პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი
  • პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი
    ,,სამგურალს“ მარტვილის ,,მერანისთვის“ ოფიციალურ შეხვედრებში მოგებული არ ჰქონდა ( წინა 12 შეხვედრიდან 9 მარტვილელებმა მოიგეს, 3 კი ფრედ დასრულდა), მაგრამ წყალტუბოელებმა ნავსი სწორედ ყველაზე მნიშნელოვან მატჩში გატეხეს და თენგიზ ბრეგვაძის დუბლით ,,მერანს“ ,,ექვსქულიანი“ ბრძოლა მოუგეს. ბესიკ ხაჭიპერაძის გუნდმა ამ მოგებით ლიგაში ადგილის შენარჩუნებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ეგ კი არა, წყალტუბოელებს პლეი ოფის გარეშეც შეუძლიათ ეროვნულ ლიგა 2–ში დარჩენა, რასაც რამდენიმე ტურის წინ ვერავინ წარმოიდგენდა. წყალტუბოელები ხომ ბოლო ადგილზე იყვნენ, და მე–9 ადგილზე მყოფ მეტოქეს 5 ქულით ჩამორჩებოდნენ...

    ახლა კი უშუალოდ ,,სამგურალი“ – ,,მერანის“ პრინციპული დაპირისპირების შესახებ. მოგეხსენებათ, ორივე გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და მათ დუელში დაფიქსირებულ შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომაც იყო, ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გამართული მატჩი საწყისი წუთებიდანვე უშეღავათო ბრძოლაში მიმდინარეობდა და შეხვედრას დაძაბული ფონი ბოლო წამებამდე გასდევდა. გარდა ამისა, დაპირისპირება ნეიტრალური გულშემატკივრისთვის საინტერესო და სანახაობრივიც გამოდგა.
    მარტვილელებს შეხვედრის მე–2 წუთზე შეეძლოთ დაწინაურება, კიჭი მელიავას ჩაწოდების შემდეგ კარში დათა ციცხვაია ურტყამდა, მაგრამ წყალტუბოელები გოლისგან ძელმა იხსნა, გამოვარდნილ ბურთზე დუგუ ამატებდა, მაგრამ ხეირიანად ვერ დაარტყა და ,,სამგურალის“ მეკარე ანდრე ნონოსს არ გასჭირვებია ბურთის მოგერიება. ნონოსი ვახსენეთ, და აქვე ვთქვათ, რომ კამერუნელმა კიდევ ერთი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, ,,მერანთან“ მატჩში მან საოცარი სეივები შემოგვთავაზა და გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა. თუმცა, მის გარჯაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ახლა კი მატჩის მიმდინარეობას დავუბრუნდეთ. საწყისი მღელვარების შემდეგ, წყალტუბოელებმა ,,სტუმრების“ კართან საპასუხო შეტევა განახორციელეს და მე–5 წუთზე სწრაფი გოლით დაწინაურდნენ. კარგად ითამაშა თორნიკე კაკუშაძემ, ბაქარ ლაღაძესთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა და კარშიც დაარტყა, ვაჟა ფაცაციამ ბურთი კარის ხაზიდან მოიგერია, მაგრამ ბურთი ისევ კაკუშაძისკენ წავიდა, რომელმაც იქვე თენგიზ ბრეგვაძეს უპასა და ანგარიშიც გაიხსნა 1:0. 17–ე წუთზე ,,სამგურალს“ ანგარიშის გაზრდის რეალური შესაძლებლობა ჰქონდა, ზაურ გოგუაძის წამოწყებული სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ლაღაძემ გაგა ჩხეტიანი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, თუმცა წყალტუბოელთა ბომბარდირს მეკარემ სივრცე შეუზღუდა, ჩხეტიანმა ბოლოს დარტყმა მაინც მოახერხა, მაგრამ ბურთი მცველმა გამოიტანა კარის ხაზიდან. მარტვილელები წონასწორობის აღდგენას ცდილობდნენ და მთელი ძალებით უტევდნენ, 27–ე წუთზე ძალზედ სახიფათოდ ურტყამდა ვაჟა ფაცაცია, მაგრამ ბურთი გარედან მოხვდა ბადეს. 44–ე წუთზე მატრვილელები ბრეგვაძის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ. ,,სტანდარტული“ თავად დაზარალებულმა შეასრულა და იდეალურადაც, ბრეგვაძემ ბურთი პირდაპირ მეშველიანის კარის ცრიანში დაუმიზნა და ულამაზესი გოლით ნომინალურ მასპინძლებს ორბურთიანი უპირატესობა მოუპოვა–2:0
    მეორე ტაიმში ,,მერანმა“ სათამაშო უპირატესობა მოიპოვა, მარტვილელები მწვავე იერიშებით ცდილობდნენ მატჩის სათავისოდ შეტრიალებას, წყალტუბოელები კი კონტრშეტევაზე ლამობდნენ მეტოქის გამოჭერას და ამ ტაქტიკით არაერთი საგოლე შანსიც მიეცათ. მანამდე კი 52–ე წუთზე კვლავ ვაჟა ფაცაციამ ითამაშა კარგად, ორ მეტოქეს გასცდა და საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა, მაგრამ ანდრე ნონოსმა ბურთი ბრწყინვალე სეივით მოიგერია. 58–ე წუთზე მარტვილელებმა ანგარიშის შემცირება შეძლეს, კუთხურის შემდეგ შეცვლაზე შემოსულმა ევჰენი ზახარჩენკომ ახლო მანძილიდან თავური დარტყმით გაიტანა– 2:1. ,,სამგურალს“ 66–ე წუთზე შეეძლო სტატუს – ქვოს აღდგენა, ნონოსმა კარგად შეიყვანა ბურთი თამაშში, რის შემდეგაც ფაცაცია შეცდა და გაგა ჩხეტიანი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, გოლი გარდაუვალი ჩანსა, მაგრამ ,,სამგურალის“ ფორვარდის დარტყმა კარს აცდა. ,,მერანი“ აშკარა გოლს გადაურჩა. 70–ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთი მწვავე კონტრშეტევა განახორციელეს და მარტვილელები ისევ გადარჩნენ, ლაღაძის გადაცემის შემდეგ ბრეგვაძემ მეკარეც მოატყუა და პასს ლაღაძისკენ აბრუნებდა, მაგრამ მცველებმა შეძლეს მდგომარეობის განმუხტვა. 72–ე წუთზე უკვე მარტვილელებს შეეძლო გატანა, მაგრამ თორნიკე მოსიაშვილის დარტმის შემდეგ კვლავ ნონოსმა იხსნა საკუთარი გუნდი. 88–ე წუთზე კი კამერუნელმა კიპერმა ნამდვილი სასწაული შემოგვთავაზა, ხუთიოდე მეტრიდან ჯერ ფაცაციას დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი ციცხვაიას ასევე ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი საოცარ ნახტომში მოიგერია. დარჩენილ დროში მარტვილელებს გატანის შანსი აღარ მისცემიათ. ,,სამგურალმა“ მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. ბესიკ ხაჭიპერაძის შეგირდები მომდევნო შეხვედრას 27 ნოემბერს თელავში ადგილობრივ გუნდთან გამართავენ.

