როცა იოლად შეგიძლია... » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
როცა იოლად შეგიძლია...
  • როცა იოლად შეგიძლია...

    ,,საბედნიეროდ, დღეს დაუწერელი საფეხბურთო კანონი (არ გაიტან, გაგიტანენ) არ ამოქმედდა, თორემ უამრავი გამოუყენებელი საგოლე მომენტის გამო შესაძლოა მოწინააღმდეგეს დავესაჯეთ. მთელი მატჩის განმავლობაში ვუტევდით, მომენტს – მომენტზე ვქმნიდით, მაგრამ გატანას ვერ ვახერხებდით. ამის გამო დაძაბულობა და ნერვების თამაში მატჩის ბოლო წუთებამდე შენარჩუნდა...“ –აღნიშნა თამაშის შემდეგ წყალტუბოს ,,სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა გია გიგატაძემ.
    მართლაც, ,,სამგურალმა“ ამ შეხვედაში იმდენი საგოლე მომენტი შექმნა, რომ ერთ კი არა, სამ შეხვედრაში ეყოფოდა, მაგრამ წყალტუბოელებმა უამრავი იერიშიდან მხოლოდ ორის გამოყენება შეძლეს, სხვა ეპიზოდებში კი მიზანს ვერა და ვერ ისწორედბდნენ, ან საგოლე გადაცემას აგვიანებდნენ.
    სანამ უშუალოდ მატჩზე ვისაუბრებდეთ, აღსანიშნავია, რომ ,,რუსთავთან“ განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ ,,სამგურალს“ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაუბრუნდა. ტრავმები მოიშუშეს გიორგი ნეგრაძემ და თენგიზ ბრეგვაძემ, ძირითად შემადგენლობაში იყო ივანე კილაძეც, რომელმაც ,,რუსთავთან“ მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
    ,,გურიასთან“ მატჩის პრინციპულობაზე საუბარი უადგილოა. ჩემპიონატი ისე დაძაბულად მიმდინარეობს, რომ თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. ,,სამგურალს“ გარდა იმისა, რომ სატურნირო მდგომარეობაც გასაუმჯობესებელი ჰქონდა, ლანჩხუთელებთან, პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანშიც მართებდა.
    როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა ნომინალური მასპინძლების უპირატესობით დაიწყო. ჩვენს გუნდს მე–7 წუთზე შეეძლო დაწინაურება, ბაქარ ლაღაძის გადაცემის შემდეგ გაგა ჩხეტიანს მართებდა გოლის გატანა, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა. ლანჩხუთელებმა ლუკას კამპოს დე ოლივეირას შორეული დარტყმით გვიპასუხეს, მაგრამ სიზუსტე მასაც დააკლდა. 21–ე წუთზე გოგი გოგიჩაიშვილის აქტიურობის შემდეგ კვლავ ჩხეტიანი დაემუქრა ირაკლი ხვედელიძის კარს, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. 25–ე წუთზე ბენაშვილის შეცდომას ,,სამგურალის“ სწრაფი შეტევა მოჰყვა, ჩხეტიანმა გოგოჩაიშვილს საჯარიმოში უპასა, რომელიც კარში დარტყმას ცდილობდა, მაგრამ ბურთი შორეული ძელისკენ წავიდა, სადაც ყველას ბაქარ ლაღაძემ დაასწრო და ახლო მანძილიდან გაიტანა –1:0 წყალტუბოელები კვლავ ფლობდნენ უპირატესობას და ანგარიშის გაზრდაც მართებდათ. 30–ე წუთზე საჯარიმოს გარედან ნიკა შალამბერიძის სახიფათო დარტყმა ხვედელიძემ მოიგერია. 33–ე წუთზე ბრეგაძის გადაცემის შემდეგ ჩხეტიანს გატანა შეეძლო, მაგრამ კარში დარტყმას საჯარიმოში პასის გაკეთება ამჯობინა და მცველებმა ვითარება განმუხტეს. ხუთიოდე წუთში ბრეგვაძის მიერ შესრულებული ჯარიმის შემდეგ კილაძე ურტყამდა თავით და ბურთი კარს მცირედით ასცდა. 38–ე წუთზე კი წყალტუბოელებს აუცილებლად უნდა გაეტანათ, სამი მათგანი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდნენ, კარში დარტყმაც შეიძლებოდა და შეტევის სხვა მხრივ გაგრძელებაც, მაგრამ... გადაცემა თამაშგარეში მყოფ ფეხბურთელზე გაკეთდა და რეალური მომენტიც განიავდა. ტაიმის მიწურულს გოგიჩაიშვილი ურტყამდა კარში და ბურთი მეკარემ მოიგერია.
    მატჩის მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, შეტევებს ,,გურიაც“ ცდილობდა, მაგრამ ,,სამგურალი“ გაცილებით სახიფათოდ უტევდა, ჯერ შალამბერიძის თავური დარტყმა ასცდა მიზანს, შემდეგ კი ბრეგვაძემ გაუშვა კარისკენ ,,მოჭრილი“ ბურთი, მაგრამ ოდნავ სიზუსტე დააკლდა. ამას კილაძის თავური დარტყმაც მოჰყვა და ისევ უშედეგოდ. ამდენი გამოუყენებელი მომენტების გამო ,,გურიამ“ კინაღამ დაგვსაჯა. ორწუთიან მონაკვეთში სტუმრებმა ორი ძალზედ სახიფათო მომენტი შექმნეს. 60–ე წუთზე ალექსანდრე შენგელიამ სახიფათოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ,,სამგურალი“ გოლისგან მეკარე დავით კუპატაძის დამაჯერებელმა თამაშმა იხსნა. 62–ე წუთზე კი იმავე შენგელიამ საჯარიმოს ხაზიდან ძალიან სახიფათოდ დაარტყა და სამიზნეს მცირედით ააცილა. წყალტუბოელებმა რეალური საგოლე მომენტით უპასუხეს, მიზანთან ახლოს იყო ჩხეტიანი, მაგრამ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. ლანჩხუთელებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და ანგარიშის გათანაბრებას შეეცადნენ, ნოდარ კიკნაველიძის სახიფათო საჯარიმო დარტყმა კუპატაძემ მოიგერია, ტყემალაძის გასროლა კი მიზანს ასცდა. ამას ისევ შენგელიას სახიფათო დარტყმა მოჰყვა და კვლავ დავით კუპატაძე გაისარჯა საიმედოდ. 84–ე წუთზე ბაქარ ლაღაძე მარცხენა ფლანგიდან კარგად შეიჭრა საჯარიმოში და მახვილი კუთხიდან კარში დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. ხვედელიძემ ცოტა ხანში ბრეგვაძის დარტყმაც უკუაგდო, მაგრამ წყალტუბოელებმა თავიანთი მაინც გაიტანეს, 87–ე წუთზე დავით ციცხვაიამ, რომელიც 67–ე წუთზე გაგა ჩხეტიანის ნაცვლად ჩაერთო თამაშში, კუთხურის შემდეგ ეფექტური თავური დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა და წყალტუბოელებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. დარჩენილ დროში საინტერესო აღარაფერი მომხდარა. ,,სამგურალმა“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და 19 ქულით სატურნირო ცხრილში მე–5 პოზიციაზე იმყოფება.

