უჩა სოსიაშვილი: იღბალი მნიშვნელოვანია, თუმცა, გუნდის კარგი თამაში მარტო იღბლის დამსახურება არ არის, აქ უდიდესი შრომა, ნებისყოფა და შემართებაა ჩადებული... » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
უჩა სოსიაშვილი: იღბალი მნიშვნელოვანია, თუმცა, გუნდის კარგი თამაში მარტო იღბლის დამსახურება არ არის, აქ უდიდესი შრომა, ნებისყოფა და შემართებაა ჩადებული...
  • წყალტუბოს ,,სამგურალი" ეროვნულ ლიგაში გადასვლის ერთ–ერთი მთავარი პრეტედენტია. მძიმე სტარტის მიუხედავად, წყალტუბოელები პანიკას არ მიეცნენ, ჩემპიონატსა და თასზე ზედიზედ ხუთი შეხვედრა მოიგეს, ისე რომ საკუთარ კარში ბურთი არ მიუღიათ, შესაბამისად, გუნდი ეროვნული ლიგა 2–ის სატურნირო ცხრილში მე–2 პოზიციაზე დაწინაურდა, თანაც ლიდერ შუქურასთან ჩამორჩენა ახლა მხოლოდ 4 ქულაა, როცა რამდენიმე ტურის წინ სხვაობა 11 ქულა იყო. პლუს ამას, ,,სამგურალი" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზეც აგრძელებს ბრძოლას (მერვედფინალში წყალტუბოელებს მეტოქედ საგარეჯოს ,,გარეჯი" ერგოთ). განვლილი ეტაპისა და სათასო მატჩების შეფასება ,,სამგურალის" მთავარ მწვრთნელ უჩა სოსიაშვილს ვთხოვეთ, წყალტუბოელთა ,,დამრიგებელმა" სხვა საინტერესო თემებზეც ისაუბრა, გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

    –რთული დასაწყისის შემდეგ გუნდი ათამაშდა და შედეგიც შესაბამისია, ,,სამგურალმა" ცხრილის ქვედა საფეხურებიდან მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ალბათ, ესეც არ იქნება გუნდის მაქსიმუმი...

    –ძალიან სასიამოვნოა, რომ ბოლო მატჩების შედეგებიდან გამომდინარე სატურნირო მდგომარეობა გამოსწორდა. თასზეც ვაგრძელებთ ასპარეზობას, სადაც ორი ეტაპი გავიარეთ და მერვედფინალში გავედით. რა თქმა უნდა, განვლილ მატჩებს დადებითად ვაფასებთ, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის და თავს მოდუნების უფლებას ვერ მივცემთ. სატურნირო ცხრილში ისეთი ,,სიმჭიდროვეა" , რომ ერთი თამაშის მოგების, ან წაგების შემთხვევაში, შესაძლოა სურათი რადიკალურად შეიცვალოს. დარჩენილი თამაშები დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მოკლე ჩემპიონატია და თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, ჩვენი ამოცანაა, ყველა თამაშზე მაქსიმალური კონცენტრაციით გავიდეთ და მაქსიმალური ქულებისთვის ვიბრძოლოთ.

    ფაქტია, რომ საწყის ეტაპზე ,,სამგურალს" შედეგიანი თამაში უჭირდა, პანდემიის შემდეგ გუნდმა ჩემპიონატი ზედიზედ სამი ფრით განაახლა, თუმცა, შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა და ბოლო ხუთი შეხვედრაა ,,სამგურალი" გამარჯვებული ტოვებს მოედანს. რა შეიცვალა გუნდის თამაშში?

    – ჩვენ თავიდანვე ანალოგიური დამოკიდებულებები და მიდგომები გვქონდა, ვცდილობდით, ყველა მატჩი გაგვეანალიზებინა, როგორ ვთამაშობდით, რაზე გვქონდა მეტად სამუშაო და რა იყო გამოსასწორებელი. ვფიქრობ, ის შეიცვალა, რომ საწყის ტურებში იღბალი არ იყო ჩვენს მხარეს, ახლა კი ფორტუნა ჩვენსკენ აღმოჩნდა და შესაბამისად, შედეგიც გავაუმჯობესეთ.
    თუმცაღა, რა თქმა უნდა, გუნდის კარგი თამაში მარტო იღბლის დამსახურება არ არის, აქ უდიდესი შრომა, ნებისყოფა და შემართებაა ჩადებული, რის ფასადაც მოდის შედეგი და დარწმუნებული ვარ, მომდევნო თამაშებში ეს ყველაფერი უფრო გაათმაგებული ენერგიით გვექნება. პატარა ჩემპიონატია, ცოტა შეხვედრაა დარჩენილი და მიზნის მისაღწევად მაქსიმუმი იქნება გასაკეთებელი.
    აქვე მინდა გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო! განვლილი ხუთი ტურის განმავლობაში მათგან გვერდით დგომა არ მოგვკლებია, განსაკუთრებით ეს გასვლით თამაშებში იგრძნობა, ისეთი მხარდაჭერა გვაქვს ხოლმე, სტუმრად თუ ვთამაშობთ ვერ ვგრძნობთ, მადლობა მათ ასეთი აქტიური მხარდაჭერისთვის.

