დემურ ჩიხლაძე: წყალტუბოში ფეხბურთი ძალიან უყვართ და გულშემატკივრები აუცილებლად უნდა გავახაროთ! » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
დემურ ჩიხლაძე: წყალტუბოში ფეხბურთი ძალიან უყვართ და გულშემატკივრები აუცილებლად უნდა გავახაროთ!
  • დემურ ჩიხლაძე: წყალტუბოში ფეხბურთი ძალიან უყვართ და გულშემატკივრები აუცილებლად უნდა გავახაროთ!

    საფეხბურთო პაუზა გრძელდება. ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის როდის განახლდება ჩემპიონატი, თითქმის მთელი მსოფლიო კარანტინის რეჟიმში ცხოვრობს და ფეხბურთელებიც ფორმის შესანარჩუნებლად სახლებში ვარჯიშობენ. ჩვენს გვერდზე ვაგრძელებთ ,,სამგურალის“ ფეხბურთელებთან ინტერვიუებს. ამჯერად, გუნდის 23 წლის ნახევარმცველს დემურ ჩიხლაძეს დავუკავშირდით და მასთან კარიერის განვლილ წლებსა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ.

    - თავდაპირველად გვითხარი, როგორ შეეგუე დაწესებულ შეზღუდვებს და როგორია შენი დღის განრიგი?

    -რა თქმა უნდა, რთულია სახლში ყოფნა, თუმცა ასეთი მასშტაბის პანდემიის დროს სხვა გამოსავალი არ არის. ფსიქოლოგიურადაც ძალიან ძნელია, ყველაფერი დაიკეტა და შეიზღუდა, მაგრამ რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ. მადლობა მინდა გადავუხადო ექიმებს, რომლებიც ჩვენთვის ყველაფერს აკეთებენ და თავგანწირვის ხარჯზე მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. იმედი მაქვს, რომ უფლის წყალობით ყველაფერი მალე ჩაივლის! ფაქტობრივად კარანტინში ვცხოვრობთ, მაგრამ ვარჯიშს მაინც ვახერხებ. დილით ადრე ვდგები და გუნდის მიერ მოცემული პროგრამის მიხედვით ვემზადები - ასე ვცდილობ შევინარჩუნო ფორმა. ვარჯიშის შემდეგ ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებ დროს, ვუყურებთ ფილმებს, ისე დიდხანს გაგვიგრძელდა სახლში ყოფნა, რომ სერიალის ნახვის დროც მაქვს - ძალიან მაგარი სერიალია ,,ქაღალდის სახლი“, ჩემი რჩევა არ იქნება საჭირო, ალბათ აღნიშნულ სერიალს ისედაც ბევრი უყურებს.

    - ახლა შენს კარიერაზე ვისაუბროთ, როდის დაინტერესდი ფეხბურთით და ბავშვობაში რომელ გუნდში ვარჯიშობდი?

    - ფეხბურთისადმი ინტერესი და სიყვარული პატარაობიდანვე მქონდა. თავიდანვე გატაცებული ვიყავი სპორტის პირველი სახეობით. 5-6 წლის ასაკში უკვე დიდი სურვილი მქონდა ფეხბურთზე შევსულიყავი. ბაბუების დიდი მონდომებისა და გვერდით დგომით ფეხბურთის თამაში დავიწყე. 7 წლის ვიყავი, როცა ქუთაისის ,,ტორპედოს“ ბავშთა გუნდს შევუერთდი. ჩემი პირველი მწვრთნელი ალექსანდრე კვერნაძე იყო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მას გაწეული შრომისთვის.

    -შემდეგ როგორ განვითარდა შენი კარიერა, როგორ აღმოჩნდი თბილისის ,,დინამოს“ დუბლებში?

    - 13-14 წლის ასაკში ვთამაშობდი ქუთაისის ,,ტორპედოს“ ჭაბუკთა გუნდში. ერთი სეზონის შემდეგ დამიკავშირდნენ თბილისის ,,დინამოს“ აკადემიიდან და მათთან მიმიწვიეს. საინტერესო შემოთავაზება იყო, რასაც დავთანმხდი კიდევაც და ასე მოვხვდი ,,დინამოს“ აკადემიაში. 16 წლის ასაკში კი აკადემიიდან ,,დინამოს" დუბლებშიც გადამიყვანეს.

    - მალე უმაღლეს ლიგაშიც გქონდა დებიუტი, სადაც გულშემატკივრებს ტექნიკური თამაშით დაამახსოვრეთ თავი..

    -,,დინამოდან“ მალევე, 17 წლის ასაკში - თბილისის ,,ლოკომოტივში“ გადავედი, მაშინ გუნდი პირველ ლიგაში თამაშობდა, თუმცა, იმავე წელს დავწინაურდით უმაღლეს ლიგაში, სადაც 18 წლის ასაკში მქონდა დებიუტი (თბილისის ,,დინამოსთან“). ,,გურიასთან“ მატჩში კი პირველად მოვხვდი სასტარტო შემადგენლობაში და დებიუტი ეფექტური გოლით აღვნიშნე. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ბედნიერი და დასამახსოვრებელი დღე, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება.

