სერიის გასაგრძელებლად
ხვალ ეროვნული ლიგა 2 ის მე-14 ტურის 3 შეხვედრა გაიმართება. წყალტუბოს ,,სამგურალი“ სტუმრად გათამაშების აუტსაიდერს ზუგდიდის ,,ზუგდიდს“ დაუპირისპირდება. მატჩი ზედა ეწერის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება. პირველ წრეში ამ გუნდებს შორის გმართული შეხვედრა გია გიგატაძის გუნდის გამარჯვებით 4:1 დასრულდა. აღნიშნული შეხვედრაში ,,სამგურალი“ მასპინძლის რანგში თამაშობდა, მაგრამ მოგეხსენებათ, შეხვედრა სამეგრელოს რეგიონში, მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გაიმართა და წყალტუბოელთა მასპინძლის სტატუსი მხოლოდ ფორმალობა გახლდათ. პირველი წრის მატჩში ანგარიში ლაშა ჯღამაიამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. ზუგდიდელებმა ფარჯიკიას პენალტით აღადგინეს წონასწორობა, მაგრამ, ამის შემდეგ, წყალტუბოელებმა კოლოსალური უპირატესობა მოიპოვეს, ზუგდიდელთა კარში დავით ციცხვაიამ, დემურ ჩიხლაძემ, გაგა ჩხეტიანმა კიდევ 3 გოლი გაიტანეს და სოლიდური სხვაობით გაიმარჯვეს.
,,სამგურალი“ ,,გურიასთან“ და ,,მეშახტესთან“ ზედიზედ ორი მოგების შემდეგ 22 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება და ,,ზუგდიდთან“ ხვალინდელ მატჩს კარგ გუნებაზე ხვდება. წყალტუბოელთა მეტოქე კი ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც სატურნირო ცხრილის მოგებათა გრაფაში ჯერაც 0 უწერია. ეგ კი არა, ზუგდიდელებმა 9 მატჩიანი წაგებათა სერია მხოლოდ წინა ტურში შეწყვიტეს, როცა სტუმრად, ლანჩხუთის ,,გურიასთან“ დრამატულ შეხვედრაში ფრე 3:3 ითამაშეს.
ზუგდიდელთა აუტსაიდერობა ,,სამგურალს“ მოდუნების უფლებას არ აძლევს. პირიქით, ,,ზუგდიდი“ პირველ მოგებაზეა ,,დაგეშილი“ და ბუნებრივია, მიზნის მისაღწევად თავს არ დაზოგავს. წარუმატებელი გამოსვლის გამო ზუგდიდურ კლუბში ცოტა ხნის წინ ცვლილებები მოხდა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბესიკ შეროზია მისმა ყოფილმა თანაშემწემ- მამუკა ჭაჭუამ ჩაანაცვლა. ფეხბურთელებს ბევრი აქვთ დასამტკიცებელი და მათთვის ხვალინდელი მატჩი საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
თავისი მიზნები აქვს ,,სამგურალს“, მცირეოდენი ჩავარდნის შემდეგ წყალტუბელებმა საკუთარი თამაში იპოვეს და ბოლო შეხვედრებში დამაჯერებლად გამოიყურებიან. მართალია, ხვალ იოლი მატჩი არ იქნება, მაგრამ გია გიგატაძის შეგირდები წარმატებული სერიის გასაგრძელებლად ყველაფერს გააკეთებენ.
,,ზუგდიდი“- ,,სამგურალის“ დაპირისპირებას არსენ ნონიკაშვილი უმსაჯებს. რომელსაც ა. აფციაური (პირველი ასისტენტი), ა. ჟივიძე , (მეორე ასისტენტი ) და ი. შენგელია (მეოთხე მსაჯი) დაეხმარებიან.
скачать dle 11.3