ქურდაძის მიერ წაღებული სამი ქულა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ქურდაძის მიერ წაღებული სამი ქულა
  • ქურდაძის მიერ წაღებული სამი ქულა
    ,,გაგრასთან“ რომ იოლი შეხვედრა არ იქნებოდა ეს თავიდანვე ნათელი იყო. 4 დღით ადრე ზედა ეწერის დატბორილ სტადიონზე წყალტუბოელებმა ,,ზუგდიდის“ დამარცხებას დიდი ენერგია შეალიეს და მომდევნო მატჩისთვის ძალების აღდგენა ვეღარ მოასწრეს. ,,გაგრამ“ კი წინა ტურში ,,გურია“ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე 4:0 დაამარცხა და ,,სამგურალთან“ მატჩსაც უფრო მომზადებული შეხვდა. შეხვედრის საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, რის შემდეგ გაგრელებს ორჯერ გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა ჰქონდათ. 16–ე წუთზე ზვიად ქანთარია მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ბურთი ხარიხას გადააცილა და ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. ცოტა ხანში ნიკოლოზ ხინთიბიძეს შეეძლო სტუმრების დაწიაურება, კარგად შეიჭრა საჯარიმოში და მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა ბოლოს ზურაბ ენდელაძემ შეუშალა ხელი და ზუსტად ვერ დაარტყა. წყალტუბოელებმა მეტოქეს ნიკა შალამბერიძის შორეული დარტყმით უპასუხეს, მაგრამ ბურთი საკმაო მანძილით ასცდა გაგრელთა კარს. უფრო სახიფათო გამოდგა თენგიზ ბრეგვაძის შეტევა, რომელიც მახვილი კუთხიდან დაემუქრა გიორგი ნადირაძის კარს, თუმცა მისი ძლიერი დარტყმა გაგრელთა მეკარემ მოიგერია. მოგვიანებით ნადირაძემ შალამბერიძის მიერ საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთიც გააუვნებელყო.
    მეორე ტაიმის დაწყებამდე ,,გაგრას“ მთავარმა მწვრთნელმა შეცვლა განახორციელა და ბექა კაკუშაძის ნაცვლად მოედანზე გიორგი ქურდაძე გაივანა. პისკოვეცს ცვლილებამ გაუმართლა, თამაშის განახლებიდან ერთი წუთიც არ იყო გასული, როცა ბურთთან ქურდაძის პირველივე შეხება გოლით დასრულდა. მისი დარტყმა ჯერ ძელს მოხვდა და წყალტუბოელთა კარის ბადეში გაეხვა. გაშვებული გოლის შემდეგ ტერიტორიულ უპირატესობას ,,სამგურალი“ დაეუფლა, ,,გაგრამ“ კი დაცვა გაამაგრა და მეტოქეს სწრაფი კონტრშეტევები დაუპირისპირა. წყალტუბოელებს ბევრს უტევდნენ, გოლის გატანის შანსებიც ჰქონდათ, გოგი გოგიჩაიშვილისა და ბექა ბანძელაძის დარტყმები მეკარემ მოიგერია, კახა ჩხეტიანის დარტყმა კი მიზანს ასცდა. უქმად სტუმრებიც არ ყოფილან, სახიფათოდ ურტყამდა ქანთარია, 59–ე წუთზე კი დავით კუპატაძემ ნახტომში ურთულესი ბურთი მოიგერია და ,,სამგურალი“ აშკარა გოლისგან იხსნა. გია გიგატაძემ მდგომარეობის გამოსასწორებლად შეცვლებს მიმართა და თამაშში დავით ციცხვაია, ბაქარ ლაღაძე და დემურ ჩიხლაძე ჩართო, წყალტუბოელებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, სახიფათოდ ურტყამდნენ ციცხვაია, ჩიხლაძე და ბრეგვაძე, მაგრამ ხან გაგრელთა მეკარე ირჯებოდა დამაჯერებლად,ხანაც ბურთი მიზანს სცდებოდა. ბრეგვაძე რამდენჯერმე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ყველა სიტუაციაში არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა, რამაც წყალტუბოელი გულშემატკივრების განრისხება გამოიწვია. დაჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. შეხვედრა ,,გაგრას“ გამარჯვებით დასრულდა, რის შემდეგაც პისკოვეცის გუნდმა სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ,,სამგურალი“ კი 25 ქულით კვლავ მე–5 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 1 ივნისს ,,ცხინვალის“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ,,მცხეთა პარკზე“ 18:00 საათზე დაიწყება.
    სამგურალი – გაგრა 0:1
    ეროვნული ლიგა 2 XV ტური
    27.05. მარტვილი. ,,მურთაზ ხურცილავა“
    გოლი: 0:1 ქურდაძე (46)
    სამგურალი: კუპატაძე, ბანძელაძე, ნერგაძე, კილაძე, თ.კაკუშაძე, ენდელაძე (ლაღაძე 32), ბრეგვაძე, შალამბერიძე (ჩიხლაძე 66), ხარაბაძე, გოგიჩაიშვილი, ჩხეტიანი (ციცხვაია 56)
    სათადარიგოები: კუჭუხიძე, ბიბილაშვილი, ლიპარტელიანი, ფანცხავა
    მწვრთნელი: გია გიგატაძე

    გაგრა: ნადირაძე, ჯგერენაია, გეთიაშვილი, ლუცენკო, ჯიშკარიანი, ლ.ქურდაძე, კახიანი, გაფრინდაშვილი (კიკნაძე 57), ბ.კაკუშაძე (გ.ქურდაძე 46), ხინთიბიძე, ქანთარია (პაპავა 64)
    სათადარიგოები: ისიანი, ტყეშელაშვილი, სამხარაძე, ტყეშლაშვილი;
    მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი
    გაფრთხილება: ბრეგვაძე (39)
    არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი (თბილისი)скачать dle 11.3