კარგი პირობები, პროფესიონალიზმი და დისციპლინა - ის, რამაც ,,სამგურალის“ წარმატება განაპირობა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
კარგი პირობები, პროფესიონალიზმი და დისციპლინა - ის, რამაც ,,სამგურალის“ წარმატება განაპირობა
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა“ გამოცდილი სპეციალისტის უჩა სოსიაშვილის თავკაცობით დასახულ მიზანს მიაღწია და ერთწლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგა 2–ში დაბრუნდა. წყალტუბოელებმა ჩემპიონატის დასკვნითი ნაწილი მაღალ დონეზე ჩაატარეს, ყველა კონკურენტი დაამარცხეს და რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდეს პლეი–ოფში თამაში. ფოთის ,,კოლხეთთან“ ეროვნულ ლიგა 2–ში გადასასვლელ ორმატჩიან დუელში კი საერთოდ შეუჩერებლები იყვნენ და მეტოქე ორი მატჩის ჯამში 9:0 დაამარცხეს.
    აღსანიძნავია, რომ ,,სამგურალმა“ მე–18 ტურიდან მოყოლებული საკუთარ მოედანზე 10 დან 10–ვე შეხვედრა მოიგო. გარდა ამისა, წყალტუბოური გუნდი ერთადერთია, რომელსაც გასულ ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე მარცხი არ განუცდია (14 გამარჯვება და 4 ფრე). ერთი სიტყვით, ,,სამგურალს“ საინტერესო და წარმატებული სეზონი გამოუვიდა. ახლადდასრულებული ჩემპიონატის შეფასება წყალტუბოელთა მთავარ მწვრთნელ უჩა სოსიაშვილს ვთხოვეთ, რომელსაც სხვა საინტერესო საკითხებზეც ვესაუბრეთ.

    თავდაპირველად, განვლილი საფეხბურთო სეზონი შევაფასოთ, რომელიც სამგურალისთვის წარმატებული გამოდგა, გუნდმა დასახულ მიზანს მიაღწია და ეროვნულ ლიგა 2–ში დაბრუნდა.

    – საკმაოდ რთული ჩემპიონატი გამოვიდა, თუმცა, სანამ განვლილ სეზონზე ვისაუბრებდეთ, მინდა ყურადღება გავამახვილო, იმ ფაქტზე, რომ ,,სამგურალში“ ჩემს დანიშვნამდე მთავარ მწვრთნელად მუშაობდა მიხეილ მახვილაძე, რომელმაც გუნდის წარმატებისთვის მაქსიმუმი გააკეთა, მაგრამ მოხდა რაღაც გაურკვევლობა და საჭიროდ ჩათვალა, რომ გუნდი დაეტოვებინა. ამის შემდეგ გადაწყდა ჩემი ,,სამგურალში“ დანიშვნა. მადლობას ვუხდი მას იმ სამუშაოსთვის, რაც გუნდში ყოფნის პერიოდში გასწია. ხოლო, რაც შეეხება ჩემი მოსვლის შემდგომ პერიოდს, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ჩემპიონატში საკმაოდ დაძაბული და რთული ვითარება იყო. გუნდის ხელმძღვანელობის მიზანი და გუნდის ამოცანა ,,სამგურალის“ ეროვნულ ლიგა 2–ში გადასვლა გახლდათ. თითოეულმა ჩვენთანაგნმა – კლუბის ხელმძღვანელობამ, ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, რომ ამ მიზნისთვის მიგვეღწია. დასახული ამოცანა დიდი შრომის ფასად შევასრულეთ.

    – ალაბთ, რანგით მაღალ ლიგაში გადასვლის ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი ისიც იყო, რომ კლუბის ახალმა ხელმძღვანელობამ ლიგა 3–ის პირობებზე ,,სამგურალში“ კარგი პირობები შეიქმნა. ალბათ, ასეთ ვითარებაში მწვრთელებისთვისაც კომფორტული იყო მუშაობა.

