მისია შესრულებულია, თუმცა მეტიც შეგვეძლო » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
10 მაისი, 20:00
კოლხეთი
სამგურალი
წინა მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი0
დინამო ბთ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მისია შესრულებულია, თუმცა მეტიც შეგვეძლო
  • ინტერვიუ ზაურ გოგუაძესთან

    მისია შესრულებულია, თუმცა მეტიც შეგვეძლო

    წყალტუბოს ,,სამგურალმა" ბოლო ტურში სტუმრად ბოლნისის ,,სიონი" დაამარცხა და ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულა. ბოლნისელებთან პირველი გოლი ზაურ გოგუაძემ გაიტანა. გოგუაძე ,,სამგურალს" მეორე ეტაპზე შეუერთდა, წყალტუბოელთა რიგებში 18 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ,,სიონთან" მოგების შემდეგ ,,ზაკომ" დასრულებული სეზონის შესახებ ისაუბრა.

    პირველ რიგში ,,სიონთან" მატჩის შესახებ ვისაუბროთ, სატურნირო თვალსაზრისით შეხვედრა არაფერს წყვეტდა, მაგრამ საკმაოდ კარგი მატჩი გამოვიდა...

    –ძალიან დაძაბული და სანახაობრივი თამაში იყო. გვინდოდა სეზონი მე–4 ადგილზე დაგვესრულებინა და შეხვედრას დიდი მოტივაციით შევხვდით. ვიცოდით, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა, მიუხედავად იმისა, რომ მესამე ადგილი გარანტირებული ჰქონდათ, შეხვედრას მთელი სერიოზულობით მოეკიდნენ და ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლო შემადგენლობით ითამაშეს. რთული მატჩი იყო, მაგრამ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.

    –,,სიონის“ კარში ლამაზი გოლი გაიტანე, წყალტუბოელთა რიგებში ეს შენი მე–5 გოლი იყო. როგორ გაიხსენებ ანგარიშის გახსნის ეპიზოდს?

    –ყოველთვის სასიხარულოა, როდესაც გუნდს გოლებით ეხმარები და სასურველი შედეგით ასრულებ თამაშს. ფეხბურთელებმა მწვრთნელების მითითებები შევასრულეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ორივე გოლი მართლაც ლამაზი გამოვიდა, მაგრამ მთავარია 3 ქულა ავიღეთ და მე–4 ადგილზე გავედით.

    სეზონს როგორ შეაფასებ, ,,სამგურალოსთვის" ამ ეტაპისთვის ეს მაქსიმუმი იყო თუ შეიძლებოდა სამეულში მოხვედრა ?

    –სამეულში მოხვედრა თავისუფლად შეგვეძლო, ძლიერი მწვრთნელები და საკმაოდ კარგი ფეხბურთელები გვყავს. ,,მერანის“ გარდა ყველა ლიდერს მოვუგეთ და ეს შემთხვევით არ ხდება. თუმცა, რთულია, როცა გუნდი ყველა მატჩს გასვლაზე თამაშობს, საკუთარ მოედანზე რომ გვეთამაშა დარწმუნებული ვარ გაცილებით მეტ ქულას დავაგროვებდით. თუ ეს ბირთვი შენარჩუნდება, დარწმუნებული ვარ მომავალ წელს ,,სამგურალი“ სამეულში მოხვდება. სეზონს მაინც წარმატებულად შევაფასებ, რადგანაც ჩვენი მიზანი რაც იყო შევასრულეთ, თანაც ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ვერ გვეხმარებოდა.

    დიდი ალბათობით, მომავალ წელს წყალტუბოში სტადიონი გაკეთდება და ,,სამგურალი“ საკუთარ კედლებს დაუბრუნდება...

    –თუ ,,სამგურალი“ შეხვედრებს სახლში ჩაატარებს გუნდის შანსები ერთი–ორად გაიზრდება. ჩვენ გვყავს ერთგული გულშემატკივრები , რომლებიც გიჟდებიან თავიანთ კლუბზე და მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. გულშემატკივრების დახმარებით შეგვიძლია ნატვრა ავიხდინოთ და უმაღლესში გადავიდეთ. ყველამ დაინახა, რომ ეს შესაძლებელია... რომ არა ის დაკარგული ქულები...

    ითამაშებდი მომავალ სეზოში ,,სამგურალში“?

    ,,სამგურალი“ კარგი გუნდია და აქ თამაში დასაფასებელია, რა თქმა უნდა ვითამაშებდი, მაგრამ ჯერ შესვენებაა და არ ვიცი მომავალში რა იქნება.
    მატჩებში რომლებშიც აშკარა ფავორიტები იყავით ქულების დაკარგვის მიზეზი მეტოქის დაუფასებლობაც ხომ არ იყო?

    –ალბათ, ესეც იყო. რამდენიმე შეხვედრაში გვეგონა რომ, იოლი თამაში იქნებოდა და ალბათ მოდუნებული ვიყავით. ,,გურიასთან“ მეოთხე წრის მატჩში ფორტუნამაც გვიღალატა. უამრავი მომენტი გავანიავეთ. რაც შეეხება ,,ცხინვალტან“ ბოლო ორ შეხვედრას ასეთი ცუდი თამაში არ მახსოვს. ცხინვალელებმა ყველა ასპექტში დაგვჯაბნეს, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი მოდუნების ბრალი იყო.

    კარგი მატჩებიც გავიხსენოთ, თუნდაც ,,გაგრასთან“ სტუმრად 3:2 მოგებული შეხვედრა, რომელშიც სეზონის ერთ–ერთი საუკეთესო გოლი გაიტანე...

    –კარგი მატჩებიც მრავლად იყო, სადაც მეტოქეს ვაჯობეთ და 3 ქულა მოვიპოვეთ. როცა ჩვენი თამაში ვაჩვენეთ, ყველა გუნდი დავამარცხეთ. ეს კი შრომისა და გუნდურობის დამსახურებაა. რაც შეეხება იმ ,,გაგრასთან“ გატანილ მაკრატელას, მართლაც ლამაზი იყო და ორმაგად გამიხარდა, რადგანაც ვაგებდით და ამ გოლით ანგარიში გავათანაბრეთ. შემდეგ კი თამაში შემოვატრიალეთ და საოცარი შეხვედრა მოვიგეთ. სხვა კარგი თამაშების გახსენებაც შეიძლება, ,,სიონთან“–2:0, ,,გურიასთან“–2:0 ,,ცხინვალთან“ –3:0, ვიტ ჯორჯიასთან 3:2...

    ჩემპიონატზე რას იტყვი, გაამართლა 10 გუნდიანმა სისტემამ?

    –დამქანცველი სეზონი იყო, მაგრამ ფაქტია ჩემპიონატი ბოლო ტურებამდე დაძაბული იყო. მიხარია, რომ ჩემპიონი ქუთაისის ,,ტორპედო“ გახდა. მეც ქუთაისელი ვარ, ,,ტორპედოში“ ვთამაშობდი და დღესაც მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. დიდი პაუზის შემდეგ ტორპედოელებმა გულშემატკივრებს უდიდესი სიხარული მიანიჭეს. მინდა, რომ მათ თასზეც წარმატებები ვუსურვო. ქომაგისთვის დიდი ზეიმი იქნება თუ სეზონს დუბლით დაასრულებენ.

    скачать dle 11.3