    - თბილისის ,,ლოკომოტივიდან“ წყალტუბოს ,,სამგურალში“ გადმოხვედი, სადაც 2016-2017 სეზონი გაატარე, ამ პერიოდს როგორ გაიხსენებ?

    - თბილისის ,,ლოკომოტივის“ შემდეგ ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო. გავხდი წყალტუბოს ,,სამგურალის“ ფეხბურთელი. აქ გატარებული ორი სეზონი საკაოდ ნაყოფიერი გამოდგა. პირველ წელს, გარდამავალ ჩემპიონატში კარგად ვითამაშეთ და ეროვნულ ლიგა 2-ში თამაშის უფლება მოვიპოვეთ, მეორე სეზონში კი საპლეიოფო ზონამდე მხოლოდ 4 ქულა დაგვაკლდა. ,,სამგურალში“ თამაშით საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. ეროვნული ლიგა 2 საკმაოდ სპეციფიკური ჩემპიონატია, გუნდები სხვა სტილის ფეხბურთს თამაშობენ, ვიდრე უმაღლეს ლიგაში, აქ უფრო მეტად ბრძოლისუნარიანობაზე და გამძლეობაზე კეთდება აქცენტი, ყველა გუნდი ბოლომდე იხარჯება, ეს მე, როგორც ფეხბურთელს განვითარებაში ძალიან დამეხმარა.

    - ,,სამგურალიდან“ საჩხერის ,,ჩიხურაში“ გადახვედი, სადაც უკვე ევროთასებზეც გქონდა თამაშის საშუალება.

    -ბოლო ორი სეზონი საჩხერის ,,ჩიხურაში“ გავატარე, რაც ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდი იყო. გუნდში ყველამ ძალიან კარგად და თბილად მიიღო. გუნდში გამოცდილი მწვრთნელები და ფეხბურთელები იყვნენ შეკრებილი, მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ,,ჩიხურას“ იმდროინდელი შემადგენლობის თითოეულ წევრს გვერდში დგომისთვის, მათ გუნდთთან ადაპტაცია გამიადვილეს. ,,ჩიხურაში“ გატარებული პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება. ბევრი კარგი მატჩი ჩავატარეთ, მათ შორის ევროთასებზეც. ერთი, სიტყვით საჩხერულ კლუბში დიდი გამოცდილება მივიღე.

    -ეროვნული ლიგის ბინადარი ,,ჩიხურადან“ კვლავ ,,სამგურალში“ დაბრუნდი, რა ფაქტორებით იყო განპირობებული ეს გადაწყვეტილება?

    -წყალტუბოში დაბრუნება ამბიციური გეგმების და კარგი ინფრასტრუქტურის გამო გადავწყვიტე, ასევე ჩემთვის, გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი იყო კლუბის ხელმძრვანელობის მიზნები და საქმისადმი მათი დამოკიდებულება. მჯერა, რომ ,,სამგურალი“ უმაღლეს ლიგაში გადავა. ამისთვის ყველა პირობაა შექმნილი, როგორც მწვრთნელების, ასევე გუნდის ხელმძღვანელობის მხრიდან.

    - ჩემპიონატის სტარტი ისეთი არ გამოვიდა როგორსაც ისურვებდით...

    -ორი აზრი არ არსებობს, ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ასეთი რამ ფეხბურთში ხშირად ხდება. სტარტი ყოველთვის კარგი არ გამოდის, მაგრამ შემდეგ გუნდი ახერხებს თამაშისა და შედეგის გაუმჯობესებას. ალბათ, ეპიდემიის შემდეგ ჩემპიონატი ძველი ფორმატით ვეღარ გაგრძელდება, შეკვეცაზეა საუბარი, ახლა მთავარია კარგად მომზადებული შევხვდეთ ჩემპიონატის განახლებას და სტარტიც და დასასრულიც წარმატებული გამოგვივიდეს. გულშემატკივრებზეც უნდა ვთქვა, ადრეც და ახლაც ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან და ნებისმიერ ამინდში მთელი გულით გვქომაგობენ. ვარჯიშებზეც ხშირად დადიან. ეს იმას ნიშნავს, რომ წყალტუბოში ფეხბურთი ძალიან უყვართ და ეს ხალხი აუცილებლად უნდა გავახაროთ!

    -შენს სამომავლო გეგმებზე რას იტყვი, რა არის შენი ოცნება და მიზნები?

    -ჩემს გეგმებს რაც შეეხება, პირველ რიგში ,,სამგურალთან“ ერთად წარმატების მიღწევა და უმაღლეს ლიგაში გადასვლაა. ამბიციური მიზნები მაქვს და მათ მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ.

    -და ბოლოს... საინტერესოა, რა იქნება პირველი, რასაც საგანგებო მდგომარეობის დასრულებისა და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ გააკეთებ?

    -საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ ბევრი რამის გაკეთება იქნება შესაძლებელი, რაც ახლა დაგვაკლდა - თუნდაც მეგობრების ხშირად ნახვა, ვარჯიშები გუნდთნ ერთად და რაც მთავარია, სამ კაცზე მეტის შეკრება. ასე რომ, დავრჩეთ სახლში და მალე ყველაფერი კარგად იქნება!скачать dle 11.3