ყოველთვის გვჯეროდა, რომ ის უდიდესი შრომა და რესურსი რაც გუნდის შენებაში ჩაიდო შედეგს აუცილებლად გამოიღებდა! » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ყოველთვის გვჯეროდა, რომ ის უდიდესი შრომა და რესურსი რაც გუნდის შენებაში ჩაიდო შედეგს აუცილებლად გამოიღებდა!
  • ინტერვიუ უჩა სოსიაშვილთან

    ოველთვის გვჯეროდა, რომ ის უდიდესი შრომა და რესურსი რაც გუნდის შენებაში ჩაიდო შედეგს აუცილებლად გამოიღებდა!

    18 წელიწადი ელოდნენ წყალტუბოელი გულშემატკივრები საყვარელი გუნდის ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას და ეს ოცნება წლეულს აუხდათ. ახალგაზრდა სპეციალისტის, უჩა სოსიაშვილის დამოძღვრილმა გუნდმა ეროვნულ ლიგა 2–ში მეორე ადგილი დაიკავა, გადასასვლელ პლეი ოფში კი საჩხერის ,,ჩიხურა" ორივე შეხვედრაში დაამარცხა (2:0, 1:0) და მრავალწლიანი განშორების შემდეგ რჩეულთა შორის დაბრუნდა.
    აღსანიშნავია, რომ უჩა სოსიაშვილი, ,,სამგურალში" მას შემდეგ დაინიშნა, რაც, კლუბში ახალი ინვესტორი, ცნობილი ბიზნესმენი მიხეილ იაშვილი მივიდა, აღმასრულებელ დირექტორად კი ,,სამგურალის" ვეტერანი ფეხბურთელი და ყოფილი სპორტული დირექტორი თედო ფესტვენიძე დაინიშნა. ლიგა 3–ში მეოთხე ადგილზე მყოფ გუნდს ამბიციები გაუჩნდა და პირველივე ცდაზე, შარშანდელ სეზონში ეროვნულ ლიგა 2–ში დაბრუნდა. კლუბის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი მიღწეულით არ დაკმაყოფილდა, გუნდი გააძლიერა და წლეულს ეროვნული ლიგაში აღზევებაც იზეიმა. გარდა ამისა, ,,სამგურალმა" შესანიშნავად ითამაშა საქართველოს თასზე, ფინალში ისე გავიდა ყველა შეხვედრა მოიგო და გოლიც არ გაუშვია, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში უიღბლობისა თუ სხვა ცნობილი გარემოებების გამო ტიტული პენალტების სერიაში დათმო.
    მოკლედ, წყალტუბოელებს საინტერესო და ემოციებით დატვირთული წელიწადი გამოუვიდათ. განვლილი საფეხბურთო სეზონის შეფასება გუნდის მთავარ მწვრთნელს უჩა სოსიაშვილს ვთხოვეთ და მასთან სხვა საინტერესო თემებზეც ვისაუბრეთ.


    – პირველ რიგში, გილოცავთ, ეროვნულ ლიგაში აღზევებას, ,,სამგურალმა" დასახულ მიზანს მიაღწია – ეროვნულ ლიგაში გადახვედით. გარდა ამისა, თასის ფინალშიც ითამაშეთ და კლუბის პირველ ტიტულამდე სულ ცოტა დაგაკლდათ. როგორ შეაფასებდით განვლილ სეზონს?

