქვთ, ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან და თავს თუ გამოიჩენენ, პირველ გუნდში თამაშის შესაძლებლობა ეძლევათ. მაგალითად, ასაკობრივი გუნდიდან ახლახანს 16 წლის შემტევი კირილე შვანგირაძე დავაწინაურეთ, რომელიც ,,სამგურალთან" ერთად თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება. პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს 17 წლის მეკარე მურმან სვანიძეც, რომელიც გუნდთან ერთად გასულ წელსაც იყო შეკრებაზე. უახლოეს მომავალში იგეგმება საფეხბურთო სკოლის განვითარება. ხელოვნრსაფარიანი სტადიონის მიმდებარედ გაკეთდება მეორე სტადიონი, ადმინისტრაციული შენობა და გასახდელები.
    ახალგაზრდების განვითარება ჩვენი ერთ–ერთი პრიორიტეტია, გასულ წელს, ,,სამგურალიდან" ახალგაზრდულ ნაკრებში სამი ფეხბურთელი ( სერგო კუხიანიძე, ლუკა ასათიანი, შალვა ბურჯანაძე) მოხვდა, რაც კლუბის სწორი მუშაობის შედეგია. ჩვენი დიდი სურვილია, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები სამომავლოდაც მოვამარაგოთ ნიჭიერი ფეხბურთელებით.скачать dle 11.3