,,სამგურალი“ წინ მიიწევს » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,სამგურალი“ წინ მიიწევს
  • ,,სამგურალი“ წინ მიიწევს

    ეროვნული ლიგა-2 ისე დაძაბულად მინდინარეობს, რომ საბოლოოდ, შესაძლოა თითოეულ ქულას ოქროს ფასი დაედოს. გუნდები ბოლომდე იბრძვიან და წინასწარ პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. სანაკრებო პაუზის შემდეგ ,,სამგურალი“ კარგად ათამაშდა, ორი შეხვედრა მოიგო და ,,გაგრასთან“ მძიმე ბრძოლაში ფრეს მიაღწია. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ,,სამგურალი“ -,,ცხინვალის“ წყვილში ფავორიტად წყალტუბოელები ითვლებოდნენ, მაგრამ, უიმედოდ ცხინვალელებიც არ იმყოფებოდნენ. გოჩა ჩიქოვანის გუნდმა წინა ტურში ,,გურია“ დაამარცხა 4:3 და ,,სამგურალთან“ თამაშის წინ ხასიათი გამოიკეთა. იმერლები ,,ცხინვალთან“ მატჩს დიდი დანაკლისისთ შეხვდნენ. დისკვალიფიკაციის გამო ,,სამგურალს“ ცენტრფორვარდი გაგა ჩხეტიანი ვერ ეხმარებოდა, რომელსაც მიმდინარე სეზონში 4 გოლი აქვს გატანილი (3 ჩემპიონატში, 1 თასზე). ბომბარდირის არყოფნის მიუხედავად წყალტუბოელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გიგატაძემ შემტევი ტაქტიკა აირჩია. გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე დავით ციცხვაიამ ითამაშა, ფლანგებიდან და ოდნავ უკნიდან კი შეტევითი ფუნქციებით უშანგი ბანძელაძე, ლაშა ჯღამაია და დემურ ჩიხლაძე იყვნენ დაკავებული. ნომინალურმა მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და მე-8 წუთზე პირველი 100%იანი საგოლე მომენტი შექმნეს , თანაგუნდელებმა ციცხვაია გაიყვანეს მეკარესთან პირისპირ, რომელიც კიპერისთვის თავზე ბურთის გადაგდებას ლამობდა, მაგრამ ამ ეპიზოდში მელნიჩენკო უფრო დამაჯერებლად გაისარჯა და სტუმრები აშკარა გოლისგან იხსნა. ციცხვაიას შეცდომის გამოსასწორებლად დიდი დრო არ დასჭირვებია. მე-10 წუთზე კაკუშაძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ მან კარში ერთი შეხებით დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა, რომელიც საბოლოოდ ,,სამგურალისთვის“ გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. მომდევნო 15 წუთის განმავლობაში წყალტუბოელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ. მე-15 წუთზე თორნიკე ჯიმშელეიშვილის სახიფათო საჯარიმო დარტყმა ასცდა სტუმართა კარს. მე-19 წუთზე მიზანთან ახლოს იყო დემურ ჩიხლაძე, რომელმაც ბანძელაძის გადაცემის შემდეგ, ხელსაყრელი პოზიციიდან მეკარისგან შორეულ კუთხეში გაუშვა ბურთი და სამიზნეს მილიმეტრებით ააცილა. ტაიმის შუაწელიდან სტუმრებიც გააქტიურდნენ. ისინი კომბინაციური თამაშით, მოკლე პასებით ავიწროებდნენ წყალტუბოელთა დაცვას. 28-ე წუთზე ნიკა წივწივაძემ საჯარიმოს გარედან სახიფათოდ გაისროლა, თუმცა ბურთი მცირედით ასცდა კუპატაძის კარს. 38-ე წუთზე წყალტუბოელებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, კაკუშაძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ციცხვაია კარში ერთი შეხებით ურტყამდა და ცხინვალელები გოლისგან მეკარემ იხსნა.
    საგოლე მომენტების გამოუყენებლობის სენს მეორე ტაიმშიც ვერ ,,ვუმკურნალეთ“. დემურ ჩიხლაძის ნაცვლად, ჯერ კიდევ პირველ ნახევარში, მოედანზე შესული თენგიზ ბრეგვაძე თამაშში ძალზედ აქტიურად ჩაერთო და 50-ე წუთზე გოლის გატანაც შეეძლო, ჯიმშელეიშვილის ჯარიმის შემდეგ იგი ახლო მანძილიდან ურტყამდა კარში მაგრამ სიზუსტე დააკლდა. მოგვიანებით ბრეგვაძემ 100% იანი მომენტი ვერ გამოიყენა, ასისტენტობას მას ისევ ჯიმშელეიშვილი უწევდა, მეკარეს პოზიცია დაკარგული ჰქონდა და გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ბრეგვაძეს, რომელსაც უფრო რთული პოზიციებიდან გაუტანია გოლები, ამჯერად დარტყმა არ გამოუვიდა და ხუთიოდე მეტრიდან ბურთი ხარიხას გადააცილა. ამ ეპიზოდამდე სტუმრებმაც მწვავედ შეუტიეს, კარისკენ სახიფათოდ გვალია და ლომსაძე ურტყამდნენ. გამოუყენებელი მომენტის შემდეგ კი კინაღამ დავისაჯეთ, თუმცა, ლეჟავას დარტყმა კუპატაძემ მოიგერია. ცოტა ხანში ციცხვაიას ჰქონდა კარგი შანსი, მაგრამ არ გაუმართლა. საბოლოოდ, შეხვედრაში მეტი გოლი არ გასულა. ,,სამგურალმა“ მინიმალური სხვაობით სძლია მეტოქეს და სატურნირო ცხრილში არასრული ტურის ფონზე, ერთი დღით მეორე ადგილზე დაწინაურდა. (ამჟამად მესამე ადგილზე იმყოფება).
    სამგურალი - ცხინვალი 1:0
    გოლები: 1:0 ციცხვაია (10)
    12.04. მარტვილი. ,,მურთაზ ხურცილავა“

    სამგურალი: კუპატაძე, კაკუშაძე, ნერგაძე, კილაძე, ჯიმშელეიშვილი, შალამბერიძე, გოგიჩაიშვილი, ბანძელაძე (ლაღაძე 63), დ.ჩიხლაძე (ბრეგვაძე 39), ჯღამაია (ლიპარტელიანი 59), ციცხვაია
    სათადარიგოები: კუჭუხიძე,ლ.ჩიხლაძე, ბიბილაშვილი, ენდელაძე
    მწვრთნელი: გია გიგატაძე

    ცხინვალი: მელნიჩენკო, კასრელიშვილი, გადრანი, ცერცვაძე, წივწივაძე (გელაშვილი 72), ლომსაძე (კენჭაძე 62), სულთანიშვილი, გვალია, ლეჟავა, ქრისტესიაშვილი (ვაწაძე 82), მაქაცარია
    სათადარიგოები: ჯამარაული, კენჭაძე, ოლუვა, კერესელიძე,
    მწვრთნელი: გოჩა ჩიქოვანი

    გაფრთხილება:ცერცვაძე (57), ციცხვაია (71) კასრელაშვილი (78)
    არბიტრი: გიორგი ავაზაშვილი (ყვარელი)
    ასისტენტები: ალექსანდრე ჟივაძე (ახმეტა), ფელიქს ჭაავა (ზუგდიდი)скачать dle 11.3