    – თავდაპირველად, მინდა წყალტუბოელებს მივულოცო მათი საყვარელი გუნდის საუკეთესოთა შორის დაბრუნება. ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ,,სამგურალმა" ბოლოს უმაღლეს ლიგაში ითამაშა, ყველა მოუთმენლად ელოდა ამ დღეს და ბედნიერი ვარ, რომ ერთად დგომითა და მუშაობით შევძელით მიზანს მიღწევა. ბევრი სირთულის მიუხედავად, წარმატებული სეზონი გამოვიდა, რომელიც ეროვნულ ლიგაში აღზევებით დავაგვირგვინეთ.
    მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტ ბატონ მიხეილ იაშვილს და აღმასრულებელ დირექტორ ბატონ თედო ფესტვენიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. კლუბის ხელმძღვანელობამ, ქართული რეალობიდან გამომდინარე, ყველა პირობა შეგვექმნა, რომ, გუნდის განვითარებისთვის გვემუშავა და დასახული მიზნისთვის მიგვეღწია.
    აქვე უნდა ვახსენო, ,,სამგურალის" სპორტული დირექტორი ბესიკ ხაჭიპერაზე, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია კლუბის წარმატებისთვის. თავდაუზოგავად იშრომა სამწვრთნელო შტაბმა და სტაფის თითოეულმა წევრმა. მადლობა ფეხბურთელებს თავდაუზოგავი შრომისთვისა და თამაშისთვის... როცა გუნდი მესამე ლიგიდან ეროვნულ ლიგა 2–ში აღზევდა, ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ და გარკვეულ პოზიციებზე გავძლიერდით, ზოგიერთს ეროვულ ლიგა 2–ში თამაშის გამოცდილებაც არ ჰქონდა, მაგრამ მათ ნდობა გაამართლეს და გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.
    მადლობა ,,სამგურალის" გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის და იმ დიდი სიყვარულისთვის, რასაც გუნდის მიმართ გამოხატავდნენ. იმედია, პანდემია მალე წარსულს ჩაბარდება და ქომაგი სტადიონს დაუბრუნდება. გულშემატკივრების მხარდაჭერა ახლაც არ გვაკლდა, სტადიონზე თუ ვერ შემოდიოდნენ, სტადიონის გარედან გვქომაგობდნენ, მათგან უდიდესი მუხტი მოდიოდა და შეუძლებელი იყო, ამას გუნდზე დადებითად არ ემოქმედა. ზოგადად, მადლობა მინდა გადავუხადო წყალტუბოელებს, იმ დამოკიდებულებებისა და გულწრფელობისთვის რასაც ჩვენს მიმართ გამოხატავდნენ. ორი წელიწადია ამ ქალაქში ვცხოვრობ და პირდაპირ ვიტყვი, მოხიბლული ვარ აქაურობით. წყალტუბო ულამაზესი ქალაქია და ამ ქალაქს კიდევ უფო მეტ ხიბლს მისი მაცხოვრებლები სძენენ, ძალიან გულწრფელი და მეგობრული ადამიანები, რომლებიც მზად არიან ყოველთვის გვერდში დაგიდგნენ. ბედნიერი ვარ, რომ ეს ხალხი გავახარეთ.

    –გუნდი თავიდანვე ეროვნულ ლიგაში გადასვლას ისახავდა მიზნად, თუმცა, ჩემპიონატის დასაწყისში ძალიან დიდ სირთულეებს წააწყდით, სეზონის სტატრზე განვითარებული მოვლენების ფონზე ამ მიზნის მიღწევა არც თუ ისე მარტივი ჩანდა...

    გაუთვალისწინებელმა ფაქტორებმა გეგმები აგვირია, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა...
    სეზონის დაწყებამდე გვქონდა ორი შეკრება, ერთი ადგილზე, მეორე თურქეთში. ვემზადებოდით ხანგრძლივი მარათონისთვის, მაგრამ პანდემიის გამო ყველაფერი თავდაყირა დადგა. გათამაშება მძიმედ დავიწყეთ, ორ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა, შემდეგ ჩემპიონატი შეწყდა და თავიდან მოგვიხდა მოსამზადებელი ეტაპის გავლა. ისიც არ ვიცოდით, გათამაშება როგორი ფორმატით განახლდებოდა, საბოლოოდ, ჩემპიონატი შეიკვეცა და 36 თამაშის ნაცვლად 18 მატჩის ჩატარება მოგვიწია, მე–6 ტურამდე გამარჯვება არ გვქონდა, ყველა მატჩში უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ვერ ვიგებდით. იმ გადმოსახედიდან ძალიან რთული ჩანდა დასახული მიზნის მიღწევა. თუმცა ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ ის უდიდესი შრომა და რესურსი რაც გუნდის შენებაში ჩაიდო შედეგს აუცილებლად გამოიღებდა. მნიშვნელოვანი იყო კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, რომლებმაც, ,,ცხელ გულზე" არ იმოქმედეს, ნდობა გამომიცხადეს და მუშაობის გაგრძელების საშუალება მომცეს.

    – ამის შემდეგ ,,სამგურალისთვის" გარდამტეხი მომენტი დადგა, როცა გუნდმა ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო და აუტსაიდერებიდან, უცებ, ლიდერთა შორის აღმოჩნდა...

    – ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ძალიან დაძაბული და საინტერესო ჩემპიონატი გამოვიდა. ყველა გუნდი თანაბრად იბრძოდა. სატურნირო ცხრილში ისეთი სიმჭიდროვე იყო, ბოლო ტურებამდე ვერ გაარკვევდი, ვინ აღმოჩნდებოდა ლიდერებში და ვინ აუტსაიდერებში. მოგეხსენებათ, ერთ–ერთი გუნდი, რომელიც თითქმის მთელი სეზონი ლიდერებში იყო და ბოლო ტურში მოგების შემთხვევაში მეორე ადგილზე გასვლის შანსი ჰქონდა, საბოლოოდ პლეი–აუტის ზონაში აღმოჩნდა...
    ჩვენთვის გარდამტეხი მე–6 ტური გამოდგა, როდესაც საკუთარ არენაზე დუშეთის ,,არაგვი" დავამარცხეთ (2:0). ფეხბურთელებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს, გამარჯვების გემო შეიგრძნეს. შემდეგ იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება მეორე ადგილზე მყოფ ,,გაგრასთან" (1:0) და ,,შევარდენთან" (2:0). თუმცა, მარტივად ამის შემდეგაც არაფერი მოსულა, პლეი–ოფის საგზური მხოლოდ ბოლო ტურში გამარჯვებით გავინაღდეთ.

    – ალბათ, შედარებით ნაკლები სანერვიულო პლეი–ოფში გქონდათ, სადაც პირველ მატჩში სტუმრად მოგებული 2:0 ის შემდეგ ეროვნული ლიგისკენ დიდი ნაბიჯი გადადგით და საბოლოოდ, საქმე ბოლომდეც მიიყვანეთ...


    – პლეი–ოფის პირველ მატჩში ჩვენმა გუნდმა ერთ–ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა. ,,ჩიხურა" რთული მეტოქე იყო და ჩვენთან ორმატჩიან დუელს საკმაოდ კარგ ფორმაში ხვდებოდა, პლეი–ოფამდე დაამარცხა ჩემპიონობისთვის მებრძოლი თბილისის ,,დინამო" 2:0, ფრე ითამაშა სტუმრად, ასევე ჩემპიონობისთვის მებრძოლ ბათუმის ,,დინამოსთან", ამ მატჩებამდე კი უშუალო კონკურენტ თბილისის ,,მერანს" მოუგო 2:1. ჩვენ თასის ნახევარფინალში გვქონდა საჩხერლებთან თამაშის გამოცდილება, სადაც საკმაოდ მძიმე ბრძოლაში მეტოე 2:0 დავამარცხეთ. მოკლედ, იოლი გასეირნება არ გველოდა, მით უმეტეს, ერთ–ერთი წამყვანი ფეხბურთელი გრიგოლ დოლიძე გვაკლდა, მაგრამ, ჩემი ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ დავალებებს იდეალურად გაართვეს თავი და სტუმრად მოგებით, საბოლოო მიზნისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით. მიუხედავად ამისა, არ ვთვლიდით, რომ მეორე შეხვედრაში იოლი გასეირნება გველოდა, ,,ჩიხურა" ყველაფერს ეცადა, რომ სწრაფი გოლი გაეტანა და მდგომარეობა გამოესწორებინა, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით, კარი მშრალად შევინახეთ და ბოლოს კუხიანიძის ულამაზესი გოლით გამარჯვებაც მოვიპოვეთ.

    – პარალელურად, წყალტუბოს ,,სამგურალი" წარმატებით თამაშობდა საქართველოს თასზე, სადაც 1999 წლის შემდეგ, მეორედ გავიდა თასის ფინალში და პირველი ტიტულის მოპოვებასთანაც ძალიან ახლოს იყო, თუმცა ფინალში ,,გაგრასთან" პენალტების სერიაში დამარცხდით. ალბათ, ორ ფრონტზე ბრძოლა ძალიან რთული იყო?

    – რა თქმა უნდა, რთულია, როცა ჩემპიონატსა და თასზე მაღალი მიზნებისთვის იბრძვი, ამ დროს ყველა მატჩი გადამწყვეტია, გუნდზე დიდი დატვირთვა მოდის და მოდუნების უფლებაც არ გაქვს... თასზე ძალიან კარგად ვითამაშეთ, ფინალში ისე გავედით გოლი არ გვქონდა გაშვებული, თუმცა, სამწუხაროდ, თასის აღება ვერ მოვახერხეთ. ,,გაგრასთან" იმ კონკრეტული მატჩის და იქ განვითარებული მოვლენების გახსენება არ მინდა. სამწუხაროდ, ,,სამგურალი" ამ ეტაპზე ტიტულის გარეშე დარჩა, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობას ძალიან კარგი ხედვები აქვთ, ნაბიჯ–ნაბიჯ იგეგმება კლუბის განვითარება და მჯერა რომ, , ,,სამგურალს" სამომავლოდ, კვლავ მიეცემა ,,კვარცხლბეკზე ასვლის" შანსი.