    –გუნდს საკმაოდ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავდა, ,,ლაზარეთი" თანდათან ,,ცარიელდება", გუნდს დაუბრუნდნენ გრიგოლ დოლიძე, ლაშა კუჭუხიძე, გიორგი თევზაძე... ფორმის აღდგენის პროცესშია ომარ პატარკაციშვილი. თუმცა, კვლავ არ ჩანს თენგიზ ბრეგვაძე და გივი იოსელიანი...

    -პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო დოლიძის დაბრუნება, გამოცდილი ფეხბურთელია და მისი აქტიური თამაში გუნდს დაეტყო კიდეც – შეტევითი პოტენციალი გაიზარდა და წინა ხაზში უკეთ გამოვიყურებით. პრობლემები ჰქონდა ლაშა კუჭუხიძესაც. თანდათან ისიც შედის ფორმაში, სანაკრებო პაუზა მისთვის, მოსამზადებლად იქნება იდეალური დრო. გამოცდილი ფორვარდია, გოლის ალღო აქვს, მას შეუძლია ფორმა აღიდგინოს და გუნდს მნიშვნელოვნად დაეხმაროს. რაც შეეხება პატარკაციშვილს, ტრავმა მოიშუშა, აქტიურად დაიწყო ვარჯიში, მეორე გუნდშიც მივეცით თამაშის საშუალება, რომ სრულფასოვნად შევიდეს ფორმაში. ზოგადად, ,,სამგურალში" ჯანსაღი კონკურენციია და ვინც უკეთესად წარმოაჩენს თავს, ძირითადში ის ფეხბურთელი ითამაშებს. ამ ეტაპზე მხოლოდ თენგიზ ბრეგვაძე და გივი იოსელიანი გვყავს ტრავმირებული და არ ვიცით როდის ჩაერთვებიან სამწვრთნელო პროცესში. იმედია, მალე გამოკეთდებიან და გუნდს საკვანძო შეხვედრებში დაეხმარებიან.

    –სათასო ბატალიებზე ვისაუბროთ, ,,სამგურალმა" პირველი ორი ეტაპი წარმატებით გაიარა და მერვედფინალში გავიდა.როგორ შეაფასებთ ,,ოდიშთან" და ,,ვიტ ჯორჯიასთან" გამართულ შეხვედრებს?

    –ორივე სათასო დაპირისპირება რთული გამოდგა. მართალია, ზუგდიდის ,,ოდიში" მეოთხე ლიგაში თამაშობს, მაგრამ საკმაოდ კარგად დაკომპლექტებული და ბრძოლისუნარიანი გუნდია. ამ გუნდს ჩვენს ლიგაშიც თავისუფლად შეუძლია თამაში. კარგი მიდგომები აქვთ, ეტაპობრივად მიაღწევენ წარმატებებს და გადავლენ მომდევო ლიგებში. გასვლითი მატჩი, რომელიც ჩვენ ,,ოდიშის" წინააღმდეგ ჩავატარეთ, საკმაოდ მძიმე გამოვიდა. ვფიქრობ, ჩვენს გუნდს მეტოქეზე მეტად გაუმართლა და რთული მატჩი მოვიგეთ . რაც შეეხება, მეორე სათასო პაექრობას, ,,ვიტ ჯორჯია" ყოველთვის მებრძოლი გუნდია, ჩემპიონატის ბოლო ორ თამაშში მათ უშუალო კონკურენტებთან და ძლიერ მეტოქეებთან 4 ქულა ჰქონდათ მოპოვებული. ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა, ჩვენი მხრიდანაც მაქსიმალური მობილიზება იყო და ვფიქრობ რომ კარგი თამაში გამოგვივიდა, როგორც სანახაობრივად ასევე შედეგიანობის მხრივ. ვიტყოდი, რომ ამ ეტაპისთვის ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი იყო, თუმცაღა, იყო თამაშები, რომელიც ჩვენ არანაკლებ კარგად ჩავატარეთ, მაგრამ როდესაც ბევრი გოლი გადის და თამაშს იგებ, ასეთი მატჩები უფრო სანახაობრივი და ლამაზია...