    22 ნოემბერი. 14:00. ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
    ეროვნული ლიგა 2. ტური XXXIII
    „სამგურალი“ (წყალტუბო) – „მერანი“ (მარტვილი) 2:1 (2:0)
    გოლები: 1:0, 2:0 თენგიზ ბრეგვაძე (5’,45’), 2:1 ევგენი ზახარჩენკო (59’)
    „სამგურალი“: ნონოსი, კაკუშაძე, იობომა, ბიბილაშვილი (კ) (კილაძე 86’), გოგიჩაიშვილი, ჩხეტიანი (ჩიხლაძე 68’), ბრეგვაძე, ბანძელაძე, გოგუაძე, ლაღაძე, საღრიშვილი (ხარაბაძე 56’).
    სათადარიგო: ფანცხავა, კილაძე, ხარაბაძე, ენდელაძე, ჩიხლაძე, ლიპარტელიანი.
    მთავარი მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე.
    „მერანი“: მეშველიანი, მელიავა (კ), ვ. ფაცაცია, ტყეშელაშვილი, გეგია, ციმაკურიძე (ზახარჩენკო 39’), ც. ფაცაცია, დუგუ, მოსიაშვილი (მოსემღვდლიშვილი 79’), ლუცენკო (კურდღელაშვილი 55’), ციცხვაია.
    სათადარიგო: კულუა, კურდღელაშვილი, მოსემღვდლიშვილი, თოლორადავა, ვეჩტომოვი, ჭაბუკიანი, ზახარჩენკო.
    მთავარი მწვრთნელი: ბაგრატ ხელაია.

    გაფრთხილება: ზაურ გოგუაძე (48’), ოლეგ ლუცენკო (51’), გიორგი ტყეშელაშვილი (62’), ევგენი ზახარჩენკო (84’).
    მთავარი არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი.
    скачать dle 11.3