    – ,,სამგურალში" საკმაოდ გამოცდილი და ასაკოვანი ფეხბურთელების გვერდით არაერთი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდა, რომლებსაც ადრე მხოლოდ ვიწრო საფეხბურთო წრეებში თუ იცნობდნენ, რამდენიმე მათგანი საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს და სანაკრებო დონეზეც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

    – ვფიქრობ, რომ კლუბის წარმატებული მუშაობის განმსაზღვრელი ის ფაქტორიც არის, რომ საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში ,,სამგურალის" სამმა ფეხბურთელმა სერგო კუხიანიძემ, შალვა ბურჯანაძემ და ლუკა ასათიანმა ითამაშეს. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობას და მათ განვითარებას. კლუბის მუშაობა მხოლოდ იქეთკენ არ უნდა იყოს მიმართული, რომ სატურნირო ცხრილში რომელიმე კონკრეტული ადგილი დაიკავოს, მიზნად ისიც უნდა გვქონდეს, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების სახით ქართულ ფეხბურთს ახალი სისხლი გადავუსხათ. ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის კლუბის ხელმძღვანელობას, მათ შექმნეს კარგი მოსამზადებელი პირობები და ხელი შეუწყვეს ამ ბიჭების განვითარებას. გარდა ამისა, ნაკრებში მიწვეული ფეხბურთელების წინსვლა, მათი თანაგუნდელების დამსახურებაცაა, გუნდი ერთი დიდი, ცოცხალი ორგანიზმია, რომელშიც ყველა რგოლი მნიშვნელოვანია. როცა გუნდი კარგად თამაშობს და შედეგი აქვს, მასში მყოფი ფეხბურთელები ყურადღების ცენტრში მეტად ექვევიან. ვფიქრობ, ,,სამგურალიდან" 21 წლამდე ნაკრებში მიწვეულმა ფეხბურთელებმა საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავი. სამწუხაროდ, ლუკა ასათიანი ტრავმის გამო გამოგვაკლდა და ბოლო თამაშებში ნაკრებსაც ვერ დაეხმარა, თუმცა იმედი მაქვს, რომ მალე გამოჯანმრთელდება და ჩვენს გუნდს მომავალშიც დიდ სარგებელს მოუტანს. ამ ბიჭების გარდა, გუნდში არაერთი, საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებსაც აუცილებად მიეცემათ მაღალ დონეზე თამაშის საშუალება.
    აქვე მინდა გითხრათ, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ბავშთა აკადემიასთან დაკავშირებით შორსმიმავალი გეგმები აქვს, ბევრი რამის გაკეთება იგეგმება, რასაც ალბათ, უახლოეს მომავალში თავად გააჟღერებენ.

    – მომავალ წელს სამგურალი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს, ბუნებრივია გუნდს გაძლეიერება დასჭირდება, იგეგმება თუ არა ძირეული ცვლილებები?

    – კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ,,სამგურალისთვის" თვითოეული ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას მადლობას ვუხდი იმ შედეგისთვის, რასაც ამ ბიჭებმა მიაღწიეს და წყალტუბოს უდიდესი სიხარული მიანიჭეს. რა თქმა უნდა, ვაპირებთ გაძლიერებას და ფეხბურთელების დამატებას, თუმცა ძირეული ცვლილებები არ იგეგმება. ძირითადი ბირთვი უცვლელი იქნება, სამწუხაროდ, ზოგიერთ ფეხბურთელთან დამშვიდობებაც მოგვიწევს, ეს ჩვეულებრივი, ნორმალური სამუშაო პროცესია და ჩვენც ვერ ავუვლით გვერდს. ჯერ–ჯერობით, ამ თემებზე საუბარი ნაადრევია. გუნდი ახლა ისვენებს, სავარაუდოდ 8 იანვარს შევიკრიბებით და სამომავლო გეგმებზე უფრო კონკრეტული პასუხები ამის შემდეგ გვექნება.
    ბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მასმედიის წარმომადგენლებს, მათგან მთელი სეზონის განმავლობაში ვგრძნობდით ყურადღებას და ობიექტურ დამოკიდებულებას , რამდენიმე მათგანი წყალტუბოშიც ჩამოდიოდა მატჩებზე დასასწრებად, საკმაოდ დიდი ყურადღება ექცეოდა ეროვნული ლიგა 2–ის გაშუქებას. მედიის ასეთი ჩართულობა და დამოკიდებულება კლუბებისთვის და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.скачать dle 11.3