ეროვნულ ლიგა 2 -ში ისეთი დაძაბული სატურნირო მდგომარეობაა, რომ თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ,,სამგურალი" მე-13 ტურში სტუმრად ზუგდიდის ,,დინამოს" ხვდებოდა, გუნდს, რომელსაც ბოლო ორ შეხვედრაში მარტვილის ,,მერანისა" და გათამაშების ლიდერ ქობულეთის ,,შუქურას" დამარცხებით სამეულში შესვლის შანსი გაუჩნდა და მორიგი წარმატების შემთხვევაში ლიდერთა შორის ,,ამოჰყოფდა თავს". თუმცა, თავისი გეგმები ჰქონდა ,,სამგურალს", წყალტუბოელები ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად იბრძვიან და ამ შეხვედრაში მათი მიზანი 3 ქულის მოპოვება იყო. წინასწარვე უნდა ითქვას, ეომ უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა და საბოლოოდ, დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.
შეხვედრა გუნდებმა აქტიურად დაიწყეს. მასპინძელთა ლიდერის დათა სიჭინავას სახიფათო დარტყმა კარს ასცდა. საპასუხოდ, აქტიურად უტევდა ბექა ბანძელაძე, თუმცა მის დარტყმულ ბურთს მცველები გადაეღობნენ. მე-9 წუთზე კვლავ სიჭინავამ შეაწუხა წყალტუბოელები, თუმცა მისი საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთს მეკარე კახა მეშველიანი დაეუფლა. მე-11 წუთზე პაპუნა ფონიავა კარგ გადაცემას უკეთებდა გრიგოლ დოლიძეს, თუმცა ,,სამგურალის" შემტევი ბურთს ვერ შესწვდა და მასპინძლები გოლს გადაურჩნენ. მე-15 წუთზე კარგი საგოლე შანსი ჰქონდა ლევან ქურდაძეს, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. 22-ე წუთზე ზუგდიდელების შეტევა ბერიაშვილის სახიფათო, თუმცა არაზუსტი თავური დარტყმით დასრულდა.
ამის შემდეგ, ტაიმის ბოლომდე, მომენტებს უკვე მხოლოდ წყალტუბოელები ქმნიდნენ. ფონიავას ,,სტანდარტულის" შემდეგ კვლავ ქურდაძე ცდილობდა გატანას, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ შალვა ბურჯანაძემ შორიდან ძალიან სახიფათოდ დაარტყა , ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს. სტუმართა მომდევნო იერიშს კუხიანიძე აგვირგვინებდა, მაგრამ მასპინძლები გოლს ამჯერადაც გადაურჩნენ. ,,სამგურალის" გარჯამ ნაყოფი მალევე გამოიღო. 33-ე წუთზე ზუგდიდელებმა შეტევაში დაკარგეს ბურთი, ლუკა რაზმაძემ ფლანგზე კარგად მოძებნა კუხიანიძე, რომელმაც დოლიძეს პასი არ დაუგვიანა და გამოცდილმა ნახევარმცველმა ,,სამგურალი" წინ გაიყვანა 0:1
37-ე წუთზე ფონიავამ ზუგდიდელების კარის ძელი შეაზანზარა. 38- ე წუთზე მან საჯარიმო შეასრულა და ბურთი მეკარის ბაქანთან ჩააწოდა, სადაც ლევან ქურდაძემ ყველას დაასწრო და თავური დარტყმით სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა 0:2
კიდევ სამი წუთიც და დოლიძემ დუბლი შეასრულა, მას საგოლე გადაცემა კვლავ სერგო კუხიანიძემ გაუკეთა -0:3
მეორე ტაიმში სტუმრებმა ერთი გოლი გაქვითეს- დათა სიჭინავამ საფირმო საჯარიმო შეასრულა და ,,დინამო" ,,თამაშში" დააბრუნა, თუმცა, მეტის შესაძლებლობა წყალტუბოელებმა მეტოქეს აღარ მისცეს. თავად კი ვახტანგ ჯომიდავას კართან არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, კუხიანიძეს ორჯერ მიეცა გოლის გატანის შანსი, სახიფათო იყო შეცვლაზე შემოსული დემურ ჩიხლაძის დარტყმაც, რომელიც სამგურალის ლამაზ კომბინაციას აგვირგვინებდა, მაგრამ მცირედით უზუსტოდ. გატანის მცდელობა ჰქონდა ისუფ ტურესაც. წყალტუბოელებმა სტატუს-ქვო 83-ე წუთზე აღადგინეს, ბანძელაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი თენგიზ ბრეგვაძემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ,,დინამოსთან" გამარჯვების შემდეგ ,,სამგურალს" 22 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება.
დინამო (ზუგდიდი) 1:4 სამგურალი (წყალტუბო)
19.10. განმუხური - ცენტრალური
ეროვნული ლიგა 2, ტური-13
გოლები: 0:1 დოლიძე (33.კუხიანიძის პასით), 0:2 ლ.ქურდაძე (38.ფონიავას პასით), 0:3 დოლიძე (40.კუხიანიძის პასით), 1:3 სიჭინავა (55), 1:4 ბრეგვაძე (83.პენ)
სამგურალი: 28. კახაბერ მეშველიანი, 2. უშანგი ბანძელაძე, 4. ომარ პატარკაციშვილი, 6. ისუფ ტურე, 7. სერგო კუხიანიძე (72' თენგიზ ბრეგვაძე), 8. გაგა გაზდელიანი, 9. პაპუნა ფონიავა (83' ილია ახვლედიანი), 20. ლევან ქურდაძე, 22. გრიგოლ დოლიძე (58' 10. დემურ ჩიხლაძე) , 25. შალვა ბურჯანაძე, 36. ლუკა რაზმაძე
სათადარიგოები: 1.ბექა ქურდაძე, 16.ლაშა კუჭუხიძე, 17.გივი იოსელიანი, 21.დავით რაჟამაშვილი, 27.თედო კიკაბიძე, 29.მერაბ მეგრელაძე
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
скачать dle 11.3