    სამგურალი –გურია 2:0
    13.05 მარტვილი. სტადიონი: ,,მურთაზ ხურცილავა“
    1:0 ლაღაძე (25), 2:0 ციცხვაია (87)
    წყალტუბოს ,,სამგურალი“ ეროვნული ლიგა–2–ის მე–12 ტურში ლანჩხუთის ,,გურიას“ დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. ნომინალური მასპინძლები 25–ე წუთზე ბაქარ ლაღაძემ დააწინაურა. მეორე გოლი კი 87–ე წუთზე შეცვლაზე შესულმა დავით ციცხვაიამ გაიტანა.

    სამგურალი: დავით კუპატაძე, უშანგი ბანძელაძე, გიორგი ნერგაძე, ივანე კილაძე, ზურაბ ენდელაძე, ნიკა შალამბერიძე (დემურ ჩიხლაძე 75), ცოტნე ხარაბაძე, გოგი გოგიჩაიშვილი, თენგიზ ბრეგვაძე, ბაქარ ლაღაძე (ზურაბ ფანცხავა 90+2), გაგა ჩხეტიანი (დავით ციცხვაია 67)
    სათადარიგოები: იორამ კუჭუხიძე, ბექა ბიბილაშვილი, ალეკო ნაცვლიშვილი, ლაშა ჯღამაია
    მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე

    გურია: ირაკლი ხვედელიძე, ალექსანდრე შენგელია, ალექსი ბენაშვილი, დავით მოსიძე, დათო მეგრელიშვილი, ვალიკო ტყემალაძე, ლუკას კამპოს დე ოლივეირა (ვახტანგ კვარაცხელია 82), სოსო მალანია (ნიკა ნარიაშვილი 63), ტელა მაგლოირე (ბერიკა ბარბაქაძე 7), ზაურ გოგუაძე, ნოდარ კიკნაველიძე
    სათადარიგოები: ელგუჯა ამაღლობელი, ლაშა ლაბაძე, ლაშა კოტრიკაძე, სანდრო ბახია
    მთავარი მწვრთნელი: გიგლა იმნაძე

    არბიტრი: დავით სანოძე (ხონი)

    ასისტენტები: ალექსანდრე თავაძე (სამტრედია), ვახტანგ რუხაია (სამტრედია)скачать dle 11.3