მარცხი ლიდერთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 ნოემბერი, 14:00
სამგურალი
ლოკომოტივი
წინა მატჩი
7 ნოემბერი, 14:00
სამტრედია1
სამგურალი2
ეროვნული ლიგა
მარცხი ლიდერთან
  • მარცხი ლიდერთან
    ეროვნული ლიგა 2–ის ლიდერს –მარტვილის ,,მერანს“ მეორე წრეში მდევრები ძალიან მიუახლოვდნენ. ,,რუსთავი“ და ,,გაგრა“ მარტვილელებს ქულებით გაუთანაბრდნენ (28 ქულა), თუმცა გიორგი მიქაძის გუნდს ,,სამგურალთან“ ერთი დღით გვიან ჰქონდა თამაში და უპირატესობის გასამტკიცებლად მხოლოდ მოგებაზე უნდა ეფიქრა. მარტვილელები მნიშვნელოვანი დანაკლისის მიუხედავად გია გიგატაძის გუნდთან შეხვედრას ძალზედ მოტივირებულები და მობილიზებულები შეხვდნენ. თავის მხრივ რევანშისთვის იყვნენ განწყობილი წყალტუბოელები და გულშემატკივრებს საინტერესო მატჩის მოლოდინი ჰქონდათ.
    სანამ შეხვედრაზე ვისაუბრებთ,მხარდაჭერისთვისა და გვერდში დგომისთვის კიდევ ერთხელ უნდა გადავუხადოთ მადლობა საფეხბურთო კლუბ ,,სამტრედიას“. სამტრედიული კლუბის ხელმძღვანელობამ წყალტუბოს ,,სამგურალს“ ,,მერანთან“ მატჩისთვის ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დაუთმო ,,ეროსი მანჯგალაძის“ სახელობის არენა, სტადიონის თანამშრომლებმა კი გუნდებს ყველანაირი პირობა შეუქმნეს, რომ შეხვედრა ლამაზ საფეხბურთო გარემოში ჩაეტარებინათ.
    გუნდებმა შეხვედრა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს. მატჩის დებიუტი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. პირველი მეტ ნაკლებად სახიფათო მომენტი ნომინალურმა მასპინძლებმა შექმნეს, თუმცა ბაქარ ლაღაძის დარტყმა მეკარე ზურაბ მამალაძის იოლი ნადავლი აღმოჩნდა. გაცილებით სახიფათო გამოდგა მერანელი შოთა ჯიქიას დარტყმა, რომელიც მცირე მანძილით ასცდა იორამ კუჭუხიძის კარს. თანდათან მატჩის სადავეები მარტვილელთა ხელში გადავიდა და ეს შედეგზეც აისახა. 24–ე წუთზე რევაზ ბარაბაძის შესანიშნავი გადაცემის შედეგად სერგეი ტრეტიაკი კარგ პოზიციაზე გავიდა და ზუსტი დარტყმით ,,მერანი“ დააწინაურა. მარტვილელებმა მეტოქეს გონზე მოსვლა არ აცადეს და ხუთიოდე წუთში უპირატესობა გაზარდეს, სტუმრებმა შეასანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, ბოლო ფაზაში ჯიქიამ ბურთი თავზე დაასვა ტრეტიაკს და უკრაინელსაც დუბლის შესრულება არ გასჭირვებია.
    ტაიმის მიწურულს ,,სამგურალი“ გააქტიურდა, 42–ე წუტზე მარცხენაფლანგიდან სახიფათოდ უტევდა ბაქარ ლაღაძე, მან მეურვე ჩამოიცილა და მახვილი კუთხიდან კარში დაარტყა, მამალაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. წყალტუბოელებს გარჯა მაინც დაუფასდათ, 43–ე წუთზე კუთხურიდან ლაღაძის მოწოდებულ ბურთს ბექა ბიბილაშვილმა ზუსტი თავური დარტყმა მიაყოლა და ანგარიში შეამცირა.
    წყალტუბოელებმა მეტოქეს ,,გასახდელში გაატანეს“ გოლი და მატჩის გადარჩენის შანსიც გაუჩნდათ, მაგრამ თამაშის განახლებიდან ხუთიოდე წუთში სტუმრებმა სტატუს–ქვო აღადგინეს. ბარაბაძემ დიდებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ანგარიში 1:3 გახადა. წყალტუბოელების საპასუხო შეტევისას ,,მერანის“ ერთ–ერთ ფეხბურთელს საკუთარ საჯარიმოში ხელზე მოხვდა ბურთი, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. დარჩენილ დროში ანგარიშის შეცვლა ორივე გუნდს შეეძლო. ,,სამგურალის“ მომენტებიდან აღსანიშნავია თორნიკე ხარაბაძის ,,მაკრატელა“ დარტყმა და ბექა ბიბილაშვილის სახიფათო თავური. სტუმართა რიგებში კი დუბლის გაკეთება რევაზ ბარაბაძეს შეეძლო, რომელიც მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ კარში ვერ დაუმიზნა. საბოლოოდ, შეხვედრა ,,მერანის“ გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
    წყალტუბოს ,,სამგურალი“ მორიგ შეხვედრას 22 ივნისს სტუმრად ბოლნისის ,,სიონთან“ გამართავს.

    17 ივნისი. 18:00. სამტრედია. „ე. მანჯგალაძე“.
    ეროვნული ლიგა 2. ტური XVII.
    „სამგურალი“ (წყალტუბო) – „მერანი“ (მარტვილი) 1-3 (1-2)

    გოლები: 0-1, 0-2 სერგეი ტრეტიაკი (24', 28'), 1-2 ბექა ბიბილაშვილი (43'), 1-3 რევაზ ბარაბაძე (51').

    "სამგურალი": კუჭუხიძე, ნერგაძე, ბიბილაშვილი (კ), ხარაბაძე, ენდელაძე, შალამბერიძე (კაკუშაძე 82'), გოგიჩაიშვილი, ბანძელაძე, ჩიხლაძე, ლაღაძე (ფანცხავა 88'), ციცხვაია (ჩხეტიანი 46').
    სათადარიგო: კუპატაძე, ჯიმშელეიშვილი, ლიპარტელიანი, კილაძე.
    მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე.

    "მერანი": მამალაძე (კ), მაისაშვილი, ლომაშვილი, მელიავა, ტეიდი, გეგია, ჩალაძე, ჯიქია (კურდღელაშვილი 52'), შულაია (რუხაძე 67'), ტრეტიაკი (წოწონავა 84'), ბარაბაძე.
    სათადარიგო: კულუა, ლუკავა, თოლორდავა.
    მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე.

    გაფრთხილება: ბენჟამინ ტეიდი (41').

    მთავარი მსაჯი: პაპუნა მაჭარაძე.
    скачать dle 11.3