ეროვნული ლიგა 2–ის 22–ე ტურის მატჩი წყალტუბოს ,,სამგურალმა“ სტუმრად ტყიბულის ,,მეშახტესთან“ გამართა და უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში ფრედ 1:1 ითამაშა. წყალტუბოელები 23–ე წუთზე ზაურ გოგუაძემ დააწინაურა, რომელმაც თორნიკე ჯიმშელეიშვილის ,,სტანდარტულის“ შემდეგ მცველებს დაასწრო და ახლო მანძილიდან ვარდნაში ბურთი ტყიბულელთა კარის ბადეში გაახვია. გოლის შემდეგ ტერიტორიულ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა ტყიბულელებმაც განახორციელეს რამდენიმე მწვავე მომენტი. მატჩის მეორე ნახევარი უფრო დაძაბული და საინტერესო გამოდგა, საგოლე მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა ჰქონდათ გოგი გოგიჩაიშვილს, გაგა ჩხეტიანს, თენგიზ ბრეგვაძეს და ზაურ გოგუაძეს, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში მეკარე ტარიელ ხაინდრავა დამაჯერებლად გაისარჯა. არანაკლებ კარგი მომენტები ჰქონდათ მასპინძლებსაც, ორჯერ ტყიბულელებმა კარს სასწაულებრივ ააცილეს ბურთი, კვასხვაძის საჯარიმო დარტყმა კი კარის ბადეს ზემოდან შეეხო. მატჩის შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდიდა არბიტრ პაპუნა მაჭარაძის გადაწყვეტილებებმა. 75–ე და 84–ე წუთებზე მაჭარაძეს თენგიზ ბრეგვაძეს ორი ყვითელი ბარათი აჩვენა და ,,სამგურალი“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა. ტყიბულელებმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს, 89–ე წუთზე ქართველიშვილმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ბურთი თავზე ციიცხვაიას მოხვდა და სტუმართა კარში აღმოჩნდა. ბოლო წუთებზე ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, მსაჯმა ყვითელი ბარათებიც ჩამოარიგა და საბოლოოდ შეხვედრა საყაიმო ანგარიშით 1:1 დასრულდა.
скачать dle 11.3