,,სამგურალმა“ საკონტროლო შეხვედრაში ,,მარგვეთი“ დაამარცხა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,სამგურალმა“ საკონტროლო შეხვედრაში ,,მარგვეთი“ დაამარცხა
  • ,,სამგურალმა“ საკონტროლო შეხვედრაში ,,მარგვეთი“ დაამარცხა

    წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ქუთაისის ,,ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე ზესტაფონის ,,მარგვეთი 2006“-თან ამხანაგური შეხვედრა გამართა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. წყალტუბოელებს სოლიდური სხვაობითაც შეეძლოთ მოგება, თუმცა რეალური საგოლე მომენტების რეალიზაცია ვერ მოახერხეს. გია გიგატაძის შეგირდები საწყისი წუთებიდანვე ფლობდნენ უპირატესობას და გია მახათაძის კართან ხიფათს-ხიფათზე ქმნიდნენ. ამ მხრივ, ყველაზე მეტად ბაქარ ლაღაძე გამოირჩეოდა, ,,სამგურალის“ შემტევი ჯერ ახლო მანძილიდან, თავური დარტყმით დაემუქრა მარგველთა კარს, მაგრამ სამიზნეს მცირედით ააცილა. 15-ე წუთზე კი ლაღაძეს, რომ იტყვიან, 100%-ინი საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ გაგა ჩხეტიანის ზუსტი გადაცემის შემდეგ ზესტაფონელთა კარს ახლო მანძილიდან ააცილა. ლაღაძეს აქტიურობა რამდენიმე წუთში დაუფასდა, მორიგი შესაძლებლობა მან ხელიდან არ გაუშვა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტი დარტყმით წყალტუბოელები დააწინაურა. გატანილი გოლის შემდეგ ,,სამგურალმა“ ცოტა არ იყოს, თავს მოდუნების უფლება მისცა და ამის გამო დაისაჯა - 35-ე წუთზე ირაკლი ზარნაძემ ძლირი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა -1:1; გია გიგატაძემ პირველ ტაიმშივე მიმართა ცვლილებას და თენგიზ ბრეგვაძის ნაცვლად მოედანზე ლაშა ჯღამაია შეიყვანა. ლაშა აქტიურად ჩაერთო თამაშში, მისი სახიფათო დარტყმის შემდეგ მარგველთა მეკარემ ბურთი კუთხურზე გაჭირვებით მოიგერია. ტაიმის მიწურულს კი ნიკა შალამბერიძემ ზესტაფონელთა კარის ხარიხა შეაზანზარა.
    მატჩის მეორე ნახევარში გუნდებმა არაერთი ცვლილება განახორციელეს. ,,სამგურალი“ კვლავ მეტოქეზე მეტად ფლობდა ბურთს და მალე ეს უპირატესობა ანგარიშზეც აისახა, წყალტუბოელებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს, ბოლო ფაზაში ლევან ყიფიანმა მარჯვენა ფლანგიდან მეკარის ბაქანთან ჩააწოდა ბურთი, სადაც მცველებს ჯღამაიას სხარტი მოძრაობა გამოეპარათ, ლაშამ დასწრებაზე ითამაშა და ,,სამგურალი“ წინ გაიყვანა-2:1
    დარჩენილ დროში ბურთს ძირითადად ისევ წყალტუბოელები აკონტროლებდნენ, მაგრამ უქმად ზესტაფონელებიც არ ყოფილან. საგოლე შანსი მათაც ჰქონდათ, მაგრამ ზუსტი დარტყმა არ გამოუვიდათ. ანგარიში უცვლელი დარჩა. ,,სამგურალმა“ რიგით მეოთხე ამხანაგურ მატჩში მეორე გამარჯვება მოიპოვა. მორიგ საკონტროლო შეხვედრას წყალტუბოელები 11 თებერვალს საკუთარ მოედანზე ხონის ,,იმერეთის“ წინააღმდეგ გამართავენ.

    სამგურალი (წყალტუბო) - მარგვეთი-2006 (ზესტაფონი) 2:1
    08.02.2017. ქუთაისი. ,,ტორპედოს“ საწვრთნელი ბაზა. ხელოვნურსაფარიანი მოედანი.
    გოლები: 1:0 ლაღაძე (21), 1:1 ზარნაძე (34), 2:1 ჯღამაია (52)

    ,,სამგურალი“: კუპატაძე, ენდელაძე, ნერგაძე, კილაძე, ხარაბაძე, ბრეგვაძე (ჯღამაია 36), ჯიმშელეიშვილი, შალამბერიძე, უ.ბანძელაძე, ჩხეტიანი, ლაღაძე
    მეორე ტაიმში შევიდნენ: დ.ჩიხლაძე, გოგიჩაიშვილი, ყიფიანი, ბიბილაშვილი, ფანცხავა, ნაცვლიშვილი
    მწვრთნელი: გია გიგატაძე

    ,,მარგვეთი 2006“ : მახათაძე, ა.ბრეგვაძე, გაბრიჭიძე, ჩიტორელიძე, ჩხიკვაძე, ზარნაძე, გაჩეჩილაძე, დარსაველიძე, საცერაძე, ლაბაძე, ხაჭიპერაძე
    მეორე ტაიმში შევიდნენ: მემარნიშვილი, ჭურაძე, ლობჟანიძე, გაბუნია, ხვადაგიანი, კუხალაშვილი, ცქიფურიშვილი
    მწვრთნელი: მალხაზ ღონღაძე

    გაფრთხილება: დ.ჩიხლაძე (74)
    გაძევება: დ.ჩიხლაძე (74)
    მსაჯები: ბექა კუნჭულია, ალექსანდრე თავაძე, მირიან ლაშქარეიშვილიскачать dle 11.3