    – ,,სამგურალში“ ჩემი მთავარ მწვრთნელად დანიშვნის დროს ამ საკითზე საუბარი გვქონდა, ვგულისხმობ სამუშაო პირობებს, კლუბის თავკაცებთან ერთად განვიხილეთ რა იქნებოდა საჭირო წარმატების მისაღწევად, რაც ხელმძღვანელობამ მაქსიმალურად გაითვალისწინა. ყველანაირი პირობა შექმნა განვითარებისთვის და წინსვლისთვის. სავარჯიშო და სათამაშო პირობების მხრივ იდეალური გარემო იყო და ვფიქრობ, გუნდის წარმატების ერთ–ერთი განმაპირობებელი ეს საკითხიც გახლდათ.

    – ,,სამგურალი“ ორი წლის განმავლობაში ნეიტრალურ მოედანზე თამაშობდა, სტადიონის რეკონსტრუქციის შემდეგ გუნდი საკუთარ არენას დაუბრუნდა და სეზონი ისე ჩაამთავრა, რომ საკუთარ სტადიონზე ერთი მატჩიც არ წაუგია. რამდენად მნიშვნელოვანი იყო საკუთარი მოედნის ფაქტორი წლევანდელ წარმატებაში?

    რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის განვითარებამ და სტადიონის გაკეთებამ გუნდის შედეგებზე დადებითად იმოქმედა. გასულ სეზონში ,,სამგურალს“ წყალტუბოში თამაში არ წაუგია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი შედეგია, გუნდი საკუთარ კედლებში კარგად თამაშობს. აქვე, გულშემატკივრებზეც უნდა ვთქვათ, მათ გარეშე ხომ ფეხბურთი წარმოუდგენელია, ჩვენთვის სასიამოვნო და სასიხარულოა მათი გვერდში დგომა, განსაკუთრებით, მათი ორგანიზებულობა პლე–ოფის თამაშებზე იგრძნობოდა, ყველანაირად მობილიზებულნი იყვნენ და მათმა მხარდაჭერამ გუნდს კიდევ უფრო დიდი მუხტი შესძინა. მადლობას ვუხდით ჩვენს გულშემატკივრებს ასეთი მხარდაჭერისთვის.

    – ,,სამგურალმა“ გასულ სეზონში არაერთი კარგი მატი ჩაატარა, თუ გამოარჩევდით რომელიმე მათგანს, რომელი იყო ისეთი შეხვედრა, რომლის შედეგმაც გუნდის წარმატება განაპირობა?

    – კონკრეტულად არ მინდა რომელიმე თამაში გამოვყო, გუნდისთვის ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, თუნდაც ბოლო ტურებში, როცა უკვე სატურნირო მდგომარეობა გარკვეული გახლდათ. აღსანიშნავი ფაქტი ის არის, რომ გუნდში მებრძოლი ხასიათი ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით ბოლო თამაშებში, ჩვენ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვიბრძოდით და ხშირ შემთხვევაში მიზანს ვაღწევდით . ბოლო 15 მატჩიდან გუნდმა 12 შეხვედრა მოიგო 2 ფრედ ითამაშა და მხოლოდ ერთ შეხვედრაში დამარცხდა. ,,სამგურალს“ ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა.

    – უნდა ითქვას, რომ ჩემპიონატი უფრო რთული გამოდგა ვიდრე პლეი ოფის შეხვედრა, სადაც ფოთის ,,კოლხეთი“ ორი მატჩის ჯამში 9:0 დაამარცხეთ. ანგარიში ყველაფერზე მეტყველებს... ელოდით ასეთ იოლ ,,გასეირნებას“?