    –,,ვიტ–ჯორჯიასთან" ნომინალური თავდამსხმელის გარეშე ითამაშეთ, მეტოქეს გაუკეთეთ ,,სიურპრიზი" თუ შემადგენლობაში განხორციელებული როტაცია სხვა მიზეზით მოხდა?

    –,,ვიტ–ჯორჯიასთან" ფორვარდის გარეშე მოგვიწია ასპარეზობა, სათადარიგოთა სკამზე კი გვყავდა თავდამსხმელები, მაგრამ გარკვეული პრობლემები ჰქონდათ და ამიტომ მათი დასვენება ვამჯობინეთ. მჯეროდა და მწამდა, რომ ფეხბურთელები, რომლებიც ძირითადში დავაყენე თავის დაკისრებულ მოვალეობას მაღალ დონეზე შეასრულებდნენ და ფაქტი სახეზეა, სამი გოლი გავიტანეთ და არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით. გადამწყვეტი ფაქტორი არ იყო – იქნებოდა თუ არა ნომინალური ფორვარდი, მთავარია, გუნდში არის ჯანსაღი კონკურენცია და ფეხბურთელებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობებს.

    საქართველოს თასის მერვედფინალში წილისყრის შედეგად მეტოქედ საგარეჯოს ,,გარეჯი" შეგხვდათ, რომელიც სათასო გუნდად არის ცნობილი, გასულ წელს ნახევარფინალში ითამაშა და ,,ლოკომოტივმა" გაჭირვებით გადალახა მისი ბარიერი, წლეულს ,,გარეჯმა" მარტვილის ,,მერანი" გამოთიშა ასპარეზობიდან... მართალია მესამე ლიგაში ასპარეზობს, მაგრამ საკმაოდ რთული გუნდი ჩანს...

    –პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ,,გარეჯს" ძალიან კარგი სამწვრთნელო შტაბი ჰყავს და საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს. მარტვილის ,,მერანთან" მათ სათასო დაპირისპირებას დავესწარი და მინდა გითხრათ, რომ საგარეჯოელებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ რთული დაპირისპირება გველოდება. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალური კონცენტრაციით მოვემზადოთ და ამ ეტაპის დაძლევისთვის ვიბრძოლოთ.

    –მოახლოვდა სანაკრებო ბატალიები. სასიამოვნო სიახლე იყო ის, რომ საქართველოს 21– წლამდელთა ნაკრებში, საფრანგეთისა და ლიხშტენშტაინის წინააღმდეგ მატჩებისთვის, ,,სამგურალიდან" სამი ფეხბურთელი – სერგო კუხიანიძე, ლუკა ასათიანი და შალვა ბურჯანაძე გამოიძახეს...

    – ზოგადად, ყველა კლუბის მიზანი, არამარტო თამაშების მოგება და სატურნირო მდგომარეობაზე ფიქრი, არამედ, ნაკრებებისთვის საინტერესო ფეხბურთელების წარმოჩენა და მომზადებაც უნდა იყოს. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ფეხბურთელები 21 წლამდე ნაკრებში მოხვდნენ. ეს კლუბის დიდი წარმატებაა. გუნდში სელექცია თავიდანვე ამ მხრივ მიმდინარეობდა, გვყავდა განსაზღვრული კანდიდატები, რომლებიც შეიძლება ნაკრებისთვის საინტერესო ფეხბურთელები ყოფილიყვნენ. ვეცდებით, ამ მიმართულებით საიმომავლოდაც ვიმუშაოთ.ეს ყველაფერი არა მარტო ამ ბიჭების, არამედ კლუბის ხელმძრვანელობის დამსახურებაა. მათ შექმნეს ისეთი პირობები, რომ ფეხბურთელები სრულფასოვნად მოემზადნონ და თავი კარგად იგრძნონ. შესაბამისად, ფეხბურთელებს თავის წარმოჩენა უფრო უადვილდებათ... მათი წარმატება ასევე, კლუბში მომუშავე ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა ვინც გუნდის წარმატებისთვის ძალ–ღონეს არ იშურებს.... და რა თქმა უნდა, მათი თანაგუნდელების დამსახურებაც, გუნდი ნორმალურად გამოიყურება, წარმატებით თამაშობს, აქედან გამომდინარე ამ ფეხბურთელების მიმართაც მეტი ინტერესი გაჩნდა. ვულოცავ, მათ 21 წლამდე ნაკრებში გამოძახებას, ყველაფერი წინ აქვთ, ახლა უფრო მეტი აქვთ სამუშაო და გასაკეთებელი. ვუსურვებ, რომ აღნიშნულ თამაშებში მიეღოთ მონაწილეობა და შემდგომში სისტემატიურად ყოფილიყვნენ გამოძახებული, როგორც ახალგაზრდულ, ისე, ეროვნულ ნაკრებებში.скачать dle 11.3