    – იოლი არასდროს არაფერი არ არის. როდესაც გუნდი პლეი–ოფში თამაშობს და იცის რომ აღნიშნულ ორ შეხვედრაში წყდება მისი ლიგაში დარჩენის, ან არდარჩენის ბედი, კონკრეტულ მატჩებში მთელი მობილიზებით თამაშობს. ასეთ შეხვედრებში დაძაბულობის ფონი მაღალია, ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებული შევხვდით პლეი–ოფის მატჩებს, დაგაგმილი გვქონდა როგორ უნდა გვეთამაშა, ჩვენი დავალებები ფეხბურთელებმა ზედმიწევნით კარგად შეასრულეს, მაღალი პროფესიონალიზმი და დისციპლინა გამოავლინეს, ორივე შეხვედრაში მაქსიმალურად დაიხარჯნენ და სწორედ ჩვენი გუნდის კარგმა თამაშმა განაპირობა ის შედეგი, რასაც საბოლოოდ მივაღწიეთ. სხვათა შორის, ფოთის ,,კოლხეთმა“ პლეი–ოფამდე მოახერხა და გათამაშების ლიდერი ,,მერანი“ დაამარცხა 2:1, იქამდე კი მთავარ კონკურენტ ,,ცხინვალს“ სტუმრად 1:0 მოუგო. არ არის ისე მარტივი, რომ გამოხვიდე და მოუგო ასეთ მებრძოლ გუნდს, ეს პირველ რიგში ჩვენი ფეხბურთელების დამსახურებაა, მინდა, რომ კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს ფეხბურთელებს ეს წარმატება, რაც შეეხება ფოთის ,,კოლხეთს“ , წარმატებებს ვუსურვებ ლიგა 3–ში. საქართველოში ფეხბურთი პირველად ფოთში შემოვიდა, უძველესი კლუბია, ძალიან კარგი იქნება თუ ამ გუნდს მიეცემა განვითარებისა და წინსვლის საშუალება.

    – პლეი ოფის ორივე წყვილში ეროვნული ლიგა 2–ის გუნდებს ლიგა 3–ის გუნდებმა აჯობეს, აღნიშნული შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ლიგა 3 დონით არ ჩამოუვარდებოდა რანგით მაღალ ლიგას?

    – სისწრაფეების მხრივ და ტაქტიკური განსწავლულობით ლიგებს შორის გარკვეული სხვაობა არის, თუმცა ეს არ არის იმხელა სხვაობა, რომ ერთი გუნდი მეორეზე ორი თავით მაღლა იდგეს. თუნდაც გავიხსენოთ, მეოთხელიგელი ,,გარეჯი“, რომელიც თასის ნახევარფინალში გავიდა და ფინალში გამსვლელ შეხვედრაში ეროვნული ლიგის წარმომადგენელ ,,ლოკომოტივს“ დიდი ბრძოლა გაუმართა. ვფიქრობ, რომ ადვილი არც ერთ ლიგაში არ არის თამაში.

    – ეროვნულ ლიგა 2–ში სადაც მომავალ წელს მოგვიწევს ასპარეზობა, საკმაოდ ძლიერი გუნდები შეიკრიბნენ. ალბათ, მაქსიმალურად მობილიზება და კარგი მომზადება იქნება საჭირო, რომ დიდი კონკურენციის პირეობებში გუნდმა წარმატებით ითამაშოს.

    – ძალიან დაძაბული ჩემპიონატი იქნება, თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ სამ გუნდს ეროვნული ლიგიდან მოუწია ეროვნულ ლიგა 2–ში ჩამოსვლა, სამივე მათგანი საკმაოდ ძლიერი გუნდია, მათ სხვებიც არ ჩამოუვარდებიან, თითქმის ყველა გუნდი ამბიციაურია და აქვს შესაძლებლობა იბრძოლოს სამეულისთვის. ვფიქრობ, რომ მომავალი სეზონი ეროვნულ ლიგა 2–ში ბევრად უფრო საინტერესო და დაძაბული იქნება. რაც შეეხება ,,სამგურალს“ ჩვენი ამოცანა იქნება გაკეთთდეს ბრძოლისუნარიანი გუნდი, რომელიც ყველა თამაშზე მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლებს.скачать dle 11.3